Facebook Twitter

საქმე N 330802224010618644

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№30I-25 13 თებერვალი, 2025 წელი

ს. მ. ი., 30I-25 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ი. ს-ს – ინტერესების დამცველი ადვოკატების – ა. კ-ს, ლ. ს-სა და ა. გ-ს, საკასაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 23 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. ი. ს-ს, – დაბადებულის ... წლის 27 იანვარს, – მიმართ ს-ს რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. მ. ი. ს-ს მიმართ სისხლის სამართლის წარმოება მიმდინარეობს ს-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:

დანაშაული, გათვალისწინებული 223-15-2 მუხლის პირველი და მე-3 აბზაცებით, 132-71 მუხლით და დასჯადი 223-15-2 მუხლის მე-3 აბზაცითა და 223-15-3 მუხლით (პირის უცოდინრობისა და სისუსტის უკანონოდ, ბოროტად გამოყენება, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად, იმ დაჯგუფების წევრის მიერ, რომელიც იყენებს მონაწილეთა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დაქვემდებარებას); 1

დანაშაული, გათვალისწინებული 223-15-2 მუხლით და დასჯადი 223-15-2 მუხლის მე-2 აბზაცითა და 223-15-3 მუხლით (პირის უცოდინრობის და სისუსტის უკანონოდ ბოროტად გამოყენება იმ დაჯგუფების ხელმძღვანელის მიერ, რომლის საქმიანობაა მონაწილეთა ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაქვემდებარების შექმნა, შენარჩუნება და ექსპლუატაცია);

დანაშაული, გათვალისწინებული 225-4-3, 225-4-1, 132-71 მუხლებით და დასჯადი 225-4-3, 225-20, 225-21, 225-24, 225-25 და 131-26-2 მუხლებით (ადამიანებით ვაჭრობა, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად);

დანაშაული, გათვალისწინებული 225-5-2 მუხლის პირველი აბზაცით, 224-3 მუხლის პირველი აბზაცით, 224-1 მუხლის პირველი აბზაცით, 132-71 მუხლით და დასჯადი 224-5-2 მუხლის მეორე აბზაცით, 224-3 მუხლის პირველი აბზაცით, 224-9 და 224-10 მუხლებით (თანამონაწილეობა რამდენიმე პირის დაპატიმრებაში, გატაცებაში, თავისუფლების აღკვეთაში და უკანონო დაკავებაში, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად), იმავე კოდექსის 121- 6 და 121-7 მუხლების გათვალისწინებით;

დანაშაული, გათვალისწინებული 222-24 მუხლის მე-10 აბზაცით, 222-23 მუხლის პირველი აბზაცით და დასჯადი 222-24 მუხლის პირველი აბზაცით, 222-44 მუხლით, 222-45 მუხლით, 222-47 მუხლის პირველი აბზაცით, 222-48 მუხლით, 222-48-1 მუხლის პირველი აბზაცით და 131-26-2 მუხლით (თანამონაწილეობა გაუპატიურებაში ერთ ან რამდენიმე გაუპატიურებასთან ერთად სხვა დაზარალებულების მიმართ), იმავე კოდექსის 121-6 და 121-7 მუხლების გათვალისწინებით.

1.2. მ. ი. ს-ს ბრალდებები გამოიხატა შემდეგით:

... წლის ... თებერვლიდან ... წლის ... ნოემბრამდე, მათ შორის, ს-ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, რომლის მიზანი იყო ადამიანთა ტრეფიკინგი, დაზარალებულ პირთა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, მათთან დაჯგუფების ლიდერის მიერ სექსუალური კონტაქტის დამყარების გზით ან მათი დასაქმებით ე.წ. „მასაჟის სალონებში“, პორნოგრაფიული ჩატების პლატფორმებსა და „სტრიპტიზ“ კლუბებში, მითითებული ორგანიზაციის ... და ... ხელმძღვანელმა – მ. ი. ს-მ – მონაწილეობა მიიღო, სულ მცირე, შვიდი პირის ს-ს რესპუბლიკაში გადაყვანასა და მათ სექსუალურ ექსპლუატაციაში. კერძოდ, ორგანიზებული დაჯგუფების ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად, მ. ი. ს. ორგანიზებას უწევდა მსხვერპლთა მოძიებას, დაჯგუფების რეალური მიზნების დაფარვით და „ტანტრა იოგის“ საფარქვეშ მათი მოტყუებით, დაზარალებულთა გადაბირებას, ისეთი ფსიქოლოგიური ტექნიკით, რომელიც მიზნად ისახავდა დაზარალებულთა ყოველგვარი წინააღმდეგობის ცნების გაქრობას და ასევე – მათ ს-ს რესპუბლიკაში ტრანსპორტირებას, სადაც აღნიშნულ პირებს დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები ართმევდნენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, უზღუდავდნენ კომუნიკაციის საშუალებებს, თავისუფლად გადაადგილების საშუალებას და ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდნენ, დაჯგუფების ხელმძღვანელ პირთან სექსუალური კონტაქტის დამყარებასა და სხვაგვარი სექსუალური ქმედებების განხორციელებას, ამ უკანასკნელის სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

1.3. 2024 წლის 9 ივლისს პ-ს სააპელაციო სასამართლომ გამოსცა მ. ი. ს-ს დაკავების ბრძანება ზემოაღნიშნული დანაშაულების შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით.

1.4. 2024 წლის 13 აგვისტოდან მ. ი. ს. ს-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. მ. ი. ს-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2.1. 2024 წლის 22 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ს-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი – მ. ი. ს..

2.2. 2024 წლის 25 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განჩინებით, მ. ი. ს-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა – 3 თვით.

2.3. 2024 წლის 29 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს წინაშე მ. ი. ს-მ უარი განაცხადა, გამარტივებული პროცედურის გამოყენებით, ს-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციაზე.

2.4. 2024 წლის 7 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. ი. ს-სა და მისი ადვოკატის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე.

2.5. 2024 წლის 26 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო მ. ი. ს-ს ექსტრადიციის თაობაზე ს-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული მასალები.

2.6. 2024 წლის 19 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით, მ. ი. ს-ს საექსტრადიციო პატიმრობა გაუგრძელდა – 3 თვით, 6 თვემდე – 2025 წლის 22 თებერვლამდე.

2.7. 2024 წლის 27 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. ი. ს-სა და მისი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

2.8. მ. ი. ს. ამჟამად მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №..პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. 2024 წლის 16 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა მ. ი. ს-ს ს-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 23 იანვრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ი. ს-ს ს-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია ს-ს რ-ს პ-ს სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 ივლისის დაკავების ბრძანებაში მითითებული დანაშაულების შესაძლო ჩადენისათვის მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორცილების მიზნით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 23 იანვრის განჩინება გაასაჩივრეს: ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ი. ს-ს – ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა: ა. კ-მ, ლ. ს-მ და ა. გ-მ, რომლებიც ითხოვენ განჩინების გაუქმებასა და მ. ი. ს-ს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგ ძირითად მოტივებზე მითითებით: ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მიერ დაკავების ორდერის გამოცემისა და ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დაირღვა ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენცია; დაკავების ორდერი არ შეიცავს იმ ფქტების სათანადო (მაქსიმალურად ზუსტ) აღწერას, რომლებსაც ის ეფუძნება, ჩადენის დროის, ადგილისა და ხერხის მითითებით, ხოლო ექსტრადიციის მოთხოვნაში აღწერილი ფაქტები – არასრული და ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის შეუსაბამოა; უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა, თითქოსდა, საქმის მასალები არ იძლეოდა იმის მტკიცების საშუალებას, რომ მ. ი. ს-ს შესაძლოა, მიზანმიმართულად სდევნიდნენ; სასამართლომ ისე მიიჩნია მომთხოვნი სახელმწიფო უსაფრთხო ქვეყნად, რომ არ შეუფასებია მ. ი. ს-ს ს-ში შესაძლო დევნისა და წამება/არასათანადო მოპყრობის რისკები, რაზეც მიუთითებს ამ ქვეყნის შესახებ ოფიციალური წყაროებიდან მოძიებული უახლესი ინფორმაცია; მ. ი. ს-ს დაკავებისას დაირღვა, როგორც მისი უფლბები, ასევე – საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო პროცედურები; საექტრადიციო მასალებში საუბარია სავარაუდო ვერსიებზე, რომ მ. ი. ს-ს შესაძლოა, ჩადენილი აქვს კრიმინალური ქმედებები, რომელთა დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. ის ფაქტი, რომ მ. ი. ს-მ დააარსა იოგის სკოლა, სრულებით არ ნიშნავს, რომ იგი დანაშაულებრივი მიზნებით იყო შექმნილი.

7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ი. ს.ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ა. კ-ს, ლ. ს-სა და ა. გ-ს – საკასაციო საჩივრების განხილვამდე, მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული დამატებითი მტკიცებულებები, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.

8. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა – ნანიკო ზაზუნაშვილმა, სასამართლოსთვის წარდგენილი პოზიციით, ითხოვა არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, ხოლო ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ი. ს-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: ა. კ-მ, ლ. ს-მ და ა. გ-მ – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მ. ი. ს-ს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობა. ამავდროულად, დაცვის მხარემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე საჩივრების ზეპირი მოსმენით განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორთა მოთხოვნა საკასაციო საჩივრების ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით, რათა დაცვის მხარეს მიეცეს შესაძლებლობა, სრულყოფილად წარადგინოს მათი სამართლებრივი და ფაქტობრივი არგუმენტები, რამეთუ მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრებში გაცხადებული საკითხები არ საჭიროებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევას, მით უფრო, როდესაც საჩივრების განხილვისა და გადაწყვეტლების მიღებამდე, საკასაციო სასამართლომ მხარეებს მისცა შესაძლებლობა, წარმოედგინათ დამატებითი არგუმენტები მათი პოზიციების დასადასტურებლად თუ საპროცესო მოწინააღმდეგის მტკიცების გასაბათილებლად, რის კვალდაკვალ, საკასაციო სასამართლოში, როგორც ბრალდების, ასევე – დაცვის მხარემ წარმოადგინა არაერთი, ვრცელი პოზიცია.

2. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

3. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

4. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მ. ი. ს-ს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

5. კასატორების მითითებაზე, რომ მ. ი. ს-ს ქმედებებში დანაშაულის შემადგენლობა არ იკვეთება, ხოლო დაკავების ორდერი არ შეიცავს იმ ფქტების სათანადო (მაქსიმალურად ზუსტ) აღწერას, რომლებსაც ის ეფუძნება, საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, აღნიშნავს, რომ საექსტრადიციო საქმის მასალებში სრულად არის წარმოდგენილი ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, მათ შორის, ინფორმაცია დანაშაულების ფაქტობრივი გარემოებების შესახებ და 2024 წლის 9 ივლისის პარიზის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოცემული მ. ი. ს-ს დაკავების ბრძანება, ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაულების შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, კვლავაც იმეორებს, რომ საჩივრებში გაცხადებული გარემოებების გამორკვევა, დაკავშირებულია პირის ბრალეულობის საკითხთან, რომელსაც ექსტრადიციის დასაშვებობის განხილვისას, სასამართლო არ აფასებს, არამედ ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (იხ. მაგალითად: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები საქმეებზე: №402I-21; №453I-21).

6. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ. ი. ს. არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. იგი რ-ს რესპუბლიკის მოქალაქე, ხოლო მის ექსტრადიციას ითხოვს მესამე სახელმწიფო – ს-ს რესპუბლიკა. შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება, განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება.

7. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Mamatkulov and Askarov v. Turkey, no. 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005; K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §350, 352, ECtHR, 12/04/2005). აღსანიშნავია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარში ზოგადად არის მითითებულია მ. ი. ს-ს მიმართ შესაძლო დევნასა და არასათანადო მოპყრობაზე, მაგრამ გაცხადებული საფრთხეების არსებობა ან/და რეალურობა არ არის გამყარებული კონკრეტული დამადასტურებელი მტკიცებულებებით, რისი მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ს-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მ. ი. ს-ს დევნის ან მის მიმართ არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მ. ი. ს.ს ს-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში უფლებების დარღვევის საფრთხესთან დაკავშირებით, რელევანტური არგუმენტაცია და მტკიცებულებები სასამართლოს არ წარდგენია.

8. ს-ს რესპუბლიკა წარმოადგენს ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოს. თავის მხრივ, ევროპის კავშირს სახელმწიფოს წევრობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, აქვს მეტად მკაცრი კრიტერიუმები, რომლებიც ცნობილია როგორც კოპენჰაგენის კრიტერიუმები. კერძოდ, კოპენჰაგენის კრიტერიუმების თანახმად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უნდა გააჩნდეთ ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვას. ამასთან, ს-ს რესპუბლიკის მიმართ არ გამოთქმულა რაიმე მნიშვნელოვანი კრიტიკა ადამიანის უფლებების სისტემური ან მასშტაბური დარღვევის კუთხით. ამდენად, ს-ს რესპუბლიკა წარმოადგენს „უსაფრთხო სახელმწიფოს“, სადაც ექსტრადიცია ზოგადად არ ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებით არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა მისი ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული შესაბამისი ევროპული მექანიზმების გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 23 იანვრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ი. ს-ს ს-ს-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, ს-ს რესპუბლიკის პარიზის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 ივლისის დაკავების ბრძანებაში მითითებული დანაშაულების შესაძლო ჩადენისათვის მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორცილების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ი. ს-ს – ინტერესების დამცველი ადვოკატების – ა. კ-ს, ლაშა საათაშვილისა და აპოლონ გადელიას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 23 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი