Facebook Twitter

საქმე N 330100124008760612

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1167აპ-24 ქ. თბილისი

შ. ხ, 1167აპ-24 24 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ხ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს საკასაციო საჩივარი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 მაისის განაჩენით ხ. შ., – დაბადებული .... წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლით.

ხ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ხ. შ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ხ. შ-ს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის – 18 (თვრამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა – განესაზღვრა შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (...) მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც, მსჯავრდებულმა სასჯელის მოხდა უნდა გააგრძელოს საერთო წესით.

გაუქმდა ხ. შ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა.

ხ. შ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების დღიდან –2023 წლის 10 დეკემბრიდან.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი: სუნის კვალის ნიმუშები, ხელის ფრჩხილების ნიმუშები, ხელის მტევნებიდან და სახიდან აღებული ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუში, ხელის კვლის ნიმუშები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სამედიცინო მედიკამენტების 4 ცალი ფირფიტა, მოწითალო ფერის ლაქებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული პურის 1 ცალი ნატეხი მოწითალო ფერის ლაქებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 2 ცალი დანა მოწითალო ფერის ლაქებით, შემთხვევის ადგილზე ამოღებული ჭიქიდან გადატანილი სითხე, შაქარი და ჩაის ფერი, 28 ცალი სიგარეტის ნამწვი, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი 8 ცალ სტერილურ ჩხირზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები 11 ნიმუშად 22 ცალ სტერილურ ჩხირზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული რკინის 1 ცალი კარკასი მოწითალო ფერის ლაქებით, მცირე ზომის 1 ცალი ქილა სითხით, მოწითალო ფერის ლაქებით, ჯ. შ-ს სისხლის ნიმუში, ფრჩხილების ნიმუში, ნაცხის ნიმუში და ანაწმენდები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

გვამიდან აღებული ხელის კვლები დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 1 ცალი ხალათი, 1 ცალი თუთუნის სატენი მოწყობილობა, 1 ცალი ქაღალდის ფურცელი წარწერით – „ნეოგენი“, 2 ცალი რეზინის ჩუსტი მოწითალო ფერის ლაქებით, 2 ცალი ჭიქა, 1 ცალი კოვზი, 1 ცალი მობილური ტელეფონი შალითასთან ერთად, გადასაფარებელი მოწითალო ფერის ლაქებით, 1 ცალი ზეწარი და 1 ცალი ე.წ. „პლედი“, 1 ცალი სანთებელა მოწითალო ფერის ლაქებით, 1 ცალი საფულე ნივთებით და მოწითალო ფერის ლაქებით, ტელევიზორის 1 ცალი პულტი მოწითალო ფერის ლაქებით, 1 ცალი ფეხსაცმლის ე.წ „მაშველი მოწითალო ფერის ლაქებით, 1 ცალი შალითა ნივთებით მოწითალო ფერის ლაქებით, 1 ცალი პლასტიკური ბარათი მოწითალო ფერის ლაქებით, 1 ცალი პირსახოცი მოწითალო ფერის ლაქებით, 1 ცალი ბალიშის პირი მოწითალო ფერის ლაქებით, 1 ცალი საბნის პირი მოწითალო ფერის ლაქებით, 1 ცალი პლედი მოწითალო ფერის ლაქებით, დივნის შალითიდან ამონაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით, ხ. შ-ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი და ჯ. შ-ს ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს ან დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ. შ-მ ჩაიდინა: განზრახ მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებებში – წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ü ხ. შ. იყო ჯ. შ-ს ბიძა, ისინი ერთად ცხოვრობდნენ და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ამასთან, ჯ. შ-ს 2016 წლის 19 აპრილიდან მინიჭებული ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. 2023 წლის 9 დეკემბრის, ღამის, დაახლოებით 23:00 საათიდან – 10 დეკემბერს ღამის, დაახლოებით 01:00 საათამდე პერიოდში ...., ხ. შ-მ განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა ძმისშვილს – ჯ. შ-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

ü 2023 წლის 9 დეკემბრის, ღამის, დაახლოებით 23:00 საათიდან – 10 დეკემბერს ღამის დაახლოებით 01:00 საათამდე პერიოდში ...- ხ. შ-მ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა ძმისშვილს – ჯ. შ-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ხმაურზე ეზოში შევიდა ხ. შ-ს მეზობელი – გ. გ., რომელმაც შეიხედა შ-ების სახლში და ოთახში დაინახა ჯ. შ., რომელიც იყო ჩაკეცილი, ხოლო მის გარშემო იდგა სისხლის გუბე. დასახმარებლად გ. გ-მა სცადა ხ. შ-ს სახლში შესვლა, მაგრამ ხ-მ, რომელსაც ხელში დანა ეჭირა, დაუყვირა, „არ შემოხვიდე, თორემ შენც იგივეს დაგმართებო“. გ. გ-მ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ხ. შ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ნ-მ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ხ. შ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ნ-მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი ძირითადი არგუმენტებით: განაჩენი ემყარება დაინტერესებული და მიკერძოებული პირების – დაზარალებულ გ. გ-სა და მისი მეუღლის – მ. პ-ს ჩვენებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს გაზიარებული; დაცვის მხარის მოსაზრებით, ხ. შ-ს მიერ ჯ. შ-სათვის ჭრილობების მიყენება განპირობებული იყო აუცილებელი მოგერიებით, ვინაიდან, აწგარდაცვლილმა, კონფლიქტისას მას ფიზიკური დაზიანება მიაყენა; შესაბამისად, თავდაცვის ერთადერთი საშუალება იყო, თავადაც მიეყენებინა დაზიანება ჯ. შ-სათვის; რაც შეეხება მუქარის ბრალდების ეპიზოდს, განაჩენი ამ ნაწილშიც ემყარება მხოლოდ დაინტერესებული მოწმეების – დაზარალებულ გ. გ-სა და მისი მეუღლის, მ. პ-ს ჩვენებებს.

6. თბილისის პროკურატურის პროკურორი ლევან ვეფხვაძე საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას, ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს დასაშვებობის კრიტერიუმებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ხ. შ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის „ე“, „კ“ ქვეპუნქტებითა და 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ გ. გ-ს ჩვენებით, მოწმეების: მ. პ-ს, შ. ტ-ს, ნ. მ-ს, ლ-ს, გ. კ-ს, ჯ. შ-ს, ა. ჟ-ს, გ. ღ-ს, დ. გ-სა და სხვათა ჩვენებებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებებით, საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის პაციენტის სამედიცინო ბარათებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ხ. შ-სა და ჯ. შ-ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერითა და მათი ოქმებით, ხ. შ-სგან ტანსაცმლის ამოღების ოქმით, გარდაცვლილ ჯ. შ-ს ტანსაცმლისა და ბიოლოგიური ნიმუშების ამოღების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნით, ხ. შ-ს მიმართ ჩატარებული სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნით, ჯ. შ-ს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №.... დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ჩვენებით, ქიმიური ექსპერტიზის №.... დასკვნით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №... დასკვნით, ფარული ჩანაწერითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მსჯავრდებულ ხ. შ-ს ნამდვილად სურდა ჯ. შ-ს მოკვლა. ამას ადასტურებს შემთხვევის ადგილზე მისული, დაზარალებულ გ. გ-სა და მოწმე მ. პ-ს ჩვენებები, რომლებზე დაყრდნობით დადგენილია, რომ მსჯავრდებულის ხელში შემთხვევის ადგილზე დაინახეს დანა, ხოლო სახლის ოთახში – მოკეცილ მდგომარეობაში მყოფი ჯ. შ., მის გარშემო კი – სისხლის გუბე. როდესაც გ. გ. შეეცადა ოთახში შესვლასა და ჯ. შ-ს დახმარებას, მსჯავრდებული მას დაემუქრა, ,,არ შემოხვიდე, თორემ შენც იგივეს დაგმართებო“. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დგინდება, რომ მსჯავრდებულსა და ჯ.შ-ს ბოლო პერიოდში ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა და მათი სახლიდან ხშირად ისმოდა კამათის ხმები. ხ. შ. აგრესიული იყო ჯ. შ-ს მიმართ. მოწმე მ. პ.დამატებით განმარტავს, რომ დანაშაულის ჩადენის დღეს, შემთხვევამდე, გაიგონა ხ. შ.ს დაყვირება – ,,მოგკლავ“, რის შემდეგაც, მან დაუყოვნებლივ დარეკა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, ოპერატორს აუხსნა სიტუაცია და ითხოვა საპატრულო პოლიციის მისვლა. შემდეგ დარეკა ჯ. შ-თან, რათა ეკითხა, დახმარება ხომ არ სჭირდებოდა. მ. პ. ასევე უთითებს, რომ შემთხვევის დროს, აივანზე გასულმა, დაინახა ხ. რომელსაც ხელში დანა ეჭირა, რის შემდეგ, მოწმე ეზოში ჩავიდა და გაბრაზებულმა დაუყვირა ხ-ს, რა აყვირებდა. მან კი უპასუხა ,, – მოდი, მოდი ნახე ეს, დანა ჩავარტყი და მოვკალი”. მ. პ-ს ძალიან შეეშინდა, ავიდა სახლში, დაუძახა მეუღლეს – გ. გ-ს. ისიც მალევე ადგა და ჩავიდა ეზოში, თავად კი ისევ დარეკა 112-ში. შემდეგ ორივენი ერთად მივიდნენ ხ-ს სახლის ეზოში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე, ჯ-მ მას მუცელზე ჭრილობა აჩვენა და უთხრა, რომ ეს დაზიანება ხ-მ მიაყენა, მან ბოთლი თუ ჭიქა დაამტვრია და ის გადამისვაო. ამდენად, მსჯავრდებულის განზრახვა, რომ მას ნამდვილად სურდა ჯ. შ-ს მოკვლა, ცალსახად დასტურდება მოწმეთა – გ. გ-ს და მ. პ-ს ჩვენებებით. მან ადგილზე მისული მეზობლები არც კი შეუშვა ოთახში, რათა დახმარებოდნენ დაჭრილს. მოწმეთა ჩვენებებით, უტყუარად დასტურდება, რომ მათი მისვლისას ხ. კვლავ შეიარაღებულია დანით და მოკვლით ემუქრება იმასაც, ვინც ოთახში შესვლას და ჯ-ს დახმარებას შეეცდება. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებითა და ურთიერთშეჯერებით, უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულ ხ. შ-ს მიერ დაზარალებულისათვის დანის გამოყენებით, მისი მოკვლის განზრახვით დაზიანებების მიყენების ფაქტი, რაც სრულად გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას, რომ ხ. შ. აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა. აღნიშნული არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით, სრულად ეწინააღმდეგება მოწმეების – მ. პ-სა და გ. გ-ს ჩვენებებსა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ განიხილა და შეაფასა აუცილებელი მოგერიებისათვის სავალდებულო წინაპირობათა ელემენტები და სავსებით სწორად მიიჩნია, რომ მსჯავრდებული აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.

4. საკასაციო სასამართლოს სააპელაციო პალატის მსგავსად, ასევე დადასტურებულად მიაჩნია ხ. შ-ს მიერ გ. გ-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტიც, კერძოდ: რამდენადაც, შემთხვევის ადგილზე მისული გ. გ., ოთახში ხედავს იატაკზე სისხლის გუბეში ჩამჯდარ, მოკეცილ ჯ. შ-ს, ხოლო ხ. შ-ს ხელში უჭირავს დანა, ხელზე ეტყობა სისხლის კვალი, დანას იქნევს მისი მიმართულებით და ოთახში შესვლის შემთხვევაში, ემუქრება იმავეს დამართებით, – ბუნებრივია, რომ გ. გ. მსჯავრდებულის მუქარას აღიქვამდა რეალურად და გაუჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი, გ. გ-ს ჩვენების გარდა, ასევე დადასტურებულია მოწმეების – მ. პ-სა და შ. ტ-ს ჩვენებებითაც.

5. ნიშანდობლივია, რომ დაზარალებულ გ. გ-სა და მოწმე მ. პ-ს ჩვენებების არ გაზიარების რაიმე საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია. ისინი ნეიტრალური მოწმეები არიან, ხოლო მათი ჩვენებები სანდო, დამაჯერებელი და თანმიმდევრულია, ამასთან, სრულად თანხვდენილია როგორც ერთმანეთთან, ისე – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მოწმეები არ არიან დაინტერესებული პირები და, ამდენად, მათი მხრიდან ხ. შ-ს მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება.

6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ხ. შ-მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის ,,ე“, ,,კ“ ქვეპუნქტებითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

7. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ხ. შ-ს მიმართ – უნდა აღსრულდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, კერძოდ:

8. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის - დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

9. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება, მათ შორის – იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით.

10. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ხ. შ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის განახევრება ვერ გავრცელდება, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის თანხმობა. ამასთან, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და, ამავდროულად, სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილი ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრულ ჩამონათვალში არ ექცევა, მსჯავრდებულის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი – სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირება.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვინაიდან მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლით, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის წესით, ხ. შ-ს მიმართ სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე ამნისტიის გავრცელება გავლენას ვერ მოახდენს საბოლოო სასჯელის ზომაზე.

13. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის 2024 წლის 7 ოქტომბრის N... წერილი, რომლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 მაისის განაჩენით მსჯავრდებული ხ. შ. მოთავსებული იყო აღნიშნულ ცენტრში. წერილის ბოლოში, ხ. შ-ს ნაცვლად, მითითებულია, რომ ,,მ. კ.“ 2024 წლის 7 ივნისს გაწერილ იქნა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან და სასჯელის მოსახდელად გადაყვანილ იქნა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. ამდენად, აღნიშნული წერილით დაზუსტებით არ ირკვევა ხ. შ. ამჟამადაც იხდის თუ არა სასჯელს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ხ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლითა და 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ხ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენი:

3. ხ. შ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 18 (თვრამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. ხ. შ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ხ. შ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლით.

6. ცნობად იქნას მიღებული, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ხ. შ-ს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის – 18 (თვრამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა განსაზღვრული ჰქონდა შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხ.შ) – მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც, მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა უნდა გაეგრძელებინა საერთო წესით.

7. ხ. შ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა, გაუქმებულია.

8. ხ. შ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან –2023 წლის 10 დეკემბრიდან.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

10. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი