საქმე N 330100121004868706
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №996აპ-24 ქ. თბილისი
ჩ. ა., 996აპ-24 17 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლ--–- ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ჩ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების − მ. ჩ-სა და გ. მ-ს, ასევე – თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძის საკასაციო საჩივრები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:
1.1. ა. ჩ-ს ბრალად ედება: ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე, მეხუთე ან მეშვიდე ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებების არსებობისას ანდა იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება; ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა იმის მიერ, ვინც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე, მეოთხე ან მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის განაჩენით ა. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 7 წელი ჩაეთვალა პირობითად.
ü 2021 წლის 23 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, ... მიმდებარედ, უმნიშვნელო საბაბმა, კერძოდ, ზ. ო-ს მიერ მის საცხოვრებელ მისამართზე მყოფი პირების – ა. ჩ-სა და მ. ხ-სათვის შეკითხვამ, თუ რა ხდებოდა და ხომ მშვიდობა იყო, გამოიწვია მათი აგრესია, სახელდობრ: ხულიგნური ქვენაგრძნობით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ფიზიკური დაპირისპირების დროს, ა. ჩ-მ ზ. ო.ს ცეცხლსასროლი იარაღი თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა, ხოლო მ- ხ-მ ზ. ო–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელ-ფეხი თავისა და ტანის მიდამოში, დაძლია მისი წინააღმდეგობა, წააქცია ძირს, რათა ა. ჩ-ს გაიოლებოდა განზრახვის აღსრულება, ზ. ო-სათვის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენება, რა დროსაც ა. ჩ-მ ხელთნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ზ. ო-ს. შედეგად, ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება – მუხლის სახსრის ღია, ბარძაყის ღია, მარჯვენა ფეხის წვივის ღია და მარჯვენა სკროტუმის და სათესლეს ღია ჭრილობების სახით, რამაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.
ü 2021 წლის 23 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, ... მიმდებარედ, ზ. ო-ს, ა. ჩ-სა და მ. ხ-ს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას, გაშველების დროს, ა. ჩ-მ იძალადა დაჭრილის მამაზე – ზ. ო-ზე, კერძოდ, ხელი და ფეხი რამდენჯერმე დაარტყა თავისა და სხეულის სხვა მიდამოში, რის შედეგადაც, ზ. ო-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის ნასამართლევმა ა. ჩ-მ, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას – ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის, 9X18 მმ კალიბრიან ვაზნებს და ხსენებული ვაზნების გასასროლ ცეცხლსასროლ იარაღს, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, 2021 წლის 23 მარტს, .... მიმდებარედ, სადაც, ხსენებული იარაღის გამოყენებით ცეცხლნასროლი ჭრილობები მიაყენა ზ. ო-ს.
1.2. მ. ხ-ს ბრალად ედება: ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე, მეხუთე ან მეშვიდე ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
2021 წლის 23 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, ....მიმდებარე ტერიტორიაზე, უმნიშვნელო საბაბმა, კერძოდ, ზ. ო-ს მიერ მის საცხოვრებელ მისამართზე მყოფი პირების – ა. ჩ-ს და მ. ხ-სათვის შეკითხვამ, თუ რა ხდებოდა და ხომ მშვიდობა იყო, გამოიწვია მათი აგრესია, სახელდობრ: ხულიგნური ქვენაგრძნობით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ფიზიკური დაპირისპირების დროს ა. ჩ-მ ცეცხლსასროლი იარაღი ზ. ო-ს თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა, ხოლო მ. ხ-მ, ზ. ო-ს თავისა და ტანის მიდამოში ხელ-ფეხი რამდენჯერმე დაარტყა, დაძლია მისი წინააღმდეგობა, წააქცია ძირს, რათა ა. ჩ-ს გაიოლებოდა განზრახვის აღსრულება – ზ. ო-სათვის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენება, რა დროსაც ა. ჩ-მ თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ზ. ო-ს, ხოლო მ. ხ-მ წიხლი ჩაარტყა თავის არეში. შედეგად, მან მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მუხლის სახსრის ღია, ბარძაყის ღია, მარჯვენა ფეხის წვივის ღია და მარჯვენა სკროტუმის და სათესლეს ღია ჭრილობების სახით, რამაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 დეკემბრის განაჩენით:
2.1. ა. ., − დაბადებული .... წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) − 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით − 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ჩ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ა. ჩ-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2016 წლის 26 სექტემბრის განაჩენითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი − 8 (რვა) წელი, 1 (ერთი) თვე და 27 (ოცდაშვიდი) დღე;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის განაჩენითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ჩ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ა. ჩ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 24 მარტიდან.
2.2. მ. ხ., − დაბადებული ... წელს, − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
მ. ხ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა. ჩ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჩ-მ, ასევე – თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ.
ü მსჯავრდებულ ა. ჩ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჩ-მ სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
ü ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მ. ხ-ს მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო ა. ჩ-ს მსჯავრდების ნაწილში, ცვლილების შეტანა კვალიფიკაციის კუთხით (დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის ნაწილში) და მის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა. ჩ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა − მ. ჩ-მ და გ. მ–მ, ასევე – თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ.
ü დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და ა. ჩ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი ძირითადი არგუმენტებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; არ არსებობს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული მტკიცებულებების ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა. ჩ-ს ბრალეულობას; სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა რიგი საგამოძიებო მოქმედებები – შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ამოცნობები, ამოღებები, რადგან ისინი ჩატარებულია კანონის არსებითი დარღვევით; ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც დაუშვებელი მტკიცებულებაა, რადგან შედგენილია კანონდარღვევით.
ü ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მ. ხ-ს მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო ა. ჩ-ს მსჯავრდების ნაწილში, ცვლილების შეტანას კვალიფიკაციის კუთხით (დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის ნაწილში) და მის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, შემდეგი ძირითადი საფუძვლებით: პროკურორს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია როგორც მ. ხ-ს, ისე – ა. ჩ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები, ბრალდების შესახებ დადგენილებების კვალიფიკაციის მიხედვით; პროკურორი არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას, რომ, თითქოსდა, ზ. ო. (შვილი) სასამართლოში დაკითხვისას მ. ხ-ს ამოცნობაში არ იყო დარწმუნებული. აღნიშნულის საპირისპიროდ, მ. ხ. ამოიცნო ორივე დაზარალებულმა, მამა-შვილმა ზ. ო.–ებმა; ამდენად, მის მიმართ არ არსებობდა გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის – შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერით ასევე დასტურდება, რომ ა. ჩ-მ და მ. ხ--მ დანაშაული ჩაიდინეს ერთობლივად, ჯგუფურად, რაც ასევე უკანონოდ ამოერიცხა ბრალდებიდან ა. ჩ–ს; ბრალდების მხარეს ასევე მიაჩნია, რომ ა. ჩ–ს უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეების საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარეთა საკასაციო საჩივრების არგუმენტებს, კერძოდ, დაცვის მხარის მოთხოვნას ა. ჩ-ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანის, ხოლო ბრალდების მხარის მოთხოვნას მ. ხ-ს მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმებისა და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის, ასევე – ა. ჩ-ს მსჯავრდების ნაწილში ცვლილების შეტანას კვალიფიკაციის კუთხით, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ა. ჩ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის: დაზარალებულების − ზ. ო-სა (დაბადებული ... წელს) და ზ. ო-ს (დაბადებული ... წელს) ჩვენებებით, მოწმეების: თ. ბ-ს, ვ. ლ-ს, გ. მ-ს, ბ. რ-ს, ბ. მ-ს, გ. ბ-ს, გ. ბ-ს, ი. ი-ს, ლ. გ-ს, ლ. კ-ს, ბ. ქ-ს, რ. ქ-ს და სხვათა ჩვენებებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, კლინიკა „...“ ამოღების 2021 წლის 23 მარტის ოქმით, ზ. ო-ს (დაბადებული ... -- წელს) ავტომანქანის დათვალიერების 2021 წლის 24 მარტის ოქმით, დაზარალებულების ტანსაცმლის ამოღების 2021 წლის 24 მარტის ოქმებით, ზ. ო-სთან (დაბადებული ... წელს) ჩატარებული ა. ჩ-ს ამოცნობის 2021 წლის 24 მარტის ოქმით, ზ. ო-სთან (დაბადებული .... წელს) ჩატარებული ა. ჩ-ს ფოტოსურათით ამოცნობის 2021 წლის 29 მარტის ოქმით, ა. ჩ-საგან ტანსაცმლისა და ნიმუშების აღების ოქმებით, გარესამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერებით, კლინიკებში –„...“ და „...“ ჩატარებული 2021 წლის 15 აპრილის ამოღების ოქმებით, ბალისტიკური ექსპერტიზის N... დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის, პაატა დუმბაძის ჩვენებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2021 წლის 26 მარტის წერილით, ზ. ო-ს (დაბადებული ... წელს) სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის, ქ. ბ-ს ჩვენებით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N... დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის, ქ. ქ-ს ჩვენებით, სამედიცინო დოკუმენტაციით, ამოღებული ნივთმტკიცებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს, განსხვავებით მ. ხ-ს და დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის ნაწილებით წარდგენილი ბრალდებებისა, ვინაიდან ამ ნაწილით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რადგან არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
3. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა განაჩენი, უნდა იყოს ურთიერთშესაბამისი, ისინი ძირითად და არსებით გარემოებებთან დაკავშირებით უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. მტკიცებულებების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული უშუალოდ რა ფაქტორები ახდენდნენ ზეგავლენას მოწმის მიერ მომხდარი შემთხვევისას იმ გარემოებების აღქმაზე, რომლებიც მტკიცების მთავარ საგანს წარმოადგენენ, და როგორია სხვადასხვა მოწმის ჩვენებების თანხვედრა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს, ხოლო მტკიცებულებათა შორის შეუსაბამობანი არ უნდა ეხებოდეს მტკიცების მთავარ საგანს.
4. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულების, მამა-შვილ ზ. ო-სების ჩვენებები სანდო, თანმიმდევრული და დამაჯერებელია. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ისინი სრულად თანხვდენილია ერთმანეთთან, და, რაიმე არსებითი სახის სხვაობა მათ შორის არ იკვეთება. მათი შეფასების შედეგად არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ არსებობს მათ მიმართ უნდობლობის საფუძველი. მათ მიერ გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები სრულად შეესაბამება და გამყარებულია საქმეში არსებული სხვა ობიექტური მტკიცებულებებით, კერძოდ, შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებით, სამედიცინო, ბალისტიკური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებითა და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით. საყურადღებოა, რომ ორივე დაზარალებულის განმარტებით, ისინი ა. ჩ--ს ამოცნობაში კატეგორიულად არიან დარწმუნებულნი (განსხვავებით მ. ხ-ს ამოცნობისგან) როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე – სასამართლო განხილვისას. მამა-შვილმა ზ. ო-ებმა განმარტეს, რომ არასოდეს დაავიწყდებოდათ ა. ჩ-ს სახე.
5. რაც შეეხება მ. ხ-ს ბრალდებას, საკასაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, კერძოდ: ბრალდების მითითებულ ნაწილში, ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულების – მამა-შვილ ზ. ო-ების ჩვენებები და მათი მონაწილეობით ჩატარებული მ. ხ-ს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები. აღსანიშნავია, რომ ამ ნაწილში, სასამართლოში დაკითხვისას ზ. ო-მ (შვილი) განმარტა, რომ განსხვავებით ა. ჩ-ს ამოცნობისა, მ. ხ-ს ფოტოსურათებით ამოცნობაში კატეგორიულად დარწმუნებული არ იყო, თუმცა ამოცნობის დროს ხ-ს ფოტო დანარჩენ სამ ფოტოსთან შედარებით, უფრო მეტად ჰგავდა მეორე თავდამსხმელს. ამდენად, მხოლოდ ზ. ო-ს (მამა) ჩვენება და მისი მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობა, რაც თავისი არსით ერთი მტკიცებულებაა, არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამდენად, ბრალდების მხარემ ამ ნაწილში ვერ შეძლო ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ. ხ-ს ბრალეულობას.
6. საკასაციო სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული. საკასაციო საჩივრების დასაბუთება კი არ წარმოაჩენს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას კანონის არსებით დარღვევას. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ასევე ამომწურავად იმსჯელა მოპოვებული მტკიცებულებების კანონიერებაზე, სარწმუნოობასა და საკმარისობაზე, ყველა იმ საკითხზე, რომლებზეც საკასაციო საჩივრებში ამახვილებენ ყურადღებას კასატორები, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, მხარეები საჩივრებში არ უთითებენ.
7. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ ა. ჩ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სასჯელთა ზომები შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ა. ჩ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
8. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორისა და მსჯავრდებულის ადვოკატის მოსაზრებებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ამომწურავად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, ხოლო მასში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001).
9. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ა. ჩ-ს მიმართ – უნდა აღსრულდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, კერძოდ:
10. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 11 ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
11. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეშვიდე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულებზე, რომლებიც გათვალისწინებულია, მათ შორის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლითა და 236-ე მუხლით (გარდა 236-ე მუხლის პირველი ნაწილისა).
12. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
13. საქმის მასალების მიხედვით, ა. ჩ. გასაჩივრებული განაჩენის გარდა, ასევე მსჯავრდებულია:
13.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,დ” ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარი.
13.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის განაჩენით, რომლითაც ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად შეუმცირდა და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წელი მიესაჯა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, შეუმცირდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, შეუმცირდა და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ჩ-ს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წელი მიესაჯა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 ივლისის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული პირობითი მსჯავრი – 3 წელი, 8 თვე და 25 დღე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ჩ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წელი მიესაჯა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 7 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
14. ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეშვიდე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ა. ჩ-ს მიმართ გასაჩივრებული განაჩენით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის განაჩენით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია, რაც შეესაბამება ამჟამად მოქმედი რედაქციის – 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებს) შეფარდებულ სასჯელზე ამნისტიის კანონი არ ვრცელდება.
15. რაც შეეხება გასაჩივრებული განაჩენით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილითა (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელებს, მათ მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება და მსჯავრდებულს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, ვინაიდან აღნიშნულ მუხლებზე არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და, ამავდროულად, არ ექცევა ამნისტიის კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაულების ჩამონათვალში. ამასთან, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის დანაწესი (სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება) ვერ გავრცელდება, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის თანხმობა, რომ მსჯავრდებულზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. შესაბამისად, ა. ჩ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) განსაზღვრული სასჯელი 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს და მიესაჯოს – 4 (ოთხი) წლითა და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს და უნდა მიესაჯოს – 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
16. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება და, შესაბამისად, სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირება ასევე უნდა გავრცელდეს ა. ჩ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,დ” ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელის საბოლოო პროპორციულ წილზე (რომლის მოუხდელი ნაწილი, კერძოდ, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განაჩენთა ერთობლიობით, ნაწილობრივ დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის განაჩენით შეფარდებულ სასჯელს – 9 წლით თავისუფლების აღკვეთას, ხოლო მოგვიანებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის განაჩენითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, დაემატა გასაჩივრებული განაჩენით შეფარდებულ სასჯელს – 8 წლით თავისუფლების აღკვეთას). ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,დ” ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელის საბოლოო პროპორციული წილი წარმოადგენს – 6 თვით თავისუფლების აღკვეთას, რაც უნდა შემცირდეს ერთი მეექვსედით – ერთი თვით და განესაზღვროს 5 თვით თავისუფლების აღკვეთა. ა. ჩ-ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა განსაზღვრის წესის გამოყენებით.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ა. ჩ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების − მ. ჩ-სა და გ. მ-ს, ასევე – თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განაჩენი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლითა და 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა. ჩ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების − მ. ჩ-ს და გ. მ-ს, ასევე – თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განაჩენი:
3. ა. ჩ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საქართველოს, 2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს და მიესაჯოს – 4 (ოთხი) წლითა და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. ა. ჩ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს და მიესაჯოს – 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
5. ა. ჩ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს − 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ჩ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ა. ჩ-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის განაჩენითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი − 8 (რვა) წელი, 1 (ერთი) თვე და 27 (ოცდაშვიდი) დღე;
8. ა. ჩ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით, ერთი თვით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საბოლოო პროპორციული წილი.
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატოს – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის განაჩენითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 (ერთი) წლითა და 11 (თერთმეტი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ჩ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლითა და 11 (თერთმეტი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
10. მსჯავრდებულ ა. ჩ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 24 მარტიდან.
11. გაუქმდეს მსჯავრდებულ ა. ჩ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
12. მ. ხ. ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
13. მ. ხ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
14. ნივთმტკიცებები:
ü ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუში, სისხლისა და სუნის ნიმუშები, ორი ცალი მასრისმაგვარი ობიექტი, ამოღებული ტყვიის გულისმაგვარი ობიექტი, ერთი ცალი პლასტმასის კონტეინერი – განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ü ე.წ. „კეპკა“ ქუდი და სანთებელა, ა. ჩ-საგან ამოღებული ტანსაცმელი, ზ. ო-ს (მამა) და ზ. ო-ს (შვილი) ტანსაცმელი – დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირებს;
ü ზ. ო-ს სამედიცინო ისტორია და კომპიუტერული ტომოგრაფიების ელექტრონული დისკები, ვიდეოკამერის ჩანაწერი ერთ კომპიუტერულ დისკზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა ერთ კომპიუტერულ დისკზე და დაცვის მხარის (მ. ხ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ა-ს) მიერ წარმოდგენილი ხელწერილების ასლები დალუქული ერთ პაკეტად, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
15. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი