საქმე N 020141224010192404
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე 33I-25 თბილისი
წ. ნ., 33I -25 21 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი,
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. წ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ჟ-ს საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 23 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 ივნისის განაჩენით ნ. წ., – დაბადებული ... წლის 9 მარტს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით და მიესაჯა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2016 წლის 28 აპრილიდან; მასვე, ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება – 3 წლით.
2. დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ნ. წ-ს თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა შინაპატიმრობით – 2 წლითა და 6 თვით.
3. 2024 წლის 10 ოქტომბერს ზუგდდის რაიონულმა სასამართლომ სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ ნ. წ-ს პირადი საქმე.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 23 იანვრის განჩინებით ნ. წ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ გავრცელდა.
5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 23 იანვრის განჩინება გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ. წ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. ჟ-მ, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულებას, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოს წარედგინა საქმეზე დაზარალებულების უფლებამონაცვლეებად ცნობილი – თ. ა-სა და ე. ფ-ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომლითაც მათ თანხმობა განაცხადეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო მიუთითებს: მართალია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებულ პირზე, რომლის მიერ ჩადენილმა დანაშაულმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ამ მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს იმავე პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
3. შესაბამისად, ვინაიდან ნ. წ-ს ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ხოლო ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მოჰყვა, თუმცა საქმის მასალების მიხედვით, წარმოდგენილია მხოლოდ გარდაცვლილი დაზარალებულების უფლებამონაცვლეების – ე. ფ-სა და თ. ა-ს თანხმობები მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების თაობაზე, თუმცა არა – დაზარალებულ ჯ. ჩ-ს, რომელმაც ნ. წ-ს ქმედების შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, გამომდინარე იქიდან, რომ ნ. წ-ს სასჯელი შეფარდებული აქვს დანაშაულთა ერთობლიობით – როგორც გარდაცვლილების: მ. ფ-სა და კ. ყ-ს, ასევე – ჯანმრთელობის მძიმედ დაზიანებული ჯ. ჩ-ს მიმართ ჩადენილი ქმედებებისათვის – ერთიანი სასჯელის სახით, ხსენებული ამნისტია მის მიმართ ვერ გავრცელდება.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 23 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ნ. წ.სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ჟ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 23 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი