Facebook Twitter

საქმე N 010100123007000090

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№1018აპ-24 6 თებერვალი, 2025 წელი

ჭ.თ., 1018აპ-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ჭ-ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განაჩენი გაასაჩივრეს: მსჯავრდებულმა თ. ჭ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. გ-მ, რომლებიც ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის, ერთი მხრივ, უკანონო, რადგან ეფუძნება დაუშვებელ მტკიცებულებებს, ხოლო, მეორე მხრივ, დაუსაბუთებელი, რამეთუ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე, რომლებიც სადავო სამხილების უკანონობას ცხადყოფდა. კერძოდ: საქმეში არ მოიპოვება ოქმი (ელექტრონული ან სხვა სახით დაფიქსირებული მტკიცებულება/ინფორმაცია) გამომძიებლის მიერ პროკურორისათვის გამოძიების დაწყების შესახებ შეტყობინების თაობაზე; წარმოდგენილი მტკიცებულებები მოპოვებულია და პროცესუალურად დამაგრებულია არაუფლებამოსილი პირების მიერ, რადგან გამოძიება დაიწყო და საქმე წარმოებაში მიიღო გამომძიებელმა ზ. შ-მ. შესაბამისად, მხოლოდ მას უნდა გამოეძიებინა საქმე ვინაიდან პროკურორს არ მიუღია გადაწყვეტილება ამ გამომძიებლის საქმიდან ჩამოცილების შესახებ და, ამავდროულად, არც ზ. შ-ს მიუმართავს საპროცესო ხელმძღვანელისათვის სხვა გამომძიებლ(ებ)ისათვის საგამოძიებო დავალებების თხოვნით; საქმეზე საპროცესო ხელმძღვანელობა და სისხლისსამართლებრივი დევნა აწარმოა არაუფლებამოსილმა პროკურორმა, რომლის თანხმობა საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელებაზე, საქმეში არ მოიპოვება; გამოძიებისას, მოწმეთა ნაწილი გამოკითხულია ღამით, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, ასევე – დამატებით, რაც საპროცესო კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავად მოწმე მომართავს პროცესის მწაროებელს; თ. ჭ. იყო უკანონო პატიმარი, ვინაიდან დაკავების ოქმის მიხედვით, იგი დაკავებულია საგამოძიებო ორგანოს შენობაში, 2023 წლის 21 იანვარს 14:25 საათზე, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში ფაქტობრივი დაკავებიდან 14 საათის შემდეგ; მსჯავრდებას საფუძლად დაედო მხოლოდ დაზარალებულების მიკერძოებული ჩვენებები და სხვა ირიბი მტკიცებულებები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს; სასამართლომ ინტერპოლის წერილის საფუძველზე დაასკვნა, რომ დაზარალებულები, სადავო პერიოდში, არ ყოფილან რ-ს ფედერაციაში, თუმცა არ არის დადგენილი, ჰქონდათ თუ არა მათ ძველი პასპორტები ჩაბარებული; ამავდროულად, სათანადოდ არ შეფასებულა ის ფაქტი, რომ ისინი მ-ს აეროპორტის გავლით ბრუნდებოდნენ ხოლმე ყ-ში, რაც შესაძლებელს ხდის, სადავო მინდობილობის ქ. მ-ში გაცემას; სასამართლომ გაიზიარა ნოტარიუსის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ მინდობილობის ნამდვილობა გადაამოწმა, თუმცა ამავდროულად მიუთითა, რომ ნოტარიუსთა პალატიდან მიიღო შეტყობინება, რომ ვებგვერდი, რომლითაც სარგებლობდა, არ იყო სანდო; არ ჩატარებულა ექსპერტიზა, რომელიც სადავო მინდობილობის სიყალბეს დაადგენდა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კო-–--იის 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით თ. ჭ., – დაბადებული .. წლის .. თებერვალს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თ. ჭ-ს, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 21 იანვრიდან.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ თ. ჭ-მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგით:

3.1. თ. ჭ-სთვის ცნობილი იყო, რომ 2022 წლის 14 თებერვალს ტ. ი-მ და ა. ი-მ 218000 აშშ დოლარად თანასაკუთრებით შეიძინეს საცხოვრებელი სახლი ... (ს/კ: ...). თ. ჭ-მ განიზრახა ხსენებული უძრავი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება მოტყუებით და მისი შემდგომი რეალიზაციის გზით, ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღება. განზრახვის აღსასრულებლად, 2022 წლის ნოემბერში რ-ს ფედერაციაში, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, თ. ჭ-მ დაამზადებინა ყალბი მინდობილობა, რომლის მიხედვით, ტ. ი-მ და ა. ი-მ, თითქოსდა, ი. გ-ს მიანიჭეს მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ... (ს/კ: ...), განკარგვის თაობაზე სრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. 2022 წლის 26 დეკემბერს, რ-ს ფედერაციიდან თ. ჭ-ს მიერ გამოგზავნილი ყალბი მინდობილობა, თ. ჭ-სვე მითითებით, მასთან დაახლოებულმა პირმა – ა. გ-მ წარადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ქ-ს სარეგისტრაციო სამსახურში. აღნიშნული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, 2022 წლის 27 დეკემბერს, ხსენებული უძრავი ქონება, ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრებაში დაირეგისტრირა თ. ჭ-სთან დაახლოებულმა პირმა – ა. გ-მ, რომელმაც 2022 წლის 28 დეკემბერს, თ. ჭ-ს მითითებით, უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 240000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადასცა დ. ბ-ს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, ტ. ი-სა და ა. ი-ს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგათ.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ. ჭ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. გ-მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ კასატორების საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც – მათ შორის, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობასა და უტყუარობასთან მიმართებით – დასაბუთებული პასუხები გასცეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა თავიანთ გადაწყვეტილებებში, რასაც ეთანხმება საკასაციო სასამართლოც და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009).

3. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, განსახილველი საქმის გამოძიების ან/და სასამართლო განხილვის დროს, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა იმგვარი დარღვევა, რასაც შეეძლო ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, არ იკვეთება, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დგინდება თ. ჭს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:

4. დაზარალებულების ტ. და ა. ი-ების ჩვენებებით დასტურდება, რომ 2022 წლის 14 თებერვალს 218000 აშშ დოლარად შეიძინეს .... არსებული ბინა, რომლის თანხა ყ-დან გადმორიცხა ა. ი-მ. დაზარალებულებმა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გამორიცხეს მათი ყოფილი მძახლისათვის – თ. ჭ-სათვის – იმგვარი შინაარსის მინდობილობის მიცემა, რომელიც მას ბ. შეძენილი ბინის განკარგვის უფლებას მისცემდა. მსჯავრდებულს, მათ ყოფილ სიძესთან – ბ. ჭ-სთან – ერთად, მათი საქართველოში არყოფნის პერიოდში, მხოლოდ ყურადღება უნდა მიექცია ბინისათვის, გადაეხადა გადასახადები და ა.შ, რასაც ცხადყოფს ბ. ჭ-ს სახელზე გაცემული მინდობილობის შინაარსიც. თუმცა, 2023 წლის 20 იანვარს, ქ. ბ. ჩამოსვლისას, აღმოაჩინეს, რომ მათი ბინა იყო გაყიდული. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათი ბინა თ. ჭ-ს გაუყიდია ყალბი მინდობილობის საფუძველზე. დაზარალებულებმა კატეგორიულად გამორიცხეს 2022 წლის 20 დეკემბერს, ქ. მ-ში მსჯავრდებულის სახელზე რაიმე სახის მინდობილობის გაცემა. მეტიც, დაადასტურეს, რომ სადავო პერიოდში ისინი საერთოდ არ ყოფილან რ-ს ფედერაციაში.

5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულების თანმიმდევრული და დამაჯერებელი ჩვენებები თანხვდენილია და დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობა ქმნის უტყუარ და საკმარის საფუძველს თ. ჭ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ: ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ 2022 წლის 14 თებერვალს, ა. და ტ. ი-ებმა ა. ე-ს მინდობილი პირისაგან – ე. ქ-საგან – 218000 აშშ დოლარად შეიძინეს ... ბინა (საკადასტრო კოდით ...); სს „...“ საგადახდო დავალებით დასტურდება, რომ შეძენილი ბინის საფასური – 218000 აშშ დოლარი, 2022 წლის 10 თებერვალს, ა. ი-მ გადაურიცხა ა. ე-ს; საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სადავო უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით ...) 2022 წლის 14 თებერვალს აღირიცხა ა. და ტ. ი-ების სახელზე; 2022 წლის 18 თებერვალს გაცემული მინდობილობით, ა. და ტ. ი-ბმა ბ. ჭ-ს მიანიჭეს უფლება ემართა მათ საკუთრებაში არსებული, ... მდებარე უძრავი ქონება, კერძოდ: მათი სახელით წარედგინა და დაეცვა მათი ინტერესები სახელმწიფო ორგანიზაციებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, გადაეხადა გადასახადები, ეწარმოებინა სარემონტო სამუშაოები, დაედო ხელშეკრულებები, მათ შორის: ქირავნობის, იჯარის, უზრუნველეყო ადგილზე ყველა სახის კომუნიკაციის შეყვანა, გადაეხადა მომსახურების საფსური, კომუნალური გადასახადები და ა.შ; 2023 წლის 15 თებერვლის ტ. ი-ს ყ-ს რესპუბლიკის მოქალაქის №...პასპორტის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ დოკუმენტის (რომლის გაცემის თარიღია 2022 წლის 4 მაისი) სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ მონაცემებით, ტ. ი-ს 2022 წლის 4 მაისიდან 2023 წლის 15 თებერვლამდე დროის მონაკვეთში, რ-ს ფედერაციის საზღვარი არ გადაუკვეთავს; მ-ს ინტეპოლის ბიუროს 2023 წლის 7 მარტის წერილის თანახმად, ა. ი. რ-ს ფედერაციაში ბოლოს იმყოფებოდა 2019 წლის 19 ნოემბერს, ხოლო ტ. ი. ქვეყანაში შემოსვლა/გასვლის მინაცემებში არ ირიცხება.

6. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ქ. მ-ში 2022 წლის 20 დეკემბერს, რუსულ ენაზე შედგენილი მინდობილობის თანახმად, ა. ი. (2020 წლის 1 ივლისს გაცემული №... პასპორტით) და ტ. ი. (2017 წლის 3 თებერვალს გაცემული №... პასპორტით) ი. გ-ს ანიჭებენ უფლებამოსილებას, მართოს და განკარგოს ... მდებარე უძრავი ქონება – გაყიდოს, გააჩუქოს, გაცვალოს, დატვირთოს იპოთეკით და ა.შ. მინდობილობა დამოწმებულია მ-ს ნოტარიუსის ო. ა-ს ძე კ-ს მიერ; მოწმეების: ი., რ და ა. გ-ბის ჩვენებებით დასტურდება, რომ თ. ჭ-ს ჰქონდა რ. გ-ს ვალი – 31000 აშშ დოლარი, რომელიც ა. გ-ს შუამავლობით ისესხა და ვერ იხდიდა, მაგრამ რ. გ-ს აჩვენა ბ., მე-8 ან მე-10 სართულზე მდებარე, კეთილმოწყობილი ბინა, რომელიც, მისი მტკიცებით, ეკუთვნოდა მის ვაჟს – ბ. ჭ-ს, რომელსაც გაყიდდა და ვალს დაუბრუნებდა. 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში ა. გ-მ, ი. გ-ს უთხრა, რომ თ. ჭ-სათვის ქ. მ-ში უნდა ეცნობებინათ მისი პირადი მონაცემები, რათა გაეცა მინდობილობა ბათუმის ბინის გასაყიდად და მათი ვალის გადასახდელად. თ. ჭ-მ ქ. მ-იდან გამოაგზავნა რუსულენოვანი მინდობილობა, რომელიც, ა. გ-ს თქმით, მსჯავრდებულის მძახლებმა (როლებიც ამისათვის ჩავიდნენ ქ. მ-ში) გასცეს ი. გ-ს სახელზე. ვინაიდან ი. გ-ს ფიზიკურად არ შეეძლო ბინის გასხვისების პროცესში მონაწილეობა, მისი მინდობილობა გადაეცა ჯერ რ., მოგვიანებით კი – ა. გ-ს, რომელმაც 240000 აშშ დოლარად მიჰყიდა ბინა დ. ბ-ს. ა. გ-მ აღებული თანხიდან 31000 აშშ დოლარი გადასცა რ. გ-ს, ჯერ 150000 აშშ დოლარი, მოგვიანებით – 6000 აშშ დოლარი – ბ. ჭ-ს. დარჩენილ თანხას ნაწილ-ნაწილ ართმევდა მას საქართველოში დაბრუნებული თ. ჭ.; მოწმის სახით დაკითხულმა ნოტარიუსმა – მ. კ-მ – დაადასტურა, რომ 2022 წლის 26 დეკემბერს მიმართეს ი. გ-მ და მისმა მეუღლემ – რ. გ-მ, წარუდგინეს ი. გ-ს სახელზე გაცემული, რუსულენოვანი მინდობილობის ქართული თარგმანი და სთხოვეს მინდობილობის რ. გ-სათვის გადაცემა, რომლითაც ანიჭებდა მას უფლებას, გაესხვისებინა .... მდებარე ბინა; 2022 წლის 26 დეკემბრით დათარიღებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ტ. და ა. ი-ებმა, წარმომადგენლის – რ. გ-ს – მეშვეობით გაყიდეს, ხოლო ა. გ-მ იყიდა გამყიდველების საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე. .... ნასყიდობის საგნის ღირებულებამ შეადგინა – 219000 აშშ დოლარი; საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2022 წლის 27 დეკემბერს ზემოაღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხა ა. გ-ს საკუთრებად; 2022 წლის 27 დეკემბრით დათარიღებული საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ... მდებარე ბინა, უძრავი ნივთის ნასყიდობის 2022 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრებაში დაირეგისტრირა ა. გ-მ; 2022 წლის 28 დეკემბერს ა. გ-სა და სს „...“ შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების თაობაზე, ბანკსა და დ. ბ-ს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე, დაიტვირთა იპოთეკით; სს „....“ 2022 წლის 28 დეკემბრის წერილის მიხედვით, უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შემდეგ, დ. ბ-ზე ბანკმა გასცა იპოთეკური სესხი, საიდანაც – 240000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში მსესხებლის ანგარიშიდან გადაირიცხა ა. გ-ს სს „...“ გახსნილ ანგარიშზე; 2022 წლის 28 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, რომელიც დაიდო ა. გ-სა და დ. ბ-ს შორის, ზემოაღნიშნული უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა დ. ბ-ს; ა. გ-ს სს „...“ არსებული ანგარიშის ამონაწერის მიხედვით, 2022 წლის 29 დეკემბერს მას ჩაერიცხა 240000 აშშ დოლარი, რომლიდანაც იმავე დღეს გაიტანა – 200000 აშშ დოლარი, 2023 წლის 16 იანვარს – 10025 აშშ დოლარი, ხოლო 17 იანვარს – 25023 დოლარი. ანგარიშზე დარჩენილი ნაშთი შეადგენდა – 4909 აშშ დოლარს; ამოღების ოქმის მიხედვით, 2023 წლის 23 თებერვალს, ა. გ-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას ამოღებულია: ... მდებარე ბინიდან წამოღებული, ტ. ი-სა და ა. ი-ს კუთვილი სხვადასხვა ნივთები.

7. ამავდროულად, ა. გ-ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ცხადყოფს ტ. და ა. ი-ს უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლება-გასხვისებასთან დაკავშირებით ა. გ-სა და თ. ჭ-ს შორის არსებულ კომუნიკაციას 2022 წლის 20 დეკემბრიდან 2023 წლის 6 იანვრამდე. კერძოდ, ასახულია, როგორ სთხოვს ა. გ. ქ. მ-ში წასულ თ. ჭ-ს მინდობილობის ასლის გაგზავნას მაინც, რათა რ. გ. დააწყნაროს. თ. ჭ., თავის მხრივ, პირდება, რომ ყველაფერს გადმოუგზავნის და კარგ ფინანსურ პატივსაც სცემს დახმარებისთვის. ასევე დასძენს, რომ ბინასთან დაკავშირებით, ბათუმელ კლიენტთან აქვს ურთიერთობა. თვითმფრინავს ატანს საქართველოში მინდობილობას, რომელსაც თბილისიდან ავტობუსი ჩაიტანს ქობულეთში. მინდობილობის აღების შემდეგ, ისინი არკვევენ ნოტარიუსისა და რეესტრის, ასევე – დ. ბ-სთან ურთიერთობის საკითხებს, რომელსაც მოატყუეს, რომ ა. გ. იყო თ. ჭ-ს დის ქმარი. ა. გ-ს შეკითხვაზე: „ – შენმა მოყვარემ თუ იცის ,,სდელკის“ შესახებ?“, თ. ჭ. პასუხობს, რომ – „არა“. ბინის ღირებულების ა. გ-ს ანგარიშზე ჩაირიცხვის შემდეგ, თ. ჭ. მითითებებს აძლევს მას, როგორ განკარგოს თანხა, რამდენი გამოიტანოს ბანკიდან, ვის გადასცეს, რამდენი დატოვოს ანგარიშზე და ა.შ; ტ. ი-ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში ასახულია დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის კომუნიკაცია, რა დროსაც, 2022 წლის 14 ნოემბერს, თ. ჭ. ტ. ის სთხოვს ფინანსურ დახმარებას. მისი თქმით, ავადმყოფობის გამო დაუგროვდა ვალები, ყველამ მიატოვა და მხოლოდ მას შეეძლო დახმარება. სანაცვლოდ, დაწერდა ხელწერილს და ქ. მ-ში მდებარე კუთვნილ ბინას გადაუფორმებდა, რაზეც ტ. ი. პასუხობს, რომ ჯერ მის შვილს უნდა დაებრუნებინა ნასესხები ფული, რადგან ყოფილი სიძისთვის ვალის პატიებას არ აპირებდა. ამავდროულად, ტ. ი. აფრთხილებს თ. ჭ-ს, რომ ეყოფა გონიერება და სინდისი, რათა ,, – მათი ბინა არ ჩადოს“, რაც მაინც არ დაიმალება. ამავდროულად იმედოვნებს, რომ მის ვაჟს უკვე წაეღო ბინიდან თავისი ნივთები; თ. ჭ-ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, სარწმუნოდ დგინდება მისი კავშირი რ. და ა. გ-ებთან, ასევე – დ. ბ-სთან, მათ შორის, 2023 წლის 20 იანვარს (როდესაც დაზარალებულებმა მათი კუთვნილი ბინის გაყიდვის შესახებ შეიტყვეს) შემომავალი, გამავალი და უპასუხოდ დატოვებული ზარები ა. გ-სთან.

8. ამის საპირისპიროდ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მსჯავრდებულ თ. ჭ-ს მტკიცება, თითქოსდა, სადავო ბინა ტ. და ა. ი-ებთან ერთად შეიძინა მათი ახლადდაქორწინებული შვილებისათვის და, შესაბამისად, მართლზომიერად ჰქონდა მისი განკარგვის უფლება. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ თ. ჭ-ს ქმედებაში ცალსახად გამოკვეთილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობა და, შესაბამისად, მისი მსჯავრდება კანონიერი და სამართლიანია.

9. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავდროულად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა დაზარალებულების თანხმობა მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია ვერ გავრცელდება, თუმცა თ. ჭ-ს, რომელსაც ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც არ ექცევა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული ქმედებების ჩამონათვალში და, ამავდროულად, მასზე არ ვრცელდება ამავე კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ თ. ჭ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განაჩენი უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ თ. ჭ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. თ. ჭ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული, ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ. ჭ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალოს 2023 წლის 21 იანვრიდან;

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განაჩენი სხვა, მათ შორის, ნივთმტკიცებებისა და ყადაღის ნაწილში, დარჩეს უცვლელად;

8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი