საქმე # 010100124008576039
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1008აპ-24 ქ. თბილისი
თ. ვ. 1008აპ-24 18 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. თ–ეს, – პირადი ნომერი ......., – ბრალად ედებოდა:
1.1. გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, გამოიხატა შემდეგში: 2023 წლის 8 ნოემბერს, ქ. ბ–ში, ა–ს ქუჩის N..–ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში, უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე, მესაკუთრული და სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ სოციალურ ქსელში ქალს არ უნდა ჰქონდეს რაიმე სახის კომუნიკაცია სხვა მამაკაცებთან, ვ. თ–ემ, სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს – მეუღლეს, ლ. თ–ეს, რის გამოც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, რაც, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, გამოიხატა შემდეგში: 2023 წლის 2 დეკემბერს, დღის საათებში, ქ. ბ–ში, ა–ს ქუჩის N..–ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში, მესაკუთრული დამოკიდებულების გამო წარმოშობილი უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე, ვ. თ–ემ, არასრულწლოვანი შვილის – ლ. თ–ის თანდასწრებით, თმების მოქაჩვით, იატაკზე დანარცხებით, ხელების და ფეხების, ასევე სველი პირსახოცის სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს – მეუღლეს, ლ. თ–ეს, რის გამოც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, გამოიხატა შემდეგში: 2023 წლის 3 დეკემბერს, დილის საათებში, ქალის დაქვემდებარებული მდგომარეობის, მამაკაცის დომინანტური როლისა და სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ ლ. თ–ს არ ჰქონდა მეუღლის მიმართ შეპასუხების უფლება, ვ. თ–მ, თმების მოქაჩვით და იატაკზე დანარცხებით, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში ფეხების რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს – მეუღლეს, ლ. თ–ეს, რის გამოც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.4. გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეუნქტით, რაც, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, გამოიხატა შემდეგში: 2023 წლის 4 დეკემბერს, დილის საათებში, მესაკუთრული დამოკიდებულების გამო წარმოშობილი უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე, ვ. თ–მ, არასრულწლოვანი შვილის – ლ. თ–ის თანდასწრებით, სახის არეში სველი პირსახოცის დარტყმით, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს – მეუღლეს, ლ. თ–ეს, რის გამოც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის განაჩენით ვ. თ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდში და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარდგენილ ბრალდებებში;
2.1. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ვ. თ–ეს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა და მოითხოვა ვ. თ–ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – მაქსიმალური ხანგრძლივობით შეფარდება.
3.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ ვ. თ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ი. ა–ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ოლღა მერებაშვილმა, რომელიც ითხოვს ვ. თ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – მაქსიმალური ხანგრძლივობით შეფარდებას.
5.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ ვ. თ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ი. ა–ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს გამართლებული ვ. თ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ხოლო ადვოკატი – შესაგებლით – გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს ვ. თ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა – ლ. თ–ემ (გამართლებულის მეუღლე), ასევე მოწმეებმა – ლ. თ–ემ და ა. თ–მ (გამართლებულის შვილები) სასამართლოში საქმის განხილვისას ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (შესაბამისად – მეუღლისა და მამის) – ვ. თ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
9. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი პოლიციის თანამშრომლების – თ. მ–ს, ტ. რ–ს, ი. გ–ს, (ისინი ინციდენტის – ვ. თ–ის მიერ ლ. თ–ის მიმართ –ძალადობის შემსწრენი არ არიან, აღნიშნულის შესახებ გაიგეს დაზარალებულისაგან), ასევე მ. ვ-ს (ასევე არ არის შესაძლო ძალადობის შემსწრე და ინფორმაციას ფლობს დაზარალებულისაგან), ნ. ც–ს (მოწმე საერთოდ არ იძლევა ინფორმაციას შესაძლო ძალადობის შესახებ) ჩვენებები, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2024 წლის 12 იანვრის №......... დასკვნა (ლ. თ–ეს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (11.12.2023წ.) აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, ნაჭდევები და ნაკაწრები. ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. მარცხენა წინამხარზე არსებული ნაკაწრები ხანდაზმულობით ეწინააღმდეგებიან, ხოლო დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღებს), 2023 წლის 10 დეკემბრით დათარიღებული №......... შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი (ორდერი გაიცა მოძალადე ვ. თ–ის მიმართ, რომელმაც მსხვერპლს – მეუღლეს ლ. თ–ეს 2023 წლის 8 ნოემბერს, 2, 3, და 8 დეკემბერს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა) საკმარისია ვ. თ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში, ვინაიდან:
10.1. მითითებული მოწმეების ჩვენებები არის ირიბი, რადგან ისინი ძალადობის არცერთ ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უშუალოდ არ შესწრებიან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან. საკასაციო სასამართლო კი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
10.2. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელზეც, მათ შორის, საკასაციო საჩივარში უთითებს ბრალდების მხარე, ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ გამართლებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით ობიექტურად განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
10.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, მართალია შემაკავებელი ორდერი მხარეთა მიერ ცნობილია უდავოდ და ხელმოწერილია, როგორც დაზარალებულის, ასევე გამართლებულის მიერ, თუმცა დაზარალებულისა და პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, შესაძლო დანაშაულის თვითმხილველი მოწმის – ლ. თ–ის მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის ფარგლებში ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ვ. თ–ის მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას.
10.4. იმავდროულად, მოცემულ შემთხვევაში, შემაკავებელი ორდერით, საერთოდ არ დასტურდება პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული სავარაუდო დანაშაულების ჩადენის ხერხი, მოტივი, ადგილი ან/და ვითარება.
11. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია, ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში, მოითხოვს – ტკივილის განცდის შეგრძნებას. დაზარალებულის შეტყობინებით, შემაკავებელი ორდერით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით კი არ დასტურდება დანაშაულის აუცილებელი კომპონენტი – დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა. ამასთან, დაზარალებულის მიმართ ჩატარებული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2024 წლის 18 იანვრის N.......... დასკვნის თანახმად, ვერ დადგინდა – განიცადა თუ არა სტრესი ან/და იქონია თუ არა ლ. თ–ის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასა და გარე სამყაროს აღქმაზე, ასევე მის ქმედებებზე გავლენა ვ. თ–ის მიერ განხორციელებულმა სისტემატიურმა ძალადობამ.
12. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა და პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, შესაძლო დანაშაულის თვითმხილველმა მოწმემ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (მეუღლის/მამის) – ვ. თ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; სხდომაზე დაკითხული მოწმეები უშუალოდ არ შესწრებიან ძალადობის რომელიმე ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი მამხილებელი მტკიცებულებები, ეფუძნებიან მხოლოდ დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ხოლო დაცვის მხარეს არსებით სასამართლო სხდომაზე არ ჰქონდა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყაროს დაკითხვის და მის მიერ შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის შემოწმების/შედავების შესაძლებლობა, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
13. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მხოლოდ მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, გამართლებულ ვ. თ–ისა და დაზარალებულ ლ. თ–ის მიერ ხელმოწერილი, შემაკავებელი ორდერი (და მისი ოქმი) და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მოცემულ შემთხვევაში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ ადასტურებს ვ. თ–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენას.
14. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება ვ. თ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
15. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
16. „ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გადადგან ყველა გონივრული ნაბიჯი, რათა უზრუნველყონ ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებები...ოჯახში ძალადობის საქმეების განხილვა საჭიროებს განსაკუთრებულ გულისხმიერებას და ეროვნული სამართალწარმოების დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ოჯახში ძალადობის სპეციფიკური ბუნება“ (Volodina v. Russia, ECtHR, no. 41261/17, §92, ECtHR, 09/07/2019); ,,ოჯახში ძალადობის ინციდენტის საპასუხოდ მტკიცებულებების შეგროვებაში ხარვეზებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალურად განხორციელებული ძალადობის ხარისხის არასათანადოდ შეფასება. აგრეთვე ამან შეიძლება მავნე ზეგავლენა იქონიოს სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყების პერსპექტივაზე და მომავალში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს გული აუცრუოს ხელისუფლებისთვის მოძალადე ოჯახის წევრების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებაზე, რომლებიც ხშირად საზოგადოების მხრიდან ისედაც წნეხის ქვეშ არიან” (Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, §54, ECtHR, 8/07/2021).
17. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
18. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
19. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე