Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№1011აპ-24 თბილისი

ხ. ა., 1011აპ-24 10 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. შ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 მარტის განაჩენით ა. ხ. - ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (2023 წლის 11 მაისის, 15 მაისის, 26 მაისისა და 29 მაისის ეპიზოდები) და 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 11 მაისის, 15 მაისის, 26 მაისისა და 29 მაისის ეპიზოდები) – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა (4 ეპიზოდი) და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში (4 ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 11 მაისის ეპიზოდი:

ა. ხ-მ უკანონოდ შეიძინა-შეინახა და ბ. ჭ-ზე ასევე უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, წონით – 0,0778 გრამი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2023 წლის 11 მაისს ---- მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ. ჭ-საგან ამოიღეს შს სამინისტროს ც-–----ი პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· 2023 წლის 15 მაისის ეპიზოდი:

ა. ხ-მ უკანონოდ შეიძინა-შეინახა და ბ. ჭ-აზე ასევე უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, წონით – 0,0636 გრამი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2023 წლის 15 მაისს თ----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ. ჭ-ასაგან ამოიღეს შს სამინისტროს ც---ი პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· 2023 წლის 26 მაისის ეპიზოდი:

ა. ხ-მ უკანონოდ შეიძინა-შეინახა და ბ. ჭ-აზე ასევე უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, წონით – 0,0166 გრამი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2023 წლის 26 მაისს თ----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ. ჭ-ასაგან ამოიღეს შს სამინისტროს ც----ი პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· 2023 წლის 29 მაისის ეპიზოდი:

ა. ხ-მ უკანონოდ შეიძინა-შეინახა და ბ. ჭ-აზე ასევე უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, წონით – 0,0355 გრამი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2023 წლის 29 მაისს თ--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ. ჭ-ასაგან ამოიღეს შს სამინისტროს ც-----ი პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენით ა. ხ- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 11 მაისის, 15 მაისის, 26 მაისისა და 29 მაისის ეპიზოდები) – 2-2 წლით, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 11 მაისის, 15 მაისის, 26 მაისისა და 29 მაისის ეპიზოდები) – 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 29 მაისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და ა. ხ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი, აღნიშნული განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 იანვრის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და ა. ხ-ს საბოლოოდ მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 26 ივნისიდან. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატმა მ. ქ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ა. ხ-ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, მისი ქმედების დაკვალიფიცირება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად შეძენა-შენახვა) და კანონის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორი – მსჯავრდებულ ა. ხ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. შ-ა – საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას, ა. ხ-ს უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, მისი ქმედების დაკვალიფიცირებას სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად შეძენა-შენახვა) და კანონის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის გასაჩივრებულ განაჩენს ა. ხ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, არამედ ითხოვს მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ა. ხ-ს მიერ ჩადენილი ქმედებების კვალიფიკაციის სისწორე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

3. დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ კვალიფიკაციაზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვისა და ამავე ნარკოტიკის მეორე პირისათვის გადაცემის ფაქტის სამართლებრივი შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ყოველი საქმის კონტექსტს, მისთვის დამახასიათებელ ინდივიდუალურ ფაქტობრივ გარემოებებს. სწორედ ამ გარემოებების დეტალური შესწავლა და ანალიზი განაპირობებს ქმედების სწორ კვალიფიკაციას – იქნება ეს, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი, მე-4 ნაწილები (ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღება), თუ – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად შეძენა-შენახვა). საკასაციო პალატამ ადრეც განმარტა და ახლაც იმეორებს, რომ საკასაციო სასამართლო არ არის მოწოდებული, დაადგინოს ერთიანი, უნივერსალური სტანდარტი ნარკოტიკული საშუალების გადაცემის განურჩევლად ყველა შესაძლო შემთხვევისათვის და ამის მცდელობა უზენაესი სასამართლოს არც აქამდე არსებულ პრაქტიკას ჰქონია. შესაბამისად, ერთ კონკრეტულ საქმეში პირის ქმედების ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად შეძენა-შენახვით ან ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებით კვალიფიკაცია გარდაუვლად არ განაპირობებს იმავე კვალიფიკაციას სხვა საქმეში, თუ არ არსებობს ფაქტობრივ გარემოებათა აბსოლუტური სიზუსტით თანხვდენა. საგულისხმოა, რომ დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მოხმობილი უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (საქმე N817აპ-23) მიემართება განსახილველი საქმისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ შემთხვევას, რომლის ინდივიდუალურმა ფაქტობრივმა გარემოებებმა მიიყვანა საკასაციო სასამართლო პირის ქმედების საქართველოს სსკ-ის 25, 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაკვალიფიცირებამდე.

4. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ხ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად დასტურდება ა. ხ-ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენა, კერძოდ:

5. მოწმე ბ. ჭ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ მაისის დასაწყისში, „ტაქსაობის“ დროს, ის გააჩერა ა. ხ-მ; გზაში, ერთმანეთის გაცნობისას, ბრალდებულმა შესთავაზა ნარკოტიკული საშუალების შეძენა ფულის სანაცვლოდ, რაზეც მოწმეს უარი არ უთქვამს და ჩაიწერა ა---ის ტელეფონის ნომერი; მომხდარის თაობაზე მოწმემ განაცხადა ო---ში, ც------ი პოლიციის დეპარტამენტში; 2023 წლის 10 მაისს გამომძიებელმა 100 ლარი მისცა, აღჭურვა კამერით, რის შემდეგაც იგი წავიდა ბრალდებულის სამსახურში ა--–--ის ქუჩაზე, სადაც მას გადასცა 100 ლარი. ცოტა ხანში ა------მა დაურეკა და 30 ლარის დამატება მოსთხოვა გ. ჯ-ას ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით; მოწმეს მას ჩაურიცხა 30 ლარი თ----- ბანკიდან, რაც გადაიღო; საღამოს გ--–ის გამზირზე შეხვდა ბრალდებულს, რომელმაც გადასცა პვპ-ს კრისტალები. 2023 წლის 13 მაისს ბ. ჭ-ა ნარკოტიკის თაობაზე შეეხმიანა ა. ხ-ს, რომელმაც 200 ლარის მიტანა სთხოვა, რაც გადასცა, თუმცა ა------მა უთხრა, რომ ნარკოტიკს მისცემდა 15 მაისს; ბ----ი, კამერით აღჭურვილი, 15 მაისს მივიდა ა. ხ-სთან, რომელმაც კამერის ჩართვამდე გადასცა კრისტალები. ანალოგიურად შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ა--ისაგან, ფულის სანაცვლოდ, 2023 წლის 26 მაისსაც. 2023 წლის 29 მაისს ა-მა ბ-ი დაიბარა გ--–ზე და უთხრა, რომ, 70 ლარის სანაცვლოდ, მისცემდა ნარკოტიკ პვპ-ს; მოწმემ მას გადასცა 70 ლარი, ხოლო ა------მა (რომელიც ნაცნობთან ერთად იყო) – ნარკოტიკული საშუალება. ბრალდებულის მიერ გადაცემული, ფოლგაში შეფუთული ნარკოტიკული საშუალებები მოწმისაგან ამოიღო გამომძიებელმა. ბ. ჭ-ას განმარტებით, ის თვითონ არ მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს, არ არის ნასამართლევი და დიდი ხანია, თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა კანონიერად გამოავლინოს დანაშაული. ა. ხ-მ მას ოთხჯერ – 2023 წლის 11, 15, 26 და 29 მაისს – გადასცა ნარკოტიკი მოწმეს, რომელმაც დაადასტურა ამოღების ოქმების სისწორე და კანონიერება. ბრალდებულს მისთვის ფულის სესხება რომ ეთხოვოს ან შეეთავაზებინოს, რომ თვითონაც დაამატებდა ფულს და ნარკოტიკს ერთად იყიდდნენ, არ ახსოვს.

6. 2023 წლის 11 მაისის ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ჩანაწერებით დგინდება, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 08 მაისის №-------- განჩინების საფუძველზე. ჩანაწერის მიხედვით, 2023 წლის 10 მაისს, 13:42:44 სთ-დან 13:54:46 სთ-მდე პერიოდში, თ-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაიწერა ბ. ჭ-ასა და ა. ხ-ს შეხვედრა და საუბარი; ჩანაწერით დგინდება ბ. ჭ-ას მხრიდან ა. ხ-სთვის 100-ლარიანი კუპიურის ხელზე გადაცემისა და ნარკოტიკული ნივთიერების აღების მიზნით, ა. ხ-ს იმავე დღეს, საღამოს, შეხვედრაზე შეთანხმების ფაქტები; ამავე ჩანაწერით დგინდება 2023 წლის 10 მაისს, 22:45:04 სთ-დან 22:48:53 სთ-მდე, თ-------ის მიმდებარედ არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საშუალებით ბ. ჭ-ას მიერ თანხის ჩარიცხვის და თანხის ჩარიცხვის დროს ბ. ჭ-ას ა. ხ-სთან მობილური ტელეფონით საუბრის ფაქტი; ასევე 2023 წლის 11 მაისს, 00:51:08 სთ-დან 00:55:58 სთ-მდე, თ-----ი მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთი მხრივ, ბ. ჭ-ას და, მეორე მხრივ, ა. ხ-ს შეხვედრისა და საუბრის ფაქტი, რა დროსაც ა. ხ- ბ. ჭ-ას ხელის ჩამორთმევის დროს გადასცემს თეთრი ფერის შეფუთულ ნივთიერებას; 2023 წლის 11 მაისს, 01:10-01:26 საათებს შორის პერიოდში, გამომძიებელ გ. კ--ის მიერ თ-ი, გ--–ის გამზირის N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ. ჭ-ასგან, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ამოღებულ იქნა ა. ხ-სგან შეძენილი, თეთრი ფერის ფოლგის ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული კრისტალური ნივთიერება, რომელიც დაილუქა სპეციალურ პაკეტში კანონით დადგენილი წესით და მასზე გაკეთდა ხელმოწერები. ის ფაქტი, რომ 2023 წლის 11 მაისს ბ. ჭ-ასგან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას, დადგენილია ქიმიური ექსპერტიზის N------- დასკვნით, რომლის მიხედვით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ, თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში შეხვეული მოთეთრო ფერის ნივთიერება, წონით – 0,0778 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“.

7. 2023 წლის 15 მაისის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება „საკონტროლო შესყიდვის“ განხორციელების შესახებ ოქმით დადგენილია, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება „საკონტროლო შესყიდვის“ N------ დავალების საფუძველზე განხორციელდა ა. ხ-საგან -- სავარაუდო ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა. ამ მიზნით მოქალაქე ბ. ჭ-ას გადაეცა შსს-ს სპეცსახსრებიდან გამოტანილი ფულადი თანხა – 200 ლარი. ბ. ჭ-ას და ა. ხ-ს შორის შემდგარი საუბრის შემდეგ, ა. ხ-ს მითითებით, ბ. ჭ-ა გამოცხადდა თ------–--ის ქუჩაზე, სადაც, ა-ის მიმდებარედ მოულოდნელად შედგა ბ. ჭ-ას და ა. ხ-ს შეხვედრა, რა დროსაც ა. ხ-მ ბ. ჭ-ას გადასცა 1 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“. აღნიშნულის შემდგომ ბ. ჭ-ამ განახორციელა შესყიდული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების ტრანსპორტირება თ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე ი. ნ---ის მეთვალყურეობის ქვეშ, საგამოძიებო მოქმედება „ამოღების“ ჩატარების მიზნით. 2023 წლის 15 მაისს, 13:05-13:21 საათებს შორის პერიოდში, გამომძიებელმა გ. კ-მა თ--------ის მიმდებარედ, ბ. ჭ-ასგან, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ამოიღო ა. ხ-სგან შეძენილი, თეთრი ფერის ფოლგის ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული კრისტალისებრი ნივთიერება, რომელიც დაილუქა სპეციალურ პაკეტში კანონით დადგენილი წესით და მასზე გაკეთდა ხელმოწერები. ის ფაქტი, რომ ბ. ჭ-ასგან 2023 წლის 15 მაისს ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას, დადგენილია ქიმიური ექსპერტიზის №----- დასკვნით, რომლის მიხედვითაც, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში შეხვეული მოთეთრო ფერის ნივთიერება, წონით – 0,0636 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“.

8. 2023 წლის 26 მაისის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება „საკონტროლო შესყიდვის“ განხორციელების შესახებ ოქმით დადგენილია, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება „საკონტროლო შესყიდვის“ N------ დავალების საფუძველზე, განხორციელდა ა. ხ-საგან -- სავარაუდო ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა. ამ მიზნით მოქალაქე ბ. ჭ-ას 2023 წლის 25 მაისს გადაეცა შსს-ს სპეცსახსრებიდან გამოტანილი ფულადი თანხა – 70 ლარი. ბ. ჭ-ასა და ა. ხ-ს შორის შემდგარი საუბრის შემდეგ, ა. ხ-ს მითითებით, ბ. ჭ-ა გამოცხადდა თ---–--ის ქუჩაზე, სადაც N---ის მიმდებარედ, ბ. ჭ-ამ ა. ხ-ს გადასცა 1 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ-ს“ შესაძენად ფულადი თანხა – 70 ლარი. აღნიშნულის შემდეგ ბ. ჭ-ა ნარკოტიკული საშუალების გადასაცემად ა. ხ-მ დაიბარა საღამოს სააღებში. ნარკოტიკული საშუალების გადმოცემის მიზნით ა. ხ- და ბ. ჭ-ა შეხვდნენ 2023 წლის 26 მაისს, ღამის საათებში გ-------–---–ის გამზირის N---ის მიმდებარედ, რა დროსაც ა. ხ-მ ერთი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება გადასცა ბ. ჭ-ას და დაშორდნენ ერთმანეთს; ამის შემდეგ ბ. ჭ-ამ შესყიდული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების ტრანსპორტირება განახორციელა თ---–--–ი, გ-------–---–ის გამზირის N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-----–- ნ---------ის მეთვალყურეობით; საგამოძიებო მოქმედება „ამოღების“ ჩატარების მიზნით, 2023 წლის 26 მაისის 00:44-01:01 საათებს შორის პერიოდში გამომძიებელმა გ-------– კ------–---–მა თ---–--–ი, გ-------–---–ის გამზირზე, N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ. ჭ-ასგან, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ამოიღო ა. ხ-სგან შეძენილი, ვერცხლისფერი ფოლგის ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული კრისტალისებრი ნივთიერება, რომელიც დაილუქა სპეციალურ პაკეტში კანონით დადგენილი წესით და მასზე გაკეთდა ხელმოწერები; ის ფაქტი, რომ ბ. ჭ-ასგან ამოღებული ნივთიერება იყო ნარკოტიკული საშუალება, დადასტურებულია ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნით, რომლის მიხედვითაც, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ვერცხლისფერი ქაღალდის ნაჭერში შეხვეული მოთეთრო ფერის ნივთიერება, წონით – 0,0166 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“.

9. 2023 წლის 30 მაისის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება „საკონტროლო შესყიდვის“ განხორციელების შესახებ ოქმით დადგენილია, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება „საკონტროლო შესყიდვის“ N------ დავალების საფუძველზე, განხორციელდა ა. ხ-საგან (პ/ნ 5----------) სავარაუდო ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა. ამ მიზნით, 2023 წლის 29 მაისს მოქალაქე ბ. ჭ-ას გადაეცა შსს-ს სპეცსახსრებიდან გამოტანილი ფულადი თანხა – 70 ლარი. ბ. ჭ-ას და ა. ხ-ს შორის შემდგარი საუბრის შემდეგ, ა. ხ-ს მითითებით, ბ. ჭ-ა გამოცხადდა თ---–--–ი, გ-------–---–ის გამზირზე, N---ის მიმდებარედ და ნარკოტიკული საშუალების შესაძენად გადასცა ფულადი თანხა – 70 ლარი, რის შემდეგაც შეთანხმდნენ საღამოს საათებში ნარკოტიკული საშუალების გადმოცემის შესახებ. ბ. ჭ-ასა და ა. ხ-ს შეხვედრა შედგა გ-------–---–ის გამზირზე, N---ის მიმდებარედ, სადაც თანხის გადაცემისას ა. ხ-ს ახლდა გამოძიებისათვის დაუდგენელი პირი, რომელიც ავტომანქანა „პრიუსში“ ბ. ჭ-ას ჩაუჯდა უკანა სავარძელზე, ხოლო ა. ხ- – ავტომანქანის წინა სავარძელზე, მგზავრის მხარეს. მას შემდეგ, რაც ნარკოტიკული საშუალება ბ. ჭ-ას ა. ხ-მ გადასცა ავტომანქანაში, საცხოვრებელ სახლთან, ბ. ჭ-ამ დატოვა ა. ხ- და მისი თანმხლები პირი ლ------------------ის მიმდებარედ და განახორციელა შესყიდული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების ტრანსპორტირება თ---–--–ი, ჩ-----–-----------------ის მიმდებარედ, ი-----–- ნ---------ის მეთვალყურეობით; საგამოძიებო მოქმედება „ამოღების“ ჩატარების მიზნით, 2023 წლის 29 მაისის 23:35-23:51 საათებს შორის პერიოდში გამომძიებელმა გ-------– კ------–---–მა თ---–--–---------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ. ჭ-ასგან, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ამოიღო ა. ხ-სგან შეძენილი, ვერცხლისფერი ფოლგის ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული კრისტალისებრი ნივთიერება, რომელიც დაილუქა სპეციალურ პაკეტში კანონით დადგენილი წესით და მასზე გაკეთდა ხელმოწერები. ის ფაქტი, რომ ბ. ჭ-ასგან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალებას, დადასტურებულია ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნით, რომლის მიხედვითაც, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ვერცხლისფერ ქაღალდის ნაჭერში შეხვეული, მოთეთრო ფერის ნივთიერება, წონით – 0,0355 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“.

10. საყურადღებოა ასევე საქმეზე წარმოდგენილი და უდავოდ მიჩნეული 2023 წლის 11 სექტემბრის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ აუდიოგრამას და ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება; ექსპერტიზაზე წარმოდგენილ სადავო ფონოგრამებში მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში (ხმის ნიმუში) მოსაუბრე ა. ხ-ს ხმა ერთმანეთის იდენტურია. ასევე მნიშვნელოვანია საქმეზე წარმოდგენილი ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები, კერძოდ: N---------------- დასკვნა, რომლის მიხედვითაც: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ალფა-პვპ-ს შემცველი ნივთიერება, წონით – 0,0548 გრამი (საწყისი წონით – 0,0636 გრამი) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს რაოდენობით – 0,04665 გრამს (საწყის წონაზე გადაანგარიშებით – 0,05414 გრამს); N---------------- დასკვნა, რომლის მიხედვითაც: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ალფა-პვპ-ს (a-PVP-ს) შემცველი ნივთიერება, წონით – 0,0672 გრამი (საწყისი წონით – 0,0778 გრამი), შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (a-PVP-ს), რაოდენობით – 0,05724 გრამს (საწყის წონაზე გადაანგარიშებით – 0,06626 გრამს). N--- დასკვნა, რომლის მიხედვითაც: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ალფა-პვპ-ს (a-PVP) შემცველი ნივთიერება, წონით – 0,0317გრამი (საწყისი წონა – 0,0355 გრამი) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (a-PVP), რაოდენობით – 0,0269 გრამი (საწყის წონაზე გადაანგარიშებით – 0,0301 გრამი). N------ დასკვნა, რომლის მიხედვითაც: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნივთიერება, წონით – 0,0118 გრამი (საწყისი წონით – 0,0166 გრამი), შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (a-PVP), რაოდენობით – 0,0081 გრამს (საწყის წონაზე – 0,0166 გრამზე – გადაანგარიშებით შეადგენს 0,0113 გრამს).

11. ამდენად, ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ა. ხ-მ ბ. ჭ-აზე 2023 წლის 11 მაისს, 15 მაისს, 26 მაისსა და 29 მაისს უკანონოდ გაასაღა ასევე უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“. მოწმე ბ. ჭ-ამ დაწვრილებით განუმარტა სასამართლოს მსჯავრდებულთან ურთიერთობის, გამოძიებასთან ნებაყოფლობით თანამშრომლობისა და ოპერატიული ღონისძიებების დეტალები. სასამართლოს მოწმის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია. ამასთან, საქმეში არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც სასამართლოს მოწმის მიკერძოებასა და დაინტერესებაში დაარწმუნებდა. გარდა ამისა, მისი ჩვენება სრულად არის თანხვდენილი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან: 2023 წლის 10 მაისის, 13 მაისის, 25 მაისის, 29 მაისის თანხის გადაცემის შესახებ ოქმებთან, რომელთა მიხედვით, გამომძიებელმა გ. კ-მა ბ. ჭ-ას 2023 წლის 10 მაისს გადასცა ჯერ 100, შემდეგ კი – 30 ლარი, 13 მაისს – 200 ლარი, ხოლო 25 და 29 მაისს – 70-70 ლარი; ასევე – ქიმიური ექსპერტიზის №… დასკვნებთან, ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებსა და საქმეში არსებულ სხვა მასალებთან.

12. ბ. ჭ-ასთან დაკავშირებით დაცვის მხარემ საკასაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომელშიც უთითებს, რომ ბ. ჭ-ა დაკავებულია უდანაშაულო პირთა მხილებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწმე ბ. ჭ-ას არ დაუმალავს და სასამართლოს განუმარტა, რომ დიდი ხანია, თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა კანონიერად გამოავლინოს დანაშაული, რაც არ წარმოადგენს დანაშაულის პროვოკაციას. ამასთან, მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ უკრძალავს პირს, ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან და თანამშრომლობა, როგორც წესი, არ წარმოადგენს კანონის დარღვევას. ბ. ჭ-ას თანამშროლობა გამოძიებასთან და, ფარული საგამოძიებო მოქმედებების პირობებში, საკონტროლო შესყიდვების განხორციელება სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილ სტანდარტებს.

13. საკასაციო პალატა ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს N817აპ-23 გადაწყვეტილებაში ასახულ განმარტებას (რომლის თაობაზეც კასატორი უთითებს საკასაციო საჩივარში), რომ ნარკოტიკული საშუალების გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების გასაღებას; თუმცა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმის მასალებში ასახული ყველა მტკიცებულების დეტალური ანალიზით, ა. ხ-ს ქმედებაში (ოთხივე ეპიზოდში) აშკარად გამოკვეთილია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ნიშნები, აგრეთვე, არ იკვეთება ნარკოტიკული საშუალების გაყოფის ან/და ერთად მოხმარების ფაქტები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც უტყუარად დადასტურებულია ა. ხ-ს მიერ ბ. ჭ-ასათვის ნარკოტიკული საშუალებების გადაცემა, თუნდაც საერთოდ ვერ დადგინდეს მსჯავრდებულის მიერ თანხის აღების ფაქტი, ეს გარემოება ვერ დააბრკოლებს მისი ქმედების ნარკოტიკული საშუალების გასაღებით კვალიფიკაციას, რადგან აღნიშნული ქმედება დანაშაულია, იმის მიუხედავად, სასყიდლით განხორციელდა, თუ – უსასყიდლოდ. დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მოცემული ქმედება წარმოადგენს გასაღებას, ხოლო საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს ამავე საქმის მასალებიდან.

14. პალატა აქვე მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლოში შემოვიდა პროკურორ დავით მესტვირიშვილის შუამდგომლობა საქმეზე დამატებითი მტკიცებულების (ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის №-- დასკვნა), მტკიცებულებათა გაცვლის შესახებ ოქმის დართვისა და მოწმის სახით ექსპერტ გ--- ჩ-ის დაკითხვის თაობაზე. აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების დაშვებისა და გამოკვლევის სამართლებრივ საფუძველს. „საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, შეუძლებელია ახალი მტკიცებულების წარდგენა, მისი გამოკვლევა და სასამართლოს მიერ გამოყენება, აგრეთვე – მოწმეთა დაკითხვა“ (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის №484აპ-21, 2024 წლის 29 აპრილის №1193აპ-23, 2021 წლის 18 ოქტომბრის №326აპ-21, 2015 წლის 7 ივლისის №95აპ-15 განჩინებები).

15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ ა. ხ-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედებების ჩადენას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს. საგულისხმოა, რომ დაცვის მხარეც ვერ უთითებს სასჯელის უსამართლობის დამადასტურებელ კონკრეტულ გარემოებებზე.

16. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონს, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული, მათ შორის, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა). ასევე, ითვალისწინებს ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, კანონის, მათ შორის, პირველი მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე. იმის გათვალისწინებით, რომ ა. ხ-მ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა – 2023 წლის 11 მაისის, 15 მაისის, 26 მაისისა და 29 მაისის ეპიზოდები) მითითებულ პერიოდამდე ჩაიდინა, მის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება და უნდა გათავისუფლდეს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელებისგან. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულ სასჯელს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ა. ხ-სათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად. ამასთან, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის დანაწესი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის თაობაზე.

17. გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით ა. ხ- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (6 ეპიზოდი) და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 5 იანვრის №-- გადაწყვეტილებით ა. ხ-ს დარჩენილი თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა 4 თვითა და 12 დღით შინაპატიმრობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ხ-სათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით – შეიცვალა და ა. ხ-ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 1500 ლარი.

18. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ელი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. აღნიშნულის გათვალისწინებით და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულ ა. ხ-ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული მხოლოდ პირობითი მსჯავრი (ვინაიდან რეალური სასჯელი უკვე მოხდილი აქვს) და განესაზღვროს 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---- შ----ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ა. ხ- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 11 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე;

4. ა. ხ- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 11 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. ა. ხ- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 15 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე;

6. ა. ხ- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 15 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

7. ა. ხ- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 26 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე;

8. ა. ხ- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 26 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

9. ა. ხ- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 29 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე;

10. ა. ხ- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 29 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

11. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 29 მაისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი სასჯელები და ა. ხ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, მიესაჯოს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

12. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;

13. ა. ხ-ს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტისა და მე-9 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და განესაზღვროს 3 (სამი) წლითა და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა; აღნიშნული განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 იანვრის განჩინებით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შთანთქას ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და ა. ხ-ს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

14. მსჯავრდებულ ა. ხ-ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლით – საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები;

სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 (ოცი) წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;

15. მსჯავრდებულ ა. ხ-ს სასჯელი აეთვალოს დაკავების დღიდან – 2023 წლის 26 ივნისიდან;

16. ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად:

ნარკოტიკული საშუალებები, ნერწყვის ნიმუშები – განადგურდეს;

ამოღებული ნივთები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

ელექტრონული დისკები – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

17. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე