Facebook Twitter

საქმე # 160100123007951976

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1033აპ-24 ქ. თბილისი

ი. ა. 1033აპ-24 21 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 ივლისის განაჩენზე მარნეულს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ი–ს, – პირადი ნომერი ........, – ბრალად ედებოდა:

1.1. გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, რაც, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, გამოიხატა შემდეგში: 2023 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 13:30 საათზე, ქ. მ–დან მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ …..ის მიმართულებით ავტომობილით გადაადგილებისას, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიიჩნევდა რა, რომ ქალს არ აქვს აზრის გამოხატვის, მაკიაჟის გაკეთების, ტანსაცმლის არჩევის უფლება, კაცი ყოველთვის მართალია და მას უნდა ემორჩილებოდეს ცოლი, სიტყვიერი კამათისას ა. ი–მა რამდენჯერმე ხელი გაარტყა სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში და თმები მოჰქაჩა მეუღლე ხ. ი–ას, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ძალადობის ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი – ს. ი–ი.

1.2. გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, რაც, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, გამოიხატა შემდეგში: 2023 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 13:30 საათზე, ქ. მ–დან მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ …..ის მიმართულებით ავტომობილით გადაადგილებისას, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიიჩნევდა რა, რომ ქალს არ აქვს აზრის გამოხატვის, მაკიაჟის გაკეთების, ტანსაცმლის არჩევის უფლება, კაცი ყოველთვის მართალია და მას უნდა ემორჩილებოდეს ცოლი, სიტყვიერი კამათისას ა. ი–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლე ხ. ი–ას, რომელმაც რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენით:

2.1. ა. ი–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

2.2. ა. ი–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

2.3. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ა. ი–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გიორგი მექვაბიძემ, რომელმაც მოითხოვა ა. ი–ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი, სამართლიანი, კანონიერი სასჯელის შეფარდება.

3.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ ა. ი–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – გ. ხ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 ივლისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გიორგი მექვაბიძემ, რომელიც ითხოვს ა. ი–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული – დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის მკაცრი, სამართლიანი, კანონიერი სასჯელის შეფარდებას.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს გამართლებული ა. ი–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს ა. ი–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა – ხ. ი–ამ (გამართლებულის მეუღლე) სასამართლოში საქმის განხილვისას ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის – ა. ი–ის (მეუღლის) – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

9. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2023 წლის 18 სექტემბრის №.......... დასკვნა (რომლის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო საბუთის მონაცემებით, ხ. ი–ას (14.08.2023წ.) ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება (ტ. N1; ს.ფ. 13-16)), სამედიცინო ბარათთან ერთობლიობაში, ვიზუალური დათვალიერების შესახებ 2023 წლის 14 აგვისტოს ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის 2023 წლის 14 აგვისტოს ოქმი (ჩატარდა მოწმე ხ. ი–ასგან მიღებული ჩვენების შესამოწმებლად) ადასტურებენ ა. ი–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას, ვინაიდან:

10.1. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, ხოლო სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი თვითმხილველი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა გამართლებულ ა. ი–ის მიერ ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენას. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდების მხარე ა. ი–ს ძალადობის ჩადენას ედავება არასრულწლოვანი შვილის – ს. ი–ის – თანდასწრებით, თუმცა აღნიშნული პირი არ დაკითხულა; რაც შეეხება კასატორი პროკურორის – გიორგი მექვაბიძის – პოზიციას, ირიბი ჩვენების პირის მსჯავრდებისათვის გამოყენებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

10.2. სამედიცინო ბარათით და ვიზუალური დათვალიერების ოქმით, რომლებზეც, მათ შორის, საკასაციო საჩივარში უთითებს ბრალდების მხარე, მართალია დადგენილია ხ. ი–ას გარეგანი დათვალიერებით აღმოჩენილი გარკვეული დაზიანებები, თუმცა სწორედ აღნიშნულ სამედიცინო ბარათზე ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა (რომლის დასკვნის კვლევით ნაწილში აღწერილია ხ. ი–ას სხეულზე არსებული დაზიანებები), რომლის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო საბუთის მონაცემებით, ხ. ი–ას (14.08.2023წ.) ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით/სამედიცინო დოკუმენტებით ობიექტურად განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ მოწმე მ. მ–მა განმარტა, რომ დაზარალებული ხ. ი–ა არის მისი შვილი, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო პერიოდულად ცუდად ხდებოდა, გონებას კარგავდა და ძირს ვარდებოდა. მათ შორის, ცუდად გახდა და ძირს დავარდა კონკრეტულ კვების ობიექტში ყოფნისას, რის გამოც, მას აღმოუჩინეს დახმარება; აღნიშნული ასევე დასტურდება მოწმე მ. კ–სის ჩვენებით, რომლის თანახმად, მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ზაფხულში, კვების ობიექტში შევიდნენ ქალი და კაცი, ბავშვთან ერთად, კერძის შერჩევისას ქალი გახდა ცუდად და დასჭირდა დახმარება.

10.3. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების – მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის – შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21).

11. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარდა დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმისა, მხარეთა მიერ ცნობილია უდავოდ, თუმცა დაზარალებულის მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის ფარგლებში ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც უთითებენ გამართლებულის მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულებზე, ეფუძნებიან მხოლოდ დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ხოლო იმ პირობებში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს არ ჰქონდა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყაროს – დაზარალებულის – დაკითხვის და მისი ჩვენების სანდოობის გამოკვლევის შესაძლებლობა, დაუშვებელია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე სრულად დამყარებული ზემოაღნიშნული სადავო მტკიცებულებების გამოყენება მსჯავრდებისათვის, შესაბამისად, ისინი არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

12. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია მოითხოვს ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში, ტკივილის განცდის, ხოლო 151-ე მუხლი – საფუძვლიანი შიშის არსებობის მტკიცებას, დაზარალებულის მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით სარგებლობის პირობებში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დანაშაულის აუცილებელი კომპონენტის – დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის (ობიექტური ან სუბიექტურო სტანდარტით) განცდა ან/და მუქარის რეალურობის (დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა) – არსებობა.

13. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება ა. ი-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

14. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

15. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გადადგან ყველა გონივრული ნაბიჯი, რათა უზრუნველყონ ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებები...ოჯახში ძალადობის საქმეების განხილვა საჭიროებს განსაკუთრებულ გულისხმიერებას და ეროვნული სამართალწარმოების დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ოჯახში ძალადობის სპეციფიკური ბუნება“ (Volodina v Russia, ECtHR, no. 41261/17, §92, ECtHR, 09/07/2019); ,,ოჯახში ძალადობის ინციდენტის საპასუხოდ მტკიცებულებების შეგროვებაში ხარვეზებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალურად განხორციელებული ძალადობის ხარისხის არასათანადოდ შეფასება. აგრეთვე ამან შეიძლება მავნე ზეგავლენა იქონიოს სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყების პერსპექტივაზე და მომავალში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს გული აუცრუოს ხელისუფლებისთვის მოძალადე ოჯახის წევრების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებაზე, რომლებიც ხშირად საზოგადოების მხრიდან ისედაც წნეხის ქვეშ არიან” (Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, §54, ECtHR, 8/07/2021).

16. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

18. საქმის მასალების შესწავლით, ასევე არ დგინდება გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 ივლისის განაჩენზე მარნეულს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე