საქმე # 120100124008892253
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1035აპ-24 ქ. თბილისი
ბ. გ. 1035აპ-24 19 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ბ–ეს, – პირადი ნომერი .........., – ბრალად ედებოდა:
1.1. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, გამოიხატა შემდეგში: 2024 წლის 3 თებერვალს, დაახლოებით 13:00 საათზე, დაბა ა–ში, ყ–ს ქუჩაზე, სადაო მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების მიზნით აზომვასთან დაკავშირებით წარმოშობილი შელაპარაკებისას, გ. ბ–ემ მარჯვენა ხელის მუშტი განზრახ დაარტყა ქვედა ყბის მარცხენა არეში ხ. დ–ეს, რითაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და აღნიშნულით სხეულზე მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად;
1.2. სხვისი ნივთის განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, გამოიხატა შემდეგში: 2024 წლის 3 თებერვალს, დაახლოებით 13:00 საათზე, დაბა ა–ში, ყ–ს ქუჩაზე, სადაო მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების მიზნით აზომვასთან დაკავშირებით წარმოშობილი შელაპარაკებისას, გ. ბ–მ მარჯვენა ხელის მუშტი განზრახ დაარტყა ქვედა ყბის მარცხენა არეში ხ. დ–ს, რითაც გაუფრთხილებლობით გაუტეხა ქვედა ყბის კბილის პროთეზი. გ. ბ–ს აღნიშნული ქმედებით ხ. დ–ეს მიადგა 250 ლარის, მნიშვნელოვანი ზიანი.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 აპრილის განაჩენით გ. ბ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.1. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჯარიმა – 1000 ლარი;
2.2. საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჯარიმა – 700 ლარი;
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ. ბ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ და მოითხოვა უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
4. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. დ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელიც ითხოვს გ. ბ–ის მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. დ-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ, მხოლოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მოითხოვა მისი გამკაცრება. ადვოკატი კი – შესაგებლით – ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
8.1. შესაბამისად, მხარეებს შორის დავის საგანი არ არის გ. ბ–ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია, ასევე მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული – დანაშაულების ჩადენა; მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია მხოლოდ შეფარდებული სასჯელის კანონიერება. ამდენად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს იმ საკითხზე, რამდენად კანონიერია დანიშნული სასჯელი.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ გ. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის აღიარებასთან ერთად საქმეში წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულ ხ. დ–ის, ასევე მოწმეების: ლ. თ–ს, გ. თ–ს, ს. ს–ს, რ. მ–ს, გ. ბ–ს, ა. ბ–სა და დ. ბ–ს გამოკითხის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, სასამართლო-სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დასტურდება გ. ბ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა.
10. რაც შეეხება მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ კასატორის მოთხოვნას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს: ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილი: ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ანდა შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ერთ წლამდე.
11.1. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, თითოეული დანაშაულისათვის განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სასამართლომ, იმის მხედველობაში მიღებით, რომ გ. ბ–ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას, ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულს განუსაზღვრა ალტერნატიული სასჯელებიდან ერთ-ერთი, კერძოდ – ჯარიმა.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – ჯარიმის – განსაზღვრა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში, მით უფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017).
14. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე