საქმე # 190100122006174764
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1049აპ-24 ქ. თბილისი
ჯ. გ. 1049აპ-24 19 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 21 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლელა ჭეშმარიტაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ჯ–ას, – პირადი ნომერი ........., – ბრალად ედებოდა ადევნება, პირადად პირის განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და მის მიმართ ძალადობის გამოყენების და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც მას ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ჯ–ას მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 17 მაისიდან, 2022 წლის 7 ივნისის ჩათვლით დროის პერიოდში, გ–ს რაიონის სოფელ მ–ში, გ. ჯ–ა მეზობლად მცხოვრები რძლის, გ. ჯ–ას მიმართ სისტემატურად ახორციელებდა განზრახ ქმედებებს, უზიანებდა აბაზანის სახურავსა და წყალსაწრეტს, გარეთ გასულს, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აფურთხებდა, ემუქრებოდა. ეუბნებოდა, რომ მაინც დაუმტვრევდა სახლის სახურავის წყალსაწრეტს, არ მისცემდა მშვიდად ცხოვრების საშუალებას, მთელ სახლს გაუნადგურებდა, მათ შორის, 2021 წლის 17 მაისს, გ. ჯ–ამ დააზიანა გ. ჯ–ას აბაზანის სახურავის წყალსაწრეტი მილები, რითაც გ. ჯ–ას მიადგა 47.5 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი; 2021 წლის 10 ოქტომბერს, გ. ჯ–ამ დააზიანა გ. ჯ–ას აბაზანის სახურავის წყალსაწრეტი მილები, რითაც გ. ჯ–ას მიადგა 140 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი; 2022 წლის იანვარში, გ. ჯ–ამ დააზიანა გ. ჯ–ას სახლის წყალსაწრეტი მილები, რის გამოც დასველდა გ. ჯ–ას სახლის კედელი; 2022 წლის 7 ივნისს, ძლიერი წვიმის დროს, გ. ჯ–ამ გ. ჯ–ას სახლის წყალსაწრეტ მილებს შეუცვალა მიმართულება ისე, რომ წვიმის წყალი, კანალიზაციის ნაცვლად გ. ჯ–ას სახლს ასხამდა, რამაც ეზოს და სარდაფის დატბორვა გამოიწვია. გ. ჯ–ას განზრახი ქმედებების შედეგად, გ. ჯ–ა განიცდის ფსიქიკურ ტანჯვას, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ გ. ჯ–ა მის მიმართ განახორციელებს ძალადობას და გაუნადგურებს ქონებას – საცხოვრებელ სახლს, რის გამოც, იძულებულია, შეიცვალოს ცხოვრების წესი, ცდილობს გარეთ მარტო არ გავიდეს, სამსახურში არ წავიდეს და შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის განაჩენით გ. ჯ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლელა ჭეშმარიტაშვილმა და მოითხოვა გ. ჯ–ას მიმართ მკაცრი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – შეფარდება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 21 ივნისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა - ლელა ჭეშმარიტაშვილმა. კასატორი ითხოვს გ. ჯ–ას მიმართ მკაცრი სასჯელის (რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან) განსაზღვრას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ, მხოლოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მოითხოვა მისი გამკაცრება.
8.1. შესაბამისად, დავის საგანი არ არის გ. ჯ–ას მიერ მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული – დანაშაულის ჩადენა და დავის საგანია შეფარდებული სასჯელის კანონიერება.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ გ. ჯ–ას საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულ გ. ჯ–ას, მოწმეების – გ. ა–ს, ე. მ–ს, მ. ბ–ს (ექსპერტი) ჩვენებები, სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დასტურდება გ. ჯ–ას მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა.
10. რაც შეეხება მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ კასატორის მოთხოვნას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს: ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
11.1. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულს განუსაზღვრა ალტერნატიული სასჯელებიდან ერთ-ერთი, კერძოდ – ჯარიმა.
12. მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – ჯარიმის – განსაზღვრა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში, მით უფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
13. „პირის თავისუფლების შეზღუდვა წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევასა და ვითარებაში, მაშინ, როდესაც აღნიშნული ღონისძიება არის აბსოლუტურად აუცილებელი და ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არ არსებობს სხვა ალტერნატივა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება N 3/5/1341,1660 „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციუობის თაობაზე“, II-33).
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017).
15. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 21 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლელა ჭეშმარიტაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე