Facebook Twitter

საქმე # 010100122006647003

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1053აპ-24 ქ. თბილისი

თ. ი. 1053აპ-24 24 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. თ–ს, – პირადი ნომერი ........., – ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. თ–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2022 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. ბ–ში, .........ის ქუჩის N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი. თ–მა იძალადა თავისი ოჯახის წევრის – მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის – რ. დ–ის მიმართ, კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში და მოჰქაჩა თმაზე, რის შედეგადაც, რ. დ–ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2022 წლის 22 ნოემბერს, დაახლოებით 06:00 საათზე, ქ. ბ–ში, ...ის ქუჩის N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი. თ–მა იძალადა თავისი ოჯახის წევრის – მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის – რ. დ–ის მიმართ, კერძოდ, მუშტი დაარტყა წელის არეში, მუშტი დაარტყა სახის არეში და ყელში მოუჭირა ხელები, რის შედეგადაც, რ. დ–ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 თებერვლის განაჩენით ი. თ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში.

3.1. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ი. თ–ის განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა –ნიკა მენთეთაშვილმა, რომელმაც მოითხოვა ი. თ–ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის დანიშვნა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ნიკა მენთეშაშვილმა, რომელიც ითხოვს ი. თ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენისათვის და – მისთვის მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის დანიშვნას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს გამართლებული ი. თ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული – დანაშაულების ჩადენისათვის.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს ი. თ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლება. იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა – რ. დ–ემ (გამართლებულის მეუღლე) სასამართლოში საქმის განხილვისას ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) – ი. თ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

10. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები: პოლიციის თანამშრომლების – მ. ც–ის, ბ. ვ–სა და ლ. ა–ს (ისინი ინციდენტის – ი. თ–ის მიერ რ. დ–ის მიმართ – ძალადობის შემსწრენი არ არიან, აღნიშნულის შესახებ გაიგეს დაზარალებულისაგან) ჩვენებები, შეტყობინება (რ. დ–ემ განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (ტ. N1 ს.ფ. 2)), 2022 წლის 22 ნოემბრით დათარიღებული №......... შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი (ორდერი გაიცა მოძალადე ი. თ–ის მიმართ, რომელმაც მსხვერპლს – მეუღლეს რ. დ–ეს 2022 წლის 21 და 22 ნოემბერს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (ტ. N1; ს.ფ. 20-25)), ექსპერტიზის 2022 წლის 28 ნოემბრის №........ დასკვნა (2022 წლის 22 ნოემბრის სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისას, რ. დ–ეს აღენიშნებოდა ნაკაწრები და სისხლნაჟღენთი. ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო სისხლნაჟღენთი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს; დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით, ობიექტურად: მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნება მოწითალო ხაზოვანი ფორმის ნაჭდევ-ნაკაწრი, ასეთივე ხასიათის ნაკაწრები აღენიშნება: მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე, მარცხენა მუხლის სახსრის შიგნითა ზედაპირზე, ასეთივე ხასიათის მომრგვალო ნაჭდევი აღენიშნება მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე, მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე აღენიშნება უსწორო ფორმის მოწითალო-მოიისფრო სისხლნაჟღენთი), – სრულად ადასტურებენ ი. თ–ის მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენას, ვინაიდან:

11.1. მითითებული მოწმეების – გამომძიებლების – ჩვენებები არის ირიბი, რადგან ისინი ძალადობის არცერთ ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უშუალოდ არ შესწრებიან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან. საკასაციო სასამართლო კი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

11.2. შეტყობინებისა და შემაკავებელი ორდერების პირველწყარო არის მხოლოდ ერთი პირი – დაზარალებული, რომლის დაკითხვის და შესაბამისად – მტკიცებულებაში ასახული ინფორმაციის სარწმუნოობისა და ინფორმაციის მიმწოდებლის სანდოობის გამოკვლევის შესაძლებლობა არსებითი განხილვის ფარგლებში დაცვის მხარეს არ მიეცა (დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით).

11.3. საკასაციო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით, ითვალისწინებს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალდება გამართლებულ ი. თ–ს ედავება: 2022 წლის 21 ნოემბერს რ. დ–ისათვის გაშლილი ხელის სახის არეში დარტყმას და თმის მოქაჩვას, ხოლო 2022 წლის 22 ნოემბერს წელისა და სახის არეში მუშტის დაარტყმასა და ყელში ხელების მოჭერას, რაც არ არის შესაბამისობაში სამედიცინო ექსპერტის მიერ დადგენილი დაზიანებების ლოკაციებთან (მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირი, მარჯვენა წვივის წინა ზედაპირი, მარცხენა მუხლის სახსრის შიგნითა ზედაპირი, მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირი, მარჯვენა წვივის წინა ზედაპირი); იმავდროულად, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით ობიექტურად განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

12. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) – ი. თ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; სხდომაზე დაკითხული მოწმეები უშუალოდ არ შესწრებიან ძალადობის რომელიმე ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასევე, წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები და წერილობით მტკიცებულებები, რომლებიც უთითებენ გამართლებულის მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულებზე, ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას – საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

13. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება ი. თ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

14. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

15. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გადადგან ყველა გონივრული ნაბიჯი, რათა უზრუნველყონ ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებები...ოჯახში ძალადობის საქმეების განხილვა საჭიროებს განსაკუთრებულ გულისხმიერებას და ეროვნული სამართალწარმოების დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ოჯახში ძალადობის სპეციფიკური ბუნება“ (Volodina v. Russia, ECtHR, no. 41261/17, §92, ECtHR, 09/07/2019); ,,ოჯახში ძალადობის ინციდენტის საპასუხოდ მტკიცებულებების შეგროვებაში ხარვეზებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალურად განხორციელებული ძალადობის ხარისხის არასათანადოდ შეფასება. აგრეთვე ამან შეიძლება მავნე ზეგავლენა იქონიოს სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყების პერსპექტივაზე და მომავალში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს გული აუცრუოს ხელისუფლებისთვის მოძალადე ოჯახის წევრების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებაზე, რომლებიც ხშირად საზოგადოების მხრიდან ისედაც წნეხის ქვეშ არიან” (Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, §54, ECtHR, 8/07/2021).

16. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე