საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№1062აპ-24 თბილისი
დ-ი ა., 1062აპ-24 17 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. დ-ს ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი და მე-4 ნაწილებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2022 წლის 24 სექტემბერს თ-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. დ-მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,0472 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი, უფერო, გამჭვირვალე, თავმილღობილ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება 200 ლარად უკანონოდ გაასაღა ლ. ჩ-ეზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
· 2022 წლის 27 სექტემბერს თ-ში, ს-ის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. დ-მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,0988 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი, უფერო, გამჭვირვალე, თავმილღობილ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, ნოტიო, მოყავისფრო ნივთიერება 210 ლარად უკანონოდ გაასაღა ლ. ჩ-ეზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს იქნა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განაჩენით ა. დ-ი -- ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი და მე-4 ნაწილებით (2022 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში; ა. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) – 3 წლით, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა. დ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 27 ოქტომბრიდან; მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
3. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ა. დ-მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2022 წლის 27 სექტემბერს თ-ში, ს-ის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. დ-მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,0988 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი, უფერო, გამჭვირვალე, თავმილღობილ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, ნოტიო, მოყავისფრო ნივთიერება 210 ლარად უკანონოდ გაასაღა ლ. ჩ-ეზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს იქნა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. ბრალდების მხარემ ითხოვა გამამართლებელ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განაჩენის გაუქმება და ა. დ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი და მე-4 ნაწილებით (2022 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი) გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო დაცვის მხარემ – ა. დ-ის უდანაშაულოდ ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. კასატორი – მსჯავრდებულ ა. დ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. გ-ი – საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას, ა. დ-ის უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების გასაღება) და სასჯელის განსაზღვრას ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის გასაჩივრებულ განაჩენს ა. დ-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, არამედ ითხოვს მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, ჩაიდინა თუ არა ა. დ-მა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული.
3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. დ-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად დასტურდება ა. დ-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენა, კერძოდ:
4. მოწმე ლ. ჩ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ ა. დ-ისგან ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებებს და იცნობს მას, აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე. დაახლოებით, სექტემბრის ბოლოს გააცნობიერა, რომ მასა და ბრალდებულს შორის არსებული სიტუაცია უნდა შეცვლილიყო, რის შემდეგაც განცხადებით მიმართა შესაბამის ორგანოებს იმის თაობაზე, რომ ა. დ-ი ყიდდა ნარკოტიკულ საშუალებას და მზაობას გამოთქვამდა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშომლობაზე. პოლიციაში გადაცემული ფულადი თანხით ა. დ-ისგან შეიძინა ნარკოტიკი, რომელიც შემდგომ პოლიციის თანამშრომელს გადასცა; ნარკოტიკი დალუქეს მის თვალწინ და შეადგინეს შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურა ხელმოწერით. იმავე დღეებში საგამოძიებო ორგანოში კვლავ მისცეს ნარკოტიკული საშუალების შესაძენი ფულადი თანხა და ამჯერად, უკვე ფარული ვიდეოგადაღების გამოყენებით, მან ა. დ-ს ჩაურიცხა გადაცემული თანხა, სანაცვლოდ კი მიუტანა ნარკოტიკული საშუალება, რაც შემდგომ გადასცა პოლიციას და მათ დალუქეს, ხელი შესაბამის ოქმზეც მოაწერა. პირველი საკონტროლო შესყიდვის დროს ის ბრალდებულს შეხვდა მის საცხოვრებელ სახლთან, ხოლო მიღებული ნარკოტიკი პოლიციელს გადასცა ო----–ი. მეორე შემთხვევაში, დანიშნულ ადგილზე პოლიციის მუშაკთან ერთად (რომელიც შენიღბული იყო, როგორც ტაქსისტი) მივიდა. ავტომანქანაში ნარკოტიკის გადაცემის შემდეგ ა. დ-ი მას სთხოვდა, მისთვის მიეცა მცირედი ოდენობით ნარკოტიკი. მოთხოვნა საფუძველს იყო მოკლებული, ვინაიდან აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებაში არ იყო ა. დ-ის წილი. ა. დ-ს მისთვის როცა უნდა მიეტანა, პირობითად, 1.0 გრამი ნარკოტიკული საშუალება, მიჰქონდა 0.8 გრამი და 0.2 გრამს თავისთვის იტოვებდა ხოლმე. ნარკოტიკული საშუალების შესაძენი თანხა მისი (ლ. ჩ-ის) იყო ხოლმე, მაგრამ მცირე რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების ა. დ-ისთვის დატოვებაზე პრეტენზია არ ჰქონდა, ვინაიდან, სხვა შემთხვევაში, საერთოდ ვერ იყიდდა ნარკოტიკს. თანხას ხან ხელიდან ხელში გადასცემდა ბრალდებულს, ხან ტოტალიზატორ --- ანგარიშზე ურიცხავდა.
5. მოწმე გ. ქ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. 2022 წლის 24 სექტემბერს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს განცხადებით მიმართა მოქალაქე ლ. ჩ-ემ. განცხადების თანახმად, მისი ნაცნობი, ა. დ-ი, იყო ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი და ლ. ჩ-ეს სურვილი ჰქონდა, ეთანამშრომლა პოლიციასთან. განცხადების მიღების შემდეგ მან დაიწყო გამოძიება: იმავე დღეს მოწმის სახით გამოკითხა ლ. ჩ-ე, რომელმაც დაადასტურა განცხადებაში მითითებული გარემოებები და მზაობა გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ. ლ. ჩ-ემ ასევე გამოთქვა სურვილი, რომ მონაწილეობა მიეღო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში, თუმცა განმარტა, რომ პირველი საკონტროლი შესყიდვისას შესაძლებელი იყო, ა. დ-ს იგი შეემოწმებინა, რის გამოც, პირველ შეხვედრაზე წავიდოდა ფარული ჩამწერი მოწყობილობის გარეშე, ხოლო უკვე მეორე საკონტროლო შესყიდვისას – წავიდოდა ფარული აუდიო-ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით. 2022 წლის 24 სექტემბერს, ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით, ლ. ჩ-ეს გადასცა 200 ლარი. ლ. ჩ-ე შეხვდა ა. დ-ს, რომლისგანაც, ამ თანხის სანაცვლოდ, შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. ლ. ჩ-ისგან თვითონ ამოიღო აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც დალუქა ადგილზე შესაბამისი წესით და შეადგინა ამოღების ოქმი, რაც დადასტურდა ხელმოწერებით. 2022 წლის 27 სექტემბერს ლ. ჩ-ეს გადასცა 210 ლარი, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი. ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფარული აუდიო-ვიდეოჩამწერი მოწყობილობით აღჭურვეს ლ. ჩ-ე, რომელმაც ს-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ა. დ-ისგან განახორციელა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ საკონტროლო შესყიდვა, რაც დაფიქსირდა ფარულ აუდიო-ვიდეო ჩამწერ მოწყობილობაში. აღნიშნულის შემდეგ, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ლ. ჩ-ისგან ამოიღო ა. დ-ისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი, ხოლო ამოღებული ნარკოტიკული საშუალება დაილუქა, ყოველივე კი დადასტურდა ხელმოწერებით. მოწმემ ასევე დაადასტურა მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
6. მოწმე დ----- მ------მა სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში დეტექტივის პოზიციაზე. 2022 წლის 24 სექტემბერს, პროკურორის მითითებით, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური სახსრების ფონდიდან გამოიტანა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვისთვის საჭირო ფულადი თანხა – 410 ლარი, რაც იმავე დღეს წარუდგინა გამომძიებელს. ყოველივე დააფიქსირა შესაბამის ოქმში და დაადასტურა ხელმოწერით; დაკავების შემდეგ ბრალდებული ა. დ-ი გადაიყვანა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე.
7. 2022 წლის 24 სექტემბრის თანხის წარმოდგენისა და დათვალიერების შესახებ ოქმის
თანახმად, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს დეტექტივმა დ----- მ------მა გამომძიებელს წარუდგინა იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი თანხა – 410 ლარი.
8. 2022 წლის 24 სექტემბრის ფულადი თანხის გადაცემის და დათვალიერების შესახებ
ოქმის თანახმად, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამომძიებელმა გ------- ქ---–-–---–მა, ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით, ლ. ჩ-ეს გადასცა ფულადი თანხა – 200 ლარი.
9. 2022 წლის 24 სექტემბრის ამოღების ოქმით დგინდება, რომ თ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამომძიებელმა გ------- ქ---–-–---–მა ლ. ჩ-ისგან ამოიღო ერთი ცალი პოლიეთილენის თავმომწვარი წონაკი მასში არსებული ნივთიერებით. 2022 წლის 25 სექტემბრის ქიმიური ექსპერტიზის №2--------------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი უფერო, გამჭვირვალე, თავმილღობილ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება, წონით – 0,1125 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ რაოდენობაა 0,0472 გრამი.
10. 2022 წლის 27 სექტემბრის ფულადი თანხის გადაცემის და დათვალიერების შესახებ ოქმის მიხედვით, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამომძიებელმა გ------- ქ---–-–---–მა, ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით, ლ. ჩ-ეს გადასცა ფულადი თანხა – 210 ლარი.
11. მოწმე დ----- ბ-----–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივის პოზიციაზე. 2022 წლის 27 სექტემბერს, სამსახურში ჩატარებული თათბირის შემდეგ, დაახლოებით, შუადღის საათებში, ისარგებლა სპეციალურად აღჭურვილი სამსახურებრივი ავტომანქანით და ლ. ჩ-ესთან ერთად წავიდა ა--–-----–ი. ს--------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ პიროვნებას, რომელიც ჩაუჯდათ მანქანაში და რომელმაც ლ. ჩ-ეს მიაწოდა ნარკოტიკული საშუალება; შემდეგ ის პიროვნება, მისივე თხოვნით, დატოვეს სამების ეკლესიის ზედა მხარეს, ე.წ. „--–-----------“. ამის შემდეგ წამოვიდნენ და ო--------–-–ი, ჰ---ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ჩ-ე შეხვდა გამომძიებელს, რომელსაც გადასცა ის ნივთიერება, რომელიც მას პიროვნებამ ავტომანქანაში მიაწოდა. გამომძიებელმა შეადგინა შესაბამისი ოქმი და დალუქა გადაცემული ნივთიერება. მოწმის განმარტებით, ის აკონტროლებდა ლ. ჩ-ეს, რომელსაც ხელში ეჭირა პიროვნების მიერ მანქანაში გადაცემული ნივთიერება, ასევე აკონტროლებდა ლ. ჩ-ეს მანქანიდან გადასვლისა და გამომძიებლისთვის აღნიშნული ნივთიერების გადაცემის დროს. იგი შეესწრო როგორც ნარკოტიკული საშუალების გადაცემის, ისე – ლ. ჩ-ის მიერ თანხის ჩარიცხვის პროცესს. მოწმემ ასევე მიუთითა ბრალდებულზე და განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნება ჩაუჯდათ მანქანაში, უკანა სავარძელზე, ის და ლ----ი ხან რუსულად საუბრობდნენ, ხან – ქართულად. ლ. ჩ-ე იყო სუსტი აღნაგობის, გამხდარი, საშუალო სიმაღლის, მასზე დაბალი.
12. 2022 წლის 27 სექტემბრის ამოღების ოქმით დგინდება, რომ თ-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამომძიებელმა გ. ქ-მა ლ. ჩ-ისგან ამოიღო ერთი ცალი პოლიეთილენის თავმომწვარი წონაკი მასში არსებული ნივთიერებით და სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქვითარი. ქვითარზე მითითებულია თანხის, 210 ლარის, შეტანის თარიღი და დრო: 27/09/2022, 13:18:30. აბონენტის ნომერი – 695711. ოპერატორი: ლ----------ი, ბალანსის შევსება.
13. 2022 წლის 29 სექტემბრის ქიმიური ექსპერტიზის №-- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი უფერო, გამჭვირვალე, თავმილღობილ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული ნოტიო, მოყავისფრო ნივთიერება, წონით – 0,3021 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ რაოდენობაა 0,0988 გრამი.
14. ზემოაღნიშნული ქიმიური ექსპერტიზის №- და №-- დასკვნების სისწორე სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ნ----- წ-მა, დ. ლ-მა და ს------- ც-------ამ, რომლებმაც დამატებით განმარტეს, რომ საკვლევი ობიექტები ორივე ჯერზე მათთან დალუქულ მდგომარეობაში წარადგინეს და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.
15. მოწმის სახით დაკითხულმა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებმა – ა-–---------- გ-----–---–მა და ბ--- წ--–----–-----მა –დაადასტურეს 2022 წლის 27 ოქტომბერს, გამომძიებელ გ------- ქ---–-–---–თან ერთად, თარჯიმნის მონაწილეობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ა. დ-ის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმების სისწორე და კანონთან შესაბამისობა. მათვე დამატებით განმარტეს, რომ საგამოძიებო მოქმედება და დაკავება მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, პირადი ჩრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოუღიათ და მონაწილე პირებმა ოქმების სისწორე დაადასტურეს ხელმოწერებით.
16. ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის 2022 წლის 27 ოქტომბრის №7------ დასკვნით დგინდება, რომ ნარკოლოგიური გამოკვლევისას ა. დ-ი კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ, ხოლო ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება – მეტადონის და ოპიუმის ჯგუფის – შემცველობა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა (ექიმ-ნარკოლოგმა) ნ----- ბ------–---–მა და განმარტა, რომ პირს ნარკოტიკული საშუალება, დაახლოებით, 3-4 საათის მოხმარებული უნდა ჰქონდეს, კლინიკური ზემოქმედება რომ დაუდგინდეს.
17. მოწმე ბაქარ ჯალაღონიას ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტის პოზიციაზე. 2022 წლის 28 ოქტომბერს მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულ ა. დ-ისაგან აიღო ნერწყვის ნიმუში ორ ცალ სტერილურ ჩხირზე, რომლებიც შემდგომ დაილუქა სპეციალურ პაკეტში და დაესვა ხელმოწერები; გამომძიებელმა შეადგინა ნიმუშის აღების ოქმი, რომელსაც ესწრებოდნენ თარჯიმანი და ბრალდებულის ადვოკატი. მონაწილე პირები გაეცნენ ოქმს და დაადასტურეს ხელმოწერებით, შენიშვნა ან პრეტენზია არავის არ გამოუთქვამს.
18. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, 2022 წლის 27 სექტემბერს თ---–--–------------–--------------ის მიმდებარედ არსებული ჩასარიცხი აპარატის საშუალებით ლ. ჩ-ის მიერ ა. დ-ისთვის ფულის ჩარიცხვის დროს მობილური ტელეფონით შემდგარი საუბრისა და თ---–--–--------------ის, ს-------–---------------–----------ზე მოძრავ ავტომანქანაში, ერთი მხრივ, ლ. ჩ-ისა და თანმხლები პირის, ხოლო მეორე მხრივ, ა. დ-ის შეხვედრისა და საუბრის ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერითა და მისი გაშიფრული ტექსტებით (კრებსებით) დგინდება შემდეგი: ვიდეოჩანაწერში კადრში ჩანს მამაკაცი, რომელიც დგას ჩასარიცხ აპარატთან და ესაუბრება ტელეფონზე მამაკაცს: ,,მ1“– /რუსულ-ქართული/ მ1 – ,,01...“. მ – ,,ჰო. მერე?“. მ1 – ,,01...“. მ – ,,ორჯერ?“. მ1 – ,,01...“. მ – ,,თავიდან მითხარი“. მ1 –,,უყურე-0----------“. მ - ,,/იმეორებს ციფრებს/ მოიცა, არ გამითიშო. 060... სმს კოდის მიღება. კარგი, ეხლა კოდი მითხარი“. მ1 – „8---“. მ -,,8---, ხომ?“. მ1 – ,,კი, 8---“. მ –,,ეხლა მითხარი ანგარიშის ნომერი“. მ1 – ,,69...“. მ – ,,ქართულად მითხარი რა“. მ1 –,,------. 96 უნდა დაიწეროს“. მ – ,,აბონენტის ნომერი, აბონენტის ინფორმაცია. ჰო, ნუ ეგაა“. მ1 – ,,არტიომ, 96 ხომ?“. მ – ,,ჰო, ნუ. 210-ს გირიცხავ. გაიგე?“. მ1 – ,,რამდენს?“. მ –,,210-ს გირიცხავ“. მ1 – ,,მორჩა. ყოჩაღ, ძმაო“. მ – ,,------ ხომ?“. მ1 – ,,69...“. მ – ,,------“. მ1 – ,,კი, კი“. მ1 – ,,------“. მ – ,,მორჩა“.
ვიდეოჩანაწერში კადრში ჩანს: მამაკაცი ჯდება ავტომანქანაში, სადაც ზის ორი მამაკაცი. /„მ“ საუბრობს გაუმართავი ქართულით და გაუმართავი რუსულით/ მ –„წავედით პირდაპირ“. მ1 – „დ------ ჩემი ძმა არის, ჩემი უბნელია“. მ – „... გაქვს?“. მ1 – „არა, არა, არანაირი“. მ – „/აძლევს „მ1“-ს ერთ ცალ თეთრი ფერის, მომცრო ზომის ნივთს, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას/. მ1 – „თუ რამე და ბოლოჯერ ეგრე გავაკეთოთ“. მ – „რა ბოლოჯერ, ბიჭო, მე დამიტოვე და შენ წადი. რა ტვინს მიბურღავ?“.
მ2 – „ეხლა საით?“. მ1 – „დავბრუნდები“. მ – „მომე და მე ამოვიღებ. რა ვეღარ გაიგე?“. მ2 – „საით?“. მ1 – „მარჯვნივ“. მ – „არა, რა დავბრუნდები, ბიჭო, ეგრე? მე შენ უთხარი..“. მ1 – „მე გითხარი, მოდი, წავიდეთ და მე დავბრუნდები-მეთქი. 15 წუთში დავბრუნდები“. მ – „არ მინდა ძმაო, არ წამოხვიდე. ეხლა აქ მარცხნივ“. მ1 – „არ გინდა ეგრე“. მ – „მარცხნივ, არ მინდა, რა“. მ2 – „მარცხნივ ხომ?“. მ1 – „გითხარი, აიღე, ვერ ვასწრებ“. მ – „მერე, გზაში მივდივართ, რა უნდა ასწრებ? კიდევ 5 წუთი უნდა იარო„. მ1 – „მელოდება“. მ – „ჰო, მერე ელოდება, მივდივართ. მომეცი, გავხსნი“. მ2 – „აქ საით, მარჯვნივ თუ მარცხნივ?“. მ – „აქ მარცხნივ“. მ1 – „დავბრუნდები. ეჭვი გეპარება?“. მ – „ ეჭვი არ მეპარება“. მ1 – „მე გითხარი, შენთვის აიღე“. მ – „მერე ვიღებ და უშენოდ როგორ გავხსნა?“. მ1 – „მე ხომ გითხარი?!“. მ – „რა მნიშვნელობა აქვს? მომეცი და ეხლა გავხსნი“. მ1 – „ეხლა აღარ შემიძლია“. მ – „როგორ თუ აღარ შეგიძლია?“. მ1 – „დავბრუნდები“. მ – „არა, ამიხსენი, როგორ არ შეგიძლია?“. მ1 – „არ შემიძლია“. მ – „ამიხსენი რა!“. მ2 – „აქეთ ხომ?“. მ1 – „ჰო, ასე ავიდეთ?“. მ – „აი, აქ უნდა გააჩერო“. მ1 – „მიდი. დაგირეკავ. ისინი მეტროსთან მელოდებიან“. /„მ“ გადადის ავტომობილიდან/ მ1 – „მიდი, „კაროჩე“, ნუ ნერვიულობ. რა იყო, როდის არ მოვსულვარ, ძმაო? კაი რა?! წადი, შენი ყ... რა უნდოდა ამას?“.
19. ფონოსკოპიური ექსპერტიზის 2022 წლის 06 დეკემბრის №3----- დასკვნით დადგენილია, რომ, ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად, გამოსაკვლევად წარდგენილ ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ----- გრატიაშვილმა.
20. ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის 2022 წლის 13 დეკემბრის №----------- დასკვნით დადგენილია, რომ:
1. ს.ს. №------------ საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზაზე წარდგენილ №1 და №2
დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებს არ აღენიშნებათ რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები;
2. ექსპერტიზაზე წარდგენილ №2 დისკზე არსებულ საქაღალდეში, სახელწოდებით – „2“ – ჩაწერილი ვიდეოგრამიდან, სახელწოდებით – „1“ – ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული, გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების გამოსახულება პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია;
3. ექსპერტიზაზე წარდგენილ №2 დისკზე არსებულ საქაღალდეში, სახელწოდებით – „2“ – ჩაწერილი ვიდოგრამიდან, სახელწოდებით – „1“ – ამოღებულ ფოტოსურათებზე და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ, -- წელს დაბადებულ ა------ი ი--------- დ--------ის (პ/ნ 0----------) ფოტოსურათებზე დაფიქსირებულია ერთი და იმავე პიროვნების იერ-სახის გამოსახულება.
21. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ---- ბ-----–---–მა და დამატებით განმარტა, რომ, თუ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული ფოტოსურათი იქნებოდა დიდი ხნის წინ გადაღებული და არ იქნებოდა შესადარებლად ვარგისი, აღნიშნული ფაქტი დასკვნაში აისახებოდა, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია.
22. სასამართლო დაკითხვისა და საბოლოო სიტყვით გამოსვლისას ბრალდებულმა ა. დ-მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ: 2022 წლის 27 სექტემბერს ლ. ჩ-ემ დაურეკა დილის 10:00 საათზე და უთხრა, რომ თვითონ ლ--–--–ი მიდიოდა საქმეზე, ფულს ჩარიცხავდა და ა--–-----–ი, სალონის წინ მდგარი ჩასარიცხი აპარატის უკან იქნებოდა „მალბოროს“ შავ კოლოფში მოთავსებული „წამალი“, აეღო და, გაჩერებასთან როცა მივიდოდა, მისთვის მიეცა, რადგან, საცობის გამო, თვითონ ვერ მოასწრებდა მისვლას, თან შეჰპირდა, რომ აღებული „წამლიდან“ ცოტა ნარკოტიკს მასაც მისცემდა. ლ. ჩ-ე მანქანით მივიდა დათქმულ ადგილზე, ჩაუჯდა მანქანაში და მიაწოდა აღებული ნარკოტიკული საშუალება, ლ----მა უთხრა, რომ აეღო ცოტა, რაზეც უპასუხა, რომ წამალი ლ----ის იყო, ამიტომ არ ჰქონდა უფლება, თავისი ინიციატივით აეღო და, როგორც შეჰპირდა, თვითონ მიეცა თავისი წილი. ლ----მა უთხრა, რომ 15 წუთში დაბრუნდებოდა და დალოდებოდა. ლ. ჩ-ე, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში სარგებლობდა მისი კუთვნილი „ლ------------ის“ ბარათით, რომელიც ათხოვა, ვინაიდან, როგორც ლ. ჩ-ემ უთხრა, თავისი ანგარიშები დაბლოკილი ჰქონდა და თამაშისთვის სჭირდებოდა. ლ----ს მისცა ბარათიც და თავისი პირადი ნომერიც უთხრა, თანხა რომ ჩაერიცხა ხოლმე. ერთ დღეს დაურეკა ლ. ჩ-ემ და აცნობა, რომ ტელეფონის ეკრანი ჰქონდა გატეხილი, მისი პირადი ნომერი არ ახსოვდა და ეკარნახა, რაც შეუსრულა. ბრალდებულის ჩვენებით, არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, თავის დანებება უნდოდა და, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმებმა ურჩიეს სხვა პრეპარატზე გადასვლა. ლ. ჩ-ისგან „წამალს“ როდესაც ყიდულობდა ხოლმე, ლ----ი მას საჩუქრად უმატებდა კიდევ ცოტას. ერთ დღესაც ლ----მა უთხრა, რომ ის „საჩუქრები“ უფასო არ იყო და მისი ვალი ჰქონდა 1 000 ლარი. ბრალდებულის განმარტებით, სასამართლოზე დაკითხვისას მოწმე, რომელმაც განაცხადა, რომ მძღოლი იყო, რეალურად მანქანაში არ ყოფილა, იმ დღეს ლ----თან ერთად მანქანაში საჭესთან სხვა, შავგვრემანი პირი იჯდა, რომელსაც შავი თმა და უფრო მკვრივი აღნაგობა ჰქონდა.
23. ბრალდებულმა ასევე აჩვენა, რომ 2022 წლის 24 სექტემბერს და 27 სექტემბერს ლ. ჩ-ის მიერ გადაცემული 200 ლარიდან და 210 ლარიდან, მისი თანხა არ იყო, ეს იყო ლ. ჩ-ის ფული. როდესაც თავისი ბარათი ათხოვა ლ. ჩ-ეს, სმს-ის სახით მისდიოდა შეტყობინებები თანხების ჩარიცხვის შესახებ და თითქმის ყოველდღე 200-300 ლარი ირიცხებოდა მის ანგარიშზე. თავის უბანში ყველა იცნობს ლ. ჩ-ეს, რადგან მისგან ყიდულობდნენ „წამალს“. ლ----ს ყოველ სამ დღეში ერთხელ ხვდებოდა და მისგან ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებას. არ ახსოვს, კონკრეტულად, 2022 წლის 24 სექტემბერს შეხვდა თუ არა ლ. ჩ-ეს. წოლითი რეჟიმი ჰქონდა და სახლიდან გარეთ არ გადიოდა, ლ----ი თვითონ ადიოდა ხოლმე მასთან სახლში. ბრალდებული დაეთანხმა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერში ასახულ ფაქტებს._
24. ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. დ-ის 2022 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდში გამართლების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ზემოჩამოთვლილი და, ასევე, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ა. დ-მა ლ. ჩ-ეზე 2022 წლის 27 სექტემბერს უკანონოდ გაასაღა ასევე უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება. მოწმე ლ. ჩ-ემ დაწვრილებით განუმარტა სასამართლოს მსჯავრდებულთან ურთიერთობის, გამოძიებასთან ნებაყოფლობით თანამშრომლობისა და ოპერატიული ღონისძიებების დეტალები. სასამართლოს მოწმე ლ. ჩ-ის, ისევე, როგორც ბრალდების სხვა მოწმეების, ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია. ამასთან, საქმეში არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც სასამართლოს მოწმეთა მიკერძოებასა და დაინტერესებაში დაარწმუნებდა.
25. გარდა ლ. ჩ------ის ჩვენებისა, წარმოდგენილია კიდევ არაერთი მტკიცებულება ა. დ-ის ბრალეულობის დასადასტურებლად, კერძოდ: მოწმეების – გ------- ქ---–-–---–ის, დ----- ბ-----–---–ისა და სხვათა ჩვენებები, ქიმიური, ჰაბიტოსკოპიური, ფონოსკოპიური, ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზების დასკვნები, ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერები და მათი გაშიფრული ტექსტები, აგრეთვე საქმეში არსებული სხვა მასალები (რომლებიც სრულად შეესაბამება ერთმანეთს), რომლებითაც ცალსახადაა დადგენილი, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს ლ. ჩ-ეს სწორედ ა. დ-მა გადასცა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადვოკატ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ ა. დ-ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედებების – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი და მე-4 ნაწილებით (2022 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების – ჩადენას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს, მისი პიროვნების, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმის ადევატური და პროპორციული სასჯელების ისეთი სახე და ზომა განუსაზღვრა, რომელიც მუხლის შესაბამისი ნაწილების სანქციების ფარგლებშია, აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
27. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონს, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული, მათ შორის, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა). ასევე, ითვალისწინებს ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, კანონის, მათ შორის, პირველი მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე. იმის გათვალისწინებით, რომ ა. დ-მა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა – 2022 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) მითითებულ პერიოდამდე ჩაიდინა, მის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება და უნდა გათავისუფლდეს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულ სასჯელს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ა. დ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად. ამასთან, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის დანაწესი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ა. დ-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
4. ა. დ-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
5. ა. დ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე;
6. ა. დ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
7. მსჯავრდებულ ა. დ-ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლით – საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 (ოცი) წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;
8. მსჯავრდებულ ა. დ-ს სასჯელი აეთვალოს დაკავების დღიდან – 2022 წლის 27 ოქტომბრიდან;
9. ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად:
24.09.2022 წ. და 27.09.2022 წელს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ინახება შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შესაბამის საცავში, ხოლო ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთი მასალები, ასევე, ა. დ-ის ნერწყვის ნიმუში, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად;
ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერი 2 დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
10. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე