Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№1075აპ-24 24 თებერვალი, 2025 წელი

ა-ი გ., 1075აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 მაისის განაჩენით გ. ა-ი, - დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – ქურდობისათვის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

· 2023 წლის 18 მაისიდან 27 მაისამდე დროის პერიოდში (ზუსტი დრო დაუდგენელია) თ-----ში მდებარე გ. ნ-ის ბინაში, კარის საკეტის მორგებული გასაღებით გახსნით, უკანონოდ შეაღწია გ. ა-მა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ბინის მესაკუთრე გ. ნ-ის ოჯახის კუთვნილ ნივთებს: ფულს სხვადასხვა ვალუტაში, ძვირფას საყურეებს, ბეჭდებს, სამაჯურებს, საათებს, კულონს, ჯვარს, პერანგის სამაგრებს და საწერ კალმებს. აღნიშნული ქმედებით გ. ნ-ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

3. აღნიშნული ქმედებისათვის გ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 7 ივლისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა მოცემული განაჩენით დანიშნული სასჯელი და გ. ა-ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2024 წლის 22 მაისიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი – 2019 წლის 7 ოქტომბრიდან 2020 წლის 4 ივლისის ჩათვლით, 2023 წლის 9 ივნისიდან 2024 წლის 21 მაისის ჩათვლით, ასევე – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, №8 პენიტენციური დაწესებულების ცნობით განსაზღვრული 75 დღე.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ გ. ა-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. კასატორი – პროკურორი გიორგი ნადირაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანასა და გ. ა-ისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ მხარეებსაც არ გაუხდიათ სადავოდ და სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2023 წლის 18 მაისიდან 27 მაისამდე დროის პერიოდში (ზუსტი დრო დაუდგენელია) გ. ა-მა უკანონოდ შეაღწია გ. ნ-ის ბინაში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ფულსა და სხვადასხვა ნივთებს, რითიც დაზარალებულს მიაყენა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

3. სასამართლო მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე. ეს კი, თავისთავად, გულისხმობს იმ გარემოებას, რომ, როგორც დაცვის, ასევე – ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება – ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება – სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.

4. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ცალ-ცალკე და ერთობლივად, შეაფასა მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც იხელმძღვანელა კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ სარწმუნოდ დადგენილად მიიჩნია გ. ა-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა, რაც ცალსახად დადასტურებულია ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ბინის ჩხრეკის ოქმითა და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთის ამოცნობის ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნის უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

6. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის შეფარდებულ სასჯელს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

7. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ „აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მცდარი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება №1/6/770 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

8. სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობა ვლინდება სამართლიანი სასჯელის დაკისრებაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელი მსჯავრდებულისათვის ჩადენილი დანაშაულის გაანალიზების ეფექტურ ბერკეტს უნდა წარმოადგენდეს, ამასთან, უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი. მოსამართლე როგორც კონკრეტული სასჯელის სახის, ისე – მისი ზომის შერჩევისას ხელმძღვანელობს იმპერატიულად გაწერილი სამართლებრივი ნორმებითა და განსახილველი საქმის ინდივიდუალური ფაქტობრივი გარემოებებით. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში.... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ფარგლებშიც უნდა შეეფარდოს სასჯელი გ. ა-ს, ისჯება ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს, რადგან, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, მოტივისა და მიზნის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის, ვითარებისა და მსჯავრდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, ასევე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებზე (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობით ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლობის არმქონე, არ გააჩნია დამამძიმებელი გარემოებები) დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ გ. ა-ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული კანონიერი და სამართლიანი, ჩადენილი ქმედების ადეკვატური და პროპორციული სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება სასჯელის მიზნებს – სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

11. კასატორი საკასაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებს, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი მსჯავრდებულს არ აუნაზღაურებია. აღნიშნულთან დაკავშიოებით საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების მიმართულებით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება, შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხ. სუსგ: №449აპ-22, №388აპ-22, №1177აპ-23, №1419აპ-23). ამასთან, დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (სუსგ: №51აპ-19, №389აპ-21, N432აპ-22).

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი-მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა. 13. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

14. გ. ა-ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელი განსაზღვრული აქვს დანაშაულთა იდეალური ერთობლიობის წესით. ამასთან, მითითებული დანაშაულის ჩადენის დროს იგი იყო ნასამართლობის არმქონე.

15. სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

16. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია, მასზე მითითებას არ შეიცავს ამავე კანონის მე-7 მუხლიც.

17. შესაბამისად, ვინაიდან გ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელი განსაზღვრული აქვს დანაშაულთა იდეალური ერთობლიობის წესით (მიუხედავად დაზარალებულის პოზიციისა), მის მიმართ დანიშნული სასჯელი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, უნდა შემცირდეს ერთი მეექვსედით და სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, მსჯავრდებულისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელი – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა – უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. გ. ა-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯოს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 07 ივლისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა – 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქას მოცემული განაჩენით დანიშნული სასჯელი და გ. ა-ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. მსჯავრდებულ გ. ა-ს სასჯელი აეთვალოს 2024 წლის 22 მაისიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი – 2019 წლის 7 ოქტომბრიდან 2020 წლის 4 ივლისის ჩათვლით, 2023 წლის 9 ივნისიდან 2024 წლის 21 მაისის ჩათვლით, ასევე – საბოლოო სასჯელში ჩაეთვალოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, N8 პენიტენციური დაწესებულების ცნობით განსაზღვრული 75 (სამოცდათხუთმეტი) დღე;

6. ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას;

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე