საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1077აპ-24 თბილისი
შ. ნ., 1077აპ-24 17 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე მახათაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 აპრილის განაჩენით ნ. შ-ე, - ნასამართლობის არმქონე, და მ. ბ-ი, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრათ ჯარიმა: ნ. შ-ეს – 10 000 ლარი, მელანი ბეჟანიშვილს კი – 5 000 ლარი.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. შ-ემ და მ. ბ-მა ჩაიდინეს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· ბ. გ-ეს სურდა თ-ში, -ის ქუჩის №--ში ბინა №-ის შეძენა. ამ მიზნით მას შუამავალმა გააცნო სამშენებლო კომპანია შპს „ლ--“-ის დირექტორი ნ. შ-ე და იმავე სამშენებლო კომპანიის გაყიდვების მენეჯერი მ. ბ-ი, რომლებიც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ ბ. გ-ის კუთვნილ ფულად თანხას – 51 999 ლარს, კერძოდ: ნ. შ-ემ და მ. ბ-მა ბ. გ-ეს მოატყუეს, რომ ასყიდებდნენ შპს „ლ--“-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას და გაუფორმეს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, 2021 წლის 26 ოქტომბერს, 117 285 ლარის სანაცვლოდ, ნ. შ-ემ ბ. გ-ის დედას – ს. ი-ს – 2021 წლის 3 აგვისტოს გაუფორმა ზ. ბ-ას საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, ხოლო მ. ბ-მა ბ. გ-ეს 2021 წლის 26 ოქტომბერს აჩვენა თ-ში, -ის ქუჩის №--ში მდებარე გასაყიდი საცხოვრებელი ბინა №-, რათა დაერწმუნებინა ფართის უნაკლოობაში. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნ. შ-ე და მ. ბ-ი დაეუფლნენ ბ. გ-ის კუთვნილ ფულად თანხას, ჯამურად – 51 999 ლარს, თუმცა მას თ-ში, -ის ქუჩის №--ში მდებარე მისი კუთვნილი ბინა №- საკუთრებაში არ გადასცეს. ბ. გ-ემ მოგვიანებით შეიტყო, რომ ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინა ხელშეკრულების დადებამდე – 2021 წლის 3 აგვისტოს – უკვე გასხვისებული იყო ზ. ბ-ას სახელზე. ნ. შ-ისა და მ. ბ-ის ქმედებების შედეგად ბ. გ-ეს მიადგა დიდი ოდენობით – 51 999 ლარის – ქონებრივი ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თორნიკე მახათაძე ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელების დამძიმების კუთხით, კერძოდ, ნ. შ-ისა და მ. ბ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელების გამკაცრებას.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი, ხოლო იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
9. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლოს უნდა გაითვალისწინოს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი (რომლითაც დაენიშნათ სასჯელები მსჯავრდებულებს) სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
11. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს – მ. ბ-სა და ნ. შ-ეს, მათი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (არ გააჩნიათ) და შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება და მონანიება, ნასამართლობის არქონა, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა და ამით სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულის მხრიდან მათ მიმართ პრეტენზიის არარსებობა, მსჯავრდებულები არიან ცოლ-ქმარი და ჰყავთ სამი არასრულწლოვანი შვილი) გარემოებების გათვალისწინებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით დაწესებული სასჯელის ერთ-ერთი სახე – ჯარიმა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა შერჩეული სასჯელის მიზანშეწონილობაზე.
12. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების – ნ. შ-ისა და მ. ბ-ისათვის – განსაზღვრული სასჯელები სამართლიანია და მათი დამძიმების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, კასატორს მსჯავრდებულთა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელ რაიმე ახალ მტკიცებულებაზე არ მიუთითებია, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა მათთვის დანიშნული სასჯელების გამკაცრების თაობაზე.
13. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლო აქვს მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განზრახი დანაშაულის (მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს უნდა გაუნახევრდეს სასჯელი, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე განაცხადებს თანხმობას, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, თუმცა ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა). ვინაიდან ნ. შ-ესა და მ. ბ-ს სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვთ ჯარიმა, მათზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით დადგენილი შეღავათები.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე მახათაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე