საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1122აპ-24 27 თებერვალი, 2025 წელი
ჯ-ი ე., №1122აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის და ე. ჯ-ის ადვოკატ ა-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით:
1.1. ე. ა. ო-ის - ბრალად ედებოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
1.2. ე. ჯ-ს - ბრალად ედებოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებებით, ე. ა. ო-ის და ე. ჯ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2022 წლის 20 იანვარს გ-ის რაიონის სოფელ ჯ-------აში ე. ა. ო-იმ და ე. ჯ-მა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ლ-ის რაიონს სოფელ კ----––ი კონკრეტული პირისთვის გადასაცემად, თ. დ-ისგან უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით – 456.9998 გრამი, რასაც ასევე ჯგუფურად, უკანონოდ ინახავდნენ 2022 წლის 20 იანვარს, დაახლოებით, 21:55 საათზე, ქალაქ გ---------ში, ს---------ს ქუჩაზე მდებარე რ-------ის ლიანდაგების მიმდებარე ტერიტორიაზე, რ-ის ს-ს შესახვევთან, ე. ჯ-ის მართვის ქვეშ მყოფი „ოპელ ასტრას“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით E--------) გადაადგილების დროს, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, წონით – 421, 8203 გრამს – ინახავდა ე. ა. ო-ი შარვლის წინა მხარეს, ელვაშესაკრავთან და ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკისას, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, წონით – 35,1795 გრამს – ინახავდა ე. ჯ-ი შარვლის წინა, მარცხენა ჯიბეში და ამოუღეს პირადი ჩხრეკისას.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ე. ა. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით – საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, 15 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
3.2. ე. ჯ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ჯ-ს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
4.1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ე. ა. ო-ის და ე. ჯ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
4.2. მსჯავრდებულ ე. ა. ო-ის ადვოკატმა კ. ვ-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება (ე. ა. ო-ის ნაწილში) და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4.3. მსჯავრდებულ ე. ჯ-ის ადვოკატმა ა-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება (ე. ჯ-ის ნაწილში) და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 ივლისის განაჩენით:
5.1. ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, თუმცა შეიცვალა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი, კერძოდ:
5.2. ე. ა. ო-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
5.3. ე. ა. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.4. ე. ა. ო-ის, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით – საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, 15 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
5.5. ე. ჯ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
5.6. ე. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ჯ-ს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.7. ე. ჯ-ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდების მხარემ და ადვოკატ ე. ჯ-ის დამცველმა.
6.1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ე. ა. ო-ისა და ე. ჯ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მათთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
6.2. მსჯავრდებულ ე. ჯ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა---მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება ე. ჯ-ის ნაწილში და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მხარეთა საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოწმე ლ. ნ-ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს გ--------ის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. 2022 წლის 20 იანვარს, დაახლოებით, 20:00-21:00 საათზე, მიიღო ინფორმაცია, რომ პირებს, რომლებიც გადაადგილდებოდნენ გ--------ის რაიონში, ს---------ს ქუჩაზე, ჯ-------ის მიმართულებით, ავტომანქანაში ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. აღნიშნული ინფორმაცია მან პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას.
3. მოწმე პოლიციელების – კ. ბ-ის და ბ. ბ-ის – სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2022 წლის 20 იანვარს გავიდნენ გ-ის რაიონის მიმდებარედ, ჯ-ის მიმართულებით, ს-ს ქუჩაზე და გააჩერეს „ოპელის“ ფირმის ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ ე. ა. ო-ი და ე. ჯ-ი. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა. მოწმეები მონაწილეობდნენ ე. ჯ-ის პირად ჩხრეკაში, რა დროსაც ამ უკანასკნელის შარვლის წინა, მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს წებოვანი ლენტით გადახვეული, ვარდისფერი პოლიეთილენის პარკში არსებული ფხვიერი მასა, მარჯვენა წინა ჯიბიდან კი – 15 თეთრი, შავი ბარათი და გასაღების საკიდი. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
4. პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2022 წლის 20 იანვრის 21:55 საათიდან 22:20 საათამდე დროის შუალედში, ქ. გ-ში, ს---ს ქუჩაზე მდებარე რ-------ის ლიანდაგების მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. ჯ-ის პირადი ჩხრეკისას, მისი შავი ჯინსის შარვლის წინა, მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს გამჭვირვალე, წებოვანი ლენტით შეფუთული, ვარდისფერი პოლიეთილენის პარკში დაპრესილი ფხვიერი მასა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“; ასევე, შავი ჯინსის შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს 15 თეთრი, შავი სავიზიტო ბარათი და ე.წ. „ბრელოკი“. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონით დადგენილი წესით. ე. ჯ-ი დააკავეს პირადი ჩხრეკის შემდეგ.
5. მოწმე პოლიციელების – გ. ბ-ის და ზ---- ზ--------–---–ის – სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2022 წლის 20 იანვარს გავიდნენ გ--------ის რაიონის მიმდებარედ, ს---------ს ქუჩაზე და გააჩერეს „ოპელის“ ფირმის ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ ე. ა. ო-ი და ე. ჯ-ი. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა. მოწმეები მონაწილეობდნენ ე. ა. ო-ის პირად ჩხრეკაში, რა დროსაც ამ უკანასკნელის შარვლის წინა მხრიდან ამოიღეს საქამრის შიგნით, ლენტით გადახვეული პოლიეთილენის პარკში გახვეული ფხვიერი ნივთიერება, რაც დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
6. პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2022 წლის 20 იანვრის 21:55 საათიდან 22:10 საათამდე დროის შუალედში, ქ. გ---------ში, ს---------ს ქუჩაზე მდებარე რ-------ის ლიანდაგების მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. ა. ო-ის პირადი ჩხრეკისას, მისი შარვლის წინა მხარეს, შუა ნაწილში, ელვა შესაკრავთან, საქამრეში, შიდა მხარეს ნახეს გამჭვირვალე, წებოვანი ლენტით შეფუთული, მყარად, პოლიეთილენის პარკში, დაპრესილი ფხვიერი მასა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც ამოიღეს და დალუქეს კანონით დადგენილი წესით. პირადი ჩხრეკის შემდეგ ე. ა. ო-ი დააკავეს.
7. ქიმიური ექსპერტიზის N------ დასკვნით:
7.1. ე. ა. ო-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, გამჭვირვალე, წებოვანი ლენტით გადახვეულ, უფერო, გამჭვირვალე პოლიმერული მასალის პაკეტში დაფასოებული მოყავისფრო, ნოტიო ნივთიერება, წონით – 897,49 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რაოდენობით – 421,8203 გრამს;
7.2. ე. ჯ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, გამჭვირვალე, წებოვანი ლენტით გადახვეულ, ვარდისფერ, გამჭვირვალე პოლიმერული მასალის პაკეტში დაფასოებული მოყავისფრო, ნოტიო ნივთიერება, წონით – 75,17 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რაოდენობით – 35,1795 გრამს.
8. ქიმიური ექსპერტიზის N------- დასკვნით დადგინდა, რომ ე. ა. ო-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება და ე. ჯ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება ერთმანეთის მსგავსი ქიმიური შემადგენლობისაა.
9. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, მოვარდისფრო პოლიეთილენის პარკსა და მასზე მიკრულ წებოვანი ლენტის ფრაგმენტებზე (შესაფუთი მასალა) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია და მისი მაჟორული წილი ეკუთვნის ე. ჯ-ს, მინორული წილი – იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია.
10. მოწმეებმა: ლ. ნ-მა, შ. ნ-მა, კ. ა-მა, ი-ნ ა-მა, ა. დ-ემ და ნ. ნ-მა დაადასტურეს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა და მათი მონაწილეობით შედგენილი დოკუმენტების სისწორე.
11. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები კანონიერი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისია. წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოწმე პოლიციელების ჩვენებები თანხვდენილია, მათ ჩვენებებში მითითებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები არსებითად არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს (მათ შორის, პირადი ჩხრეკის ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნებს). ამასთან, არ დასტურდება პოლიციელთა მხრიდან მსჯავრდებულთა მიმართ რაიმე დაინტერესება, რაც მათ სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ 2022 წლის 20 იანვარს ე. ა. ო-იმ და ე. ჯ-მა უკანონოდ შეიძინეს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც უკანონოდ ინახავდნენ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ (ე. ა. ო-ის შემთხვევაში – 421,8203 გრამი, ხოლო ე. ჯ-ის შემთხვევაში – 35,1795 გრამი) პოლიციელებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2022 წლის 20 იანვარს ქ. გ---------ში, ს---------ს ქუჩაზე მდებარე რ-------ის ლიანდაგების მიმდებარე ტერიტორიაზე, მათი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.
12. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ ე. ა. ო-ის და ე. ჯ-ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კანონიერია, ხოლო ადვოკატ ა-–------------ის მოთხოვნა მსჯავრდებულ ე. ჯ-ის გამართლების შესახებ – უსაფუძვლო.
13. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ე. ა. ო-ის და ე. ჯ-ის გამართლების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
14. ნარკოტიკული საშუალების წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად შეძენა-შენახვისთვის აუცილებელია, დანაშაულის ჩადენამდე, სულ მცირე, ორი პირი წინასწარ შეკავშირდეს დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადგენილა, რომ ე. ჯ-ი და ე. ა. ო-ი წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდნენ (მაგ., ერთად მივიდნენ ნარკომოვაჭრესთან, ერთად შეიძინეს ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც, წინასწარ შეთანხმებული გეგმის შესაბამისად, ერთად ინახავდნენ). ფაქტი, რომ ისინი ერთდროულად დააკავეს, აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოების დასადასტურებლად არასაკმარისია და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის პირობებში (დადგინდა, რომ საკვლევ მასალებზე, ე. ჯ-ის პაკეტზე არ ამოვიდა ე. ა. ო-ის გენეტიკური პროფილი და პირიქით), ე. ა. ო-ისა და ე. ჯ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების დადასტურებას გამორიცხავს. მეტიც, ნარკოტიკული საშუალების წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად შეძენა-შენახვის მსჯავრად შერაცხვა არც იმ შემთხვევაში იქნებოდა მართებული, თუ მსჯავრდებულებს ეცოდინებოდათ ერთმანეთის მიერ ნარკოტიკული საშუალების ფლობის შესახებ. ასეთ მოცემულობაში, მნიშვნელოვანია ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რითაც უტყუარად დადასტურდება დანაშაულის ჩადენამდე, სულ მცირე, ორი პირის წინასწარ შეკავშირება, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ დადასტურებულა.
15. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება მსჯავრდებულების კავშირი თ. დ-თან (ბრალდების შესახებ დადგენილებებით, ე. ჯ-მა და ე. ა. ო-იმ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამ პირისგან შეიძინეს). ნიშანდობლივია, რომ თ. დ-ი, როგორც მთავარი მოწმე, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ დაკითხულა. მეტიც, სახელმწიფო ბრალმდებელს სასამართლოში დასაკითხ მოწმეთა სიაში პოტენციურად დასაკითხ მოწმედაც არც მიუთითებია. აღნიშნული გარემოება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით, აჩენს ეჭვებს, რომელთაც, „In dubio pro reo-ს“ პრინციპის შესაბამისად, სასამართლო მსჯავრდებულთა სასარგებლოდ გადაწყვეტს.
16. ამდენად, პროკურორის მოთხოვნა ე. ა. ო-ის და ე. ჯ-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
17. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 7).
18. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
19. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადოდ.
20. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულთათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და მათ პიროვნებებს. შესაბამისად, 10 წლით თავისუფლების აღკვეთის პირობებში, სრულად იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები – სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავეთა რესოციალიზაცია.
21. ე. ა. ო-ისა და ე. ჯ-ისთვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოტანის შემდეგ, 2024 წლის 17 სექტემბერს მიღებულ ამნისტიის კანონს, რომელიც ცალკეული დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის შეღავათს აწესებს.
22. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო, თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
23. მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი მსჯავრდებულ ე. ა. ო-ის საკასაციო საჩივარი, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მის მიმართ არსებული საქმე დღეის მდგომარეობით უზენაესი სასამართლოს განსახილველია (სამართალწარმოება მის მიმართ პროკურორის საკასაციო საჩივრის საფუძველზე მიმდინარეობს). შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით აღსრულების მიზნით, გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს როგორც ე. ჯ-ის, ისე – ე. ა. ო-ის ნაწილში.
24. დასახელებული ამნისტიის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უმცირდება დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა) გათვალისწინებული დანაშაული.
25. მართალია, ე. ა. ო-ის და ე. ჯ-ს მსჯავრად შეერაცხათ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, თუმცა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის წინაპირობის არარსებობის გამო (ე. ა. ო-ი ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის, ხოლო ე. ჯ-ი – საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის), მათ მიმართ ვერ იქნება გამოყენებული აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, ეს გარემოება მსჯავრდებულებს არ უზღუდავს ხსენებული ამნისტიის კანონით გათვალისწინებული სხვა შეღავათით სარგებლობის უფლებას.
26. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის დათქმით, ერთი მეექვსედით შეუმცირდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
27. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ე. ა. ო-ის და ე. ჯ-ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სასჯელებზე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება (სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირება), ვინაიდან მათზე არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და ამასთან, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი არ არის მითითებული დასახელებული კანონის მე-7 მუხლში.
28. აქვე, ამნისტიის კანონის ფარგლებში, სასამართლო იმსჯელებს ე. ჯ-ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე (მართალია, აღნიშნული განაჩენი არ გასაჩივრებულა, მაგრამ, დღეის მდგომარეობით, ე. ჯ-ს საბოლოო სასჯელი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენთან ერთობლიობით აქვს დანიშნული). მითითებული განაჩენით ე. ჯ-ს მსჯავრი დაედო და სასჯელი დაენიშნა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისებშია მოქცეული. შესაბამისად, მსჯავრდებულ ე. ჯ-ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე არ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.
29. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლითაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს ცალკეული უფლებები ეზღუდება. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს (პირს, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი)), 10 წლით ჩამოერთმევა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5 წლით – სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, გამკაცრებულია მიდგომა ნარკოტიკული დანაშაულის განმეორებით ჩადენისას.
30. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს ე. ა. ო-ისა და ე. ჯ-ისთვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები განსხვავებული ვადით აქვს ჩამორთმეული, კერძოდ, ე. ჯ-ს, აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
31. ე. ჯ-ისგან განსხვავებით, ე. ა. ო-ის დასახელებული უფლებები ჩამორთმეული აქვს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კერძოდ, 5 წლით – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით – საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 15 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლომ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვის დაწესებისას გაითვალისწინა ე. ა. ო-ის წარსული ნასამართლობა (სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უფლებების ჩამორთმევის ნაწილში დაუსაბუთებელია), რაც არ გამომდინარეობს კანონიდან, შემდეგ გარემოებათა გამო:
32. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილზე: „საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“ და, იმავდროულად, ითვალისწინებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას: „კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც ბოჭავს მოსამართლეს, არ გამოიყენოს და უგულებელყოს ფუნდამენტური და იმპერატიული კონსტიტუციური პრინციპები იმ მიზეზით, რომ მხარეები არ აპელირებენ მათზე, გამორიცხავს სამართლიანი სასამართლო განხილვისა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს“ (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება, II-20); „შეჯიბრებითობის პრინციპი ... არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მოსამართლეს თავისთავადი ვალდებულებისგან, ითვალისწინებდეს და სწორად იყენებდეს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს იმისგან დამოუკიდებლად, მხარე რამდენად ჯეროვნად ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას და მიუთითებს თუ არა მოსამართლეს სამართლის სათანადო წესების და პრინციპების გამოყენების აუცილებლობაზე (იხ.: იქვე, II-21); „შესაძლოა, არსებობდეს რიგი საკითხებისა, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ საკუთარი ინიციატივით და მხარეთა მოთხოვნის მიუხედავად უნდა შეამოწმოს“(იხ.: იქვე, II-22).
33. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი სასამართლოს ვალდებულებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ე. ა. ო-ის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, სასამართლო გასცდება საკასაციო საჩივრის ფარგლებს, რათა თავიდან აიცილოს პირისთვის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების იმაზე მკაცრი ზომით გამოყენება, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებს.
34. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენით ე. ა. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 5000 ლარი და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებები. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
35. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 აგვისტოს განაჩენით ე. ა. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის და, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად დაენიშნა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე განაჩენით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ნაწილობრივ დაემატა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ა. ო-ის განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
36. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 აგვისტოს განაჩენით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის განაჩენით ე. ა. ო-ისთვის დამატებით სასჯელად დანიშნული ჯარიმა – 5000 ათასი ლარი –აღსრულებულია.
37. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით, 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებული ე. ა. ო-ი გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელისგან – 4 წლით თავისუფლების აღკვეთის – მოხდისგან, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. ამასთან, აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა). შესაბამისად, ამნისტიის გამოყენების შედეგად, შეიცვალა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 აგვისტოს განაჩენი და ე. ა. ო-ის ამოერიცხა სარეზოლუციო ნაწილში მითითება განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელზე.
38. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განჩინების პარალელურად, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიულ დანაწესს, რომ „სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ“ და მიიჩნევს, რომ ე. ა. ო-ი მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს – 2022 წლის 20 იანვარს – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი არ ყოფილა. ამ ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელი მას ნარკოტიკული დანაშაულის არაერთგზის ჩადენას არ ედავება.
39. მაშასადამე, განსახილველ შემთხვევაში, საკვანძო საკითხია – ითვლება თუ არა წარსულში საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი, თუმცა დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის ნასამართლობის არმქონე, ე. ა. ო-ი, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, დანაშაულის განმეორებით ჩამდენ პირად.
40. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ნასამართლობის გაქარწყლებისა და მოხსნის ინსტიტუტზე და განმარტავს, რომ, ნასამართლობის არასახარბიელო შედეგების პარალელურად, სამართლიანი ბალანსისთვის, კანონმდებელმა დააწესა ნასამართლობის მოხსნის/გაქარწყლების შესაძლებლობა, რითაც კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს მისცა საზოგადოებაში შეუზღუდავი ინტეგრირების შესაძლებლობა. ნასამართლობის არმქონე პირი დაცული უნდა იყოს, წარსულში მის მიერ ჩადენილი დანაშაულიდან გამომდინარე, უარყოფითი და არასასურველი სამართლებრივი შეზღუდვებისგან. შესაბამისად, ნასამართლობის მოხსნა/გაქარწყლება არის ერთგვარი გარანტია, რომ მომავალში დანაშაულის ჩადენისას დამნაშავეს პასუხისმგებლობა არ დაუმძიმდება და ამასთან, მის მიმართ არ იქნება იმგვარი სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიება გამოყენებული, რაც დაეფუძნება წარსულ ნასამართლობას, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის აღარ არსებობს. სასამართლოს აღნიშნული განმარტება გამომდინარეობს საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის იმპერატიული დანაწესიდან, რომ „გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.“
41. ამდენად, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული „დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევა“ მოიაზრებს დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის მოქმედ ნასამართლობას, ამავე კანონის მე-2 მუხლის „გ“ ან „ე“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის.
42. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ე. ა. ო-ი მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს – 2022 წლის 20 იანვარს – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი არ ყოფილა, მას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები უნდა ჩამოერთვას ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადით, ნაცვლად მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესისა.
43. აქვე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში 2020 წლის 15 ივლისის (ამოქმედდა 2020 წლის 28 ივლისს) ცვლილებების შედეგად, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირებს, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა ჩამოერთვას საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლების ჩამორთმევაზე მითითება შეესაბამება 2020 წლის 28 ივლისამდე მოქმედ რედაქციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის და ე. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა--ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 ივლისის განაჩენი:
3. ე. ა. ო-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
4. ე. ა. ო-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლითა და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
5. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ე. ა. ო-ის 5 წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;
6. ე. ა. ო-ის სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან – 2022 წლის 20 იანვრიდან;
7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ე. ა. ო-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;
8. ე. ჯ-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
9. ე. ჯ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯოს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და სასჯელად განესაზღვროს 8 (რვა) წლითა და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
10. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
11. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქას ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ე. ჯ-ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლითა და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
12. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ე. ჯ-ს 5 წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;
13. ე. ჯ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან – 2022 წლის 20 იანვრიდან;
14. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ე. ჯ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;
15. ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
15.1. ნარკოტიკული საშუალება, ნარკოტიკული საშუალების შესაფუთი მასალა და ნერწყვის ნიმუშები – განადგურდეს;
15.2. ე. ჯ-ისგან ამოღებული ბარათი, ბრელოკი და ხურდა ფული – დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
16. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე