საქმე # 330100124008541447
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1140აპ-24 ქ. თბილისი
ლ. გ. №1140აპ-24 20 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, გ. ლ–ს (დაბადებული ..., პირადი №..........) ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ) 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2.1. 2023 წლის 25 დეკემბერს, მ. ლ–ის მოთხოვნის საფუძველზე, მისი შვილის – გ. ლ–ის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი N....... ერთი თვის (30 დღე) ვადით. აღნიშნული ორდერის საფუძველზე, გ. ლ–ს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან – მ. ლ–თან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა და ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მასთან ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით, თანასაკუთრების ერთპიროვნულად სარგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ გ. ლ–ი გაფრთხილებულ იქნა შემაკავებელი ორდერის შინაარსისა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, მან მაინც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ, 2023 წლის 26 დეკემბერს, საღამოს საათებში, მივიდა მ. ლ–ის საცხოვრებელ სახლში - თ–ი, ...ს მე-.. მიკრორაიონი, კორპუსი N.., ბინა N..-ში, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის განაჩენით, გ. ლ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2023 წლის 27 დეკემბრიდან – 2024 წლის 25 იანვრის ჩათვლით), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 საათით.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, პროკურორმა –მარიანა ონიანმა და მოითხოვა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენით, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის – მარიანა ონიანის – სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის განაჩენში. კერძოდ, გ. ლ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 საათით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2023 წლის 27 დეკემბრიდან – 2024 წლის 25 იანვრის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 საათის ვადით.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მარიანა ონიანმა, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და გ. ლ–ისთვის სასჯელად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას.
7. საკასაციო საჩივრის შესაგებლით, მსჯავრდებულ გ. ლ–ის ადვოკატი – ი. გ–ე – ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ მხოლოდ სასჯელის დამძიმების მოთხოვნით.
10. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს გ. ლ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
11. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
12. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.“
13. საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
14. სააპელაციო სასამართლომ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი, როგორც მსჯავრადშერაცხილი ქმედების განმაპირობებელი გარემოება, ასევე – პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის, დანაშაულის აღიარება და მტკიცებულებათა უდავოდ მიჩნევით სწრაფი მართლმსაჯულებისთვის ხელშეწყობის ფაქტი, ასევე – ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მიზანი, მოტივი და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გ. ლ–ს განუსაზღვრა კანონმდებლის მიერ გათვალისწინებული ალტერნატიული არასაპატიმრო სანქცია – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მაქსიმალური ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონიერად შეუმცირდა.
14.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება/არგუმენტი, რაც დაადასტურებდა გ. ლ–ისთვის გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის სახის უკანონობას და შესაძლებლობას მისცემდა საკასაციო სასამართლოს გამოეყენებინა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი. შესაბამისად, გ. ლ–ისთვის დანიშნული კანონიერი და სამართლიანი სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
16. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
17. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე