Facebook Twitter

საქმე # 010100124008535171

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1144აპ-24 ქ. თბილისი

დ–ი ს., 1144აპ-24 11 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ს. დ–ს (S. D–r)- დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2023 წლის 4 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ. ბ–ში, კ–ს ქუჩის N.., ბინა N..–ში ყოფნისას, ს. დ–მა (S. D–r) იძალადა თავისი ოჯახის წევრის – ვ. ჯ–ის მიმართ, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ, მუშტი დაარტყა ტუჩის არეში და გადაუტრიალა ხელი, შედეგად ვ. ჯ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2023 წლის 4 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ. ბ–ში, .......ის ქუჩის N.., ბინა N...–ში ყოფნისას, ს. დ–ი (S. D–r) სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს – ვ. ჯ–ეს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რომელმაც მისი მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის განაჩენით:

2.1. ს. დ–ი (S. D–r) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;

2.2. გამართლებულს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ს. დ–ის (S. D–r) დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის შესაბამისი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ ს. დ–ის (S. D–r) ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. კ–ემ, რომელმაც მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნიკა მენთეშაშვილი ითხოვს ს. დ–ის (S. D–r) დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და შესაბამისი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ს. დ–ის (S. D–r) დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და შესაბამისი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

8. ბრალდების მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. ბრალდების მხარის ყველა არგუმენტზე დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი გასაჩივრებულ განაჩენში, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

9. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა პირის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ვ. ჯ–მ უარჰყო გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია გამართლებულის მიერ მის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის შესახებ (მიუთითა, რომ ს. დ–თან (S. D–r) მოუვიდა მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება, რაც არ გადაზრდილა ფიზიკურ ძალადობაში, ასევე მიუთითა, რომ ს. დ–ი (S. D–r) არ დამუქრებია (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 მარტის სხდომის ოქმი 17:16:56 – 17:19:08)), საქმეში წარმოდგენილი მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები (სსიპ 112-ის შეტყობინება, 2023 წლის 26 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N.. დასკვნა, პოლიციის თანამშრომელთა: ფ. ნ-სა და ბ. ხ-ს გამოკითხვის ოქმები, N......... შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი) საკმარისია ს. დ–ის (S. D.) მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორს N........ შეტყობინების შინაარსის გაზიარებასთან დაკავშირებით და კვლავაც აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულს არ დაუდასტურებია მითითებული ინფორმაცია შეუძლებელია, მოცემული შეტყობინება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. დაზარალებულის შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით (იხ. მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის 86აპ-24 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის N1317აპ-23 განჩინება).

11.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოწმის სახით ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა ვ. ჯ–ემ არ დაადასტურა მის მიერ სსიპ 112-ში დარეკვის ფაქტი და მიუთითა, რომ პოლიციაში სხვამ დარეკა (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 მარტის სხდომის ოქმი 17:24:00-17:24:25). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არ არის სსიპ 112-დან გამოთხოვილი შეტყობინების აუდიოჩანაწერი და შესაბამისად, არც ფონოსკოპიური ექსპერტიზა, რომელიც დაადასტურებდა, რომ პირი, რომელმაც გააკეთა შეტყობინება ნამდვილად დაზარალებული ვ. ჯ–ე იყო.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეები: ფ. ნ–ე და ბ. ხ–ი არ არიან შემთხვევის თვითმხილველი პირები, ისინი არ შესწრებიან მუქარისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტებს და მათ ამის შესახებ იციან მხოლოდ დაზარალებულის გადმოცემით, შესაბამისად, მათი ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). იმავდროულად, დაზარალებულმა სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას არ დაადასტურა ს. დ–ის (S. D–r) მიერ მის მიმართ მუქარისა და ძალადობის ჩადენა.

13. სასამართლო ითვალისწინებს, 2023 წლის 26 დეკემბრის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნას, რომლის თანახმად, 2023 წლის 4 დეკემბრის პირადი შემოწმების მონაცემების შესაბამისად, ვ. ჯ–ეს აღენიშნებოდა ნასკდომი ზედა ტუჩის შიგნითა ზედაპირზე. ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედებით და ერთობლიობაში და ცალ–ცალკე აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (იხ.: ტ.1, ს.ფ. 17-20). თუმცა, იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემული ექსპერტიზის დასკვნით ვერ დგინდება დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა. ამასთან, დაზარალებულის განმარტებით, იმის გამო რომ, ჭარბად ჰქონდა ალკოჰოლი მიღებული, არ ახსოვს ზედა ტუჩზე დაზიანება როგორ მიიღო, მაგრამ გამორიცხავს ს-ს მიეყენებინა (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 მარტის სხდომის ოქმი 17:17:58-17:18:54).

14. N… შემაკავებელი ორდერსა და მის ოქმთან მიმართებით (რომლის თანახმად 2023 წლის 4 დეკემბერს, ქ.-ის ბ–ში კ–ს ქ. N.., ბინა ...-ში ყოფნისას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ს. დ–მა (S. D–r) ფიზიკურად იძალადა ვ. ჯ–ეზე, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, რაზეც ასევე გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (იხ. ტ.1, ს.ფ. 10-12), სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემაკავებელი ორდერი მხარეთა მიერ ცნობილია უდავოდ, ხელმოწერილია როგორც ბრალდებულის, ისე – დაზარალებულის მიერ, თუმცა დაზარალებულის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურებს ს. დ–ის (S. D–r) მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

15. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დადასტურდა ს. დ–ის (S. D–r) მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

16. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე