Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№1146აპ-24 თბილისი

ა-ი დ., 1146აპ-24 20 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი დონდოლაძისა და მსჯავრდებულ დ.ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ქ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ.ა-ს ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის – ჩადენა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დ.ა-მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· დ.ა-მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 458.053 გრამ ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ შემცველ ფხვნილს; აქედან 262,74 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ შემცველი ფხვნილი ამოიღეს 2023 წლის 11 მარტს ქ. ბ-----ის ქუჩის N---ში მდებარე დ.ა-ის დროებითი ბინიდან, N-----ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ასევე, 195,313 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ შემცველი ფხვნილი ამოიღეს 2023 წლის 12 მარტს ქ. ბ----–ის ქუჩის N---ში მდებარე სასტუმრო „კ---ის“ უკანა მხარეს, ზღვის სანაპიროზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად.

· დ.ა-მა, დაუდგენელ პირზე გასაღების მიზნით, ქ. ბ-----–ის ქუჩის N---ში მდებარე სასტუმრო „კ----ის“ უკანა მხარეს, ზღვის სანაპიროზე განათავსა 195.313 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ შემცველი ფხვნილი, რაც 2023 წლის 12 მარტს ამოიღეს საგამოძიებო მოქმედების შედეგად.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დ.ა-ის - ნასამართლევის, მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. დ.ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით, 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დ. ა--ს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის განაჩენით დ.ა-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დანიშნული და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 4 ნოემბრის №--- გადაწყვეტილებით განსაზღვრული და პირობითად ჩათვლილი სასჯელი – 4 წლით, 2 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სრულად შთანთქა ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს სასჯელი აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 11 მარტიდან. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. ბრალდების მხარემ ითხოვა დ.ა-ის დამნაშავედ ცნობა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობისათვის და განაჩენთა ერთობლიობით, მაქსიმალურთან მიახლოებული მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო დაცვის მხარემ – დ.ა-ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. კასატორი – პროკურორი ირაკლი დონდოლაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს დ.ა-ის დამნაშავედ ცნობას ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობისათვის და განაჩენთა ერთობლიობით, მაქსიმალურთან მიახლოებული მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

7. კასატორი – მსჯავრდებულ დ.ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ქ-ი – საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას და დ.ა-ის უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოთხოვნათა საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მხარეთა საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე ითხოვს დ.ა-ის დამნაშავედ ცნობას ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობისათვის და განაჩენთა ერთობლიობით, მკაცრი, მაქსიმალურთან მიახლოებული სასჯელის განსაზღვრას. დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის გასაჩივრებულ განაჩენს დ.ა-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, არამედ ითხოვს მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, დ.ა-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით თუ 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ან საერთოდ ჩაიდინა თუ არა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

3. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ.ა-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად დასტურდება დ.ა-ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედებების ჩადენა, კერძოდ:

4. საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის – რ---–---- ბ-----ის – ჩვენებით დადგენილია, რომ 2023 წლის 11 მარტს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, მამა-შვილი – ე---- და დ.ა-ები – ნარკოტიკულ საშუალებებს უკანონოდ იძენდნენ და ინახავდნენ, ცხოვრობდნენ ქირით ქ---ში, მ-ის N--, ბინა N-----ში, იმ დროისთვის გადაადგილდებოდნენ მ-----–--ის ქუჩით და პირადად, ასევე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ინახავდნენ უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებებს; მიღებული ინფორმაცია შეატყობინა ხელმძღვანელობას.

5. გამომძიებელმა ლ. გ-ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2023 წლის 11 მარტს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში შესული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, მამა-შვილი დ. და ე. ა-ები უკანონოდ იძენდნენ და ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, გადაადგილდებოდნენ მ-----–--ის ქუჩაზე და, როგორც პირადად, ისე – იმავე ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ ინფორმაციის გადასამოწმებლად ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გავიდა ინფორმაციაში მითითებულ ადგილზე. მ----ის N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერეს ე. და დ.ა-ები; დ.ა-ს განუმარტა, რომ მიმდინარეობდა გამოძიება და უნდა ჩატარებულიყო მისი პირადი ჩხრეკა, წარუდგინა გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე დადგენილება, მისცა წინადადება, ნებაყოფლობით წარმოედგინა ნარკოტიკული საშუალებები, რაზეც დ. ა-მა განმარტა, რომ ნარკოტიკი თან არ ჰქონდა და მას ინახავდა დროებით საცხოვრებელ ბინაში. მართლაც, მისი პირადად ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს და ამოიღეს მხოლოდ მობილური ტელეფონი. დ-ის განმარტება ნაქირავებ ბინაში ნარკოტიკის შენახვის თაობაზე შეიტანა პირადი ჩხრეკის ოქმში, რომელსაც ხელი მოაწერა ყველა მონაწილემ, მათ შორის, დ. ა-მაც. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ ჩხრეკის ჩასატარებლად წავიდნენ იმავე ქუჩაზე მდებარე ა-ების ნაქირავებ ბინაში. მივიდნენ მ-ის N---ში მდებარე, პატარა, სტუდიოს ტიპის N---- ბინაში, რომელშიც შევიდნენ ა-თან ერთად; ჩხრეკაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია ბ-ის მუნიციპალიტეტის მერიის იმ ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი, რომელშიც ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო. საგამოძიებო მოქმედებაში ექსპერტ-კრიმინალისტებიც მონაწილეობდნენ. დ.ა-ს გააცნო გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების თაობაზე დადგენილება, რომელსაც მოაწერა ხელი ბრალდებულმა. დაიწყო ჩხრეკა, რა დროსაც უშუალოდ დ-----ის მითითებით, ამოიღეს გამოძიებისთვის საინტერესო ნივთები, კერძოდ: საწოლის მარცხენა მხარეს არსებული ბალიშის გვერდიდან – პოლიეთილენის პარკი, რომელშიც აღმოჩნდა ცხრა ცალი პოლიეთილენის მწებავი ლენტის ხვია, რეზინის ხელთათმანები, აირწინაღი, პატარა ზომის პოლიეთილენის პარკის ექვსი შეკვრა; ბალიშის ქვემოდან – პოლიეთილენის შავი პარკი, ფოლგის შენაფუთით, მასში არსებული მოთეთრო მასით; საწოლის მარჯვენა მხრიდან – პატარა ზომის ელექტროსასწორი და პატარა ზომის ლითონის ნიჩაბი. კრიმინალისტებმა აღმოჩენილი ნივთები დაასურათეს და ადგილზე დალუქეს. საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებმა ჩხრეკის ოქმში ასახული გარემოებების სისწორე დაადასტურეს ოქმზე ხელმოწერებით. ჩხრეკის მიმდინარეობასა და შედეგებთან დაკავშირებით რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია არ გაცხადებულა. მოწმემ ბინის ჩხრეკის დასრულების შემდეგ დ.ა-ი დააკავა, ადგილზე შეადგინა დაკავების ოქმი, შემდეგ კი დაკავებული გადაიყვანა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, სადაც გამოჰკითხა. გამოკითხვისას დ. ა---------მა განმარტა, რომ ზღვის სანაპიროზე დადებული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალების შენაფუთი, შეეძლო პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მიყვანა და ჩვენება. მისი ამ განმარტების გადასამოწმებლად, ბრალდებულის თანხმობით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. დ.ა-ის მითითებით, გავიდნენ სასტუმრო „კ------ის“ უკანა მხარეს, ზღვის სანაპიროზე, სადაც, ბრალდებულის მითითებით, ერთ-ერთი ქვის ქვეშ ნახეს და ამოიღეს ერთი ცალი წებოლენტის შენაფუთი, რომელიც კრიმინალისტებმა დაასურათეს და დალუქეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ყველა მონაწილემ, მათ შორის – დ.ა-მაც, მოაწერა ხელი და დაადასტურა მასში ასახული გარემოებების სისწორე.

6. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, დ.ა-ის მიმართ 2023 წლის 11 მარტს ჩატარებული პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, იგი გაჩხრიკეს ქ---ში, მ--–--ის N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ა----ს მიეცა წინადადება, ნებაყოფლობით წარმოედგინა ნარკოტიკული საშუალებები, რაზეც განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალებები არ გააჩნდა. პირადი ჩხრეკისას ამოიღეს მობილური ტელეფონი, რომელიც კრიმინალისტების მიერ დასურათდა და ადგილზე დაილუქა. პირადი ჩხრეკის დასრულებისას დ. ა---------მა განაცხადა, რომ ნარკოტიკულ საშუალებებს ინახავს დროებით საცხოვრებელ მისამართზე: მ-----–--ის ქუჩის N--, ბინა N-----ში, ხოლო ერთ პაკეტად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება განთავსებული აქვს სასტუმრო „კ---–-------ის“ წინ, სანაპიროზე. პირადი ჩხრეკის ოქმში ასახული გარემოებების სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს ჩხრეკის მონაწილეებმა, მათ შორის – დ.ა-მა. რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია ჩხრეკის მიმდინარეობასა და შედეგებთან დაკავშირებით არ გამოთქმულა.

7. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, დ.ა-ის დროებით საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ---ში, მ-----–--ის N--, ბინა N----, 2023 წლის 11 მარტს ჩატარებული ჩხრეკის ოქმის თანახმად, ბინის ჩხრეკისას, რომელსაც მის მფლობელებთან – დ. და ე. ა--ებთან – ერთად ესწრებოდა მერიის წარმომადგენელი გ. თ., ასევე – ექსპერტ-კრიმინალისტები, დ.ა-ის მითითებით, საწოლის მარცხენა მხარეს არსებული ბალიშის გვერდიდან ამოიღეს პოლიეთილენის პარკი, რომელშიც აღმოჩნდა პოლიეთილენის წებოლენტის ცხრა ცალი ხვია, რეზინის ხელთათმანები, აირწინაღი, ექვსი შეკვრა პატარა ზომის პოლიეთილენის პარკი; ბალიშის ქვემოდან ამოიღეს პოლიეთილენის შავი პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო ფოლგის შენაფუთი, მასში არსებული მოთეთრო მასით; საწოლის მარჯვენა მხრიდან ამოიღეს პატარა ზომის ელექტროსასწორი, მოთავსებული შავი ფერის ტყავის ჩასადებში, და პატარა ზომის ლითონის ნიჩაბი. აღმოჩენილი ნივთები კრიმინალისტებმა დაასურათეს და ადგილზე დალუქეს. საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებმა, მათ შორის – დ. და ე. ა-ებმა – ჩხრეკის ოქმში ასახული გარემოებების სისწორე დაადასტურეს ოქმზე ხელის მოწერით. ჩხრეკის მიმდინარეობასა და შედეგებთან დაკავშირებით რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია არ გაცხადებულა.

8. 2023 წლის 12 მარტს, 01:55 სთ-დან 02:35 სთ-მდე დროის მონაკვეთში, დ.ა-ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დ.ა-ს განემარტა, რომ უნდა გადამოწმებულიყო მის მიერ გამომძიებლისთვის მიცემული ჩვენება ადგილზე მისვლით. გამომძიებელმა წაუკითხა ჩვენება და ბრალდებულმა დაადასტურა, რომ სრულად ეთანხმებოდა მასში ასახულ ფაქტებს, ასევე განაცხადა თანხმობა, პოლიციის თანამშრომლებისთვის ეჩვენებინა გამოკითხვის ოქმში მითითებული ადგილები. აღნიშნულის შემდეგ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობიდან საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეები ავტომანქანით გავიდნენ დ. ა-ის მიერ მითითებული მარშრუტით. მისივე მითითებით, გაჩერდნენ სასტუმრო „კ----ის“ უკანა მხარეს, გადავიდნენ ზღვის სანაპიროზე, სადაც ბრალდებულმა აჩვენა დიდი ქვის გვერდით არსებული პატარა ქვა და განმარტა, რომ მის ქვეშ 2023 წლის 11 მარტს დადო შავ მწებავ ლენტში შეხვეული ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც გადაუღო ფოტო და რომელიც, სოც. ქსელ „ი-ის“ საშუალებით, გაუგზავნა უცნობ პირს. დ. ა-ის მითითებული ადგილიდან – პატარა ქვის ქვეშიდან – ამოიღეს სილაში ჩამალული, მოგრძო ფორმის შავი მწებავი ლენტის შენაფუთი, რომელიც ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაასურათეს და დალუქეს, საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებმა ლუქზე მოაწერეს ხელი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ერთვის ფოტომასალა, რომელშიც ასახულია საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა და ამოღებული ნივთები.

9. მოწმე ს. დ-ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში უფროს დეტექტივად. 2023 წლის 11 მარტს ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც აჭარის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, დ. და ე. ა-ები უკანონოდ იძენდნენ და ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, გადაადგილდებოდნენ ქ-ში, მ--ის ქუჩაზე და როგორც პირადად, ისე – ნაქირავებ ბინაში ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, რომლის წევრები, მათ შორის – თვითონაც, გავიდნენ ინფორმაციაში მითითებულ მისამართზე. ქ-ში, მ---ის N--ის მიმდებარედ, შეაჩერეს დ. და ე. ა-ები. უშუალოდ მან და მისმა თანამშრომელმა რ. ლ-ემ შეაჩერეს დ.ა-ი, განუმარტეს, რომ დაწყებული იყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე და უნდა ჩაეტარებინათ მისი პირადი, ასევე დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. პირადი ჩხრეკისას მისი ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ექსპერტ-კრიმინალისტებმა. კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება პირადი ჩხრეკისას არ უნახავთ და ამოუღიათ. დ. ა---------მა, რომლისთვისაც უკვე ცნობილი იყო, რომ იგეგმებოდა მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაც, განაცხადა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას ინახავდა ბინაშიც. ა---------ებთან ერთად მივიდნენ მათ მიერ ნაქირავებ ფართში, მდებარე მ-----–--ის N---ში, ე---- ა---------მა გააღო ბინის კარი და შევიდნენ ყველანი. ჩხრეკაში მონაწილეობის მისაღებად გამომძიებელმა მიიწვია მერიის წარმომადგენელიც, როგორც ნეიტრალური პირი, და მისი, ასევე – ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, ჩატარდა ბინის ჩხრეკა. დ.ა-ის მითითებით, მის საწოლზე არსებული ბალიშის ქვეშიდან ამოიღეს პოლიეთილენის პარკი, რომელშიც იდო წებოლენტის ცხრა ცალი ხვია, ხელთათმანები, აირწინაღი, ექვსი შეკვრა პოლიეთილენის პატარა პაკეტი; ბალიშის უკანა მხრიდან ამოიღეს პოლიეთილენის შავი პარკი, რომელშიც აღმოჩნდა ფოლგაში გახვეული ნივთიერება; საწოლზე არსებული მეორე ბალიშის ქვეშიდან ამოიღეს პატარა ელექტროსასწორი და ნიჩაბი. ყველა ამოღებული ნივთი ექსპერტ-კრიმინალისტებმა ადგილზევე დალუქეს. შედგა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერა მასში მონაწილე ყველა პირმა. ამის შემდეგ დ.ა-ი დააკავეს ბრალდებულის სახით და გადაიყვანეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, სადაც გამომძიებელმა გამოჰკითხა. როგორც გამოკითხვის შედეგად გაირკვა, -- ტერიტორიაზე ერთ პაკეტად დაფასოებულ ნარკოტიკულ საშუალებას ინახავდა კონკრეტულ ადგილას, შეეძლო, მიეყვანა იქ პოლიციის თანამშრომლები და ეჩვენებინა. ბრალდებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში ასევე მიიღო მონაწილეობა, რა დროსაც ბრალდებულ დ. ა-ის უშუალო მითითებით, გავიდნენ ბულვარის ტერიტორიაზე, სასტუმრო „კ--ის“ უკანა მხარეს, ზღვის სანაპიროსთან, დ. ა-მა მიუთითა დიდი ზომის ქვის გვერდით, სადაც, მისი თქმით, დადო ნარკოტიკული საშუალება. სწორედ მის მიერ მითითებული ადგილიდან ამოიღეს სილაში ჩაფლული, შავი ფერის პოლიეთილენის შენაფუთი, რომელიც კრიმინალისტებმა დაასურათეს და დალუქეს. რომ არა დ. აის ჩართულობა და მისი მითითება, იმ ადგილას პოლიციის თანამშრომლები ნარკოტიკს ვერასდროს მიაგნებდნენ. შედგა საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერა ყველა მონაწილემ, რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია მის მიმდინარეობასა და შედეგებთან დაკავშირებით არ გამოთქმულა.

10. დ.ა-ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის მიმდინარეობასა და შედეგებთან დაკავშირებით ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს მითითებულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პოლიციელებმა: რ. ლ-ემ, ი. გ--ემ, ექსპერტ-კრიმინალისტმა გ. ღ-მა და მოწმე გ. თ-ემ.

11. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2023 წლის 12 მარტის ქიმიური ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, დ. ა---------ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ფხვნილი, წონით – 262,74 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „მეფედრონს“. დ. ა---------ის მითითებით ამოღებული ფხვნილი, წონით – 195,313 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „მეფედრონს“. ექსპერტმა შ------- მ----–-----ამ დაადასტურა დასკვნის სისწორე და კანონიერება.

12. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დ.ა-ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ მობილური ტელეფონის „გალერეაში“ აღმოჩენილ იქნა ფოტოსურათები, რომელთაგან სამ ფოტოზე, ბრალდების მხარის ვერსიით, გამოსახულია ის ადგილები, რომლებიდანაც, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულ დ. ა---------ის მითითებით, ამოიღეს ერთ პაკეტად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება.

13. ამდენად, ყველა მოწმე იდენტურად აღწერს დ.ა-ის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების გარემოებებს. მოწმეებმა დამაჯერებლად განმარტეს, რომ დ.ა-ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, რომელშიც, გარდა პოლიციის თანამშრომლებისა, მონაწილეობდა ნეიტრალური პირიც, ბრალდებულის აქტიური ჩართულობით აღმოაჩინეს და ამოიღეს შენაფუთები ფხვიერი მასით. საგამოძიებო ექსპერიმენტისას, უშუალოდ ბრალდებულის მონაწილეობით და მითითებით, ზღვის სანაპიროზე კონკრეტული ადგილიდან ამოიღეს საეჭვო ნივთიერების შემცველი შენაფუთი. საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობასა და შედეგებთან დაკავშირებით, მათში მონაწილე რომელიმე პირს შენიშვნა ან პრეტენზია არ გამოუთქვამს, ყველა მათგანმა ხელმოწერით დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში ასახული გარემოებების სისწორე. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როგორც საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ისე საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული ნივთიერებები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს.

14. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას დაცულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N1276 გადაწყვეტილებაში ასახული დებულებებით დადგენილი წესი, რომელიც, თავის მხრივ, აისახა საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლში, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ჩხრეკა ან ამოღება ანონიმური შეტყობინების ან „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საიდუმლო თანამშრომლისგან (კონფიდენტისგან)/ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ან მე-5 ნაწილით დადგენილი წესით ჩატარდა და ამოღებულ იქნა უკანონო საგანი, ნივთი ან ნივთიერება, აღნიშნული გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად შეიძლება დაედოს იმ შემთხვევაში, თუ უკანონო საგნის, ნივთის ან ნივთიერების პირის მფლობელობაში ყოფნა, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი გამომძიებლის ჩვენების, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამომძიებლის ჩვენების, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ოპერატიულ-სამძებრო ფუნქციის მქონე პირის ჩვენებისა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმის გარდა, სხვა მტკიცებულებითაც დასტურდება.

15. საცხოვრებელი ბინა გაიჩხრიკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თუმცა პირადი ჩხრეკისას, უშუალოდ ბრალდებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, და მასში, გარდა პოლიციის თანამშრომლებისა, მონაწილეობდა ნეიტრალური პირი, საქმის შედეგით დაუინტერესებელი მოქალაქე, რომელმაც ჩვენების მიცემისას ზედმიწევნით თანმიმდევრულად გადმოსცა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა და შედეგები, მის განმარტებები შეესაბამება იმავე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ჩვენებებსა და საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში ასახულ გარემოებებს. ამასთან, თავად ბრალდებულიც სრულად დაეთანხმა წარდგენილი ბრალდების მითითებულ ეპიზოდს, რითაც დაადასტურა სასამართლოს წინაშე წარდგენილ მტკიცებულებებში ასახული გარემოებების სისწორე.

16. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტსა და ამ ექსპერიმენტის შედეგად ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის შედეგად არა მხოლოდ ბრალდებულის ჩვენების გადამოწმდა, არამედ ბრალდებულის უშუალო მითითებით, კონკრეტული ადგილიდან ამოღებულ იქნა საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთი, რომელთა ზუსტად იმ ადგილას არსებობის თაობაზე, ბრალდებულის გარდა, ნაკლებსავარაუდოა, ექსპერიმენტში მონაწილე სხვა პირებს ჰქონოდათ ინფორმაცია, სავსებით შესაძლებელია გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას მათი გამოყენება პირდაპირ მტკიცებულებად (სუსგ: №561აპ-15, №682აპ-21).

17. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ დ.ა-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობას. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩადენილია არა გასაღების მცდელობა, არამედ ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადება. დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც, თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი, ხოლო დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა. განსახილველ საქმეში არ არის წარმოდგენილი და, შესაბამისად, არ გამოკვლეულა რომელიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა, კერძოდ, არაა დადგენილი შემძენთან კონტაქტი ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით, თანხის ჩარიცხვის მოთხოვნა, ლოკაციის ფოტოსურათების გადაგზავნა შემძენთან და ა.შ.. ფაქტია, რომ კონკრეტული ადგილი გადაიღეს (რაც კარგად ჩანს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ფოტოებში), მაგრამ, სასამართლოს წინაშე წარდგენილი მასალებიდან გამომდინარე, ადრესატისთვის ფოტოსურათების გადაგზავნა არ დასტურდება. ყოველივე ზემოთქმული კი მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ დ.ა-მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება და არა – მცდელობა (მაგ. იხ. სუსგ №27აპ-23, №825აპ-21, №83აპ-24). შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულის ქმედება სწორად დააკვალიფიცირეს საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით. ამდენად, ამ ნაწილში ბრალდებისა და დაცვის მხარეთა საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

18. ადვოკატის საკასაციო საჩივრის ერთ-ერთი არგუმენტი ეხება ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სასამართლოში წარუდგენლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის საფუძველზე, სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე; მხარეს უფლება აქვს, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სწორედაც რომ მხარეთა კომპეტენციაა მტკიცებულებათა მოპოვება და წარმოდგენა. ვერავინ დაავალდებულებს მხარეს, მოიპოვოს და წარადგინოს ესა თუ ის მტკიცებულება. დაცვის მხარე უფლებამოსილი იყო, საჭიროების შემთხვევაში, თავად მოეპოვებინა ის მტკიცებულება (მათ შორის – ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა), რომელსაც საჭიროდ მიიჩნევდა დაცვის უზრუნველსაყოფად.

19. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ დ.ა-ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედებების ჩადენას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ, მისი პიროვნების, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების, დანაშაულის რეციდივისას სასჯელის დანიშვნის სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმის ადეკვატური და პროპორციული სასჯელების ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს.

20. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონს, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული, მათ შორის, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა). ასევე, ეყრდნობა ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, კანონის, მათ შორის, პირველი მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე. იმის გამო, რომ დ.ა-მა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დანაშაული მითითებულ პერიოდამდე ჩაიდინა, მის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება და უნდა გათავისუფლდეს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულ სასჯელს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დ.ა-ისათვის საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად. ამასთან, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის დანაწესი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი დონდოლაძისა და მსჯავრდებულ დ.ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ქ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. დ.ა-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე;

4. დ.ა-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე;

საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის განაჩენით დ.ა-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის დანიშნული და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 4 ნოემბრის N01/22-0750 გადაწყვეტილებით განსაზღვრული და პირობითად ჩათვლილი სასჯელი – 4 (ოთხი) წლით, 2 (ორი) თვითა და 24 (ოცდაოთხი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სრულად შთანთქას ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ.ა-ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. მსჯავრდებულ დ.ა-ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლით – საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 (ოცი) წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;

6. მსჯავრდებულ დ.ა-ს სასჯელი აეთვალოს დაკავების დღიდან – 2023 წლის 11 მარტიდან;

7. ნივთმტკიცებები: დ.ა-ის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, საიზოლაციო ლენტის ხვიები, რეზინის ხელთათმანები, აირწინაღი, ექვსი შეკვრა პატარა ზომის პოლიეთილენის პარკი, ელექტროსასწორი, ლითონის პატარა ზომის ნიჩაბი და ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტში – განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

დ.ა-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტში – დაუბრუნდეს დ.ა-ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ დისკზე – დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით;

8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე