Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №1173აპ-24 თბილისი

ხ-ი ვ., 1173აპ-24 3 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა ლეკიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ივლისის განაჩენით ვ. ხ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – 140 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 25 აპრილის ეპიზოდი) – 230 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 27 აპრილის ეპიზოდი) – 230 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 27 აპრილის ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 230 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობის დროის (2024 წლის 27 აპრილიდან 2024 წლის 2 მაისის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმცირდა და, საბოლოოდ, ვ. ხ-ს განესაზღვრა 200 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

2. განაჩენის მიხედვით, ვ. ხ-ს მსჯავრად დაედო დაედო:

· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი);

· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილი).

3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

o 2024 წლის 15 აპრილს, საღამოს საათებში, თ-ში, - მკ/რ-ში, მე---ე კორპუსში მდებარე ბინა №--ში, ვ. ხ-მა თავის მეუღლე ნ. გ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: განზრახ ესროლა ბოთლი, რომელიც მას თვალში მოხვდა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

o 2024 წლის 19 აპრილს, საქართველოს შსს თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომელმა ვ. ხ-ის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას თავისი მეუღლის – ნ. გ-ის მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, აეკრძალა თავად მსხვერპლთან მიახლოება, ასევე, მის სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება, აგრეთვე, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის – ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მას შემდეგ, რაც ვ. ხ-ს გააცნეს მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის არსი და განემარტა ორდერით განსაზღვრული ვალდებულებები, 2024 წლის 25 აპრილს, თავის მეუღლესთან დაამყარა სატელეფონო კომუნიკაცია, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები;

o 2024 წლის 19 აპრილს, საქართველოს შსს თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომელმა ვ. ხ-ის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას თავისი მეუღლის – ნ. გ-ის მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, აეკრძალა თავად მსხვერპლთან მიახლოება, ასევე, მის სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება, აგრეთვე, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის – ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მას შემდეგ, რაც ვ. ხ-ს გააცნეს მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის არსი და განემარტა ორდერით განსაზღვრული ვალდებულებები, 2024 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, იგი მივიდა თ-ში, ---კორპუსის ბინა -ში მდებარე ნ. გ-ის საცხოვრებელ ბინაში, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ანა ლეკიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და ვ. ხ-ისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ანა ლეკიაშვილმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და ვ. ხ-ისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, სასჯელთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ვ. ხ-ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

10. სააპელაციო პალატამ ვ. ხ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება. ამასთან, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

11. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).

12. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ვ. ხ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) შეფარდებულ სასჯელებზე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი ვერ გავრცელდება, ვინაიდან ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოჯახურ დანაშაულებზე ამავე კანონით გათვალისწინებული ამნისტია (სასჯელის შემცირება) ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებულ რეალურ სასჯელებზე.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა ლეკიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე