Facebook Twitter

საქმე # 190100124008961753

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1271აპ-24 ქ. თბილისი

პ. დ. 1271აპ-24 24 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჟანა ერემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: დ. პ–ს, – პირადი ნომრით .........., - ბრალად ედებოდა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით 17:30 საათზე, რ–ში, .........ას გამზირის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. პ–მა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან ნ. ნ–ს, კერძოდ, ხელი ჰკრა მას, დააგდო ძირს და მარჯვენა ხელი დაარტყა სახის არეში, რის შემდგომაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა ნ. ნ–ის კუთვნილ სასკოლო ზურგჩანთას და მასში მოთავსებულ, ნ. ნ–ის კუთვნილ სასკოლო ნივთებსა და სსიპ .......ის სახელობის რ–ს №.. საჯარო სკოლის კუთვნილ სახელმძღვანელოებს. დ. პ–ის ამ დანაშაულებრივი ქმედებით, ნ. ნ–ს მიადგა 143.7 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი და განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო სსიპ ..ის სახელობის რ–ს №.. საჯარო სკოლას მიადგა 10.4 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის განაჩენით:

2.1. დ. პ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ “ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126 -ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე;

2.2. დ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126 -ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6000 ლარი ჯარიმა, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე- 5 ნაწილის საფუძველზე, დ. პ–ს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის – 2024 წლის 10 თებერვლიდან 2024 წლის 29 აპრილის ჩათვლით გათვალისწინებით (79 დღე) - შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2050 ლარი;

2.3. დ. პ–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3. სასამართლომ დაადგინა:

2024 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. რ–ში, ..... გამზირის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. პ–მა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან ნ. ნ–ს, კერძოდ, ხელი ჰკრა მას, დააგდო ძირს და მარჯვენა ხელი დაარტყა სახის არეში, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ჟანა ერემაშვილმა, რომელმაც მოითხოვა დ. პ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სამართლიანი, უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ დ. პ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. ჯ–მა და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი ჟანა ერემაშვილი ითხოვს დ. პ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის სამართლიანი და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიენიჭა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადგინდა დ. პ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და მისთვის წარდგენილი ბრალდება მართებულად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ვინაიდან სასამართლო განხილვის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ დ. პ–ს ნ. ნ–ის კუთვნილი ზურგჩანთისა და მასში მოთავსებული, ნ. ნ–ის კუთვნილი სასკოლო ნივთებისა და სსიპ .......ის სახელობის რ–ს №.. საჯარო სკოლის კუთვნილი სახელმძღვანელოების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაუფლების მიზანი არ ამოძრავებდა.

10. იმავდროულად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ 2024 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით 17:15 საათის შემდეგ, დაზარალებული ნ. ნ–ი, თანმხლებ ორ ბიჭთან ერთად, გადაადგილდება ქ. რ–ში, კ–ს ქუჩის N..-ის მიმდებარედ, ისინი შედიან მსჯავრდებულ დ. პ–ის საცხოვრებელი სახლის კორპუსის სადარბაზოში და მალევე უკან გამოდიან, ტრიალებენ სადარბაზოს მიმდებარედ და კვლავ შედიან სადარბაზოში (მოწმე რ. პ–ის ჩვენებით თავდაპირველად ერთხელ გაისმა საცხოვრებელი ბინის კარზე ბრახუნის ხმა, რამდენიმე წუთში კი ვიღაცამ ისევ დააბრახუნა კარზე), საიდანაც მალევე სწრაფად გამორბიან. ორი ბიჭი მირბის წინ, ხოლო ნ. ნ–ი შედარებით უკან. 17:30 საათზე, დ. პ–ი სირბილით მიჰყვება გაქცეულ ბავშვებს იმ მიზნით, რომ გაარკვიოს თუ ვინ აბრახუნებდა მათი საცხოვრებელი ბინის კარზე (როგორც მსჯავრდებულ დ. პ–ის, ასევე მისი ოჯახის წევრების (მამა-რ. პ–ი, დედა - ც. ბ–ე) და მეზობელ თ. ბ–ის ჩვენებებით, ასევე – მ. ქ–სა და ჯ. ბ–ს გამოკითხვის ოქმებით, ქ. რ–ს, კ–ს ქუჩის მცხოვრებ პირთა კოლექტიური განცხადებით დასტურდება, რომ პა–ების სახლის კარზე (ასევე სხვა მეზობლების კარებზე) ხშირად აკაკუნებენ (აბრახუნებენ) ბავშვები და შემდეგ გარბიან. ასეთი შემთხვევები რამდენიმე წელია გრძელდება), ეწევა დაზარალებულ ნ. ნ–ს და მის მიმართ ფიზიკურად ძალადობს (ხელს ჰკრავს, ძირს აგდებს და სახის არეში ურტყამს მარჯვენა ხელს (რითიც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი)), ართმევს ზურგჩანთას და ნ. ნ–ის ზურგჩანთით შედის თავისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში (იხ.: შპს „მ..“-დან და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები).

10.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დ. პ–ი არ მოქმედებდა ნ. ნ–ის ჩანთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დ. პ–მა მართალია ფიზიკური ძალადობით წაართვა ჩანთა დაზარალებულს, თუმცა იმ მიზნით, რომ დაედგინა მისი ვინაობა და შემდგომში აღეკვეთა დაზარალებულის და მისი მეგობრების ქმედებები, რაც მას და მისი ოჯახის წევრებს (მათ შორის ავადმყოფ მამას) წლების განმავლობაში, ყოველდღიურად უქმნიდა დისკომფორტს.

11. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს დ. პ–ის მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი დაზარალებულ ნ. ნ–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეთა: გ. გ–ს, ზ. ს–ს გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოცნობის ოქმით, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული შპს „მ....“-დან და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ დ. პ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

13. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა დ. პ–მა ფიზიკურად იძალადა ნ. ნ–ზე, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ დასტურდება, რომ, დაზარალებულის ჩანთის დაუფლების მიზანი იყო ნ. ნ–ის ჩანთის აშკარად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. შესაბამისად, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია არა ძარცვის, არამედ - არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სხვაგვარი ძალადობის შემადგენლობა, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი

14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... და მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017). არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს განჩინება საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/20202).

15. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჟანა ერემაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე