საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1310აპ-24 თბილისი
ნ-ი მ., 1310აპ-24 26 მარტი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ეუაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 თებერვლის განაჩენით მ. ნ-ი, დაბადებული -- წელს, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 28 მაისიდან.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მ. ნ-მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
3. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენით მ. ნ-ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
· 2023 წლის 28 მაისს, ღამის საათებში, სოფელ --ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებული კონფლიქტისას, მ. ნ-მა ი. კ-ი გადმოათრია მანქანიდან, მარჯვენა ხელში დაარტყა ხელი და დაუსერა საკანცელარიო დანით. აღნიშნულის შედეგად ი. კ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით გაუქმდა: მ. ნ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი მარიამ ეუაშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მ. ნ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №438აპ-23, №144აპ-24).
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ ვერ დადგინდა მ. ნ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხილი დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, რომლებიც კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ.
9. N-- შეტყობინების თანახმად, 2023 წლის 28 მაისს, დაახლოებით, 03:05 საათზე, ფ---ის საავტომობილო გზის მე-- მონაკვეთზე, მოქალაქემ, რომლის გადმოცემით, არის ნ. ა-ა, განაცხადა, რომ გ-დან გამოიყოლა მისთვის უცნობმა პირმა მანქანით. სოფელ --ის მიმდებარე ტერიტორიაზე მძღოლთან მოუვიდა სიტყვიერი კონფლიქტი და ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც დაუზიანდა მარჯვენა ხელი, ჩამოვიდა ავტომანქანიდან, ხოლო მძღოლმა გაიყოლა მისი კუთვნილი 2 ცალი მობილური ტელეფონი.
10. დაზარალებულმა ი. კ-ის ჩვენებით, ინციდენტი მოხდა 2023 წლის 28 მაისს. მ. ნ-ს, რომელიც ტაქსით მოძრაობდა, შეხვდა --ში, რესტორანთან, საიდანაც მარტო გამოვიდა. ვინაიდან მთვრალი იყო, გააჩერა ტაქსი. შეთანხმდნენ, რომ მძღოლს 40 ლარად უნდა წაეყვანა --ში; თანხა გადაუხადა მანქანაში დაჯდომისთანავე. მანქანაში, მათ გარდა, არავინ ყოფილა. როდესაც წავიდნენ, მძღოლმა უთხრა, რომ, ჯიბეში რაც ფული ჰქონდა, ყველაფერი მიეცა, რაზეც უპასუხა, რომ ისინი 40 ლარზე შეთანხმდნენ და რატომ უნდა მიეცა მეტი. პირველად მანქანა გაჩერდა ---ში, წრესთან და ბრალდებულმა უთხრა, რომ საპირფარეშოში უნდა გასულიყო. გადავიდა მანქანიდან, 2-3 წუთში დაბრუნდა, გააღო უკანა კარები, სადაც თავად იჯდა და აქ მოუვიდათ შელაპარაკება. კვლავ მოსთხოვა ფული და, როდესაც უარი უთხრა მეტის გადახდაზე, მძღოლი ცდილობდა მანქანიდან მის გადაყვანას. ამ დროს მძღოლს ხელში ეჭირა რაღაც დანა, რითაც ხელზე მიაყენა დაზიანებები, რა დროსაც წამოუვიდა სისხლი, შეეშინდა და გაიქცა. შევიდა იქვე, ბარში, რომელშიც იცნობდა გოგონებს, ერთ-ერთი იყო ნ. (რომელიც ამჟამად თ...), მან წყალი მიაწოდა და დაეხმარა. ბარში, დაახლოებით, 15 წუთით გაჩერდა და, როცა უთხრეს, რომ მძღოლი წასული იყო, მაშინ გავიდა. იმ მომენტში ტკივილი ვერ იგრძნო, რადგან იყო მთვრალი; მოგვიანებით, როცა უკვე პოლიციაში იყო და ალკოჰოლის ზემოქმედებამაც გაუარა, გრძნობდა ტკივილს და სასწრაფოც გამოუძახეს. დაზარალებულის ჩვენებით, მანქანაში ყოფნისას შემთხვევით აერია და მძღოლის ტელეფონი, „ნოკია“, ჩაიდო ჩანთაში, ხოლო თავისი მანქანაში დარჩა. პოლიციაში თავისი განაცხადით არ მისულა, არამედ გამოიძახეს, რადგან მძღოლმა ტელეფონის გამო შეიტანა განცხადება. თვითონ ჰქონდა ორი ტელეფონი, რომლებიც მანქანაში დარჩა, რადგან ეგონა, რომ ერთი ჩანთაში ედო. სავარაუდოდ, როცა მძღოლი ექაჩებოდა და ჩანთა ჩაუვარდა მანქანაში, ტელეფონიც მაშინ ამოუვარდა. დარეკა კიდეც მათზე, თუმცა ორივე გათიშული იყო. ბოლოს ტელეფონები პოლიციაში ნახა, სადაც ამოიცნო თავისი ორი „სამსუნგი“. იქამდე გაუშვა ტაქსი თავისი ტელეფონების გამოსართმევად და ისიც უთხრა, რომ ხარჯს აუნაზღაურებდა, თუმცა ბრალდებულს უარი უთქვამს გაგზავნილი ტაქსის მძღოლისთვის და წასულა პოლიციაში. გამოკითხვის შემდეგ მის დაზიანებებს ფოტოები გადაუღეს და, დაახლოებით, ერთ კვირაში წაიყვანეს ექსპერტიზაზე გამომძიებელსა და თარჯიმანთან ერთად. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ სასჯელთან დაკავშირებით ენდობა სასამართლოს, რომ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, თავად ამ მხრივ არ გამოხატავს კონკრეტულ მოთხოვნას.
11. დაზარალებულის ჩვენებას უპირისპირდება მ. ნ-ის ჩვენება, კერძოდ, ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ფაქტამდე არ იცნობდა ი. კ-ს და არც ნანახი ჰყავდა სადმე. შემთხვევის დღეს, --ში, რესტორანთან, დაზარალებულს თან ახლდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ის იცნობდა და რომელმაც უთხრა, რომ --ში ჩაეყვანა. ქალბატონი წინ დაჯდა, ბიჭი – უკან. ბიჭი ჩავიდა, ქალი კი უნდა წაეყვანა --ში. თანხის ოდენობაზე არ იყვნენ შეთანხმებულები, უთხრა, რომ სახლში მიეყვანა და მერე მისცემდა თანხას. გზაში ქალმა უთხრა, რომ ყავა უნდოდა, შემდეგ კი თქვა, რომ საპირფარეშოში უნდოდა, რის გამოც, მანქანა გააჩერა --ში, ბენზინგასამართ სადგურთან. ქალი გადავიდა მანქანიდან, თვითონ კი, ვინაიდან მანქანის რადიატორი წყალს უშვებდა, ჩაამატა წყალი, რა დროსაც გაიგო მანქანიდან ხურდების ამოღების ხმა, რადგან 5-6 ლარის ხურდები ჰქონდა ჩაყრილი გამოყოფილ ადგილას, იფიქრა, რომ ხურდა სჭირდებოდა და არაფერი უთქვამს. როცა მანქანაში დაბრუნდა, ქალმა უთხრა, რომ ყავა უნდოდა, მან გააჩერა გზის პირას, --ის შესახვევამდე, სადაც იყიდება ყავა, მეორე სართულზე კაფე იყო. ქალი გადმოვიდა მანქანიდან, ყავა არ უყიდია, ავიდა მეორე სართულზე, ელოდა 5-10 წუთი და, რომ არ დაბრუნდა, თვითონაც ავიდა. იქ 5-6 ქალი ცეკვავდა, ბარმენი მიუახლოვდა და ჰკითხა, რა უნდოდა, რაზეც უპასუხა, რომ იმ ქალბატონს მიაკითხა, --ში უნდა წაეყვანა, რაზეც უთხრა, რომ დამჯდარიყო და ჩაი დაელია, რაც გააკეთა. სულ 25 ლარი ჰქონდა, 20 ლარით საწვავი ჩაასხა, 5 ლარი კი ჩაიში გადაიხადა. როცა ქალები ცეკვას მორჩნენ, დაზარალებული წავიდა და სხვა მხარეს დაჯდა. მან ჩაიც აღარ დალია, მივიდა და უთხრა, დაებრუნებინა მისი ტელეფონი, რომელიც მანქანიდან აიღო და თან სახლში წაიყვანდა, მან კი უპასუხა, წადი აქედან, გაეთრიეო. ისიც სახლში დაბრუნდა ტელეფონის გარეშე. ქალის ტელეფონი სავარძლებს შორის იყო ჩავარდნილი, ერთი ტელეფონი კი უკან იყო. ერთი ტელეფონი გამორთული იყო, მეორე – ჩართული. მას არ სჭირდებოდა ეს ტელეფონები, უნდოდა მაშინვე დაბრუნება და თავისი ტელეფონის გამორთმევა. ნახევარი საათის შემდეგ დაურეკეს, ბიჭი ესაუბრა ა-ად და სთხოვა, რომ ჩასულიყო --ში, პოლიციაში, მან უთხრა, რომ --ის პოლიციაში წავიდოდა და იქ ჩააბარებდა ტელეფონს. დაახლოებით, ნახევარ საათში, მასთან ორი პოლიციელი მივიდა, მას შემდეგ, რაც ტელეფონზე საუბრისას ბიჭს უთხრა თავისი სახელი, გვარი, მისამართი და მანქანის ნომერი. ტელეფონები რომ მოეპარა, საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციასაც არ ეტყოდა. მეორე დღეს დაზარალებულიც მივიდა განყოფილებაში და, როცა ჰკითხა, რატომ დააჭერინე ჩემი თავიო, უპასუხა: „– რადგან სახლში არ წამიყვანეო“. მ. ნ-მა უარყო ძალადობა და განაცხადა, რომ თითითაც არ შეხებია დაზარალებულს, ასევე, მანქანაში არ ჰქონია დანა ან მსგავსი საგანი; მან თვითონვე მიიღო დაზიანება, ვინაიდან გზაში, ერთ-ერთ ხიდთან, ქალმა უთხრა, აქ გააჩერე, საპირფარეშოში მინდაო, თუმცა, რადგან მანქანები მოძრაობდნენ და კამერებიც იყო, იქ გაჩერებაზე უარი თქვა, რის გამოც, დაზარალებულმა ქურთუკი გამოუწია და კისერზე უკბინა, რითაც განიცადა ტკივილი და ლამის ავარია მოუხდა.
12. ოდოროლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა თანახმად, დასტურდება მ. ნ-ის მფლობელობაში არსებულ ავტომანქანაში დაზარალებულის ყოფნა, არ წარმოადგენს სადავოს და არც იმ სახის მტკიცებულებებს, რომლებიც მ. ნ-ის ჩვენებას არადამაჯერებელს გახდიდა.
13. პალატა აღნიშნავს, რომ, დაზარალებულ ი. კ-ის ჩვენების გარდა, საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა მ. ნ-ის მხრიდან ი. კ-ზე ძალადობა. მხოლოდ ხელზე არსებული დაზიანება იმ ვითარებაში, როდესაც არ ყოფილა შემოწმებული მ. ნ-ის ვერსია, არ წარმოადგენს მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საკმარის საფუძველს. საგულისხმოა ისიც, რომ მ. ნ-მა თავიდანვე არ უარყო თავის ავტომანქანაში დაზარალებულის ყოფნის ფაქტი. მეტიც, საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიუთითა გადაადგილების მარშრუტი და ის ადგილები, სადაც გაჩერდნენ. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმშივეა აღნიშნული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების არსებობის თაობაზე, რომელთა ჩანაწერები დაადასტურებდნენ ან გამორიცხავდნენ მ. ნ-ის ჩვენების სისწორეს. მიუხედავად აღნიშნულისა, დროის გასვლის გამო, ვერ მოხერხდა ჩანაწერების მოპოვება, რადგან, ამ საკითხთან დაკავშირებით, მოწმეები გამოიკითხნენ მხოლოდ 2023 წლის 22 ივნისს. გარდა ამისა, გამოძიებას არ მოუპოვებია მტკიცებულებები იმ კაფეში მომუშავე თუ იქ მყოფი პირების გამოკითხვის ოქმების სახით, სადაც, მ. ნ-ის ჩვენების შესაბამისად, შეჰყვა დაზარალებულს, ხოლო შემდეგ დაბრუნდა უკან. ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ აღნიშნული მტკიცებულებების მოპოვება გამოძიებამ არ მიიჩნია მიზანშეწონილად. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ორივე მხარე სხვადასხვა ვერსიას ავითარებდა, რომელიმე მხარის პოზიციის გასამყარებლად, საჭირო იყო დამატებითი მტკიცებულებები. მაგალითად, დაზარალებულის ჩვენებით, ის იჯდა უკან, ხოლო მ. ნ-ი გამოძიების დაწყებიდან მიუთითებდა, რომ დაზარალებული წინ იჯდა და კისერზეც კი უკბინა მას. გასათვალისწინებელია, რომ ავტომანქანის დათვალიერების ოქმი და ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N-- დასკვნა შეესაბამება თავად მ. ნ-ის ჩვენების იმ ნაწილს, რომელშიც ის მიუთითებს, რომ დაზარალებული იჯდა წინა სავარძელზე. დასკვნის თანახმად, სწორედ წინა, მარცხენა სავარძლის წინ, შალითაზე მოთავსებულ სიგარეტის ნამწვზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი. კ-ს. ავტომანქანის გაჩერებებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ინფორმაცია მოაწოდეს დაზარალებულმა და ბრალდებულმა. ასევე განსხვავებული ინფორმაცია მოაწოდეს კაფეში შესვლასთან დაკავშირებით. მარტივად შეიძლებოდა აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება, თუმცა ბრალდების მხარეს ეს არ გაუკეთებია და დამატებითი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
14. მართალია, ვიზუალური დათვალიერების ოქმითა და მასზე დართული ფოტოსურათებით, ასევე – მოწმეების: თ. გ-ისა და ქ. ჯ-ის ჩვენებებით, დაზარალებულს მარჯვენა ხელზე აღენიშნებოდა დაზიანებები, მაგრამ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 17 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის N-- დასკვნით დადგინდა, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათი N---ის მონაცემებით, ი. კ-ს 28.05.23 წელს აღენიშნებოდა ექსკორიაციები მარჯვენა წინამხრის და მაჯის მიდამოში, რომლებიც მიყენებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. სამედიცინო საბუთებში არსებული მონაცემებით, დაზიანების ხანდაზმულობა ვერ განისაზღვრა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა მ. ლ-ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ექსკორიაცია შეიძლება იყოს კანის დონეზე ან კანის დონეზე, ქვემოთ, ხოლო სამედიცინო ბარათში ეწერა მხოლოდ ექსკორიაცია, შესაბამისად, დროც ვერ დადგინდება, როდის იყო მიყენებული დაზიანება. დანა არ წარმოადგენს მკვრივ-ბლაგვ საგანს, თუმცა ფრჩხილი ერგება ამ აღწერილობას. დოკუმენტის შემდგენმა დაზიანებები აღწერა, როგორც ექსკორიაციები, რომლებიც მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებითაა გამოწვეული; დანით მიყენების შემთხვევაში, მითითებული იქნებოდა ნაკვეთი ჭრილობა. დასკვნის შედგენისას დამატებითი ინფორმაცია ხანდაზმულობის გარკვევის მიზნით არ ყოფილა მოთხოვნილი, რადგან, ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი იყო სამედიცინო ბარათი.
15. დაზარალებულ ი. კ-სთვის დაზიანებები დანით ან სხვა რაიმე მჭრელი საგნით რომ არ მიუყენებიათ, დასტურდება მოწმე ნ. ჯ-ის ჩვენებითაც, რომლის თანახმად, იგი მუშაობს სასწრაფოს ექიმად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში; 2023 წლის 28 მაისს, ღამის საათებში გამოძახების დროს, პოლიციის სამმართველოში მისვლისას დახვდა პაციენტი ი. კ-ი, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა წინამხრის ქვედა მესამედსა და მაჯის არეში, კერძოდ, სახეზე იყო ექსკორიაციები, რომლებიც დამუშავდა, ხოლო პაციენტს, რომელიც ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებდა, მიეცა შესაბამისი რეკომენდაციები. მასთან ერთად იყვნენ ექთანი ხ. პ-ე და მძღოლი მ. ო-ი. დაზიანებები უშუალოდ დაათვალიერა და აღწერა სამედიცინო ბარათში. პაციენტი ემოციურად იყო აღელვებული და ამბობდა, რომ დაზიანება უცნობმა მამაკაცმა მიაყენა. ზოგადად, ექსკორიაცია შეიძლება გაჩნდეს გაკაწვრის, გაფხაჭვნის შედეგად, თუმცა იმ მომენტში კონკრეტულად როგორ იყო მიღებული დაზიანება, არ განუსაზღვრავთ. ამგვარი დაზიანების მიყენება შეიძლება ფრჩხილის მოქმედებითაც. მოწმის განმარტებით, დანით მიყენებული ჭრილობისას სახეზეა ნაკვეთი ჭრილობები და სისხლდენა, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ ყოფილა და არც ფუფხი ჰქონია; იყო ახალი დაზიანება.
16. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დაზარალებულს თავად არ მიუმართავს სამართალდამცავი ორგანოებისთვის. ფ-ის საავტომობილო გზის მე--- მონაკვეთი, რაც მითითებულია შეტყობინებაში, ბრალდების მხარისავე განმარტებით, წარმოადგენს პოლიციის განყოფილებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ძალადობის მოტივთან დაკავშირებითაც დაზარალებულმა გამოძიებისგან განსხვავებული განმარტებები გააკეთა.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ პირობებში, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და მის ხელზე არსებული დაზიანებები, რომელთა არც ხანდაზმულობაა განსაზღვრული და არც სავარაუდო საგანი, რომლითაც ისინია მიყენებული, მ. ნ-ის ჩვენების პირობებში, ვერ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები (მოწმე გ. ბ-ის ჩვენება და მისივე პატაკი, ამოღების, დათვალიერების, პირის ამოცნობის, ნიმუშის აღების, დაკავების ოქმები და სხვა მასალები) ვერ მიიჩნევა მ. ნ-ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ დაცვის მხარის ვერსია იმის შესახებ, რომ მ. ნ-ს არ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა ი. კ-სთვის, საქმეზე გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დასაბუთებულად ვერ იქნა უარყოფილი. ამდენად, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნიან მხოლოდ ეჭვს მ. ნ-ის მხრიდან დანაშაულის ჩადენის თაობაზე, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი უნდა გადაწყდეს მის სასარგებლოდ.
18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი – გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რომელიც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ეუაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე