საქმე # 010100123007457917
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1324აპ-24 ქ. თბილისი
ზ. კ.1324აპ-24 10 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: კ. ზ–ს - პ/ნ .........., - ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით(სამი ეპიზოდი).
მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის თებერვლის ბოლოს ქ. ბ–ში, ........ის ქუჩის №.., ბინა №..-ში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა კ. ზ–მ იძალადა თავისი ოჯახის წევრის - დედის, ლ. ბ–სის მიმართ, კერძოდ, ზურგის არეში ძლიერად ჩაარტყა მარჯვენა ხელის მუშტი, რის შედეგადაც ლ. ბ–სმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
2023 წლის 27 მარტს ქ. ბ–ში, ........ის ქუჩის №.., ბინა №..-ში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა კ. ზ–მ იძალადა თავისი ოჯახის წევრის - დედის, ლ. ბ–სის მიმართ, კერძოდ, მოჰქაჩა თმაზე და ათრია იატაკზე, რის შედეგადაც ლ. ბ–სმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2023 წლის 4 მაისს, ღამის საათებში, ქ. ბ–ში, ........ის ქუჩის №.., ბინა №..-ში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა კ. ზ–მ ფიზიკურად იძალადა თავისი ოჯახის წევრის - დედის, ლ. ბ–სის მიმართ, კერძოდ, ძლიერად მოქაჩა მუშტი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ლ. ბ–სმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).
მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 10 მარტს, დღის საათებში, ქ. ბ–ში, ........ის ქუჩის №.., ბინა №..-ში, კ. ზ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს - დედას, ლ. ბ–სს, რომელმაც მისი მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2023 წლის 27 მარტს, დღის საათებში, ქ. ბ–ში, ........ის ქუჩის №.., ბინა №..-ში, კ. ზ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს - დედას, ლ. ბ–ს, რომელმაც მისი მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2023 წლის 4 მაისს, ღამის საათებში, ქ. ბ–ში, ........ის ქუჩის №.., ბინა №..-ში, კ. ზ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს - დედას, ლ. ბ–სს, რომელმაც მისი მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 ივლისის განაჩენით:
2.1. კ. ზ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
2.2. კ. ზ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 10 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
2.3. კ. ზ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 27 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
2.4. კ. ზ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 27 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
2.5. კ. ზ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 4 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
2.6. კ. ზ– ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 4 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
2.7. გამართლებულ კ. ზ–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და კ. ზ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის შესაბამისი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ კ. ზ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ბ–მ, რომელმაც მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნიკა მენთეშაშვილი ითხოვს კ. ზ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და შესაბამისი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს კ. ზ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და შესაბამისი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
8. ბრალდების მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდების მხარის ყველა არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
9. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ლ. ბ–მა და მოწმე: ვ. ზ–მ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მათი ახლო ნათესავის – კ. ზ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია კ. ზ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორს მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი N....... შეტყობინების შინაარსის გაზიარებასთან დაკავშირებით და კვლავაც აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულს არ დაუდასტურებია მითითებული ინფორმაცია შეუძლებელია, მოცემული შეტყობინება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. დაზარალებულის შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით (იხ. მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის 86აპ-24 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის N1317აპ-23 განჩინება).
11.1. ამასთან, N......... შეტყობინებაში მითითებულია მხოლოდ 2023 წლის 4 მაისის სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაზე. შეტყობინებაში ასევე ზოგადადაა მითითებული, რომ „პირველად არ ხდება მოცემული ფაქტი“, ხოლო კ. ზ–ს მიერ ლ. ბ–სის მიმართ მუქარის ჩადენის ფაქტზე საერთოდ არ არის მითითებული (იხ.: ტ.1, ს.ფ. 2).
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეები: ე. ც–ე და გ. ბ–ე არ არიან შემთხვევის თვითმხილველი პირები, ისინი არ შესწრებიან ფიზიკური ძალადობის ფაქტებს და მათ ამის შესახებ იციან მხოლოდ დაზარალებულის გადმოცემით, შესაბამისად, მათი ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
12.1. იმავდროულად, დეტექტივების – ე. ც-სა და გ. ბ-ს მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმები შეიცავს მხოლოდ 2023 წლის 4 მაისის ძალადობის ფაქტზე მითითებას და არაინფორმატიულია კ. ზ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ძალადობის სხვა ეპიზოდების და მუქარის ფაქტების სამტკიცებლად (იხ.: გ. ბ-ს 2023 წლის 5 მაისის გამოკითხვის ოქმი (ტ.1, ს.ფ. 19-22) და ე. ც-ს 2023 წლის 5 მაისის გამოკითხვის ოქმი (ტ.1, ს.ფ. 23-26)).
13. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 16 მაისის N.......... სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის თანახმად, ლ. ბ–ს სამედიცინო შემოწმებისას აღენიშნებოდა ნაკაწრი, რომელიც განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის, ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანება მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (იხ. ტ.1, ს.ფ. 206-209).
13.1. სასამართლო ერთის მხრივ ითვალისწინებს, რომ მოცემული ექსპერტიზის დასკვნით ვერ დგინდება დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა. მეორეს მხრივ კი, სამედიცინო ექსპერტიზის კვლევით ნაწილში, პირადი შემოწმების მონაცემებში მითითებულია, რომ ლ. ბ–ს აღენიშნებოდა მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე, II თითის საფრჩხილე ფალანგზე, მოწითალო ფერის კანის დონიდან მაღლა მდებარე ფუფხით დაფარული ხაზოვანი ფორმის ნაჭდევი-ნაკაწრი, სიგრძით 0,9 სმ. გარეგნულად, სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკური დაზიანების სხვა რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, 2023 წლის 4 მაისს კ. ზ–ს მიერ ჩადენილი ფიზიკური ძალადობა გამოიხატა ლ. ბ–სათვის ძლიერად მოქაჩვასა და თავის არეში მუშტის რამდენჯერმე ძლიერად დარტყმაში (იხ.: დადგენილება პირის ბრალდების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 219-223)
14. კ. ზ–ს მიმართ 2023 წლის 4 მაისს გამოცემული №....... შემაკავებელი ორდერის თანახმად, 2023 წლის 4 მაისს, ქ. ბ–ში, ........ის ქუჩის №.., ბინა №..-ში ყოფნის დროს, კ. ზ–მ ლ. ბ–სს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ლ. ბ–სმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში. ასევე გრაფაში: მოძალადე დაგმუქრებიათ ჯანმრთელობის დაზიანებით, მოკვლით ან/და ქონების განადგურებით, რამაც თქვენში მუქარის განხორციელების შიში გამოიწვია ოქმში ზოგადადაა მითითებული 2023 წლის 4 მაისზე, 10 მარტსა და 27 მარტზე (იხ.: ტ.1, ს.ფ. 7-10), თუმცა რაში გამოიხატა კონკრეტულად 2023 წლის 10 მარტსა და 27 მარტს მუქარები მითითებული არ არის.
14.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემაკავებელი ორდერი ხელმოწერილია როგორც დაზარალებულის, ასევე კ. ზ–ს მიერ, მხარეთა მიერ ცნობილია უდავოდ, თუმცა დაზარალებულის მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის გამოყენებისა და ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გათვალისწინებით მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს კ. ზ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
15. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება კ. ზ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
16. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე