საქმე # 240100123007461208
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1332აპ-24 ქ. თბილისი
ხ. ა. 1332აპ-24 26 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილე თეიმურაზ ჯალაღონიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ა. ხ–ს - პ/ნ ........., - ბრალად ედებოდა:
1.1. გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის ოქტომბრიდან - 2020 წლის მაისის ჩათვლით ა. ხ. და მ. ხ–ა იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2017 წლის დეკემბრიდან - 2020 წლის მაისის ჩათვლით, დროის სხვადასხვა პერიოდში, როგორც ქალაქ თ–ში, მ–ს დასახლებაში, დ–ს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, ასევე, ქალაქ ს–ში შ–ს ქუჩის №..-სა და ტ–ს ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლებში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ა. ხ. სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მ. ხ–ას, ამასთან გამოხატავდა მუდმივ უკმაყოფილებას მის მიმართ და უკრძალავდა მუშაობას. ურტყამდა ხელს სახის მიდამოში და ანარცხებდა კედელზე და აგინებდა მისი და ოჯახის წევრის მისამართით. კერძოდ: 2017 წლის დეკემბრის თვეში, 2018 წლის აპრილის თვეში, 2018 წლის ზაფხულში და 2020 წლის თებერვლის თვიდან 2020 წლის 14 მაისის ჩათვლით დროის მონაკვეთში, სისტემატურად, კვირაში ორჯერ, ა. ხ– სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მ. ხ–ას სხეულის სხვადასხვა ადგილას. მათ შორის 2020 წლის 14 მაისს ქალაქ ს–ში ტ–ს ქუჩა №..-ში, ა. ხ–ს მიერ მ. ხ–ას მიმართ ჩადენილი ერთ-ერთი მორიგი ძალადობისთანავე, მას შეუსწრო მ. ხ–ას ბიძამ ზ. ხ–მ, რა დროსაც ა. ხ–მ ზ. ხ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა ადგილას, ა. ხ–ს მიერ ჩადენილი ქმედებებით მ. ხ–ა განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.
1.2. გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით, პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის ოქტომბრიდან - 2020 წლის მაისის თვის ჩათვლით ა. ხ– და მ. ხ–ა იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ქორწინების განმავლობაში, დროის სხვადასხვა პერიოდში, ა. ხ., გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, სისტემატიურად, ახორციელებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მ. ხ–ს მიმართ, კერძოდ, ხელის დარტყმით ძალადობდა ფიზიკურად და აგინებდა შეურცხმყოფელი სიტყვებით მისი და ოჯახის წევრების მისამართით, ასევე ცემით ემუქრებოდა, გამოხატავდა მუდმივ უკმაყოფილებას მის მიმართ და უკრძალავდა მუშაობას, რაც შედეგად იწვევდა მ. ხ–ას პატივისა და ღირსების სისტემატიურ დამცირებას. 2020 წლის 14 მაისს, დღის საათებში, ქალაქ ს–ში ტ–ს ქუჩის მიმდებარედ მომხდარი ერთ-ერთი მორიგი კონფლიქტის დროს, ა. ხ–მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მ. ხ–ას კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაგინა მას მისი და ოჯახის წევრების მისამართით. მ. ხ–ამ ა. ხ–ს მხრიდან პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირების გამო გადაწყვიტა თვითმკველელობა და იმავე დღეს, ქალაქ ს–ში, შ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სამზარეულო ოთახში, მარცხენა ხელის მტევანთან დანის გამოყენებით თავის მოკვლის მიზნით მიიყენა თვითდაზიანება. კერძოდ, დანის მჭრელი ნაწილი გადაისვა მარცხენა მაჯაზე, რის შედეგადაც მიიღო დაზიანება. აღნიშნულ ფაქტზე მ. ხ–ას შეუსწრო დედამ – მ. გ–მ – რომელმაც გასტაცა დანა და არ მისცა შესაძლებლობა გადაწყვეტილება, თავის მოკვლის თაობაზე, სისრულეში მოეყვანა.
2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენით:
2.1. ა. ხ– საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
2.2. გამართლებულ ა. ხ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ წულაიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ა. ხ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის სამართლიანი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინეს გამართლებულ ა. ხ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ს. კ–მ და გ. ლ–მ, რომლებმაც მოითხოვეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილე თეიმურაზ ჯალაღონია ითხოვს ა. ხ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და შესაბამისი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
7. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017). საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ა. ხ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და შესაბამისი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
8. ბრალდების მხარემ სენაკის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდების მხარის ყველა არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
9. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით ადასტურებენ ა. ხ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის – გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – ჩადენას.
11. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილით გათვალისწინებული სისტემატური ცემის შემადგენლობა გულისხმობს მის ჩადენას სულ მცირე სამჯერ მაინც დროის ხანმოკლე ინტერვალით. ამასთან, ცემის სისტემატიური ხასიათი უნდა განსაზღვრავდეს დაზარალებულის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას და თითოეული ეპიზოდი უნდა დასტურდებოდეს მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობით, რაც დააკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
12. ბრალდების მხარე ა. ხ–ს ედავება სავარაუდო ძალადობის ფაქტებს 2017 წლის დეკემბერში, 2018 წლის აპრილში, 2018 წლის ზაფხულში და 2020 წლის თებერვლიდან 2020 წლის 14 მაისის ჩათვლით.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2017 წლის დეკემბერის, 2018 წლის აპრილის, 2018 წლის ზაფხულისა და 2020 წლის თებერვლიდან 2020 წლის 14 მაისამდე ფაქტებთან მიმართებით წარმოდგენილია მხოლოდ მ. ხ–ას ჩვენება.
13.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2022 წლის 25 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შინაარსი სრულად ეფუძნება დაზარალებულ მ. ხ–ას მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს მიწოდებულ ინფორმაციას. შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენება ერთი წყაროდან მოპოვებული მტკიცებულებაა, რის გამოც, მსჯავრდების მიზნებისთვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ უნდა იქნეს განხილული დამოუკიდებელ მტკიცებულებად (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის N158აპ-23 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბრის N496აპ-23 განჩინება).
14. 2020 წლის 14 მაისის ფაქტთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეები: მ. გ– (მ. ხ–ას დედა), გ. წ– და ე. კ–ა ძალადობის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უშუალოდ არ შესწრებიან, მომხდარის შესახებ იციან გადმოცემით დაზარალებულის (ან მისი ოჯახის წევრებისაგან), შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია და მათი გამოყენება მსჯავრდებისათვის მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესის საფუძველზე დაუშვებელია, რადგან შეიცავს პირის ბრალდებასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-37, II-52).
15. მოწმე ლ. ფ–ს (მ. ხ–ას ბებია) განმარტებით, 2020 წლის მაისში საღამოს საათებში, მისი შვილიშვილი მ. ხ–ა და მისი მეუღლე ა. ხ. ავიდნენ დასაძინებლად, მეორე სართულზე, საიდანაც მოესმა ფეხების ბრახუნი. მისი შვილი ზ. ხ. სახლის პირველ სართულზე იმყოფებოდა და ხმაურზე ავიდა ზემოთ სართულზე, ცოტა ხანში, თვითონაც (მოწმე) ავიდა და ნახა, რომ ა. ხ–ს ფეხქვეშ ჰქონდა გაგდებული ზ. ხ. და გამეტებით ურტყამდა, მ–ა კიოდა. თვითონ ასაკის გამო ვერ შეძლო გაშველება.
15.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმემ გაიგონა მხოლოდ ხმაური და სახლის მეორე სართულზე ასული შეესწრო ა. ხ–ს მიერ ზ. ხ–ს მიმართ ძალადობას, მოწმეს არ უნახავს მ. ხ–ას მიმართ რაიმე სახის ფიზიკური ძალადობა ჩაიდინა თუ არა ა. ხ–მ, მოწმე ასევე არ უთითებს მ. ხ–ას მდგომარეობაზე ოთახში შესვლის დროს.
16. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ზ. ხ–ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, მ–ას მიმართ ძალადობის ფაქტს არ შესწრებია, მან მხოლოდ ნახა რომ მ–ა საწოლზე ეგდო, სახეზე იყო გაწითლებული და თმები ჰქონდა არეული, ხოლო ა–ი ფეხზე იდგა. ა–ი მაშინვე მივარდა მას და მუშტი დაარტყა სახეში. რის შემდეგაც დააგდო საწოლზე, შემოაჯდა ზემოდან და სახისა და თავის არეში ურტყა მუშტები. თვითონ წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ვერ მოიგერია, რადგან ა–ი მასზე ძლიერია ფიზიკურად. რის გამოც დედას სთხოვა მეზობლებისათვის დაძახება (იხ.: ტ.1, ს.ფ. 102-105).
17. მოწმე ზ. კ–ს განმარტებით, მეზობლის – ლ. ფ–ს – სახლიდან, შემოესმა კივილის ხმა. მაშინვე გადავიდა ლ. ფ–სას სახლში. მ. ხ–აზე ა. ხ–ს ძალადობის ფაქტს არ შესწრებია. იგი შეესწრო მხოლოდ ზ.–ს და ა–ის ჩხუბს, რომლებიც გააშველა.
18. მოწმე თ. დ–სს განმარტებით კი, როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდა, მისი მეუღლე (ზ. კ.) უკვე აშველებდა ზ. ხ–ს და ა. ხ–ს.
19. გამომძიებლებმა: ს. ჯ–მ, რ. კ–მ, თ. ს–მ და ბ. ჩ–მ ჩაატარეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები და სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას მიუთითეს აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებზე.
20. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2022 წლის 11 ივლისის N....... დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვით მ. ხ–ას სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება (იხ.: ტ. 1, ს.ფ. 81-84)
21. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N...... დასკვნით დასტურდება, რომ ა. ხ–ს მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად მ. ხ–ას არ განუცდია ფსიქიკური ტანჯვა (იხ.: ტ.1, ს.ფ. 85-91).
22. მ. ხ–ას ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასების შესახებ 2022 წლის 15 მაისს შედგენილ ფსიქოლოგ თ. ფ-ს დასკვნასთან მიმართებით (რომლის თანახმად „ამჟამინდელი გამოკვლევით გამოხატულია მწვავე დეპრესიული და საშუალოდ გამოხატული შფოთვითი სიმპტომატიკა, ასევე გამოხატულია სომატური სიმპტომები, აღნიშნული ფსიქოლოგიური მდგომარეობა გავლენას ახდენს ბენეფიციარის ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე, სამომავლო გეგმებზე, მოტივაციაზე. დიაგნოსტირების და კლინიკური ინტერვიუს საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბენეფიციარის ამჟამინდელი ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაკავშირებულია ზემოთაღწერილ მატრავმირებელ მოვლენებთან. რეკომენდაცია: ბენეფიციართან რეკომენდირებულია ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, ფსიქოთერაპია“) სასამართლო ითვალისწინებს, თავად ფსიქოლოგ თ. ფ-ს განმარტებებს ჩვენების მიცემისას. მოწმემ მიუთითა, რომ აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა მ. ხ–ას განმარტებების საფუძველზე. მას დაახლოებით სამჯერ ჰქონდა კომუნიკაცია ბენეფიციართან, რომელიც სწორედ ამგვარად აფასებდა მის მდგომარეობას. ჰქონდა სირცხვილის განცდა, რომ მას როგორ დაემართა, როგორ შეცდა, რასაც ნერვიულობდა გადაჭარბებულად. დასკვნითი ნაწილი ემყარება სწორედ მის მიერ დასმულ კითხვებზე მ. ხ–ას პასუხებს. მოწმის განმარტებით ფსიქოთერაპევტია, არ არის ექსპერტი და არც საექსპერტო გამოცდილება გააჩნია.
23. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ ეპიზოდებში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება (დაზარალებულის ჩვენება), რაც არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება ა. ხ–ს მიერ მ. ხ–ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კასატორის მოთხოვნა ამ ნაწილში.
24. ა. ხ–სათვის საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ბრალად წარდგენილ ქმედებასთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით, პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით, განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენა პირს შეუძლია მხოლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. პირდაპირი განზრახვა გულისხმობს, რომ დამნაშავის ქმედება (მოცემულ შემთხვევაში მუქარა, პატივის და ღირსების სისტემატური დამცირება) უნდა განხორციელდეს დაზარალებულის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის მიზნით, ხოლო არაპირდაპირი განზრახვის დროს დამნაშავეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ასეთი შედეგის დადგომის შესაძლებლობა, არ სურდეს ეს შედეგი, მაგრამ, შეგნებულად უნდა უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას.
24.1. თვითმკვლელობის ცდამდე მსხვერპლის მიყვანა გულისხმობს მსხვერპლის მიმართ დამნაშავის მიერ რიგი არამართლზომიერი ქმედებების ჩადენას. იგი შესაძლოა გამოიხატოს მუქარაში, რაც შესაძლოა იყოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი. მთავარია, რომ დაზარალებულის მიერ აღიქმებოდეს როგორც მისი უფლებისა და თავისუფლების კანონიერი ინტერესებისათვის სახიფათო. რაც შეეხება მსხვერპლის მიმართ პატივისა და ღირსების სისტემატურ დამცირებას, იგი შეიძლება, გამოიხატოს ფსიქოსადიზმში, შეურაცხყოფაში, ფიზიკური ნაკლის მქონე დაზარალებულის სისტემატურ დაცინვასა და სხვა ისეთ ქმედებაში, რომელიც ამცირებს დაზარალებულის პატივსა და ღირსებას.
25. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ მ. ხ–ასა (დაზარალებულის განმარტებით, 2020 წლის 14 მაისს ა. ხ. იმყოფებოდა მეზობელთან, სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს, ვინაიდან ახლოვდებოდა კომენდანტის საათი, უთხრა, რომ ბებიის სახლში უნდა წასულიყვნენ, სადაც დასაძინებლად რჩებოდნენ. ა–ი წაჰყვა, მაგრამ სახეზე იყო გაწითლებული, თვალები ჰქონდა ჩასისხლიანებული, იყო გაღიზიანებული და მისი მისამართით დაიწყო გინება. არ იცის იმ მომენტში მის გონებაში რა მოხდა, პირველად დაემართა მსგავსი რამ, გონებაში აერია ყველაფერი, იგრძნო საოცარი შიში, ყველა ფემიციდის შემთხვევები გაიხსენა და აღიდგინა, ძალიან შეეშინდა, უცებ მოტრიალდა და დაბრუნდა სახლში შ–ს ქუჩაზე, გააღო ჭიშკარი, გააღო სახლის კარები, შევიდა, უნდა დაესვა დანა, მაგრამ დედამ დაიჭირა, პატარა დაზიანება ჰქონდა, ღრმა ჭრილობა არ ყოფილა, დედამ გამოაფხიზლა (იხ.: სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 თებერვლის სხდომის ოქმი 13:46:40-13:47:45). მისი ქმედების მიზეზი იყო შიში, შეეშინდა, ეშინოდა (იხ.: სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 თებერვლის სხდომის ოქმი 13:47:50-13:48:09). ა. ხ. გამუდმებით აყენებდა შეურაცხყოფას, ეუბნებოდა რომ „ქალად არ ვარგოდა“, „რას გავდა“ მიმართავდა სიტვით –„ბოზო“, 14 მაისს აგინებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მისმა სიტყვიერმა შეურაცხყოფებმა დაუგდო თვითშეფასება, ფიქრობდა, რომ დამნაშავე თვითონ იყო (იხ.: სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 თებერვლის 13:48:10-13:49:20). 14 მაისს შემთხვევის (სუიციდის მცდელობის) შემდეგ დამშვიდდა, მოვიდა აზრზე, თავის თავს ეუბნებოდა, რომ მშვიდად, წყნარად წაეყვანა ტ–ს ქუჩაზე მდებარე სახლში ა–ი, რომ დაეძინა. მიბრუნდა, სადაც ა–ი დატოვა. ის ისევ ქუჩის თავში იყო და იგინებოდა, სთხოვა, ეფერა, წასულიყვნენ სახლში, ა-მა უთხრა რომ მოვიდოდა. თავად წავიდა სახლში. ა–იც მალევე მივიდა (იხ.: სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 თებერვლის 13:49:25-13:50:04). სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს, რადგან ჭრილობა უმნიშვნელო იყო და არ საჭიროებდა ჩარევას) და მ. გ–ს (მოწმის განმარტებით, 2020 წლის 14 მაისს, საღამოს საათებში, მისი შვილი მ. ხ–ა და ა. ხ–, ორივენი იყვნენ შ–ს ქუჩა №..-ში, მათ საცხოვრებელ სახლში. ა-ს უნდოდა დალევა, მაგრამ მ–ამ უთხრა, რომ კომენდატის საათი არ მოსწრებოდათ დროზე წასულიყვნენ ტ–ს ქუჩაზე მდებარე მათსავე სახლში, სადაც ყოველ ღამე დასაძინებლად მიდიოდნენ. ორივენი წავიდნენ სახლიდან, თუმცა გზაში მოსვლიათ კონფლიქტი და მ–ა უკან შებრუნდა. განერვიულებული და გაღიზიანებული იყო. თვითონ გაჰყვა უკან მაშინვე და სამზარეულოში ნახა, რომ დანა ეჭირა ხელში. ერთხელ დაისვა დანა, მაგრამ მოერია და დანა გამოსტაცა ხელიდან. მ–ა იძახდა, რომ არ შეეძლო მეტი და თავს მოიკლავდა. თვითონ დაამშვიდა მ–ა (იხ.: სენაკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 აგვისტოს სხდომის ოქმი 13:30:32-13:31:40). მ–ამ უთხრა, რომ ა–ი ნასვამი იყო, იგინებოდა და ლანძღავდა და აღარ შეეძლო მეტი. უთხრა, რომ გავიდოდა და დაამშვიდებდა, მაგრამ მ–ამ არ მისცა უფლება. მ–ა დაწყნარდა, დამშვიდდა. არ არის სუიციდისკენ მიდრეკილი, მაგრამ მოხდა ასეთი ფაქტი. როდესაც დამშვიდდა, მ–ამ უთხრა, რომ ა–ი ელოდებოდა. გაიქცა სირბილით და გადავიდნენ ტ–ს მისამართზე მდებარე სახლში (იხ.: სენაკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 აგვისტოს სხდომის ოქმი 13:31:30-13:32:34). დანის დასმის შედეგად მ–ას ვენები არ ჰქონდა დაზიანებული, აქამდე არ მისულა, არ მისცა საშუალება, თუმცა დაზიანება მიყენებული ჰქონდა, კანის მთლიანობა დარღვეული იყო (იხ.: სენაკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 აგვისტოს სხდომის ოქმი 13:33:00-13:33:19). ამის შესახებ არ განუცხადებიათ სამართალდამცავ ორგანოში, რადგან რცხვენოდათ ამაზე საჯაროდ საუბარი) ჩვენებებს.
26. სამედიცინო ექსპერტიზის N ...... დასკვნის პირადი გასინჯვის მონაცემებში მითითებულ გარემოებებთან (მ. ხ–ას მარცხენა წინამხრის წინა ზედაპირზე, ქვედა მესამედში აღენიშნება განივად მდებარე, უსწორო ფორმის, მოთეთრო ფერის, შედარებით მომკვრივო კონსისტენციის გადასწორებულ ნაპირებიანი კანის დონეზე დაბლა მდებარე ზედაპირით ძველი ნაწიბური: 0,5x0,1 სმ) მიმართებით სამედიცინო ექსპერტმა გია გობრონიძემ სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2022 წლის პირველ ივლისს, მ. ხ–ას ჩაუტარა პირადი გასინჯვა. მ. ხ–ამ მიუთითა, რომ ჰქონდა სუიციდის მცდელობა სამზარეულოს დანის მეშვეობით ვენების გადაჭრის გზით. გასინჯვის შედეგად, მარცხენა წინამხრის წინა ზედაპირზე გააჩნდა ძველი ნაწიბური,ზომით-0,5 სმ, თუმცა მას არ შეუძლია ნაწიბურის წარმომშობი საგნის და დროის განსაზღვრა. იგი შეიძლება როგორც მჭრელი, ისე ბლაგვი (არამჭრელი) საგნის ზემოქმედებით იყოს წარმოშობილი და ვერც იმას განსაზღვრავს, ნაწიბური ემთხვევა თუ არა დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
27. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 12 აგვისტოს ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის (ექსპერტის დასკვნა №......) თანახმად, ,,ამბულატორიული ფსიქოლოგიური კვლევისას მ. ხ–ას მიერ გადმოცემული შინაარსის მიხედვით იგი განიცდიდა შეურაცხყოფას და დამცირებას, თუმცა მისი ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით, აღნიშნული არ გამოიწვევდა მ. ხ–ას ტანჯვას. მდგომარეობა შეფასდა, როგორც აღმოცენებული პრობლემების შედეგად შექმნილი მდგომარეობა, მასში მონაწილე პირის ხასიათობრივი თავისებურებებით, ინდივიდუალურ-პიროვნული მახასიათებლებით და შესაბამისი ემოციური რეაგირებით.
28. სასამართლო ფსიქოლოგ თ. ფ-ს მიერ შედგენილ მ. ხ–ას ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასებასთან მიმართებით ითვალისწინებს, რომ მოცემულ შეფასებაში მითითებული მ. ხ–ას მიერ სუიციდის მცდელობის (ხელზე დანის დასმის) ფაქტთან დაკავშირებული გარემოებები ეწინააღმდეგება დაზარალებულის და მოწმე მ. გ–ს მიერ ჩვენებებში მითითებულ ინფორმაციას. კერძოდ, შეფასებაში მითითებულია, რომ მ. ხ–ას ძლიერი სტრესის ფონზე ჰქონდა სუიციდის მცდელობა, როდესაც ა. ხ– ფიზიკურად უსწორდებოდა მ. ხ–ას ბიძას, რა დროსაც მ. ხ–ა შევიდა ოთახში და დანით სცადა საკუთარი თავის დაზიანება, მ–ას მიუსწრო დედამ და შეაჩერა (იხ.: ტ.1, ს.ფ.44-46). სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის თავად დაზარალებულ მ. ხ–ასა და მისი დედის მ. გ–ს ჩვენებებით) დგინდება, რომ მ. ხ–ასა და ა. ხ–ს შორის კონფლიქტი, რასაც მისი მხრიდან ხელზე დანის დასმა მოჰყვა მოხდა ა. ხ–სა და ზ. ხ–ს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებამდე შ-ს ქუჩის №..-ში მდებარე მ. ხ–ას მშობლების სახლში, რის შემდეგაც ისინი წავიდნენ ტ-ს ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება ა. ხ–სა და ზ. ხ–ს შორის.
29. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ასევე ა. ხ–ს მიერ 2017 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მაისის პერიოდში მ. ხ–ას მიმართ სხვადასხვა დროს, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, სისტემატიური სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე მ. ხ–ას მიმართ პატივის და ღირსების სისტემატური დამცირება მ. ხ–ას თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის განზრახვით. საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის განსაზღვრული სტანდარტით ასევე ვერ დგინდება ა. ხ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
30. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა. ხ–ს 2023 წლის 10 მაისს წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული ბრალი დაზუსტდა 2023 წლის 17 ივნისს და ა. ხ–ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში (ა. ხ–სათვის ბრალად წარდგენილ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას დაემატა დამამძიმებელი გარემოება „გენდერის ნიშნით“), თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომაც გასაჩივრებულ განაჩენში იმსჯელეს ა. ხ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (თავდაპირველი ბრალდება) ჩადენაზე და არ უმსჯელიათ აღნიშნული ეპიზოდის გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენაზე, როგორც ეს იყო მითითებული დაზუსტებულ დადგენილებაში ბრალდების შესახებ (იხ.: ტ.1, ს.ფ. 209-210), რაც არასწორია, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთ მნიშვნელოვან დარღვევას, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე (სს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადგინდა ა. ხ–ს მიერ დაზარალებულის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტი).
31. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
33. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
34. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილე თეიმურაზ ჯალაღონიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე