Facebook Twitter

საქმე # 330100124009147543

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1373აპ-24 ქ. თბილისი

მ. რ. 1373აპ-24 27 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვასილ სამხარაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: რ. მ–ს – პ/ნ ..........., – ბრალად ედებოდა:

1.1. ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ერთი პირის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 20:10 საათზე, ქ........ მოედანზე მ... ,,ა–ის’’ მიმდებარედ ავქომანქანა ,,ტოიოტა პრიუსი’’ (სახელმწიფო ნომრით ......... რომელსაც მართავდა რ. მ–ი, დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ტ. ა–ს. მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო რ. მ–ის მხრიდან ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ტ. ა–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

1.2. ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 14 ივნისის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით რ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 2024 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 20:10 საათზე, ქ........ მოედანზე, მ... ,,ა–ის’’ მიმდებარედ რ. მ–ი მართავდა ,,ტოიოტა პრიუსის“ მარკის ა/მანქანას (სახელმწიფო ნომრით ........

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის განაჩენით რ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

2.1. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით – ჯარიმა 4 000 ლარი;

2.2. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 2 000 ლარი;

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4 000 ლარი;

2.4. რ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 2 წლით.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ვასილ სამხარაძემ მოითხოვა ცვლილება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის განაჩენში და მსჯავრდებულ რ. მ–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ რ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო. გ–ემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ვასილ სამხარაძემ, რომელიც ითხოვს რ. მ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – განსაზღვრას.

6. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 26 დეკემბერს შემოვიდა სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წერილი (სარეგ. N.......).

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს რ. მ–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას და სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორ ვასილ სამხარაძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს რ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

5. კასატორის მოთხოვნაზე, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).

6. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშაულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

7. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. მ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის (როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი) სახისა და ზომის შესახებ, კერძოდ:

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. ხოლო, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

9. ბრალდების მხარე რ. მ–ისათვის გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის დამძიმებას ითხოვს დაზარალებულის პოზიციის, დანაშაულით დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის (ფიზიკური დაზიანების) და მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის არ ანაზღაურების გამო.

10. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ზიანის აუნაზღაურებლობა არ შეიძლება იქნეს გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის დროს, როგორც დამამძიმებელი გარემოება (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022წლის 2 მაისის განჩინება საქმეზე N 295აპ-22 და 2022წლის 17 მაისის განჩინება საქმეზე N 354აპ-22).

10.1. მოცემულ შემთხვევაში, რ. მ–ი გამოთქვამს მზაობას აუნაზღაუროს დაზარალებულს მიყენებული ზიანი, რისი წინააღმდეგიცაა თავად დაზარალებული. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის №51აპ-19 და 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21; ასევე - 2022წლის 10 ივნისის განჩინება N432აპ-22).

11. სასამართლო ასევე კვლავაც აღნიშნავს, რომ დაზარალებულის პოზიცია ავტომატურად ვერ გახდება სასჯელის გამკაცრების საფუძველი, ვინაიდან „სასჯელის დაკისრება, თავისი ბუნებით, არ არის უფლება, რომელიც შეიძლება/უნდა დაკმაყოფილდეს ადამიანების მოთხოვნების, სურვილების შესაბამისად. სასჯელის სიმძიმე ყოველთვის ვერ იქნება დაზარალებულის გამოხატული ემოციის პროპორციული. სასჯელი უნდა იყოს რეალურად ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, დაფუძნებული როგორც ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ისე დანაშაულის ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N 1/8/594 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23).

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულმა რ. მ–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე განზრახი და გაუფრთხილებლობითი კატეგორიის დანაშაულები, რომელსაც აღიარებს და ინანიებს. სააპელაციო სასამართლომ რ. მ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). შესაბამისად, ვინაიდან კასატორი არ უთითებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე/მტკიცებულებაზე, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, მიუთითებდა გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის უკანონობაზე ან უსამართლობაზე, ან არ იყო შეფასებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ სასჯელის სახის/ზომის განსაზღვრისას, – გასაჩივრებული განაჩენით რ. მ–ისათვის განსაზღვრული როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სასჯელის დამძიმების საფუძველი წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დგინდება.

13. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა (რ. მ–მა საქართველოს სსკ-ის 276–ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები ჩაიდინა – 2023 წლის 28 იანვარს).

14. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ან მე-4 ნაწილით თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი არ არის დაზარალებულის თანხმობა რ. მ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებაზე, ამასთან სისხლის სამართლის საქმის მასალებით (მათ შორის საკასაციო საჩივრითაც) დგინდება, რომ დაზარალებული არ არის შერიგებული მსჯავრდებულთან. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას რ. მ–ის მიმართ გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი.

15. იმავდროულად, ვინაიდან საჩივრის განხილვის თარიღისათვის, სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის თანხმობა რ. მ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების შესახებ, სასამართლო ასევე მოკლებულია შესაძლებლობას რ. მ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დამატებითი სასჯელის – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 2 წლით ჩამორთმევა – მიმართ გამოიყენოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და სრულად გაათავისუფლოს მსჯავრდებული აღნიშნული სახის დამატებითი სასჯელის მოხდისაგან.

16. ამასთანავე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

16.1. მოცემულ შემთხვევაში რ. მ–ისათვის მსჯავრადშერაცხილ დანაშაულებზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლი.

16.2. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

16.3. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას რ. მ–ისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელზე - ჯარიმა (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით – ჯარიმა 4000 ლარი და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 2000 ლარი) - გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება.

17. იმავდროულად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტის და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, რ. მ–ს დამატებითი სასჯელი – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 2 წლით - უნდა შეუმცირდეს 1/6-ით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება უნდა ჩამოერთვას 1 წლითა და 8 თვით.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ რ. მ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენებით დამატებითი სასჯელი – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა დანიშნული აქვს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის წესით სასჯელის განსაზღვრის შემდგომ, რაც არასწორია.

19. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დამატებითი სასჯელი განისაზღვრება კონკრეტული დანაშაულისათვის, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლი ადგენს კონკრეტული დანაშაულისათვის უკვე განსაზღვრული დამატებითი სასჯელის დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელად ძირითად სასჯელთან ერთად გამოყენების წესს. შესაბამისად, „საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის დანიშვნამდე, განსაზღვრული უნდა იყოს სასამართლომ რომელი დანაშაულისათვის დაუნიშნა პირს დამატებითი სასჯელი და შემდეგ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება დანაშაულთა ერთობლიობისთვის საბოლოოდ მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის დანიშვნისას დამატებითი სასჯელის შთანთქმის თუ მიმატების წესის გამოყენებაზე“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024წლის 23 ოქტომბრის განაჩენი საქმეზე N 1022აპ-24, II-10) და არა პირიქით - ძირითადი სასჯელების შთანთქმის/მიმატების წესის საფუძველზე საბოლოოდ მოსახდელად სასჯელის განსაზღვრის შემდეგ, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახის და ხანგრძლივობის განსაზღვრა, ამასთან ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, ისე რომ გაუგებარია დანაშაულთა ერთობლიობის დროს, კონკრეტულად რომელი დანაშაულისთვის ენიშნება პირს აღნიშნული დამატებითი სასჯელი. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის კონკრეტული, იდენტიფიცირებადი დანაშაულის მიმართ გამოყენება მნიშვნელოვანია როგორც სამართლებრივი სიცხადის, ასევე მსჯავრდებულის უფლებების დაცვის უზრუნველყოფისთვის ( მათ შორის მომავალში მაგალითად, ამნისტიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოყენებისთვის).

19.1. მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის განაჩენით რ. მ–ს დამატებითი სასჯელი - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 2 წლით - განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად დანაშაულთა ერთობლიობისთვის საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის დადგენის შემდეგ. ამასთან, განაჩენის სამოტივაციო ნაწილში არაფერია ნათქვამი ( არ არის დასაბუთებული) დამატებითი სასჯელის გამოყენებაზე, მაშინ როდესაც საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დამატებით სასჯელად, მათ შორის, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა (როდესაც ეს არ არის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით) დაიშვება დანაშაულის საშიშროების ხასიათის, ხარისხის და პიროვნების გათვალისწინებით (საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლი სასჯელის სახით არ ითვალისწინებს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას).

20. მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის გამკაცრების/ დამძიმების მოთხოვნით. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს დამატებითი სასჯელის გამოყენების სამართლიანობა. შესაბამისად, სასამართლო უცვლელად ტოვებს დამატებით სასჯელს, მაგრამ ასწორებს მის გამოყენებას სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით.

21. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს დამატებით სასჯელად საქმიანობის უფლების ჩამორთმევას 3 წლამდე ვადით. სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას და ეთანხმება რ. მ–ისთვის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ძირითად სასჯელთან - ჯარიმა 4000 ლარი, - ერთად ასევე 2 წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის გამოყენებას. იმავდროულად, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი დამატებითი სასჯელის სახით ითვალისწინებს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, დამატებით საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლზე მითითება არ არის საჭირო (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 16 ივლისის 504აპ-24 განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025წლის 20 იანვრის განჩინება საქმე №1087აპ-24).

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვასილ სამხარაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

2.1. რ. მ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – ჯარიმა 4 000 ლარი და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 2 წლით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 2 წლით ჩამორთმევა შემცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 1 წლითა და 8 თვით;

2.2. რ. მ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 2 000 ლარი;

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილების თანახმად, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 4 000 ლარი და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 1 წლითა და 8 თვით;

3. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე