Facebook Twitter

საქმე # 020141224010136182

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ 211-25 3 თებერვალი, 2025 წელი

ბ. მ. 211-25 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. შ–ს საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის განაჩენით: მ. ბ. – პირადი ნომრით ..........., –

1.1. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით - 5 წლის გამოსაცდელი ვადით;

1.2. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 10 000 ლარი;

1.3. მ. ბ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან, 2020 წლის 13 თებერვლის 21:35 საათიდან;

1.4. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად მ. ბ–ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში დაევალა სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაწულუკუ);

1.5. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად მ. ბ–ს დაევალა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;

1.6. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის შესაბამისად მ. ბ–ს 6 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით: მსჯავრდებულ მ. ბ–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19, 260-ე მულის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელია 3 წელი, ხოლო 5 წელი პირობითი მსჯავრია, 5 წლის გამოსაცდელი ვადით, კერძოდ:

2.1. მ. ბ–ს სასჯელად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი და 3 თვე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი და 9 თვე საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 3 წლისა და 9 თვის ვადით;

2.2. მ. ბ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2020 წლის 13 თებერვლის 21:35 საათიდან;

2.3. დანარჩენ ნაწილში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის განაჩენი დარჩა უცველელი.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ. გათავისუფლდა პირობით ვადამდე 5 თვით და 7 დღით ადრე, 2021 წლის 6 დეკემბერს.

4. მ. ბ. ს... ის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე დადგა 2021 წლის 14 დეკემბერს.

5. 2024 წლის 3 ოქტომბერს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ს....ის პრობაციის ბიუროდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ მ. ბ–ს პირადი საქმე.

6. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით:

6.1. მსჯავრდებულ მ. ბ–ს მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი;

6.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მ. ბ–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 19.260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეცვლილი აქვს პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით და განესაზღვრა - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით - 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით;

6.3. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

7. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. შ–მ, რომელმაც მოითხოვა მ. ბ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის სწორად გავრცელება. დაცვის მხარის განმარტებით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მ. ბ–ს შეუმცირდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი, რაც არასწორია, ვინაიდან არსებობდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინება, რომლითაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე მ. ბ–ს შეუმცირდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი და შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება უნდა გავრცელებულიყო შემცირებულ სასჯელზე.

8. მ. ბ–ს პირადი საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2025 წლის 31 იანვარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.

3. სასამართლო ითვალისწინებს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა). ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. ბ–ს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის განაჩენით სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით, დანაშაულის ჩადენის დროს მ. ბ. იყო ნასამართლობის არ მქონე.

5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტის საფუძველზე მ. ბ–ს ¼-ით უნდა შემცირებოდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის განაჩენით დანიშნული და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით შემცირებული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა (საიდანაც 2 წელი და 3 თვე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი და 9 თვე საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 3 წლისა და 9 თვის ვადით).

5.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მ. ბ–ს დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს სრულად (მ. ბ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2020 წლის 13 თებერვლის 21:35 საათიდან), შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მოხდილ სასჯელზე გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განაჩენი N1218აპ-24).

6. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ¼-ით უნდა შეუმცირდეს მ. ბ–ს დანიშნული სასჯელი - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა (რომელიც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობით მსჯავრად 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით) და უნდა განესაზღვროს - 2 წელი, 9 თვე და 22 დღე.

6.1. მ. ბ. ს.....–ის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე დადგა 2021 წლის 14 დეკემბერს, შესაბამისად, საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელი - 2 წელი, 9 თვე და 22 დღე თავისუფლების აღკვეთა (რომელიც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით მსჯავრად 2 წლის, 9 თვისა და 22 დღის გამოსაცდელი ვადით) დღეის მდგომარეობით სრულად აქვს მოხდილი.

7. მ. ბ–სათვის საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებულ ჯარიმა 10 000 ლარზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება ვერ გავრცელდება ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. შ–ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. შ–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

2.1. მ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის განაჩენით განსაზღვრული და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით შემცირებული სასჯელი - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს - 2 წელი, 9 თვე და 22 დღე თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით - 2 წლის, 9 თვისა და 22 დღის გამოსაცდელი ვადით;

2.2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული სასჯელი მ. ბ–ს დღეის მდგომარეობით სრულად აქვს მოხდილი (მ. ბ. ს....–ის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე დადგა 2021 წლის 14 დეკემბერს);

2.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე