Facebook Twitter

საქმე # 330802225010797820

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№23I-25 ქ. თბილისი

დ. მ. რ./მ. რ. 23I-25 4 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. რ/მ. რ. (M. R.) დ–ის (D.) ინტერესების დამცველი ადვოკატის – ა. ა–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 იანვრის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. რ/მ. რ– (M. R.) დ–ის (D.) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. 2023 წლის 3 მაისს თურქეთის რესპუბლიკის კუჩუკჩეკმეჯეს მე-17 სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მ. რ/მ. რ. (M. R.) დ–ი (D.) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №6136 კოდექსის 13/2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (სერიოზული რაოდენობის და ხარისხის იარაღის ან ტყვიების შეძენა, ტარება და შენარჩუნება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის რეგიონული მე-17 წრის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით.

1.2. 2023 წლის 3 მაისს თურქეთის რესპუბლიკის კუჩუკჩეკმეჯეს მე-17 სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მ. რ/მ. რ– (M. R.) დ–ი (D.) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86/1, 86/3 (ე) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (იარაღით განზრახ დაჭრა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით, 8 თვით და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის რეგიონული მე-17 წრის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით.

1.3. 2023 წლის 4 მაისს თურქეთის რესპუბლიკის კუჩუკჩეკმეჯეს მე-8 სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მ. რ/მ. რ– (M. R.) დ–ი (D.) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 106/2 და 43/1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (იარაღით მუქარა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის რეგიონული 30-ე სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით.

1.4. 2023 წლის 4 მაისს თურქეთის რესპუბლიკის კუჩუკჩეკმეჯეს მე-8 სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მ. რ/მ. რ– (M. R.) დ–ი (D.) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №6136 კოდექსის 13/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (არალიცენზირებული ცეცხლსასროლი იარაღის და ტყვიების შეძენა ან ტარება ან შენარჩუნება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის რეგიონული 30-ე სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით.

1.5. 2024 წლის 14 მაისს თურქეთის რესპუბლიკის კუჩუკჩეკმეჯეს აღმასრულებელი სასამართლოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განაჩენებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მ. რ/მ. რ. (M. R.) დ–ს (D.) შეეფარდა 9 წლით, 16 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.

1.6. 2024 წლის 6 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის კუჩუკჩეკმეჯეს მთავარმა პროკურატურამ გამოსცა მ. რ/მ. რ. (M. R.) დ–ის (D.) დაჭერის ბრძანება და გამოცხადდა ძებნა.

1.7. 2024 წლის 9 ივლისიდან მ. რ/მ. რ.(M. R.) დ–ი (D.) იძებნება ინტერპოლის არხებით.

2. მ. რ/მ. რ. (M. R.) დ–ის (D.) მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2.1. 2024 წლის 30 ივლისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა მ. რ/მ. რ– (M. R.) დ–ის (D.) ექსტრადიციის თაობაზე.

2.2. 2024 წლის 13 აგვისტოს მ. რ/მ. რ. (M. R.) დ–ი (D.) ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

2.3. 2024 წლის 14 აგვისტოს მ. რ/მ. რ. (M. R.) დ–ს (D.) თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2.4. 2024 წლის 11 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით მ. რ/მ. რ. (M. R.) დ–ის (D.) მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, სულ 6 თვემდე, 2025 წლის 13 თებერვლამდე.

2.5. მ. რ/მ. რ. (M. R.) დ–ი (D.) მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, 2022 წლის 5 იანვარს ქ. ს–ში მ. რ/მ. რ.(M. R.) დ–ი (D.) შეხვდა თავის მეგობარ გოგოს დ. ტ–ს და უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღით, რომელსაც უკანონოდ ატარებდა, 4-ჯერ ესროლა. სროლის შედეგად დაზარალებულმა მიიღო ცეცხლსასროლი იარაღით გამოწვეული ჭრილობები, რისთვისაც დასჭირდა სერიოზული სამედიცინო ჩარევა.

3.3. 2021 წლის 4 აპრილს მ. რ/მ. რ. (M. R.) დ–ი (D.) შეხვდა დაზარალებულ ვ. ბ–ის მისი საცხოვრებელი სახლის წინ და მისი დაშინების მიზნით უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღით, რომელსაც უკანონოდ ატარებდა, რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში.

4. 2025 წლის 16 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა:

4.1. დასაშვებად იქნეს ცნობილი მ. რ/მ. რ. (M. R.) დ–ის (D.) ექსტრადიცია, რათა აღსრულდეს მის მიმართ შემდეგი დანაშაულებისთვის დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი:

4.1.1. თურქეთის რესპუბლიკის კუჩუკჩეკმეჯეს მე-17 სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 3 მაისის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის №6136 კოდექსის 13/2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (სერიოზული რაოდენობის და ხარისხის იარაღის ან ტყვიების შეძენა, ტარება და შენარჩუნება) დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

4.1.2. თურქეთის რესპუბლიკის კუჩუკჩეკმეჯეს მე-17 სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 3 მაისის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86/1, 86/3 (ე) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (იარაღით განზრახ დაჭრა) დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 8 თვითა და 7 დღით;

4.1.3. თურქეთის რესპუბლიკის კუჩუკჩეკმეჯეს მე-8 სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის №6136 კოდექსის 13/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (არალიცენზირებული ცეცხლსასროლი იარაღის და ტყვიების შეძენა ან ტარება ან შენარჩუნება) დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 2 თვით;

4.2. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მ. რ/მ. რ. (M. R.) დ–ის (D.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის კუჩუკჩეკმეჯეს მე-8 სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 106/2 და 43/1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (იარაღით მუქარა) დანიშნული სასჯელის 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზნით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 იანვრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორის ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

5.1. დასაშვებად იქნა ცნობილი მ. რ/მ. რ. (M. R.) დ–ის (D.) ექსტრადიცია, რათა აღსრულდეს მის მიმართ შემდეგი დანაშაულებისთვის დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი:

5.1.1. თურქეთის რესპუბლიკის კუჩუკჩეკმეჯეს მე-17 სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 3 მაისის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის №6136 კოდექსის 13/2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (სერიოზული რაოდენობის და ხარისხის იარაღის ან ტყვიების შეძენა, ტარება და შენარჩუნება) დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

5.1.2. თურქეთის რესპუბლიკის კუჩუკჩეკმეჯეს მე-17 სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 3 მაისის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86/1, 86/3 (ე) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (იარაღით განზრახ დაჭრა) დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 8 თვით და 7 დღით;

5.1.3. თურქეთის რესპუბლიკის კუჩუკჩეკმეჯეს მე-8 სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის №6136 კოდექსის 13/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (არალიცენზირებული ცეცხლსასროლი იარაღის და ტყვიების შეძენა ან ტარება ან შენარჩუნება) დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 2 თვით.

5.2. დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. რ/მ. რ– (M. R.) დ–ის (D.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის კუჩუკჩეკმეჯეს მე-8 სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 106/2 და 43/1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (იარაღით მუქარა) დანიშნული სასჯელის 2 წლითა და 6 თვით – თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზნით.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. რ/მ. რ– (M. R.) დ–ის (D.) ინტერესების დამცველი ადვოკატი – ა. ა–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 იანვრის განჩინების გაუქმებასა და მ. რ/მ. რ– (M. R.) დ–ის (D.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას. ადვოკატის მტკიცებით თურქეთის რესპუბლიკაში მ. რ/მ. რ. (M. R.) დ–ის (D.) ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს გავლენიანი დაჯგუფების წევრების მხრიდან მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხე (რის გამოც იგი ჩამოვიდა საქართველოში); იმავდროულად, მ. რ/მ. რ– (M. R.) დ–ს (D.) აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა მ. რ/მ. რ. (M. R.) დ–ის (D.) მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 იანვრის განჩინების უცვლელად დატოვება.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და აღნიშნავს შემდეგს:

3. 2025 წლის 16 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა, მათ შორის: მ. რ/მ. რ. (M. R.) დ–ის (D.) მიმართ თურქეთის რესპუბლიკის კუჩუკჩეკმეჯეს მე-8 სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 106/2 და 43/1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (იარაღით მუქარა) დანიშნული სასჯელის – 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – აღსრულების მიზნით ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობა;

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 იანვრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორის ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. რ/მ. რ. (M. R.) დ–ის (D.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის კუჩუკჩეკმეჯეს მე-8 სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 106/2 და 43/1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (იარაღით მუქარა) დანიშნული სასჯელის – 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – აღსრულების მიზნით.

3.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შუამდგომლობის მე-8 პუნქტში მითითებული ქმედება მართალია დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 106/2 და 43/1 მუხლებით (იარაღით მუქარა) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით, თუმცა, სახეზეა გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შემთხვევა, კერძოდ, შუამდგომლობის მე-8 პუნქტში აღწერილ ქმედებას შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, პირი თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ორ წელში იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას. ქმედება ჩადენილია 2021 წლის 4 აპრილს, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნულ ქმედებაზე სასჯელის მოხდის ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2023 წლის 4 აპრილს.

4. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორის ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობის დანარჩენ მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, დაცულია: ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

5. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ.რ/მ. რ– (M. R.) დ–ი (D.) 2024 წლის 13 აგვისტოს დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

6. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ:

6.1. შუამდგომლობის მე-6 პუნქტში მითითებული ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №6136 კოდექსის 13/2 მუხლით (სერიოზული რაოდენობის და ხარისხის იარაღის ან ტყვიების შეძენა, ტარება და შენარჩუნება) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას 8 წლამდე ვადით;

6.2. შუამდგომლობის მე-7 პუნქტში მითითებული ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86/1, 86/3 (ე) მუხლით (იარაღით განზრახ დაჭრა) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით;

6.4. შუამდგომლობის მე-9 პუნქტში მითითებული ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №6136 კოდექსის 13/1 მუხლით (არალიცენზირებული ცეცხლსასროლი იარაღის და ტყვიების შეძენა ან ტარება ან შენარჩუნება) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

7. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში მითითებული ქმედებები, ჩადენის შემთხვევაში:

7.1. შუამდგომლობის მე-6 პუნქტში აღწერილი ქმედების კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე;

7.2. შუამდგომლობის მე-7 პუნქტში აღწერილი ქმედების კვალიფიკაცია მოხდებოდა სულ მცირე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე;

7.3. მოცემული შუამდგომლობის მე-9 პუნქტში აღწერილი ქმედების კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე.

8. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:

8.1. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული საექსტრადიციო მასალის თანახმად, ექსტრადიციას ქვემდებარე დანაშაულებზე სასჯელის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა იწურება 2033 და 2034 წელს.

8.2. შუამდგომლობის მე-6 და მე-9 პუნქტებში აღწერილ ქმედებებს შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მძიმე კატეგორიის დანაშაულებია. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 10 წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს;

8.2.1. შუამდგომლობის მე-7 პუნქტში აღწერილ ქმედებას შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 6 წელში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს;

8.2.2. მ. რ/მ. რ. (M. R.) დ–ის (D.) მიმართ გამოტანილმა განაჩენებმა საბოლოო სახე მიიღო 2023 წლის 27 ნოემბერს და 2024 წლის 21 თებერვალს, ხოლო პირი იძებნება 2024 წლის 6 ივნისიდან. ამრიგად, მოცემული შუამდგომლობის მე-6-7 და მე-9 პუნქტებში აღწერილი დანაშაულებისთვის სასჯელის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არც საქართველოს კანონმდებლობით და არც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით ამოწურული არ არის.

9. მ. რ/მ. რ. (M. R.) დ–ის (D.) მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპის დარღვევა.

10. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე.

10.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ მ.რ/მ. რ. (M. R.) დ–ი (D.) არ ითვლება ს–ს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პიროვნება არ ითვლება აგრეთვე ს–ში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თ–ს რესპუბლიკის მოქალაქე.

10.2. იმავდროულად, მ. რ/მ. რ. (M. R.) დ–ს (D.) უარი ეთქვა ლტოლვილის, ასევე – ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. კერძოდ, საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტმა განიხილა მ. რ/მ. რ. (M. R.) დ–ის (D.) განცხადება საერთაშორისო დაცვაზე და მას როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე ეთქვა უარი. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაშიც კი, გასაჩივრება არ წარმოადგენს ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის დამაბრკოლებელ გარემოებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს: ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის დანაწესს (სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ, მაგრამ არ განიხილავს არც პირის გადაცემის საკითხს და არც პირის გადაცემის კონკრეტულ პერიოდს) და 34-ე მუხლს (სასამართლოს მიერ პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ ან ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებას; გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრი ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად ასევე ითვალისწინებს, მათ შორის, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან ექსტრადიციის შესაბამისობას და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს).

11. კასატორის მტკიცებით, მ. რ/მ. რ. (M. R.) დ–ის (D.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადირების შემთხვევაში არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე. საკუთარი ვარაუდის/პოზიციის დასადასტურებლად დაცვის მხარემ სასამართლოში წარადგინა, გაურკვეველი წყაროდან, სავარაუდოდ, ინტერნეტ საიტიდან, ორი სტატია, რომელთა რთულად გასაგები შინაარსიდან/თარგმანიდან შეძლებისდაგვარად ირკვევა, რომ: ,,როგორც ამბობენ“ მ. რ. დ–ი ახლო მომავალში სამიზნედ ჰყავთ ამოღებული (პირველი სტატია); იგი არის „ფ–ს“ (F...) ორგანიზაციის წევრი (ერთ-ერთი მთავარი გმირი). სასამართლომ გასცა ეჭვმიტანილის დაკავების ორდერი (მე-2 სტატია).

12. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99,par.72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, par.58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, par. 52, ECtHR, 12/04/2005).

13. აღსანიშნავია, რომ მ. რ/მ. რ– (M. R.) დ–ის (D.) ექსტრადიციის შემთხვევაში ფუნდამენტური უფლების დარღვევის საფრთხის რეალურობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც დააკმაყოფილებდნენ ავთენტიკურობისა და სანდოობის მოთხოვნას, დაცვის მხარეს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია.

13.1. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი პირველი დანართის სავარაუდო წყაროდ მითითებულია – ,,H....”, თუმცა დაუდგენელია რას წარმოადგენს აღნიშნული, ხოლო მე-2 სავარაუდო სტატია მსგავს ინფორმაციასაც არ იძლევა. იმავდროულად, დაუდგენელია წარმოდგენილი დანართების ავთენტიკურობაც. ამასთან, აღნიშნულის გაზიარების შემთხვევაშიც კი, მასში საუბარია მხოლოდ ე.წ. ყურმოკრულ/მოარულ ხმებზე.

13.2. იმავდროულად, თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაულები არ შეეხება/უკავშირდება მ–თ მ. რ/მ. რ– (M. R.) დ–ის (D.) რაიმე ორგანიზაციის წევრობას (შუამდგომლობაში თანახმად, მ. რ/მ. რ– (M. R.) დ–ი (D.), 2022 წლის 5 იანვარს, ქ. ს–ში შეხვდა თავის მეგობარ გოგოს დ. ტ–ს და 4-ჯერ ესროლა, უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღით, რომელსაც ასევე უკანონოდ ატარებდა).

13.3. შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალა, რომლის არც წყაროა დადასტურებული და არც რაიმე კონკრეტულ ფაქტის შესახებ ინფორმაციას შეიცავს, არ ქმნის გონივრულ ეჭვს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მ. რ/მ. რ. (M. R.) დ–ის (D.) სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე.

14. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ექსტრადიციის დაუშვებლობლად ცნობის შესახებ, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს ამ შემთხვევაში საერთოდ არ წარმოუდგენია არანაირი სახის მტკიცებულება/ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მ. რ/მ. რ. (M. R.) დ–ს (D.) აქვს ჯანმრთელობის რაიმე/ისეთი პრობლემა, რომლის გამოც დაუშვებელია მისი ექსტრადიცია.

15. სასამართლო ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. ასევე – თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიას, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში მ. რ/მ. რ. (M. R.) დ–ის (D.) უფლებები და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება, კერძოდ: იგი ისარგებლებს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თურქეთის რესპუბლიკა, ასევე, გაცემულია გარანტია, რომ დაცული იქნება სპეციალობის წესი. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს (Zarmayev v Belgium, no. 35/10, §113, ECtHR, 27/02/2014; Gasayev v Spain, no. 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, nos. 21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010); გარანტიები გაცემულია სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §344, ECHR, 12/10/2005).

16. იმავდროულად, „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no.140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 იანვრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი მ. რ/მ. რ– (M. R.) დ–ის (D.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. რ/მ. რ. (M. R.) დ–ის (D.) – ინტერესების დამცველი ადვოკატის – ა. ა–ის – საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე