Facebook Twitter

საქმე # 330141221004296594

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ 261-25 12 თებერვალი, 2025 წელი

მ–ი ვ., 261-25 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ფ–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის განაჩენით:

1.1. დამტკიცდა პროკურორსა და ვ. მ–ს (პირადი ნომრით ......) შორის 2015 წლის 23 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება;

1.2. ვ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით – 2 წლის გამოსაცდელი ვადით;

1.3. ვ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2500 ლარი;

1.4. ვ. მ–ს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, 2 წლით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; გ) პედაგოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; დ)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ე) პასიური საარჩევნო უფლება; ვ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; ზ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა ან წარმომადგენლობის უფლება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის განაჩენით:

2.1. ვ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

2.2. ვ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 7000 ლარი;

2.3. ვ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ვ. მ–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

2.5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა 2015 წლის 23 თებერვლის მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული 2 წელი პირობითი მსჯავრი.

2.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი - ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.7. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – 4 წელი თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით – 4 წლის გამოსაცდელი ვადით. დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 7000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

2.8. ვ. მ–ს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; გ) პედაგოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; დ)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ე) პასიური საარჩევნო უფლება; ვ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; მასვე, 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა ან წარმომადგენლობის უფლება.

2.9. მსჯავრდებულ ვ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2015 წლის 24 აპრილიდან.

2.10. მსჯავრდებულ ვ. მ–ის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში დაევალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 სექტემბრის განაჩენით (1აგ/856-16) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის განაჩენში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შეტანილ იქნა ცვლილება:

3.1. მსჯავრდებულ ვ. მ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს თბილისის პრობაციის ბიუროდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ვ. მ–ის პირადი საქმე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 თებერვლის განჩინებით:

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით მსჯავრდებული ვ. მ–ი გათავისუფლდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან - 1 წელი თავისუფლების აღკვეთისაგან და პირობითი მსჯავრისგან;

5.2. ვ. მ–ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან - 1 წელი თავისუფლების აღკვეთისგან, პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადისგან;

5.3. საბოლოოდ, უცვლელი დარჩა, ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრული იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით (რომლის მოხდისგანაც ვ. მ–ი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით პირობით ვადამდე 5 თვითა და 27 დღით ადრე გათავისუფლდა), ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 4 წელი თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩათვლილია პირობით. ვ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დარჩა ჯარიმა 7000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

5.4. ვ. მ–ს აღუდგა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა;

5.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად;

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 თებერვლის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ფ–მ, რომელმაც მოითხოვა ვ. მ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელება მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 სექტემბრის განაჩენი, რომლის თანახმად, მსჯავრდებულ ვ. მ–ის ქმედება შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მოქმედ რედაქციასთან და მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). კასატორის მტკიცებით, აღნიშნული განაჩენი პრობაციის ბიურის მიერ არ იყო წარდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რის გამოც სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას 2021 წლის 7 თებერვლის განჩინებაში ემსჯელა ვ. მ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე.

6.1. დაცვის მხარის განმარტებით, დღეის მდგომარეობით თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ვ. მ–ის მიმართ საქმის არსებითი განხილვა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. მხარეთა შორის თითქმის მიღწეულია საპროცესო შეთანხმება და სასჯელის განსაზღვრისას არსებითად მნიშვნელოვანია სწორად იყოს ჩამოყალიბებული ვ. მ–ის სამართლებრივი მდგომარეობა, რადგან საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი.

7. ვ. მ–ის პირადი საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2025 წლის 7 თებერვალს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვ. მ–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 თებერვლის განჩინებით:

2.1. გათავისუფლდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ნარკოტიკული საშუალება “ბუპრენორფინის” უკანონო მოხმარება) ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელის – 1 წლით თავისუფლების აღკვეთის (რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობითად – 2 წლის გამოსაცდელი ვადით) მოხდისაგან და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგა “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).

2.2. გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელის (1 წლით თავისუფლების აღკვეთა) მოხდისაგან.

2.3. იმავდროულად, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე.

3. დაცვის მხარე წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს ვ. მ–ისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე ამნისტიის გავრცელებას. ხოლო სხვა ნაწილში ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 თებერვლის განჩინებას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 სექტემბრის განაჩენით(1აგ/856-16) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება და მსჯავრდებულ ვ. მ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).

5. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა მათ შორის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

6. ვ. მ–ი დანაშაულის ჩადენის დროს (2015 წლის 24 აპრილს) მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის განაჩენით ნასამართლევი იყო ნარკოტიკული დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი) ჩადენისათვის, შესაბამისად, ამნისტიის მიზნებისათვის ითვლება ნასამართლობის არ მქონედ და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი.

7. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე.

8. ვ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული ჰქონდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; ამასთან, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 7000 ლარი.

8.1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის – 2 წლით თავისუფლების აღკვეთის – მოხდისაგან ვ. მ–ი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 28 ოქტომბრის N....... გადაწყვეტილებით, გათავისუფლდა პირობით ვადამდე 5 თვითა და 27 დღით ადრე. საქმეში წარმოდგენილი თბილისის პრობაციის ბიუროს 2021 წლის 23 აპრილის წერილით დგინდება, რომ ვ. მ–ს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა დაუსრულდა 2021 წლის 23 აპრილს (იხ.: ვ. მ–ის პირადი საქმე).

8.2. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებაზე უკვე მოხდილი სასჯელის მიმართ (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განაჩენი N1218აპ-24; 2025 წლის 3 თებერვლის N211-25 განჩინება).

9. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ვერ გავრცელდება ვ. მ–ისათვის ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ დამატებით სასჯელზე – ჯარიმა 7000 ლარზე.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ფ–ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ვ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ფ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე