საქმე # 080100124009355338
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №27აპ-25 ქ. თბილისი
ს. ა. 27აპ-25 25 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. ჯ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ა. ს–ეს, – პირადი ნომრით ........., – ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2024 წლის 11 აპრილს, საღამოს საათებში, ალკოჰოლით მთვრალმა ა. ს–მ, ტ–ში, სოფელ ზ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ორივე ხელის მკლავების არეში მოჭერით იძალადა წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან - .... წელს დაბადებულ შვილზე - ს. ს–ეზე, რა დროსაც ს. ს–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
- 2024 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, ალკოჰოლით მთვრალმა ა. ს–მ, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ტ–ში, სოფელ ზ–ში, ხელის მარჯვენა მკლავის არეში მოჭერითა და მაკრატლის მარცხენა ფეხის არეში დარტყმით იძალადა წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან - .... წელს დაბადებულ შვილზე - ს. ს–ეზე, რა დროსაც ს. ს–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ასევე ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი).
მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2024 წლის 15 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, ალკოჰოლით მთვრალი ა. ს–ე, ტ–ში, სოფელ გ–ში ავტომობილით გადაადგილებისას, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან - 2...წელს დაბადებულ შვილს - ს. ს–ეს, რა დროსაც ს. ს–ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
- 2024 წლის 15 აპრილს, დაახლოებით 18:10 საათზე, ალკოჰოლით მთვრალი ა. ს–ე, ტ–ში, სოფელ გ–ში სატელეფონო საუბრისას, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან - 2...წელს დაბადებულ შვილს - ს. ს–ეს, რა დროსაც ს. ს–ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 ივნისის განაჩენით: ა. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 11 აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 14 აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 15 აპრილის 18:00 საათის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 15 აპრილის 18:10 საათის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.1. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 14 აპრილის ეპიზოდი) – 1 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 15 აპრილის 18:00 საათის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.4. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 15 აპრილის 18:10 საათის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 15 აპრილის 18:10 საათის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ ა. ს–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.6. ა. ს–ეს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან 2024 წლის 16 აპრილიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ა. ს–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. ჯ–მ მოითხოვა ცვლილება განაჩენში მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქების კუთხით. კერძოდ, მსჯავრდებულ ა. ს–ისთვის დანიშნული სასჯელის – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – პირობითად ჩათვლა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
4.1. ა. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა 1/6-ით და ა. ს–ეს განესაზღვრა – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
4.2. ა. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 14 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა 1/6-ით და ა. ს–ეს განესაზღვრა – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
4.3. ა. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 15 აპრილის 18:00 საათის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და ა. ს–ეს განესაზღვრა – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
4.4. ა. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 15 აპრილის 18:10 საათის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
4.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 15 აპრილის 18:10 საათის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ ა. ს–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
4.6. ა. ს–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან 2024 წლის 16 აპრილიდან;
4.7. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის და ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ - ა. ს–ის მიმართ გამოცემულ იქნა დამცავი ორდერი შესაბამისი შეზღუდვებით 3 თვით;
4.8. მსჯავრდებულს განემარტა, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის საფუძველზე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის დამცავი ორდერით:
5.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის და ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ ა. ს–ის (დაბადებული: .....წ. პ/ნ ......... საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ტ–ს რაიონის, სოფელ ზ–ში) მიმართ გამოიცა დამცავი ორდერი;
5.2. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა – 3 თვით;
5.3. მსჯავრდებულ ა. ს–ეს აეკრძალა დაზარალებულთან - ს. ს–ესთან, მათ შორის, მის საცხოვრებელთან, სასწავლებელთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც შეიძლება ს. ს–ე იმყოფებოდეს და მასთან რაიმე ფორმით ურთიერთობა;
5.4. მსჯავრდებულ ა. ს–ეს აეკრძალა დაზარალებულთან - ს. ს–ესთან – ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მობილური საშუალებისა და სოციალური ქსელის გამოყენებით;
5.5. დამცავი ორდერი ძალაში შევიდა მისი გამოცხადებისთანავე;
5.6. მსჯავრდებულ ა. ს–ეს განემარტა, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ამნისტიის საფუძველზე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლის სამართლებრივი სასჯელის დაკისრებას.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ს–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. ჯ–მ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის შემსუბუქების კუთხით და ა. ს–ისათვის არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრას.
6.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ა. ს–ის მიმართ მსჯავრად შერაცხილი დანაშაულებისათვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა განაპირობა.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს მსჯავრდებულ ა. ს–ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს მსჯავრდებულ ა. ს–ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაულების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ა. ს–ისათვის დანიშნული სასჯელის სახის, ზომისა და მისი მოხდის ფორმის შესახებ, კერძოდ:
11. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი – ჯარიმას (ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს 111-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის), საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-47), “სასჯელის სპეციალური პრევენციის მიზანი გულისხმობს დანაშაულის რეციდივის გამორიცხვის, მინიმალიზების მცდელობას, რაც პრინციპში ძირითადად მიღწეულ უნდა იქნეს დამნაშავის რესოციალიზაციით” ( იქვე, II-50).
13. შესაბამისად, სასამართლო ა. ს–ისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისთვის სასჯელის განსაზღვრისას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან (აღიარება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელშეწყობა) ერთად ასევე ითვალისწინებს ქმედების განხორციელების ხერხს, ადგილს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს. ასევე - ა. ს–ის პიროვნების, მისი წარსულის, დანაშაულის ჩადენის მოტივის და მიზეზის გათვალისწინებით უფრო მსუბუქი სახის სასჯელით კერძო/სპეციალური პრევენციის და რესოციალიზაციის მიზნების მიღწევადობას და საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს არასრულწლოვნების დაცვის, მათ შორის ოჯახური ძალადობისგან დაცვის, სფეროში. გასაჩივრებული განაჩენით ა. ს–ისათვის დანიშნულია სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება.
14. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ა. ს–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებაზე. შესაბამისად, არც ამ ნაწილში არსებობს გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan, cited above, par.22; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009). ამასთან, ვინაიდან მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, par.77, ECtHR, 18/03/2021).
16. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე