Facebook Twitter

საქმე # 330141325010829649

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №29I -25 თბილისი

კ. პ., 29I -25 20 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, მამუკა ვასაძე

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ – ქეთევან სონიძის

ადვოკატ – გ. ჭ-ას

მსჯავრდებულ – პ. კ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ პ. კ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენით პ. კ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის რედაქცია) 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6, მე-7, მე-9 პუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა; 240-ე მუხლის პირველი ნაწილით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; 238-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ პ. კ-ეს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 1997 წლის 24 ივნისიდან.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ პ. კ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტიდან (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველ, მე-2 ნაწილებზე (მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე (მოქმედი რედაქცია) და საბოლოოდ პ. კ-ეს სასჯელის სახედ და ზომად დარჩა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, მსჯავრდებული პ. კ-ე გათავისუფლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით შეფარდებული სასჯელისაგან, ხოლო ¼-ით შეუმცირდა ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 238-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით (ძველი რედაქცია) შეფარდებული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, პ. კ-ეს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ პ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

5. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 2 აგვისტოს განკარგულებით მსჯავრდებული პ. კ-ე შეწყალებულ იქნა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-9 პუნქტებით; 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით; 240-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით; 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძველი რედაქცია); 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით შეფარდებული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღად განესაზღვრა 2032 წლის 24 ივნისი.

6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ პ. კ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი არ გავრცელდა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ პ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს განჩინება დარჩა უცვლელად.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ პ. კ-ის შუამდგომლობა, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენი და ამავე სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის განჩინება შეიცვალა, კერძოდ: პ. კ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-9 პუნქტიდან (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტზე (ძველი რედაქცია). პ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-4 პუნქტებით (ძველი რედაქცია); 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ახალი რედაქცია); 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით; 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით; 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძველი რედაქცია); 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ახალი რედაქცია) და საბოლოოდ პ. კ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენისა და ამავე სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის განჩინების დანარჩენი ნაწილი დარჩა უცვლელად.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ პ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

10. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ პ. კ-ის შუამდგომლობა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ პ. კ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 ნოემბრის განჩინება შეიცვალა, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, მსჯავრდებულ პ. კ-ეს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 2 აგვისტოს განკარგულებით განსაზღვრული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღი – 2032 წლის 24 ივნისი და სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღად განესაზღვრა 2029 წლის 3 იანვარი.

12. 2025 წლის 20 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა – პ. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელება და ¼-ით შემცირება სასჯელის იმ ნაწილის, რომელიც მოხდილი აქვს დაპატიმრებიდან საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 2 აგვისტოს განკარგულების გამოცემამდე. მსჯავრდებული უთითებს შემდეგს: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მაისის განჩინებაში მოსამართლემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის განკარგულების შედეგად იგი აღარ არის უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი და განსაზღვრული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. ეს განჩინება ეწინააღმდეგება მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელების შესახებ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დადგენის მიზნით ითხოვს შუამდგომლობის დაკმაყოფილებას.

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ პ. კ-ის შუამდგომლობა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

14. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა – პ. კ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლასა და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელებას იმავე საფუძვლით, რომელზეც უთითებდა შუამდგომლობაში.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს საჩივარს, ხოლო პროცესში მონაწილე პროკურორმა განაცხადა, რომ არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ პ. კ-ის მიერ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ამავე კანონის გავრცელების შესახებ შუამდგომლობის განხილვას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განჩინების ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან შეუსაბამობის მოტივით, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონის პირველი-21-ე მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გაგზავნილი მსჯავრდებულის პირადი საქმის საფუძველზე, ხოლო მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია მსჯავრდებულ პ. კ-ის შუამდგომლობა, რომელიც აღნიშნული კანონის თანახმად, არ არის სასამართლოსათვის მიმართვის უფლებამოსილების მქონე სუბიექტი. ამავე დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის შესაბამისად, იმავე შინაარსის შუამდგომლობა, რომელზედაც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, იმავე სასამართლოში აღარ განიხილება, ხოლო მსჯავრდებულ პ. კ-ის მიერ წარმოდგენილ იმავე შინაარსის შუამდგომლობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება.

3. მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ პ. კ-ის შუამდგომლობა განიხილოს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით, ვინაიდან შუამდგომლობა წარმოდგენილია „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, ხოლო ამნისტიის შესახებ კანონი მიღებულია ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე.

4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით, რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის განჩინებით, მსჯავრდებულ პ. კ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ: იგი გათავისუფლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით შეფარდებული სასჯელისაგან, ხოლო ¼-ით შეუმცირდა ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 238-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით (ძველი რედაქცია) შეფარდებული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

5. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 2 აგვისტოს განკარგულებით მსჯავრდებული პ. კ-ე შეწყალებულ იქნა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-9 პუნქტებით; 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით; 240-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით; 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძველი რედაქცია); 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით შეფარდებული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღად განესაზღვრა 2032 წლის 24 ივნისი.

6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს განჩინებით, რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, მსჯავრდებულ პ. კ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი არ გავრცელდა იმ მოტივით, რომ აღნიშნული ამნისტია სასამართლომ მის მიმართ 2013 წელს გაავრცელა და განმეორებით იმავე საკითხზე ვერ იმსჯელებდა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მსჯავრდებულისთვის განაჩენით დადგენილი სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა – არ შეცვლილა, პრეზიდენტმა შეწყალების აქტით გამოხატა ნება, რომ პ. კ-ე კონკრეტულ დღეს გათავისუფლებულიყო სასჯელის მოხდისაგან.

7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ პ. კ-ის მიერ იმავე საფუძვლით წარდგენილი შუამდგომლობა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინებით მსჯავრდებულის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 ნოემბრის განჩინება შეიცვალა, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, მსჯავრდებულ პ. კ-ეს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 2 აგვისტოს განკარგულებით განსაზღვრული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღი – 2032 წლის 24 ივნისი და სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღად განესაზღვრა 2029 წლის 3 იანვარი. საკასაციო პალატამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო შემდეგი არგუმენტების საფუძველზე:

· საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულის პოზიცია, იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების შედეგად მას განესაზღვრა 35 წლით თავისუფლების აღკვეთა. პალატამ მიუთითა, რომ ასეთი მსჯელობა არ გამომდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, ვინაიდან მოცემული ნორმის შინაარსის თანახმად, შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. მოცემულ შემთხვევაში კი, პ. კ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელი პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე არ შეცვლილა, არამედ მხოლოდ მიეთითა მისი მოხდისაგან გათავისუფლების კონკრეტული თარიღი – 2032 წლის 24 ივნისი. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ პ. კ-ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული ჰქონდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, თუმცა იმ დღიდან, როდესაც პრეზიდენტმა გამოსცა მსჯავრდებულის შეწყალების თაობაზე განკარგულება, მისი სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების თარიღი გახდა განჭვრეტადი;

· ამავე დროს, ვინაიდან პ. კ-ის სასჯელის – უვადო თავისუფლების აღკვეთის ვადის დასასრულს წარმოადგენდა 2032 წლის 24 ივნისი, ხოლო 2018 წლის 2 აგვისტოდან 2032 წლის 24 ივნისამდე მსჯავრდებულის მიერ მოსახდელი სასჯელი შეადგენდა 13 წელს, 10 თვესა და 22 დღეს, საკასაციო პალატამ, ამნისტიის ჰუმანური ბუნებიდან გამომდინარე და სამართლიანობის პრინციპზე დაყრდნობით, მიზანშეწონილად მიიჩნია მსჯავრდებულ პ. კ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელება.

8. რაც შეეხება მსჯავრდებულ პ. კ-ის მიერ მითითებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მაისის განჩინებას, ამ განჩინებით გაირკვა, რომ პ. კ-ის შუამდგომლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. განჩინების სამოტივაციო ნაწილის მიხედვით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 2 აგვისტოს განკარგულებით მსჯავრდებული პ. კ-ის შეწყალებითა და მისთვის საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების თარიღის დადგენით, პ. კ-ის სამართლებრივი მდგომარეობა შეიცვალა, ხოლო ამ განკარგულების საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ პ. კ-ისათვის ამავე განკარგულების მიღებიდან სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღამდე მოსახდელი სასჯელის შემცირებით, ფაქტობრივად იგი აღარ წარმოადგენს უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, არამედ მის მიმართ პრეზიდენტის შეწყალების აქტითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განჩინების საფუძველზე, რეალურად განისაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა.

9. ამასთან, აღნიშნული შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლემ მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 2 აგვისტოს განკარგულებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ პ. კ-ის სამართლებრივი მდგომარეობა შეიცვალა და რეალურად იგი აღარ წარმოადგენს უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს. აქედან გამომდინარე, მოსამართლის შეფასებით, პ. კ-ის მიმართ პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას, შესაძლებელია, შემდგომში გავრცელდეს არა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2851-ე მუხლის, არამედ – ამავე კოდექსის 285-ე მუხლით გათვალისწინებული რეგულაციები, რომლის მიხედვით, ვადიანი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს განიხილავს შესაბამისი სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოები.

10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 მაისის განჩინებაში, პ. კ-ის მსჯავრდებასთან მიმართებით, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 2 აგვისტოს განკარგულებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინების შესახებ მოსამართლის ზემოაღნიშნულ მსჯელობას, რომელიც წარმოადგენს სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს: ამ განჩინებით არ დადგენილა, რომ პ. კ-ე აღარ არის უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული; სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით, მათ შორის – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის (საქმის №251-18), 2022 წლის 20 ოქტომბრის (საქმის №501-22), 2023 წლის 14 მარტის (საქმის №81-23) განჩინებებით, პ. კ-ეს განემარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 2 აგვისტოს განკარგულებით მის მიმართ შეფარდებული სასჯელი არ შეცვლილა, არამედ მიეთითა მისი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული ჰქონდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, თუმცა განკარგულების მიღების შედეგად პ. კ-ის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღი გახდა განჭვრეტადი.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ პ. კ-ის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ პ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ პ. კ-ის მიმართ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ, დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. ვასაძე