საქმე # 120141124010184902
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№ 321-25 13 თებერვალი, 2025 წელი
ა. ვ. 321-25 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. ბ–ის საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 13 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენით:
1.1. დამტკიცდა პროკურორსა და ვ. ა–ს (პირადი ნომრით ...........) შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
1.2. ვ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი;
1.3. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 5 000 ლარი;
1.4. პირობითი მსჯავრის აღსრულების ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, კონტროლი დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
2. 2024 წლის 4 ოქტომბერს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს აჭარისა და გურიის პრობაციის ბიუროდან ახალციხის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა ვ. ა–ის პირადი საქმე (ახალციხის რაიონულ სასამართლოში შევიდა 2024 წლის 9 ოქტომბერს).
3. 2024 წლის 12 ნოემბრის სატელეფონო აქტის თანახმად, მოსამართლე მ. ჩ–ს თანაშემწე ნ. ნ–ე დაუკავშირდა მსჯავრდებულ ვ. ა–ეს და აცნობა, რომ მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების მიზნით უნდა წარმოედგინა დაზარალებულის თანხმობა.
4. 2024 წლის 25 ნოემბერს მსჯავრდებულმა ვ. ა–მ ახალციხის რაიონულ სასამართლოში წარადგინა ნ–ს მუნიციპალიტეტის მერის – ა. მ–ის – N.......... წერილი, რომლის თანახმად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით დადგენილი მოთხოვნების/პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ნ–ს მუნიციპალიტეტის მერია წინააღმდეგი არ არის ვ. ა–ის მიმართ გავრცელდეს ამნისტია.
5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 13 იანვრის განჩინებით:
5.1. მსჯავრდებულ ვ. ა–ეს უარი ეთქვა ამნისტიის გამოყენებაზე;
5.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელი.
6. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 13 იანვრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. ბ–ემ, რომელმაც მოითხოვა ვ. ა–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელება. დაცვის მხარის განმარტებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონში არ არის განსაზღვრული თუ ვინ უნდა მოითხოვოს და წარადგინოს დაზარალებულის თანხმობა ამნისტიის კანონის გამოყენებაზე. თუ სასამართლო ჩათვლის, რომ მსჯავრდებულმა უნდა უზრუნველჰყოს შესაბამისი დამოწმებული თანხმობის წარდგენა, იგი სათანადოდ უნდა იყოს ინფორმირებული აღნიშნულის თაობაზე. ვ. ა–ეს ახალციხის რაიონული სასამართლოდან დაუკავშირდნენ 2024 წლის 12 ნოემბერს (რაც დასტურდება ასევე მათ მიერ წარმოდგენილი ამონაწერით მ–დან). მოსამართლის თანაშემწის განმარტების შემდეგ ვ. ა–ემ 2024 წლის 25 ნოემბერს, ანუ გაფრთხილებიდან ერთი თვის ვადაში, წარადგინა სასამართლოში ნ–ს მუნიციპალიტეტის მერიის თანხმობა ამნისტიის გამოყენების შესახებ, რაც არ გაიზიარა სასამართლომ და ვ. ა–ეს უკანონოდ ეთქვა უარი ამნისტიის გავრცელებაზე. გასაჩივრებული განჩინების თანახმად, დაზარალებულის თანხმობა მსჯავრდებულს უნდა წარმოედგინა ანისტიის კანონის ამოქმედებიდან 1 თვეში. კასატორის მტკიცებით, სასამართლოს 1 თვიანი ვადა უნდა ეანგარიშა მსჯავრდებულის გაფრთხილების დღიდან.
7. 2025 წლის 12 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა ა–სა და გ–ს პრობაციის ბიუროს უფროსის მ. თ–ის მომართვა/წერილი (რეგ. N........), რომლის თანახმად, ა–სა და გ–ს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ ვ. ა–ისათვის წერილობით არ უცნობებია ვ. ა–ის პორადი საქმის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების მიზნით ახალციხის რაიონულ სასამართლოში გადაგზავნის შესახებ და არც დაზარალებულის თანხმობის მოპოვების საჭიროების თაობაზე. მომართვას ერთვის ვ. ა–ის პირადი საქმე 22 ფურცლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სასჯელისგან გათავისუფლება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამნისტია, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, უნდა აღსრულდეს ამ ამნისტიის გავრცელების პირობების შესრულებიდან 2 კვირის ვადაში. თუ დაზარალებული სახელმწიფოა, მისი თანხმობა მოპოვებული უნდა იქნეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში („ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, 2024 წლის 27 სექტემბერს).
5. ვ. ა–ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განსაზღვრული აქვს – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს – ჯარიმა 5 000 ლარი.
6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვ. ა–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაზარალებულად ცნობილია ნ–ს მუნიციპალიტეტის მერია (იხ.: 2024 წლის 13 მარტის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ ტ.3, ს.ფ. 257-258).
7. ვ. ა–ის მიერ ნ–ს მუნიციპალიტეტის მერია/მერის თანხმობა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების შესახებ ახალციხის რაიონულ სასამართლოში წარდგენილია 2024 წლის 25 ნოემბერს („ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი 1-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ).
8. ვ. ა–ს მხოლოდ 2024 წლის 12 ნოემბერს ეცნობა/მიეწოდა ინფორმაცია, რომ მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებისათვის სასამართლოში უნდა წარედგინა დაზარალებულის თანხმობა. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ვ. ა–ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით დადგენილი ვადის გასვლამდე (2024 წლის 27 ოქტომბრამდე) ინფორმირებული იყო დაზარალებულის თანხმობის წარდგენის ვალდებულებაზე (აღნიშნულის თაობაზე მსჯავრდებულისათვის არ უცნობებია არც პრობაციის ბიუროს (იხ.: ა–სა და გ–ს პრობაციის ბიუროს უფროსის მ. თ–ის მომართვა/წერილი).
9. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადა, მოცემულ საქმეში არ უნდა განიმარტოს სიტყვა-სიტყვით, ვიწრო მნიშვნელობით, მსჯავრდებულის საწინააღმდეგოდ (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის N№111-22 განჩინება). სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მიზანს (ჰუმანიზმი), ა–სა და გ–ს პრობაციის ბიუროს წერილს (რეგ. N.........), დაზარალებულის თანხმობის წარმოდგენის შესახებ ვ. ა–ისათვის სასამართლოს მიერ შეტყობინების თარიღს (12 ნოემბერი, რაც გასაჩივრებული განჩინების თანახმადვე განხორციელებული იყო თანხმობის წარმოდგენისათვის კანონმდებლის მიერ დადგენილი 1 თვიანი ვადის გასვლიდან მე-15 დღეს და ა–სა და გ–ს პრობაციის ბიუროდან ვ. ა–ის პირადი საქმის სასამართლოში შესვლიდან 39-ე დღეს), ა–სა და გ–ს პრობაციის ბიუროს მიერ ახალციხის რაიონულ სასამართლოში ვ. ა–ის პირადი საქმის მასალების გადაგზავნის თარიღს (4 ოქტომბერი). შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის N№111-22 განჩინება) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მიზნის და დანიშნულების მხედველობაში მიღებით ვ. ა–ის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით დადგენილი შეღავათი.
10. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ვ. ა–ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახით განსაზღვრული სასჯელის – 2 წლით თავისუფლების აღკვეთის (რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი) მოხდისაგან.
11. განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დანიშნულ დამატებით სასჯელზე – ჯარიმა 5 000 ლარზე – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება ვერ გავრცელდება, ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ვ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. ბ–ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 13 იანვრის განჩინება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ვ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. ბ–ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 13 იანვრის განჩინება;
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3.1. ვ. ა–ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის (2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი) მოხდისაგან;
3.2. ვ. ა–ისათვის საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დანიშნულ დამატებით სასჯელზე – ჯარიმა 5 000 ლარზე – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ ვრცელდება;
3.3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე