Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№34I-25 ქ. თბილისი

ს-ი ა. მ., 34I-25 17 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. მ. ს-ის (A. M. S.) ინტერესების დამცველი ადვოკატების: ნ. ლ-ისა და ა. გ-ას – საკასაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს-ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:

ა. მ. ს-ის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართალწარმოება ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:

დანაშაული, გათვალისწინებული 223-15-2-ე მუხლის პირველი და მე-3 აბზაცებით, 132-71-ე მუხლით და დასჯადი 223-15-2-ე მუხლის მე-3 აბზაცით და 223-15-3-ე მუხლით (პირის უცოდინრობის და სისუსტის უკანონოდ ბოროტად გამოყენება, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად, იმ დაჯგუფების წევრის მიერ, რომელიც იყენებს მონაწილეთა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დაქვემდებარებას);

დანაშაული, გათვალისწინებული 223-15-2-ე მუხლით და დასჯადი 223-15-2-ე მუხლის მე-2 აბზაცით და 223-15-3-ე მუხლით (პირის უცოდინრობის და სისუსტის უკანონოდ ბოროტად გამოყენება იმ დაჯგუფების ხელმძღვანელის მიერ, რომლის საქმიანობაა მონაწილეთა ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაქვემდებარების შექმნა, შენარჩუნება და ექსპლუატაცია);

დანაშაული, გათვალისწინებული 225-4-3-ე, 225-4-1-ე, 132-71-ე მუხლებით და დასჯადი 225-4-3-ე, 225-20-ე, 225-21-ე, 225-24-ე, 225-25-ე და 131-26-2-ე მუხლებით (ადამიანებით ვაჭრობა, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად);

დანაშაული, გათვალისწინებული 225-5-2-ე მუხლის პირველი აბზაცით, 224-3-ე მუხლის პირველი აბზაცით, 224-1-ე მუხლის პირველი აბზაცით, 132-71-ე მუხლით და დასჯადი 224-5-2-ე მუხლის მეორე აბზაცით, 224-3-ე მუხლის პირველი აბზაცით, 224-9-ე და 224-10-ე მუხლებით (თანამონაწილეობა რამდენიმე პირის დაპატიმრებაში, გატაცებაში, თავისუფლების აღკვეთასა და უკანონო დაკავებაში, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად), იმავე კოდექსის 121-6-ე და 121-7-ე მუხლების გათვალისწინებით;

დანაშაული, გათვალისწინებული 222-24-ე მუხლის მე-10 აბზაცით, 222-23-ე მუხლის პირველი აბზაცით და დასჯადი 222-24-ე მუხლის პირველი აბზაცით, 222-44-ე მუხლით, 222-45-ე მუხლით, 222-47-ე მუხლის პირველი აბზაცით, 222-48-ე მუხლით, 222-48-1-ელი მუხლის პირველი აბზაცით და 131-26-2-ე მუხლით (თანამონაწილეობა გაუპატიურებაში, ერთ ან რამდენიმე გაუპატიურებასთან ერთად, სხვა დაზარალებულების მიმართ), იმავე კოდექსის 121-6-ე და 121-7-ე მუხლების გათვალისწინებით.

2. 2024 წლის 9 ივლისს პარიზის სააპელაციო სასამართლომ გამოსცა ა. მ. ს-ის დაკავების ბრძანება ზემოაღნიშნული დანაშაულების შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით.

3. 2024 წლის 13 აგვისტოდან ა. მ. ს-ი იძებნება ს-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

4. ს-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებულ მასალებში ასახული ფაქტები:

2007 წლის 28 თებერვლიდან 2023 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდში, მათ შორის, ს-ის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, რომლის მიზანი იყო ადამიანთა ტრეფიკინგი დაზარალებულ პირთა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, მათთან დაჯგუფების ლიდერის მიერ სექსუალური კონტაქტის დამყარების გზით ან მათი დასაქმებით ე.წ. „მასაჟის სალონებში“, პორნოგრაფიული ჩატების პლატფორმებსა და სტრიპტიზ კლუბებში, – მითითებული ორგანიზაციის დანიის დანაყოფის ხელმძღვანელმა ადინა მარია ს-მა

მონაწილეობა მიიღო, სულ მცირე, შვიდი პირის ს-ის რესპუბლიკაში გადაყვანასა და მათ სექსუალურ ექსპლუატაციაში.

კერძოდ, ორგანიზებული დაჯგუფების ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად, ა. მ. ს-ი ორგანიზებას უწევდა მსხვერპლთა მოძიებას, დაჯგუფების რეალური მიზნების დაფარვით და ტანტრა იოგის საფარქვეშ, მათი მოტყუებით დაზარალებულთა გადაბირებას ისეთი ფსიქოლოგიური ტექნიკით, რომელიც მიზნად ისახავდა დაზარალებულ პირთა ყოველგვარი წინააღმდეგობის ცნების გაქრობას და, ასევე, მათ ტრანსპორტირებას ს-ის რესპუბლიკაში, სადაც აღნიშნულ პირებს დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები ართმევდნენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, კომუნიკაციის საშუალებებს, უზღუდავდნენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას, ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდნენ დაჯგუფების ხელმძღვანელ პირთან სექსუალური კონტაქტის დამყარებას და სხვაგვარი სექსუალური ქმედებების განხორციელებას, ამ უკანასკნელის სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით.

5. მოცემულ შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებებისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია შუამდგომლობის მე-9-მე-13 პარაგრაფებში მითითებული მუხლებით; ამასთან, მითითებული დანაშაულები მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით, მათ შორის – უვადო თავისუფლების აღკვეთას.

6. აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ტრეფიკინგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, მოცემულ შუამდგომლობაში აღწერილ ქმედებათა დასჯადობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი გარემოებები: ექსტრადიციის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ დამკვიდრდა in abstracto ორმაგი დასჯადობის პრინციპი, რაც ასევე გაიზიარეს საქართველოს სასამართლოებმა არაერთ ექსტრადიციის საქმეში. აღნიშნული პრინციპი, იმდენად, რამდენადაც იგი რელევანტურია წინამდებარე საქმეში, გულისხმობს შემდეგს: ორმაგი დასჯადობის არსებობისთვის არ არის სავალდებულო, ექსტრადიციის განმახორციელებელი და მომთხოვნი სახელმწიფოების სამართლით განსაზღვრული დანაშაულის ყველა ელემენტი იდენტური იყოს, არამედ სადავო ქმედება, ცალკე აღებული, დასჯადი უნდაიყოს ექსტრადიციის განმახორციელებელი სახელმწიფოს კანონმდებლობით.

7. 2024 წლის 22 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ს-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. მ. ს-ი.

8. 2024 წლის 25 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ა. მ. ს-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

9. 2024 წლის 29 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის წინაშე ა. მ. ს-მა უარი განაცხადა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციაზე.

10. 2024 წლის 7 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ა. მ. ს-ისა და მისი ადვოკატის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების შესახებ.

11. 2024 წლის 26 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ა. მ. ს-ის ექსტრადიციის თაობაზე ს-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

12. 2024 წლის 19 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინების საფუძველზე ა. მ. ს-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2025 წლის 22 თებერვლამდე.

13. ამჟამად ა. მ. ს-ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №-პენიტენციურ დაწესებულებაში.

14. 2024 წლის 17 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა ა. მ. ს-ის ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებების შესაძლო ჩადენისათვის, რაც აღწერილია ს-ის რესპუბლიკის პარიზის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 ივლისის დაკავების ბრძანებაში.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ 2025 წლის 31 იანვრის განჩინებით დასაშვებად ცნო ა. მ. ს-ის ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებების შესაძლო ჩადენისათვის, რაც აღწერილია ს-ის რესპუბლიკის პარიზის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 ივლისის დაკავების ბრძანებაში.

16. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. მ. ს-ის – ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ლ-ი საკასაციო საჩივრებით ითხოვს, რომ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 31 იანვრის განჩინება და დასაშვებად არ იქნეს ცნობილი ა. მ. ს-ის ექსტრადიცია ს-ის რესპუბლიკაში შემდეგი ძირითადი მოტივებით: ა. მ. ს-ი და მისი მეუღლე დაქორწინდნენ 2001 წელს, ხოლო 2002 წელს გადავიდნენ დ-ში, როგორც მასწავლებლები, და კოორდინაციას უწევდნენ იოგას ცენტრს. ს-ების საქმე არის ---ს ---ნაწილი) დამფუძნებლის, გრიგორიან ბივოლარუს (რომელიც რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ამჟამად პატიმრობაშია ს-ში) დევნის თანმდევი პროდუქტი. ბ. რ. იოგას სკოლა --ს დამფუძნებელია; მისი მეთოდები შეიცავს ფიზიკურ ვარჯიშებს, რომლებიც სხეულის, გონებისა და სულის ჰარმონიულ განვითარებას უწყობს ხელს. -- იოგის სწავლება და ზოგიერთი სტუდენტისათვის ს-ში მოგზაურობის შეთავაზება ბ-თან შესახვედრად, სავარაუდოდ, მათი „გაუპატიურების“ რისკის ქვეშ დაყენებით, არ შეესაბამება სინამდვილეს. საქმეში გაჟღერებული „მენტალური მანიპულაცია“ და „სისუსტის ბოროტად გამოყენება“ წარმოსახვითი დანაშაულებია და არ არის საერთაშორისო სამართლის ნაწილი. ს-ებს ასევე ბრალად ედებათ „ფსიქოლოგიური დაქვემდებარება“, ანუ „ტვინის გამორეცხვა“ და გაუპატიურებაში თანამონაწილეობა იმის გამო, რომ, სავარაუდოდ, ქალებს აიძულებდნენ, მონაწილეობა მიეღოთ განმარტოებებსა და რიტუალებში ს-ში, სადაც ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, „გააუპატიურა“ ბ-მ.

„მენტალური მანიპულაცია“, „სისუსტის ბოროტად გამოყენება“ და „ფსიქოლოგიური დაქვემდებარება“, ანუ „ტვინის გამორეცხვა“ დანაშაულად ითვლება ს-ში, მაგრამ არა სხვა დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობაში. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია, რომ მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე – შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მენტალური მანიპულაცია, როგორც დასჯადი ქმედება, საქართველოს კანონმდებლობისათვის, სულ მცირე, არასერიოზულია.

კასატორის აზრით, „ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის გამოყენებით საქართველომ უარი უნდა თქვას ა. მ. ს-ის ს-ის მართლმსაჯულებისათვის გადაცემაზე. ს-ის სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ არის საკმარისი ექსტრადიციის საკითხის გადასაწყვეტად. 2024 წლის 24 ივლისის დაკავების ევროპულ ორდერში ს-ის სასამართლო ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა მხოლოდ ის, რომ არსებობს სასჯელის გადახედვის ან შემარბილებელი ზომების შესაძლებლობა, მაგრამ არ წარმოადგინა რაიმე კონკრეტული გარანტია, რომელიც აჩვენებდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა დაკისრებული სასჯელის გადახედვა ან იმ ნებისმიერი შემარბილებელი ზომის გამოყენება, რომელიც შეიძლება მოითხოვოს პირმა ს-ის კანონმდებლობის შესაბამისად. ს-ს დეტალურად უნდა ჩამოეყალიბებინა გარანტიები იმ პირობებთან დაკავშირებით, რომელთა საფუძველზეც, გამოთხოვილ პირს შეეძლო, მიემართა სამუდამო პატიმრობის გადახედვის თაობაზე (მაქსიმუმ, 20 წლის განმავლობაში) და, სამუდამო პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში, განესაზღვრა შეწყალების ზომები.

გარდა ამისა, დაკავების ორდერი არ შეიცავს იმ ფაქტების სათანადო (მაქსიმალურად ზუსტ) აღწერას, რომლებსაც ის ეფუძნება, ჩადენის დროის, ადგილის, ხერხისა და ხარისხის მითითებით, ხოლო ექსტრადიციის მოთხოვნაში აღწერილი ფაქტები – არასრული და ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის შეუსაბამოა. ს-ის ხელისუფლების დოკუმენტებში მითითებულია მხოლოდ გ. ბ-ს სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობაზე, ხოლო ადინა ს-სა და მის მეუღლესთან მიმართებით არ არსებობს კონკრეტული ბრალდებები; ს-ის სასამართლოს არ დაუზუსტებია დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დრო, შვიდი სავარაუდო მსხვერპლიდან რომელმა განიცადა ტრეფიკინგი, შეურაცხყოფა, თავისუფლების აღკვეთა ან გაუპატიურება ა. მ. ს-ის დახმარებით, რა დროს, რა გზით და ა.შ.. ადინა ს-ის წინააღმდეგ ბრალეული ფაქტების ზოგადი აღწერა არ იძლევა პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადების განსაზღვრის საშუალებას, ექსტრადიცია კი არ დაიშვება, თუ დევნის ან სასჯელის ხანდაზმულობის ვადა ამოწურულია. ამასთან, ს-ის სასამართლო ხელისუფლებამ ადინა ს-ს ბრალი დასდო იმ დანაშაულთა ხელშეწყობაში, რომლებიც სრულად და მხოლოდ მესამე სახელმწიფოს – დ-ს – ტერიტორიაზე ჩადენილი. ს-ის სასამართლო ხელისუფლებას თავიდანვე არ ჰქონდა დევნის ტერიტორიული კომპეტენცია ადინა ს-ისათვის მიწერილ სავარაუდო დანაშაულებზე. შესაბამისად, სავარაუდო ქმედებებზე სისხლისსამართლებრივი დევნის მხრივ ექსტრადიცია შეუძლებელია აღსრულდეს, ვინაიდან დაკავების ევროპული ორდერი გაცემულია იმ სასამართლო ხელისუფლების მიერ, რომელსაც არ აქვს ტერიტორიული იურიდისდიქცია და იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებზეც სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოში შეუძლებელია.

საფრანგეთში „ტანტრული იოგას“ პრაქტიკოსი ჯგუფები M---ის მიერ განიხილება, როგორც მათი მიმდევრების ფსიქოლოგიური დამორჩილების შემქმნელი და ექსპლუატატორი, რასაც M--ი აცნობებს მოსამართლეებსა და პროკურორებს ამ ჯგუფების წევრების წინააღმდეგ გამოძიების დროს. სამთავრობო ორგანოს (M--ის) ეს არაბუნებრივი ჩარევა მართლმსაჯულების ქმედებაში აპრიორი არღვევს სასამართლო ორგანოების ქმედებებს ამ ე.წ. „სექტების“ წინააღმდეგ, მეტიც, M---ი აწარმოებს რეალურ კრიმინალურ გამოძიებას, რითიც ანაცვლებს სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოებს. მოცემულ საქმეშიც M---მა შეაგროვა ჩვენებები, შემდეგ კი მოპოვებული ინფორმაცია გადასცა პროკურატურას. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ს-ის მართლმსაჯულების სისტემა აშკარად მიზნად ისახავს უმცირესობათა ჯგუფების დევნას, რომლებიც M---ის მიერ „სექტანტურ აბერაციებად“ არის მიჩნეული. MISA იოგას სკოლა და იოგას სხვა ტანტრული სკოლები (მათ შორის – ს-ების წყვილის დანიაში არსებული სკოლა) წარმოადგენს M---ის სამიზნე „სექტანტურ მოძრაობებს“. ა. მ. ს-ისათვის ს-ში წაყენებული ბრალდება ნაკარნახევია მისი დევნისა და დასჯის განზრახვით მხოლოდ მათი რელიგიური, სულიერი კუთვნილებისა და რწმენის გამო და მისი ექსტრადიციით უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება მიესაჯოს მხოლოდ ATMAN-ის ორგანიზაციაში წევრობის გამო.

ამდენად, ა. მ. ს-ი არ შეიძლება დაექვემდებაროს სამართლიან სასამართლო განხილვას ს-ში, ვინაიდან იგი უკვე მიიჩნევა და განიხილება, როგორც დამნაშავე, იმ ქმედებებისათვის, რომლებშიც მას არც კი მიუღია მონაწილეობა და მას სასჯელს მიუსჯიან რელიგიური და სულიერი მოძრაობისადმი მისი კუთვნილების გამო. ასევე, ს-ის ხელისუფლების მიერ ორდერის გაცემის მიზნით სამართალწარმოებაზე ორდერში ხსენებული პირის დასწრების უზრუნველმყოფელი ზომების მიღების გარეშე გაცემული დაკავების ევროპული ორდერი თავიდანვე უკანონოა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლო ექსპერტიზისა და კვლევების სამეციერო-კვლევითი ცენტრის ექსპერტიზის №17/3/24 დასკვნის თანახმად, ს-ების წყვილის ექსტრადიციის მომთხოვნმა მხარემ საქართველოს არ წარუდგინა დანაშაულის ჩადენის ამსახველი დოკუმენტაცია. შესაბამისად, სასამართლოს აქვს მისი შეფასების შესაძლებლობა. სასამართლომ ისე მიიჩნია მომთხოვნი სახელმწიფო უსაფრთხო ქვეყნად, რომ არ შეუფასებია ა. მ. ს-ის ს-ში შესაძლო დევნისა და წამება/არასათანადო მოპყრობის რისკები, რაზეც მიუთითებს ამ ქვეყნის შესახებ ოფიციალური წყაროებიდან მოძიებული უახლესი ინფორმაცია. დაცვის მხარემ სასამართლოს მიაწოდა რიგი მასალებისა, რომლებშიც აღწერილია სასურველი შედეგის მისაღებად სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სხვა ეროვნების პირებზე ზემოქმედების ფორმებისა და პირობების შესახებ, ასევე – ა. მ. ს-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, რომელთა მიხედვით, მას აქვს გულის, ჩიყვისა და თვალის პრობლემები, ძალიან დაიკლო წონაში. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის იმ სახელმწიფოსათვის გადაცემა, სადაც მას მსგავს საქმეებში სხვა ბრალდებულების ბედი ელის, იქნება არამართლზომიერი ქმედება.

17. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. მ. ს-ის – ინტერესების დამცველს, ადვოკატ ა. გ-ას საკასაციო საჩივრით მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 31 იანვრის განჩინება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს, ხოლო ა. მ. ს-ი გათავისუფლდეს საექსტრადიციო პატიმრობიდან, შემდეგ გარემოებათა გამო: სამართალდამცავებმა ა. მ. ს-ისა და მისი მეუღლის საქართველოში შემოსვლის მომენტიდან უხეშად დაარღვიეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსტიტუცია და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები; სასამართლო იყო მიკერძოებული ბრალდების მხარის სასარგებლოდ. პირის ექსტრადიცია არ უნდა მოხდეს, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი პასუხისგებაში მიეცემა ან დაისჯება მისი რასის, ეროვნების, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა, მსგავს გარემოებათა გამო, ასევე, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას, ასევე, თუ პირი შეიძლება გასამართლდეს ან მას მიესაჯოს სასჯელი სპეციალური სასამართლოს ან ტრიბუნალის მიერ.

კასატორის აზრით, ა. მ. ს-ის მიმართ კანონმდებლობა დაარღვიეს როგორც მესაზღვრეებმა, ისე – ზედამხედველმა პროკურორმა და მოსამართლეებმა, ასევე – შსს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, ანუ სახეზეა სისტემური დანაშაული. წარმოდგენილ მასალებში არ არის დაკონკრეტებული, რა სახის კრიმიმნალური ქმედება ჩაიდინა ა. მ. ს-მა; ვერ დგინდება კონკრეტული პირი ან პირთა ჯგუფი, რომლებიც დაზარალდნენ მისი ქმედებით; ძებნის მასალებში საუბარია მხოლოდ სავარაუდო ვერსიებზე, რომელთა დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს, შესაბამისად, შიში, რომ ა. მ. ს-ი ს-ში (სადაც ის, დაახლოებით, 10 წელია, არ ყოფილა) გახდება უკანონო დევნის მსხვერპლი თავისი მრწამსისა და შეხედულებების გამო, დასაბუთებულია; დანიის სამართალდამცავი სტრუქტურები არასდროს დაინტერესებულან მისი საქმიანობით და ამ ქვეყანაში მისი მხრიდან რაიმე სამართალდარღვევა არ დაფიქსირებულა. ფაქტი, რომ ა. მ. ს-ი იყო იოგის სკოლის დამფუძნებელი, სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ სკოლა შექმნილი იყო დანაშაულებრივი ქმედებების ჩასადენად.

18. პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრებს და ითხოვა ა. მ. ს-ის ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 31 იანვრის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების ძირითადი არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. ა. მ. ს-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2024 წლის 22 აგვისტოს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისა და საექსტრადიო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. ა. მ. ს-ის დაკავებისა და პატიმრობის კანონიერებაზე იმსჯელეს როგორც საქალაქო, ისე – სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა, რომლის შედეგადაც არ გამოვლენილა რაიმე სახის დარღვევა, რომელსაც, შესაძლოა, გავლენა ჰქონოდა პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. ამასთან, აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენს ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობის ფარგლებში განსახილველ გარემოებას და საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეფასების საგანს. საყურადღებოა ისიც, რომ უშუალოდ ექსტრადიციის განხილვის პროცესში სრულად იყო უზრუნველყოფილი დაცვის უფლების განხორციელების შესაძლებლობა, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

4. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ ა. მ. ს-ის ქმედებებში დანაშაულის შემადგენლობა არ იკვეთება, ხოლო დაკავების ორდერი არ შეიცავს იმ ფაქტების სათანადო (მაქსიმალურად ზუსტ) აღწერას, რომლებსაც ის ეფუძნება, საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, აღნიშნავს, რომ საექსტრადიციო საქმის მასალებში სრულად არის წარმოდგენილი ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, მათ შორის, ინფორმაცია დანაშაულების ფაქტობრივი გარემოებების შესახებ და 2024 წლის 9 ივლისის პარიზის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოცემული ა. მ. ს-ის დაკავების ბრძანება, ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაულების შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, კვლავაც იმეორებს, რომ საჩივრებში გაცხადებული გარემოებების გამორკვევა დაკავშირებულია პირის ბრალეულობის საკითხთან, რომელსაც ექსტრადიციის დასაშვებობის განხილვისას, სასამართლო არ აფასებს, არამედ ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (იხ. მაგალითად: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები საქმეებზე: №402I-21; №453I-21). ამასთან, ევროპული დაკავების ბრძანების მოქმედების არეალი მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ვრცელდება. შესაბამისად, საქართველოში მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში, აღნიშნულ დოკუმენტს გააჩნია მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი და ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-12 მუხლით დადგენილ სავალდებულო დოკუმენტად მოცემული წარმოების ფარგლებში განიხილება 2024 წლის 9 ივლისის პარიზის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული ა. მ. ს-ის დაკავების ბრძანება.

5. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს. როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, ა. მ. ს-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ, ამასთან, იგი არ ითვლება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირადაც, ვინაიდან რუმინეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, ხოლო მის ექსტრადიციას ითხოვს მესამე სახელმწიფო – ს-ის რესპუბლიკა. შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება, განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება.

6. პირის ექსტრადიციით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლები დაირღვევა, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ, ექსტრადიციის შემთხვევაში, პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენას, ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008).

7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Mamatkulov and Askarov v. Turkey, no. 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005; K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს, ექსტრადიციის შემთხვევაში, ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). ზოგადი ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §350, 352, ECtHR, 12/04/2005).

8. აღსანიშნავია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრებში ზოგადად არის მითითებული არიდა მარია ს-ის მიმართ შესაძლო დევნასა და არასათანადო მოპყრობაზე, მაგრამ გაცხადებული საფრთხეების არსებობა ან/და რეალურობა არ არის გამყარებული კონკრეტული დამადასტურებელი მტკიცებულებებით, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს არიდა მარია ს-ის დევნის ან მის მიმართ არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ა. მ. ს-ის ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში უფლებების დარღვევის საფრთხესთან დაკავშირებით, რელევანტური არგუმენტაცია და მტკიცებულებები სასამართლოს არ წარსდგენია.

9. რაც შეეხება ს-ის რესპუბლიკაში ორგანიზაციის წევრების მიმართ განხორციელებულ ე.წ. „რეიდებს“: წარმოდგენილი დოკუმენტებიდან არცერთი არ ადასტურებს რომელიმე პირის უფლების დარღვევას, არამედ შეიცავს საჩივრებს უფლებების შესაძლო შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომელთა განხილვისა და შეფასების კომპეტენცია გააჩნიათ ს-ის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს. ამასთან, ობიექტურად გამორიცხულია, ა. მ. ს-ი დადგეს უფლებების შესაძლო მსგავსი შეზღუდვის რისკის წინაშე, ვინაიდან მის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები, რომელთა სპეციფიკის გათვალისწინებით, ის ვერ გახდება ე.წ. „რეიდის“ პოტენციური სუბიექტი. გარდა ამისა, დაცვის მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა ინფორმაცია რომელიმე განმასხვავებელ ნიშანზე, რომლის საფუძველზეც, შესაძლოა ა. მ. ს-ის მიმართ ს-ის რესპუბლიკაში მიზანმიმართული დევნა, ხოლო მისი გარკვეული ორგანიზაციისადმი კუთვნილება ვერ შეფასდება ასეთ ნიშნად, ვინაიდან ორგანიზაციის არაერთი წევრი გათავისუფლდა ან გამართლდა შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის გამო. შესაბამისად, არ იკვეთება ა. მ. ს-ის მიმართ რაიმე ნიშნით არასამართლებრივი დევნის რისკები.

10. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ს-ის რესპუბლიკა ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოა. თავის მხრივ, ევროპის კავშირს სახელმწიფოს წევრობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, აქვს მეტად მკაცრი კრიტერიუმები, რომლებიც ცნობილია, როგორც „კოპენჰაგენის კრიტერიუმები“, რომელთა თანახმად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უნდა გააჩნდეთ ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვას. აღსანიშნავია, რომ ს-ის რესპუბლიკის მიმართ არ გამოთქმულა რაიმე მნიშვნელოვანი კრიტიკა ადამიანის უფლებების სისტემური ან მასშტაბური დარღვევის კუთხით. ამდენად, ს-ის რესპუბლიკა წარმოადგენს „უსაფრთხო სახელმწიფოს“, რომელშიც ექსტრადიცია, ზოგადად, არ ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებით არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა, მისი ექსტრადიციის შემთხვევაში, საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული შესაბამისი ევროპული მექანიზმების გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).

11. საექსტრადიციო მასალების შესწავლით ასევე ირკვევა, რომ ა. მ. ს-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ, ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მის მიმართ დაირღვევა უფლებები, მათ შორის – სამართლიანი სასამართლოს უფლება, მეტიც, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული ა. მ. ს-ის უფლებების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

12. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებისთვისაც მოითხოვება ა. მ. ს-ის ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ახორციელებდნენ წარმოებას ან საქართველოს სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი ხსენებულ დანაშაულთან დაკავშირებით. შესაბამისად, ა. მ. ს-ის ექსტრადიციის შემთხვევაში, არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem-ის პრინციპის დარღვევა.

13. 1957 წლის ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთათვისაც მოითხოვება ა. მ. ს-ის ექსტრადიცია ს-ის რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 30 წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს განგრძობადი ტიპის დანაშაულთან, ვინაიდან დანაშაულებრივი ქმედებები ხორციელდებოდა ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, 2007 წლიდან 2023 წლამდე და, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, იგი დასრულებულად მიჩნევა 2023 წელს. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული 30-წლიანი ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის და შეჩერებულია, თუმცა ხანდაზმულობის 30-წლიანი ვადა გასული არ იქნებოდა დანაშაულის საწყისი თარიღიდან – 2007 წლიდან – ათვლის შემთხვევაშიც. ამასთან, საექსტრადიციო მასალების თანახმად, ა. მ. ს-ის მიმართ სამართალწარმოება განხორციელდება მხოლოდ იმ დანაშაულის ეპიზოდებთან დაკავშირებით, რომელთან მიმართებითაც არ არის გასული სისხლისსამართლებრივი ხანდაზმულობის ვადა ს-ის რესპუბლიკის კანონმდებლობით.

14. რაც შეეხება ა. მ. ს-ისათვის ს-ის რესპუბლიკაში სასჯელად უვადო თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ უვადო სასჯელის შესაძლო შეფარდებასთან მიმართებით დაცვის მხარემ ვერ დააკმაყოფილა მტკიცების სტანდარტი. ა. მ. ს-ის მიმართ არ არის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც მას მისჯილი ექნებოდა უვადო თავისუფლების აღკვეთა. განსაზღვრულია მხოლოდ ბრალის შემადგენელი რეგულაციებით სასჯელის დიაპაზონი, რომლის მაქსიმუმია უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, არ არსებობს არანაირი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება სასჯელის უმკაცრესი ზომა – უვადო თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მითითებული სასჯელის გამოყენების შემთხვევაშიც კი, ფრანგული მხარის ინფორმაციით, სულ მცირე, 20 წლის შემდეგ, ს-ის კანონმდებლობით განსაზღვრულია უვადო პატიმრობიდან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვის შესაძლებლობა (Treholt v. Norway კომისია, No. DR 71, გვ. 168, mutatis mutandis, Achour v. France [GC], No. 67335/01, § 51, ECHR 2006 IV).

15. აღსანიშნავია ისიც, რომ ა. მ. ს-ის ექსტრადიცია მოითხოვება მის მიმართ სამართალწარმოების განსახორციელებლად და სწორედ სასამართლო პროცესებში მისი მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის. შესაბამისად, მითითებული საფუძვლით გამორიცხულია ს-ში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა. რაც შეეხება ა. მ. ს-ის მიმართ პარიზის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 ივლისის დაკავების ბრძანებას, იგი გამოცემულია ძებნილი პირის მიმართ და ადგენს, პირის ადგილსამყოფელის დადგენის შემთხვევაში, მისი სასამართლოს წინაშე წარდგენის მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ, ა. მ. ს-ის ექსტრადიციის შემთხვევაში, იგი არ წარედგინება სასამართლოს მისი შემდგომი პატიმრობის საკითხის გადასაწყვეტად და არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევის რეალური რისკი.

16. საექსტრადიციო მასალების თანახმად, ა. მ. ს-ი არის რ-ის მოქალაქე და არ გააჩნია საქართველოში მუდმივად ცხოვრების კანონიერი საფუძველი. ამასთან, მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს არ წარმოადგენს საქართველო. ასეთ ვითარებაში, ა. მ. ს-ის ექსტრადიციის შემთხვევაში, არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 31 იანვრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ა. მ. ს-ის ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებების შესაძლო ჩადენისათვის, რომლებიც აღწერილია ს-ის რესპუბლიკის პარიზის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 ივლისის დაკავების ბრძანებაში, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. მ. ს-ის – ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ნ. ლ-მა და ა. გ-ამ – დამატებითი საკასაციო საჩივრები წარმოადგინეს 2025 წლის 14 თებერვალს, საქართველოს სსსკ-ით საკასაციო წესით გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით. შესაბამისად, მათზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. მ. ს-ის – ინტერესების დამცველი ადვოკატების: ნ. ლ-ისა და ა. გ-ას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 31 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე