Facebook Twitter

საქმე # 330802225010931336

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№35I-25 ქ. თბილისი

ი. ი. 35I-25 21 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ი–ის (Y. Y.) ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. მ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი. ი–ის (Y. Y.) მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. 2023 წლის 31 ივლისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინგეჩევირის საქალაქო სასამართლომ გასცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის №178.2.4. მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა დამამძიმებელ გარემოებებში) ჩადენაში ბრალდებული ი. ი–ის (Y. Y.) დაკავების განჩინება;

1.2. 2023 წლის 25 აგვისტოდან ი. ი–ი (Y. Y.) იძებნება ინტერპოლის არხებით.

1.3. ი. ი–ის (Y. Y.) ექსტრადიცია მოითხოვება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის №178.2.4. მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (თაღლითობა დამამძიმებელ გარემოებებში) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

2. ი. ი–ის (Y. Y.) მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2.1. 2024 წლის 30 სექტემბერს ი. ი–ი (Y. Y.) ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა;

2.2. 2024 წლის 2 ოქტომბერს ი. ი–ს (Y. Y.) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით;

2.3. 2024 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოვიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა ი. ი–ის (Y. Y.) ექსტრადიციის თაობაზე;

2.4. 2024 წლის 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ი. ი–ის (Y. Y.) საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე 2024 წლის 30 დეკემბრიდან - 2025 წლის 30 მარტამდე;

2.5. ამჟამად, ი. ი–ი (Y. Y.) მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

ი. ი–ი (Y. Y.) 2021 წლის იანვარში დაზარალებულ ბ. ი–ს წარუდგა, როგორც არხ ATV-ს თანამშრომელი და დაჰპირდა, რომ მოამზადებდა დოკუმენტურ ფილმს ყარაბახის ომში დაღუპული მისი ვაჟის შესახებ, მას ასევე დაჰპირდა, რომ დაღუპულს მიანიჭებდნენ ეროვნული გმირის ან სამშობლოს ორდენს. მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით ი. ი–ი (Y. Y.) თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულ ბ. ი–ის კუთვნილ ფულად თანხას 15 000 აზერბაიჯანულ მანათს და მას მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

4. 2025 წლის 7 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა: ი. ი–ის (Y. Y.) აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებისთვის, რომლებიც აღწერილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინგეჩევირის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 ივლისის განჩინებაში და დასჯადია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის №178.2.4. მუხლით (თაღლითობა დამამძიმებელ გარემოებებში).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 თებერვლის განჩინებით:

5.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;

5.2. დასაშვებად იქნა ცნობილი ი. ი–ის (Y. Y.) აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებისთვის, რაც აღწერილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინგეჩევირის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 ივლისის განჩინებაში და ისჯება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის №178.2.4. მუხლით (თაღლითობა დამამძიმებელ გარემოებებში).

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ი–ის (Y. Y.) ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ. მ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 თებერვლის ი. ი–ის (Y. Y.) ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების გაუქმებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

6.1. ი. ი–ის (Y. Y.) განმარტებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მისი პოლიტიკური პოზიციის გამო მას ემუქრება სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის საფრთხე, შესაბამისად, პირის ექსტრადიცია ისეთ სახელმწიფოში, რომელშიც მას ემუქრება წამების, სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის საფრთხე, შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან და “სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლთან;

6.2. დაცვის მხარის შეფასებით, არის ძალიან მაღალი რისკი, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი ვერ ისარგებლებს საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, ვინაიდან მისი განმარტებით, აზერბაიჯანში არ არის სასამართლო სისტემა ობიექტური და სამართლიანი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლების მიმართ;

6.3. ასევე დაცვის მხარის განმარტებით, გასათვალისწინებელია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არსებული ზოგადი მდგომარეობაც, ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოში კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო დარღვევებს აქვს მასშტაბური და სისტემური ხასიათი.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია, რომლითაც ითხოვს არ დაკმაყოფილდეს ი. ი–ის (Y. Y.) ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. მ–ის საკასაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

3. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

4. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი. ი–ი (Y. Y.) 2024 წლის 30 სექტემბერს დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

5. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები ისჯება, როგორც საქართველოს, ისე – აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ:

5.1. ი. ი–ის (Y. Y.) მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედება ისჯება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის №178.2.4. მუხლით (თაღლითობა დამამძიმებელ გარემოებებში) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით.

5.2. ი. ი–ის (Y. Y.) მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა სულ მცირე საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედება, რომლის ჩადენაც ბრალად ედება ი. ი–ს (Y. Y.) განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა ათი წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან; ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს.

6.1.1. წარმოდგენილი მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულები ი. ი–ის (Y. Y.) მიერ სავარაუდოდ ჩადენილია 2021 წელს. ი. ი–ი (Y. Y.) ბრალდებულად იქნა ცნობილი 2023 წლის 8 მარტს, ხოლო მისი დაკავების განჩინება გაცემულია 2023 წლის 31 ივლისს. შესაბამისად, ი. ი–ის (Y. Y.) მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, მითითებულ დანაშაულთან მიმართებით, საქართველოს კანონმდებლობით გასული არ არის.

6.2. აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 75.1.2. მუხლის თანახმად, ი. ი–ის (Y. Y.) მიერ სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებებზე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 7 წლით, რომელიც აითვლება სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენიდან, ხოლო 75.3. მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა ჩერდება, თუ პირი ემალება გამოძიებას ან სასამართლოს. შესაბამისად, ი. ი–ის (Y. Y.) მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა მითითებულ დანაშაულთან მიმართებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით გასული არ არის.

7. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება ი. ი–ის (Y. Y.) ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში, ი. ი–ის (Y. Y.) მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში.

8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან 2024 წლის 26 დეკემბერს მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ი. ი–ი (Y. Y.) არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ი. ი–ი (Y. Y.) არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე.

8.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 27 დეკემბერს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ი. ი–ს (Y. Y.) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისათვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით არ მიუმართავს – იგი არ სარგებლობს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსით საქართველოში.

8.2. შესაბამისად, ექსტრადიცია არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის და ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დანაწესებს.

9. კასატორის მტკიცებით, ი. ი–ის (Y. Y.) აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადირების შემთხვევაში არსებობს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის, პოლიტიკური ნიშნით დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე.

10. კასატორის მოთხოვნა და საჩივარი დაუსაბუთებელია, იგი თავისი მოთხოვნის დასაბუთებისთვის არ უთითებს არცერთ კონკრეტულ ან/და რელევანტურ მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებდა ექსტრადიციის შემთხვევაში ი. ი–ის (Y. Y.) მიმართ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევისა და მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის საფრთხის არსებობას. მათ შორის, წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დგინდება ი. ი–ის (Y. Y.) პოლიტიკური აქტიურობა, მისი კუთვნილება რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, პარტიის, მოძრაობისადმი და ა.შ. და სწორედ ამ ნიშნით დევნა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, აღნიშნულის დასადასტურებლად არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება/ფაქტი/ ინფორმაცია. აღნიშნულთან მიმართებით ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები ვერც გენერალურმა პროკურატურამ მოიძია.

11. კასატორი კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების ხელყოფის საფრთხის სამტკიცებლად უთითებს მხოლოდ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არსებულ ზოგად მდგომარეობაზე, მედიაში ზოგადად ინფორმაციის გავრცელებაზე აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების შესახებ და 2024 წლის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებაზე უარის თქმაზე.

12. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს განმარტებით მართალია, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს მიმღებ სახელმწიფოში არსებული ზოგადი სიტუაცია და შესაბამისად, ყურადღება გამახვილდეს მიმღებ სახელმწიფოში ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობაზე (იხ: Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07 და 11449/07, ECtHR, par.216, 28/06/2011), თუმცა ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობა იმთავითვე არ იწვევს მე-3 მუხლის დარღვევას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს განმარტებით, მომთხოვნი სახელმწიფოსთვის პირის გადაცემა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას იწვევს მხოლოდ „იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე კონკრეტულად იმ პირთან მიმართებით არსებობს, რომელიც მიმღებ სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას (NA. v. the United Kingdom, no. 25904/07, ECtHR, par. 115, 17/07/ 2008; Khasanov and Rakhmanov v. Russia, nos. 28492/15 and 49975/15, ECtHR, 29/04/2022).

13. ამასთან, ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99, 46951/99, par. 72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, par. 58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no 36378/02, par. 52, ECtHR, 12/04/2005).

14. აღსანიშნავია, რომ ი. ი–ის (Y. Y.) მიმართ საექსტრადიციო პროცედურის წარმოების დაწყებიდან დღემდე (მათ შორის მტკიცებულებათა გაცვლის ბოლო ეტაპზე), დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება/ინფორმაცია ი. ი–ის (Y. Y.) ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საფრთხის რეალურობის დასადასტურებლად.

15. აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი გარანტიის თანახმად, ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა არ ისახავს მიზნად ი. ი–ის (Y. Y.) დევნას პოლიტიკური მოტივებით; ექსტრადიციის შემთხვევაში ი. ი–ი (Y. Y.) უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყველა შესაძლებლობით, მათ შორის ადვოკატის დახმარებით, იგი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობასა ან სასჯელს; ი. ი–ი (Y. Y.) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა მხოლოდ იმ დანაშაულებისთვის, რაზედაც დაკმაყოფილდება მისი ექსტრადიციის მოთხოვნა.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლო „განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს (Zarmayev v Belgium, no 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v. Spain, no 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v. Slovakia, no 21022/08; 51946/08, ECtHR, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების (როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ი. ი–ი (Y. Y.) დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას.

18. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no.140/10, par.11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

19. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე შეისწავლა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას შეამოწმა ი. ი–ის (Y. Y.) აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის საფრთხის არსებობა (საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა/მიუთითებდა ექსტრადიციის შემთხვევაში ი. ი–ის (Y. Y.) მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სისხლის სამართალწარმოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის საფრთხეზე).

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 თებერვლის განჩინება (რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ი. ი–ის (Y. Y.) აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებისთვის, რომლებიც აღწერილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინგეჩევირის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 ივლისის განჩინებაში და დასჯადია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის №178.2.4. მუხლით (თაღლითობა დამამძიმებელ გარემოებებში)) კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ი–ის (Y. Y.) ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. მ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე