Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№37I-25 თბილისი

დ-ი ვ., 37I-25 27 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ვ. დ-ის (V. D.) – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ფ-ს რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:

2024 წლის 7 ოქტომბერს ფ-ს რესპუბლიკის აღმოსავლეთ უუსიმაას რაიონული სასამართლოს მიერ გამოიცა ვ. დ-ის დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია ფ-ს რესპუბლიკის №39/1889 სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე თავის მე-9ა ნაწილით (გადასახადისათვის თავის არიდება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

2024 წლის 25 ოქტომბრიდან ვ. დ-ი ფ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. ფ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ვ. დ-ის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგით:

ვ. დ-მა 2015 წლის 29 იანვრიდან 2016 წლის 12 აგვისტომდე პერიოდში ქ. ვ-ში, კომპანია „S----ის“ ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელებისას, კომპანიის სააღრიცხვო ჩანაწერებში შეიყვანა ყალბი და შეცდომაში შემყვანი საბუღალტრო მონაცემები, კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ვ. დ-მა კომპანიის საბუღალტრო მონაცემებში ასახა 10,356,565.95 ევროს ღირებულების ძვირფასი ლითონების შესყიდვისა და 8,519,188.22 ევროს ძვირფასი ლითონების გაყიდვის ყალბი ანგარიშფაქტურები.

2015 წლის 4 მარტიდან 2016 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში ქ. ვ-ში ვ. დ-მა, კომპანია „S----ის“ ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელებისას, სხვა პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ფ-ს რესპუბლიკის საგადასახადო ადმინისტრაციაში წარადგინა ყალბი საგადასახადო დეკლარაციები, კერძოდ: 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, კომპანიის სააღრიცხვო ჩანაწერებში ვ. დ-მა, სხვა პირებთან ერთად, ასახა „H...-გან“ ძვირფასი ლითონების შესყიდვები 3,347,110.46 ევროს ოდენობით. შესყიდვები მოიცავდა ჩასათვლელ დღგ-ს 647,827.83 ევროს ოდენობით. 2016 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, კომპანიის სააღრიცხვო ჩანაწერებში ასევე ასახა „H...-გან“ ძვირფასი ლითონების შესყიდვები 7,009,455.95 ევროს ოდენობით, რაც მოიცავდა ჩასათვლელ დღგ-ს 1,356,668.88 ევროს ოდენობით. ყალბი შესყიდვების ასახვა კომპანიის სააღრიცხვო ჩანაწერებში დაკავშირებული იყო თაღლითურ სქემასთან, რომლითაც სხვადასხვა კომპანიებს შორის შეიქმნა ანგარიშფაქტურების ხელოვნური ჯაჭვი და რისი მიზანიც იყო დღგ-ს უსაფუძვლო ჩათვლა. ამ ხელოვნურად მოწყობილ ჯაჭვში შესყიდვები და გაყიდვები ან მთლიანად ფიქციური იყო, ან ერთი და იგივე საქონელი ცირკულირებდა ერთი კომპანიიდან მეორეში მათი დაბეგვრის განზრახვის გარეშე. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად, ჩასათვლელი დღგ-ს ღირებულებამ და ვ. დ-ის მიერ მიღებულმა უკანონო შემოსავალმა ჯამურად შეადგინა 2,004,496,71 ევრო.

3. ზემოაღწერილი ქმედებებისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია ფ-ს რესპუბლიკის №39/1889 სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე თავის მე-9 ა ნაწილით (საბუღალტრო დანაშაული) და 29-ე თავის მე-2 ნაწილით (გადასახადისათვის თავის არიდება ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში). ამასთან, დაკმაყოფილებულია მინიმალური სასჯელის წესი.

4. ზემოაღწერილ ქმედებათა დასჯადობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები: ექსტრადიციის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ დამკვიდრდა in abstracto ორმაგი დასჯადობის პრინციპი, რაც ასევე გაიზიარეს საქართველოს სასამართლოებმა ექსტრადიციის არაერთ საქმეში. აღწერილი დანაშაულებრივი ქმედებები, საქართველოს იურისდიქციაში ჩადენის შემთხვევაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე. ამრიგად, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაშიც ვ. დ-ი ბრალდებულია ფ-ს რესპუბლიკაში, დანაშაულად ითვლება და ისჯება როგორც საქართველოს, ისე – ფ-ს რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელად გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა.

5. 2024 წლის 10 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ფ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ვ. დ-ი.

6. 2024 წლის 12 ნოემბერს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, ვ. დ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

7. 2024 წლის 26 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ვ. დ-ის ადვოკატის საჩივარი მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

8. 2024 წლის 10 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ვ. დ-ის ექსტრადიციის თაობაზე ფ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

9. 2025 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ვ. დ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2025 წლის 10 მაისამდე.

10. ამჟამად ვ. დ-ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

11. 2025 წლის 10 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორმა პროკურორმა მეგი გურჩიანმა და ითხოვა ვ. დ-ის ფ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ფ-ს რესპუბლიკის აღმოსავლეთ უუსიმაას რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ოქტომბრის დაკავების ბრძანებაში.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ 2025 წლის 12 თებერვლის განჩინებით დასაშვებად ცნო ვ. დ-ის ფ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ფ-ს რესპუბლიკის აღმოსავლეთ უუსიმაას რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ოქტომბრის დაკავების ბრძანებაში.

13. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ვ. დ-ის – ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. თ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 თებერვლის განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ ვ. დ-ი არის ესტონეთის მოქალაქე, თუმცა რუსულენოვანი, რომელსაც საქართველოში აქვს დროებითი ბინადრობის ნებართვა და დაკავებამდე მეუღლესთან – ე. ლ-თან – ერთად ცხოვრობდა თ-ში, ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას და მკურნალობდა; დანაშაულებრივი ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება ვ. დ-ის ექსტრადიცია, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 2041-ე მუხლს (ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა), რაც ნაკლებად მძიმე დანაშაულია; დანაშაული ხანდაზმულია, თუ გავიდა 6 წელი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან; ვ. დ-ის ბრძანება და ბრალი მის დაუსწრებლად გამოტანილია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან 6 წლის გასვლის შემდეგ; ვ. დ-ი არასოდეს დამალვია გამოძიებას, მონაწილეობდა არაერთ საგამოძიებო მოქმედებაში, სამი თვის განმავლობაში დაკავებულიც კი იყო; დაკავებისას მას, აგრეთვე სხვა რუსულენოვან პატიმრებს, ექცეოდნენ აგრესიულად, ეძახდნენ „ღორებს“, ფიზიკურადაც კი ძალადობდნენ, თუმცა შემდეგ გამოუშვეს, რადგან საქმის მასალებით არ დადასტურდა მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი; მას არ ჰქონია არანაირი შეზღუდვა; ქვეყნის დატოვება განაპირობა ჯანმრთელობის გაუარესებამ; დაბარების შემთხვევაში, მზად იყო, გამოცხადებულიყო სათანადო ორგანოში; პატიმრობიდან გამოშვების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში, იქიდან კი გაემგზავრა მეუღლესთან საქართველოში, სადაც დღემდე ცხოვრობდა, რადგან აქვს დროებითი ბინადრობის ნებართვა, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და დასაქმებულია; აღენიშნებოდა სიმსივნური წარმონაქმნი მარცხენა ბარძაყის 8/3 მედიალურ ზედაპირზე, რომელიც ამოკვეთეს ოპერაციის დროს; აქვს დიაბეტი, იღებს მედიკამენტებს და საჭიროებს ექიმის მკაცრ მეთვალყურეობას. ვ. დ-ს აქვს ეჭვი, რომ ფ-ს მხრიდან მის მიმართ დაინტერესება და ექსტრადიციის მოთხოვნა უკავშირდება რ---ის ომს, რის გამოც აქვთ აგრესია და უნდათ რუსებზე შურისძიება; აღნიშნულის გათვალისწინებით, იგი არ გამორიცხავს, რომ ფინეთში წაყვანისას მასზე იყრიან ჯავრს, აწამებენ და გამოასალმებენ სიცოცხლეს, რასაც უბედურ შემთხვევას ან ავადმყოფობას დააბრალებენ; შესაბამისად, ექსტრადიციის შემთხვევაში, მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდება და მის სიცოცხლეს შეექმნება საფრთხე.

14. კასატორის აზრით, არ არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ვ. დ-ი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს; 2015 წლიდან დღემდე გასულია 9 წელი და მას ერთხელაც არ ჩაუდენია დანაშაული, მათ შორის – არც საქართველოს ფარგლებს გარეთ; იგი არ არის აღიარებული ლტოლვილად სხვა ქვეყნის მიერ, არ არის ორი ან მეტი ქვეყნის მოქალაქე, არ სარგებლობს რომელიმე მათგანის მფარველობით. 2024 წლის 21 ნოემბერს ესტონეთის რესპუბლიკის მოქალაქე ვ. დ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტს და მოითხოვა საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება, რადგან ე-ში ან ფ-ში დაბრუნების შემთხვევაში, სერიოზული საფრთხე შეექმნებოდა მის სიცოცხლეს და დაირღვეოდა მისი უფლებები. საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტმა 2025 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით მას უარი უთხრა ჰუმანიტარული ან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე; გადაწყვეტილება გასაჩივრდა კანონით დადგენილ ვადაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 თებერვლის განჩინებით, ვ. დ-ის სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. ვ. დ-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2024 წლის 10 ნოემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ ფ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ვ. დ-ს, ეროვნული კუთვნილების გამო, არაადამიანურად მოეპყრობიან და მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას დაემუქრება საფრთხე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ექსტრადიციის შემთხვევაში, დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენას. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ვ. დ-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც მის მიმართ ფ-ს რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა. ამდენად, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მოსაზრება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ფ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მის მიმართ არასათანადო მოპყრობის, მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის არსებობის შესახებ.

5. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005).

6. ვ. დ-ის ფ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძველია „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია. საექსტრადიციო მასალების შესწავლით ასევე ირკვევა, რომ ვ. დ-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ, ფ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მის მიმართ „აშკარად“ დაირღვევა უფლებები, მათ შორის – სამართლიანი სასამართლოს უფლება, მეტიც, საქართველოს პროკურატურამ კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ მოიპოვა ვ. დ-ის უფლებების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

7. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ვ. დ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ, ვინაიდან იგი არის ესტონეთის რესპუბლიკის მოქალაქე.

8. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს. როგორც საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის ცნობიდან ირკვევა, ვ. დ-ი არ არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს – ფ-ს რესპუბლიკის – მოქალაქე. იგი ესტონეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლებისა და ჟენევის კონვენციის პირველი მუხლის A პუნქტის (2) ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო არ არის ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის წარმოშობის ქვეყანა და, შესაბამისად, საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის პროცესი არ წარმოადგენს ვ. დ-ის ფ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას.

9. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებისთვისაც მოითხოვება ვ. დ-ის ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ახორციელებდნენ წარმოებას ან საქართველოს სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი ხსენებულ დანაშაულთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვ. დ-ის ექსტრადიციის შემთხვევაში, არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem-ის პრინციპები.

10. 1957 წლის ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

11. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც ვ. დ-ი ბრალდებულია ფ-ს რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს.

12. ზემოაღწერილი დანაშაულებრივი ქმედებები 2015-2016 წლებს უკავშირდება, ხოლო ვ. დ-ის დაკავების ბრძანება კი გამოიცა 2024 წელს. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული და შეჩერებულია. ფ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან მიმართებით ხანდაზმულობის ვადა გასული არც ფ-ს რესპუბლიკის კანონმდებლობით და იწურება 2026 წელს.

13. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ფ-ს რესპუბლიკა ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოა. თავის მხრივ, ევროპის კავშირს სახელმწიფოს წევრობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, აქვს მეტად მკაცრი კრიტერიუმები, რომლებიც ცნობილია, როგორც „კოპენჰაგენის კრიტერიუმები“, რომელთა თანახმად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უნდა გააჩნდეთ ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვას. აღსანიშნავია, რომ ფ-ს რესპუბლიკის მიმართ არ გამოთქმულა რაიმე მნიშვნელოვანი კრიტიკა ადამიანის უფლებების სისტემური ან მასშტაბური დარღვევის კუთხით. ამდენად, ფ-ს რესპუბლიკა წარმოადგენს „უსაფრთხო სახელმწიფოს“, რომელშიც ექსტრადიცია, ზოგადად, არ ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებით არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა, მისი ექსტრადიციის შემთხვევაში, საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული შესაბამისი ევროპული მექანიზმების გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).

14. ამრიგად, არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ, ფ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ვ. დ-ის მიმართ განხორციელდება დევნა, იგი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის რისკი.

15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლოა, დადგეს კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის საკითხი იმ შემთხვევებში, როდესაც ექსტრადიციის მომთხოვნი ქვეყნის მიერ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ადგილი ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევას (flagrant denial of justice) ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევა იმდენად მძიმე შემთხვევებს მოიცავს, რომ იგი ბევრად მეტს გულისხმობს, ვიდრე მარტივი პროცესუალური დარღვევებია ან სასამართლო პროცესის დროს პროცედურული გარანტიების შეზღუდული ფორმით არსებობაა. საპირისპიროდ, სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევა გულისხმობს ისეთ ფუნდამენტურ დარღვევებს, რომელთაც კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლება ნულამდე დაჰყავს ან მისი არსის განადგურებას ახდენს.

16. ფ-ს რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების ანალიზი ცხადყოფს, რომ ვ. დ-ის საქმეში არ იკვეთება რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცესუალური დარღვევა, რაც წარმოშობდა ვარაუდს, რომ ფ-ს რესპუბლიკაში მის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. ამდენად, ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ვ. დ-ის ექსტრადიცია ფ-ს რესპუბლიკაში შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნებს.

17. გარდა ამისა, ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით ნაგულისხმევ ვალდებულებებთან, თუ პირს, ექსტრადიციის შემთხვევაში, არ მიეცემა შესაძლებლობა, მოახდინოს ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით. ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩარევას ადგილი ექნება, თუ პირს საქართველოში ეყოლებოდა პირთა გარკვეული წრე, რომლებთანაც, კონვენციის მე-8 მუხლის მიზნებისთვის, ოჯახური ურთიერთობები ექნებოდა და ექსტრადიციის შედეგად მათთან დაშორება მოხდებოდა.

18. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების მიხედვით, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისათვის სახელმწიფოთა შორის არსებული თანამშრომლობა ექსტრადიციის საკითხებზე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პირადი ან ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის კანონიერ მიზანს, რომელსაც პირის ექსტრადიცია ემსახურება. ანალოგიურ შემთხვევებში უფლების შეზღუდვის თანაზომიერების (პროპორციულობის) შესაფასებლად სასამართლოს მიერ მხედველობაში მიიღება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ არსებული ბრალდებების სიმძიმე და უფლების შეზღუდვის ხარისხი (King v. The United Kingdom, no. 9742/07).

19. ვ. დ-ის ექსტრადიცია მოითხოვება, მათ შორის, მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის, რომლისთვისაც გათვალისწინებულია მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვ. დ-ს საქართველოში ეყოლებოდა მუდმივად მცხოვრები ოჯახის წევრები, დანაშაულის სიმძიმისა და უფლების პოტენციური შეზღუდვის ინტენსივობის გათვალისწინებით, ექსტრადიცია სრულად შესაბამისი იქნებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან. მითითებულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. დ-ის ფ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებებს.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის 2025 წლის 12 თებერვლის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. დ-ის ფ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ფ-ს რესპუბლიკის აღმოსავლეთ უუსიმაას რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ოქტომბრის დაკავების ბრძანებაში, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ვ. დ-ის – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 12 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე