Facebook Twitter

საქმე # 330802225011000513

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№38I-25 ქ. თბილისი

ვ. რ. ლ. 38I-25 28 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) ინტერესების დამცველი ადვოკატის – ო. გ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. 2024 წლის 11 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების ლატას ოლქის პროკურატურის მიერ აიდაჰოს შტატის მეორე სასამართლო ოლქის, ლატას ოლქის რაიონულ სასამართლოს წარედგინა კრიმინალური სარჩელი, რომლის თანახმად, რ. ვ. ვ–ს (R. L. W.) ბრალი დაედო აიდაჰოს კოდექსის პარაგრაფი 18–1508 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (უხამსი ქმედება 16 წელს მიუღწეველ პირთან) ჩადენისათვის, რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია უვადო თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 50 000 აშშ დოლარამდე ოდენობით.

1.2. 2024 წლის 17 ივლისს, რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) მიერ გირაოს პირობის დარღვევის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების აიდაჰოს შტატის მეორე სასამართლო ოლქის, ლატას ოლქის რაიონული სასამართლოს მიერ გამოიცა რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) დაპატიმრების ორდერი.

2. რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2.1. 2024 წლის 16 აგვისტოს გაფორმდა ერთობლივი დეკლარაცია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) ექსტრადიციის თაობაზე.

2.2. 2024 წლის 19 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების 8მიერ ძებნილი რ. ვ. ვ–ი (R. L. W.).

2.3. 2024 წლის 20 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, რ. ვ. ვ–ს (R. L. W.) აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.

2.4. 2024 წლის 4 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) და მისი ადვოკატის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების გაუქმების თაობაზე.

2.5. 2024 წლის 25 სექტემბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) ექსტრადიციის თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები.

2.6. 2024 წლის 12 ნოემბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია მიღებულ იქნა 2024 წლის 9 დეკემბერს.

2.7. 2024 წლის 14 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2025 წლის 19 თებერვლამდე.

2.8. 2024 წლის 20 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) და მისი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების გაუქმების თაობაზე.

2.9. ამჟამად, რ. ვ. ვ–ი (R. L. W.) მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

2023 წლის 1 მაისიდან 2023 წლის 26 ოქტომბრამდე პერიოდში, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, ა–ში, სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, რ. ვ. ვ–მა (R. L. W.) 16 წელს მიუღწეველი პირის (დაბ. ... - დანაშაულის ჩადენის მომენტში 6 წლის) ჯ.რ.-ს მიმართ განახორციელა გარყვნილი ქმედება - დაზარალებულის სასქესო ორგანოსთან და სხეულის სხვა ნაწილებთან ხელით, სასქესო ორგანოთი და ორალური კონტაქტის გზით.

4. 2025 წლის 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა: რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურების განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულისათვის, რომელიც მითითებულია ამერიკის შეერთებული შტატების აიდაჰოს შტატის მეორე სასამართლო ოლქის, ლატას ოლქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 ივლისის რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) დაპატიმრების ორდერში.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 თებერვლის განჩინებით:

5.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;

5.2. დასაშვებად იქნა ცნობილი რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურების განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულისათვის, რომელიც მითითებულია ამერიკის შეერთებული შტატების აიდაჰოს შტატის მეორე სასამართლო ოლქის, ლატას ოლქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 ივლისის რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) დაპატიმრების ორდერში.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) ინტერესების დამცველი ადვოკატი ო. გ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 თებერვლის განჩინების გაუქმებას, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) ექსტრადიცია.

6.1. რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) განმარტებით, 2008 წლიდან გამოდიოდა ამერიკის მთავრობის წინააღმდეგ, რის საპასუხოდაც გამოიყენეს მის მიმართ ეს სისხლის სამართლის საქმე, რადგან რეალურად მას დანაშაული არ ჩაუდენია, ეს არის პოლიტიკური დანაშაული;

6.2. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისვე განმარტებით ამერიკულ ციხეში მას ემუქრება წამება და არაადამიანური მოპყრობა, მას არ ექნება სამართლიანი სასამართლოს უფლება;

6.3. რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) განცხადებით ამერიკულ კანონმდებლობაში 2024 წლის ივლისის თვეში შევიდა ცვლილება, რითაც აღნიშნული დანაშაულისათვის ემუქრება სიკვდილით დასჯა, თუმცა ამერიკულმა მხარემ განზრახ არ გაახმოვანა სიკვდილით დასჯის შესახებ და საქართველოში გადმოგზავნილ დოკუმენტაციაში უთითებენ, თითქოსდა მას არ ემუქრება სიკვდილით დასჯა ექსტრადიციის შემთხვევაში.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია, რომლითაც ითხოვს არ დაკმაყოფილდეს რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) ინტერესების დამცველი ადვოკატის ო. გ–ის საკასაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

3. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

4. ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი რ. ვ. ვ–ი (R. L. W.) 2024 წლის 19 აგვისტოს დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

5. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები ისჯება, როგორც საქართველოს, ისე – ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ:

5.1. რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია აიდაჰოს კოდექსის პარაგრაფი 18 – 1508 მუხლით. ამასთან, მითითებული დანაშაული, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას და ჯარიმას არაუმეტეს 50 000 აშშ დოლარისა.

5.2. რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა სულ მცირე საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 8 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

6. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედება, რომლის ჩადენაც ბრალად ედება რ. ვ. ვ–ს (R. L. W.) განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა ოცდაათი წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან; ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს.

6.1.1. წარმოდგენილი მასალების თანახმად, რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია მოითხოვება იმ დანაშაულთან მიმართებით, რომელიც განხორციელდა 2023 წელს. ამასთან, 2024 წლიდან რ. ვ. ვ–ი (R. L. W.) იძებნება აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ამდენად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთან მიმართებით გასული არ არის.

6.2. ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მითითებულ დანაშაულზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება.

7. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში, რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპები.

8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან 2024 წლის 13 ნოემბერს მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ რ. ვ. ვ–ი (R. L. W.) არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. რ. ვ. ვ–ი (R. L. W.) არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე.

8.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 13 ნოემბერს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რ. ვ. ვ–ს (R. L. W.) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისათვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით არ მიუმართავს – იგი არ სარგებლობს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსით საქართველოში.

8.2. შესაბამისად, ექსტრადიცია არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტსა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნებს.

9. კასატორის მტკიცებით, რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადირების შემთხვევაში არსებობს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის, პოლიტიკური ნიშნით დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობაში 2024 წელს განხორციელებული ცვლილებებით, მის მიმართ სასჯელის სახით მოსალოდნელია სიკვდილით დასჯის გამოყენება.

10. კასატორის მოთხოვნა და საჩივარი დაუსაბუთებელია, იგი თავისი მოთხოვნის დასაბუთებისთვის არ უთითებს არცერთ კონკრეტულ ან/და რელევანტურ მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებდა ექსტრადიციის შემთხვევაში რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) მიმართ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევისა და მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის საფრთხის არსებობას. მათ შორის, წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დგინდება რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) პოლიტიკური აქტიურობა, მისი კუთვნილება რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, პარტიის, მოძრაობისადმი და ა.შ. და სწორედ ამ ნიშნით დევნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, აღნიშნულის დასადასტურებლად არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება/ფაქტი/ ინფორმაცია. აღნიშნულთან მიმართებით ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები ვერც გენერალურმა პროკურატურამ მოიძია.

11. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს განმარტებით, მომთხოვნი სახელმწიფოსთვის პირის გადაცემა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას იწვევს მხოლოდ „იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე კონკრეტულად იმ პირთან მიმართებით არსებობს, რომელიც მიმღებ სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას (NA. v. the United Kingdom, no. 25904/07, ECtHR, par. 115, 17/07/ 2008; Khasanov and Rakhmanov v. Russia, nos. 28492/15, 49975/15, ECtHR, 29/04/2022).

12. ამასთან, ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99, 46951/99, par. 72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, par. 58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no 36378/02, par. 52, ECtHR, 12/04/2005).

13. რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) მიმართ საექსტრადიციო პროცედურის წარმოების დაწყებიდან დღემდე (მათ შორის მტკიცებულებათა გაცვლის ბოლო ეტაპზე), დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება/ინფორმაცია რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საფრთხის რეალურობის დასადასტურებლად.

14. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს 2024 წლის 11 სექტემბრის 2024-0141 ნოტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას აძლევს გარანტიას, რომ ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე, რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) წინააღმდეგ არ განხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა და მას არ მოეთხოვება სასჯელის მოხდა ამერიკის შეერთებული შტატებისათვის მის გადაცემამდე ჩადენილი დანაშაულისათვის, გარდა ექსტრადიციის შუამდგომლობაში მითითებულისა. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას აძლევს გარანტიას, რომ საქართველოს თანხმობის გარეშე იგი არ მოახდენს რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) ექსტრადიციას მესამე ქვეყანაში.

15. ამასთან, საქართველოს პროკურატურასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის თანახმად, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმებიან, რომ იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელთათვისაც მოთხოვნილი იქნება რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) ექსტრადიცია არ გამოიყენება სიკვდილით დასჯა ამერიკის შეერთებულ შტატებში. აღნიშნულ გარანტიას ადასტურებს ამერიკული მხარის მიერ 2024 წლის 25 სექტემბერს წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები და 2024 წლის 9 დეკემბერს წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) მიმართ წარდგენილი ბრალდება მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) მხოლოდ ზეპირსიტყვიერ განმარტებას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობაში 2024 წლის ივლისში განხორციელებული ცვლილებებით ბრალად წარდგენილი დანაშაულისათვის სასჯელის სახით ელოდება სიკვდილით დასჯა.

16. უვადო თავისუფლების აღკვეთასთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, განსაზღვრულია ორი ძირითადი პრინციპი: 1. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება მტკიცების ტვირთი დაადასტუროს, რომ ექსტარდიციის შემთხვევაში პირის მიმართ ფაქტობრივად გამოყენებული იქნება უვადო პატიმრობა და 2. ფაქტობრივი უვადო პატიმრობის გამოყენება სრულწლოვანი მსჯავრდებული პირის მიმართ არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პრინციპებს და არ არღვევს მითითებული კონვენციის მე-3 მუხლს, თუ არსებობს მსჯავრდების შემდგომი მექანიზმები, რომელიც იძლევა მსჯავრდებული პირის უვადო პატიმრობიდან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვის შესაძლებლობას (იხ. Findikoglu v. Germany, no 20672/15, par. 36, ECtHR, 7/06/2016; Kafkaris v. Cyprus, no 21906/04, par. 97, ECtHR, 12/02/2008).

16.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის სისხლის სამართლის განყოფილების 2024 წლის 5 დეკემბრის წერილსა და აიდაჰოს შტატის საოლქო პროკურორის მიერ გამოგზავნილ წერილს, რომლებითაც დგინდება, რომ საქმის კონკრეტული გარემოებებისა და ფაქტების გათვალისწინებით, რისკი იმისა, რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) მიმართ სასჯელის სახით გამოყენებული იქნება უვადო თავისუფლების აღკვეთა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე მინიმალურია. სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდებისას არსებობს ასეთი სასჯელის გადახედვის რამდენიმე მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას განიხილონ რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) პროგრესი რეაბილიტაციისაკენ ან გათავისუფლების სხვა საფუძველი მისი ქცევის ან სხვა პირადი გარემოებების საფუძველზე. უკიდურესად ნაკლებად მოსალოდნელ შემთხვევაში, თუ რ. ვ. ვ–ს (R. L. W.) მიესჯება უვადო თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრული ვადით, შეიძლება გადაიხედოს შეწყალების საკითხი, აიდაჰოს შტატის საკანონმდებლო ორგანოს შეწყალების საბჭოს მიერ აიდაჰოს კონსტიტუციის შესაბამისად. რ. ვ. ვ–ი (R. L. W.) ასევე ისარგებლებს სხვადასხვა სააპელაციო პროცესებით. ამასთან, წერილის თანახმად, იმ უკიდურესად ნაკლებად მოსალოდნელ შემთხვევაში, თუ რ. ვ. ვ–ს (R. L. W.) დაენიშნება უვადო თავისუფლების აღკვეთა, ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოები იძლევიან გარანტიას, რომ მას მიეცემა ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობა.

16.2. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) მიმართ არ არის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრული აქვს ფაქტობრივი უვადო თავისუფლების აღკვეთა. წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულისათვის ამერიკის შეერთებული შტატების კანონით განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალურ სახეს და ზომას წარმოადგენს უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის სისხლის სამართლის განყოფილების 2024 წლის 5 დეკემბრის წერილისა და აიდაჰოს შტატის საოლქო პროკურორის წერილის თანახმად კი არ არსებობს არანაირი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოცემულ შემთხვევაში რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) მიმართ გამოყენებული იქნება უმკაცრესი სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით. ამასთან, მისი გამოყენების შემთხვევაშიც რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) მიმართ დანიშნული სასჯელი არ იქნება შეუქცევადი ხასიათის, ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში, შესაბამისი პირობების არსებობისას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია უვადო პატიმრობა შეიცვალოს პირობითი მსჯავრით.

17. საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები. სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს სისხლის სამართლის კანონის დროში მოქმედებას/უკუძალის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპს, იმ გარემოებას, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ საკასაციო საჩივარში მოყვანილი მტკიცების (ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისათვის ბრალადშერაცხილი დანაშაულისათვის მოქმედი ადგილობრივი კანონმდებლობით სასჯელის სახედ სიკვდილით დასჯის დაწესების) დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი/ინფორმაცია.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შემთხვევაში რ. ვ. ვ–ი (R. L. W.) დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეექმნება საფრთხე, ან მოხდება მისი პოლიტიკური ნიშნით დევნა.

19. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no.140/10, par.11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

20. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე შეისწავლა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას შეამოწმა რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის საფრთხის არსებობა (საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა/მიუთითებდა ექსტრადიციის შემთხვევაში რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების სისხლის სამართალწარმოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის საფრთხეზე).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 თებერვლის განჩინება (რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურების განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულისათვის, რომელიც მითითებულია ამერიკის შეერთებული შტატების აიდაჰოს შტატის მეორე სასამართლო ოლქის, ლატას ოლქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 ივლისის რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) დაპატიმრების ორდერში კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ვ. ვ–ის (R. L. W.) ინტერესების დამცველი ადვოკატის – ო. გ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე