Facebook Twitter

საქმე # 190100121005359172

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №978აპ-24 ქ. თბილისი

გ. ო. №978აპ-24 11 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 ივნისის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ქეთევან სონიძის, მსჯავრდებულ ო. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ბ–ის და მსჯავრდებულ ო. ტ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. თ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

1.1. ო. გ–ს (პირადი №..........) ბრალად ედებოდა:

1.1.1. თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ) 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით;

1.1.2. ჯგუფურად, უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).

1.2. ო. ტ–ს (პირადი №...........) ბრალად ედებოდა:

1.2.1. თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით;

1.2.2. ჯგუფურად, უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით, ო. გ–ის და ო. ტ–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

2.1. დ-ს რაიონის, სოფელ „ი-ში“ მცხოვრებ ჯ. ჩ–ს მის მეზობლად მცხოვრებ ე. ტ–სთან გააჩნდა სასიყვარულო ურთიერთობა. აღნიშნულის შესახებ, ცნობილი გახდა ე. ტ–ს ძმებისთვის: ო. გ–ისა და ო. ტ–ისათვის, რაც მათ ოჯახის შეურაცხყოფად მიიღეს და ჯ. ჩ–ის განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლა განიზრახეს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2021 წლის 18 სექტემბერს, ო. ტ–მა და ო. გ–მა, ქ. მ–ში მდებარე ბაზრის ტერიტორიაზე ჯ. ჩ–ი მოტყუებით, თითქოსდა სახლში მიპატიჟების მიზეზით ჩაისვეს ო. გ–ის მფლობელობაში არსებულ “VOLKSWAGEN”-ის მარკის ავტომანქანაში და მ–ს მუნიციპალიტეტის, სოფელ „ბ-ში“ მდებარე ო. გ–ის მფლობელობაში არსებული ფერმისკენ გაემართნენ. მათ ქ. მ–ში ასევე მანქანაში ჩაისვეს მეგობარი ს. ა–ი. ზემოხსენებულ ფერმაში მისვლისთანავე, ო. ტ–მა და ო. გ–მა, ჯ. ჩ–ი შეიყვანეს ფერმის შენობაში, სადაც ხელებითა და ფეხებით დაუწყეს ცემა და მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება. ამის შემდეგ, იმავე ადგილას, ჯ. ჩ–ს ო. გ–მა და ო. ტ–მა, მკვლელობის გაადვილების მიზნით, ფერმაშივე არსებული თოკებით შეუკრეს ხელ-ფეხი, პირზე მოახვიეს ნაჭერი, ასევე თოკი და ორივემ ძალის გამოყენებით მოათავსეს ზემოხსენებული ავტომანქანის საბარგულში და აღუკვეთეს თავისუფლება.

2.2. ამის შემდეგ, სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი თავისუფლებააღკვეთილი ჯ. ჩ–ი, იმავე ავტომანქანით, ო. გ–მა და ო. ტ–მა წაიყვანეს მ–ს მუნიციპალიტეტის, სოფელ „ა–ს“ ტერიტორიაზე მდებარე მინდვრების მიმართულებით, გრუნტიან, დეფექტიან, ძნელად სავალ გზაზე საბარგულში მოთავსებული ატარეს დაახლოებით ხუთი კილომეტრი, რა დროსაც მათ თან ახლდათ ს. ა–ი. მ–ს მუნიციპალიტეტის, სოფელ „ა–ში“ მდებარე მინდვრებში არსებული წყლის არხის სიახლოვეს მისვლისას ო. გ–მა გააჩერა მისი მართვის ქვეშ მყოფი ზემოხსენებული ავტომობილი, სადაც მან და ო. ტ–მა, ავტომანქანის საბარგულში ხელ-ფეხშეკრული, ჯერ კიდევ ცოცხალი ჯ. ჩ–ი გადმოათრიეს ავტომანქანიდან და დააგდეს მიწაზე. ამის შემდეგ, ო. გ–მა და ო. ტ–მა, ჯ. ჩ–ს თოკით მიაბეს „სამშენებლო ბლოკის“ ნატეხი, რის შემდეგაც ორივემ ხელში აიყვანეს ჯ. ჩ–ი და გაათრიეს იქვე მდებარე სარწყავი არხის მიმართულებით, სადაც უმწეო, კერძოდ, ხელ-ფეხშეკრული, დაუძლურებულ მდგომარეობაში მყოფი ჯ. ჩ–ი კისრის მიდამოში მარყუჟის ჩაჭერით მოგუდეს და დარწმუნდნენ რა, რომ ჯ. ჩ–ი მოკვდა, ჩააგდეს წყალში და მას „საამშენებლო ბლოკთან“ ერთად ასევე სხეულზე დაადეს ბეტონის ნაჭერი. ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ მათ დატოვეს შემთხვევის ადგილი.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის განაჩენით:

3.1. ო. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;

3.2. ო. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლით;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო. გ–ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლით (სასჯელი აეთვალა 2021 წლის 20 სექტემბრიდან);

3.4. ო. ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;

3.5. ო. ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლით;

3.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო. ტ–ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლით (სასჯელი აეთვალა 2021 წლის 21 სექტემბრიდან);

3.7. დამტკიცდა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ ლევან ჯალაღანიასა და ბრალდებულ ს. ა–ს (თანაბრალდებული) შორის, 2022 წლის 3 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება. ს. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) ჩადენისთვის და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 2 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

4.1. პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულ ო. გ–ისა და ო. ტ–ისთვის, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

4.2. ო. გ–ის ადვოკატმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

4.3. ო. ტ–ის ადვოკატმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად კანონისმიერი, სამართლიანი განაჩენის გამოტანა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 ივნისის განაჩენით, ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვისა მხარეებმა, კერძოდ:

6.1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ქეთევან სონიძემ – ო. გ–ისა და ო. ტ–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, აგრეთვე, მათი პიროვნებების გათვალისწინებით, მოითხოვა მათთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა (პროკურორმა საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მხოლოდ სასჯელის ნაწილში).

6.2. მსჯავრდებულ ო. ტ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. თ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 ივნისის განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში. კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და ო. ტ–ის მიმართ, შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა) გათვალისწინებით, სამართლიანი და კანონიერი განაჩენის დადგენას.

6.3. მსჯავრდებულ ო. გ–ის ადვოკატი გ. ბ–ე ითხოვს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ო. გ–ის უდანაშაულოდ ცნობას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: ს. ა–ის (თანაბრალდებული) მამხილებელი ჩვენების წინაპირობა მასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმებაა; ო. გ–ს ჯ. ჩ–ის მკვლელობასა და ფიზიკურ დაზიანებებში მონაწილეობა არ მიუღია; ო. ტ–მა მკვლელობა მარტომ დაგეგმა; მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა სავალდებულო დაცვის შემთხვევა (ო. გ–მა არ იცოდა სისხლის სამართლის პროცესის ენა), საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ო. გ–ი არ იყო უზრუნველყოფილი ადვოკატის დახმარებით.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნას, რომ საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე – დაცვის მხარემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის დამძიმებას, ო. გ–ის ადვოკატი – სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო ო. ტ–ის ადვოკატი – შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სამართლიანი და კანონიერი განაჩენის დადგენას (ეს უკანასკნელი საჩივარი დასაბუთებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში).

9. საკასაციო სასამართლო მხარეთა საჩივრების განხილვისას საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის პარალელურად, ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიულ დათქმას, რომ კასატორმა საკასაციო საჩივარში უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვებობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას, რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული რატომ ასაჩივრებს და კონკრეტულად რით ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. შესაბამისად, კასატორმა უნდა განსაზღვროს და მიუთითოს, არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ – ის კონკრეტული არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლში მითითებული ერთი ანდა რამდენიმე წინაპირობის არსებობას; საკითხები, რომლებიც ქვედა ინსტანციის სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა; არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ, კასატორის აზრით, უკანონოდ ანდა დაუსაბუთებლად არ იყო გაზიარებული (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის განჩინება საქმეზე N1442აპ-23, პარ.8-8.1.; 2024 წლის 1 აპრილის განჩინება საქმეზე N1168აპ-23, პარ. 8.1; 2024 წლის 29 აპრილის განჩინება საქმეზე N1193აპ-23, პარ. 14; 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინება საქმეზე N468აპ-22, პარ.28).

10. ამდენად, საქართველოს სსსკ-ის დათქმიდან გამომდინარე, კასატორს ეკისრება ვალდებულება საკასაციო საჩივარში არამხოლოდ ცხადად და მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საკუთარი მოთხოვნა, არამედ – დაასაბუთოს და მიუთითოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და კონკრეტული არგუმენტები.

11. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ო. ტ–ის ადვოკატი ითხოვს შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სამართლიანი და კანონიერი განაჩენის დადგენას, თუმცა, აღნიშნული მოთხოვნა დასაბუთებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, მსჯავრადშერაცხილი ქმედებების კვალიფიკაციის უკანონობის ან/და დაუსაბუთებლობის ნაწილში – დაუსაბუთებელია (საჩივარში არის ზოგადი მითითება, რომ ო. ტ–ი არ აღიარებს მისთვის მსჯავრადშერაცხილ დანაშაულებს, რაც ამ ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 301-ე და 303-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს). შესაბამისად, სასამართლო ადვოკატ დ. თ–ს საკასაციო საჩივარს განიხილავს მხოლოდ ო. ტ–ისთვის დანიშნული სასჯელის კანონიერების ნაწილში. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, განიხილავს ადვოკატ გ. ბ–ის საჩივრის დასაშვებობას, რომლითაც კასატორი ითხოვს მსჯავრდებულ ო. გ–ის უდანაშაულოდ ცნობას.

12. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტს, რომლის თანახმად, „უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).

13. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატ გ. ბ–ის პოზიციას, მსჯავრდებულ ო. გ–ის უდანაშაულობის თაობაზე, რადგან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:

14. შემთხვევის დღეს, ფაქტის უშუალო შემსწრე მოწმე ს. ა–მა განმარტა, რომ 2021 წლის 18 სექტემბერს, მეზობელმა ო. ტ–მა, ძმა ო. გ–სა და ნაცნობ ჯ. ჩ–თან ერთად, გაუარა სახლში და წაყოლა სთხოვა. ისინი ერთად წავიდნენ სოფელ ბ-ში არსებულ ფერმაში. ავტომანქანიდან გადმოსულ ძმებს შელაპარაკება მოუვიდათ ჯ. ჩ–თან. როგორც შეიტყო, ამ უკანასკნელმა ო. ტ–ის და ო. გ–ის დას მიაყენა შეურაცხყოფა, რაც, მათი რელიგიის მიხედვით, იყო „ნამუსის თემა“. ძმებმა უთხრეს, რომ ჯ. ჩ–ი იმ ადგილზე მოსაკლავად მიიყვანეს, რის შემდეგაც დაუწყეს მას ცემა. მოწმის განმარტებით, ჯ. ჩ–ს სცემდა, როგორც ო. ტ–ი, ისე – ო. გ–ი. ჯ. ჩ–ი დარტყმის შედეგად გაითიშა, რის შემდეგაც ო. ტ–მა ხელები შეუკრა თოკით, ხელფეხშეკრული ჩააგდეს საბარგულში და იმავე ავტომანქანით წავიდნენ, დაახლოებით 3-5 კილომეტრში მდებარე სოფელ ა–ში. გზად ო. ტ–მა უთხრა, რომ აპირებდა ჯ. ჩ–ის წყალში გადაგდებას. შემდეგ მივიდნენ არხთან, რა დროსაც ო. ტ–მა და ო. გ–მა ჯ. ჩ–ი გადმოიყვანეს ავტომანქანის საბარგულიდან და წყალში ჩააგდეს. ავტომანქანიდან გადმოყვანისას ჯ. ჩ–ი ფართხალებდა, თუმცა მისი ხმა არ გაუგია, რადგან თავად არ მიახლოებია. შემდეგ ო. ტ–მა უთხრა, რომ წყალში გადაგდებამდე ჯ. ჩ–ს ზევიდან ბლოკი დაადო. არხთან, დაახლოებით 10-15 წუთი გაჩერდნენ, შემდეგ კი დაბრუნდნენ უკან. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ საგამოძიებო უწყებაში თავისი სურვილით არ განუცხადებია; მეორე დღეს მიაკითხეს პოლიციელებმა და მოსთხოვეს განყოფილებაში წაყოლა.

15. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად (ტ. 1 ს.ფ. 203), ს. ა–მა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებს მიუთითა სარწყავი არხის პირას ამოსულ ბუჩქებზე და დაანახა მათ წყლით თითქმის მთლიანად დაფარული ადამიანის გვამი, რომელიც იწვა პირქვე, ხელ-ფეხი უკან ჰქონდა შეკრული. იქვე, გვერდზე, იყო ბლოკის ნატეხიც. ს. ა–ის მითითებით, სწორედ ეს პირი იყო ჯ. ჩ–ი. საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა წყლიდან ამოიღეს მამაკაცის გვამი, რომელსაც ეცვა: შავი მოკლესახელოებიანი მაისური, ლურჯი ჯინსის შარვალი, შავი ქამრით, ლურჯი ტრუსი, შავი წინდები, შავი სპორტული ფეხსაცმელი წითელი ძირებით, კისერზე შემოხვეული ჰქონდა მოთეთრო თოკის ოთხმაგი მარყუჟი, ასევე – მწვანე ნაჭრის ერთმაგი მარყუჟი; ფეხები შეკრული და დაფიქსირებული ჰქონდა მოთეთრო თოკის მარყუჟებით, ხელები მოთავსებული ჰქონდა გულმკერდის უკანა ზედაპირზე და შეკრული იყო მოთეთრო თოკის მარყუჟებით, კანი ხელის შეხებით იყო ცივი, სველი, დაფარული ტალახის მასებით.

16. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული გარემოებების სისწორე არსებით სასამართლო სხდომაზე დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე დეტექტივ-გამომძიებელმა – გ. უს–მა, რა დროსაც დაცვის მხარეს ჰქონდა აღნიშნული მოწმის დაკითხვის შესაძლებლობა.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ს. ა–მა სასამართლოში დაკითხვისას თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერა განსახილველ დანაშაულთან დაკავშირებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები. მისი ჩვენება არ შეიცავს წინააღმდეგობებს და თანხვდენილია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან.

18. დაცვის მხარის მტკიცებით, ს. ა–ის ჩვენება ვერ აკმაყოფილებს სარწმუნოობის და სანდოობის მოთხოვნებს, ვინაიდან მოწმის მამხილებელი ჩვენება უკავშირდება მასთან საპროცესო შეთანხმების დადებას.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თანაბრალდებულის ჩვენების გამოყენება შეუთავსებელი არ არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებთან, მით უფრო, როდესაც ეს ჩვენება დასტურდება სხვა მტკიცებულებებით და დაცვის მხარეს მიეცა გონივრული შესაძლებლობა, ჯვარედინი დაკითხვით შეემოწმებინა მათი სანდოობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე: Luca v. Italy, no 33354/96, §40-41). მოცემულ შემთხვევაში, ო. გ–ის მსჯავრდება დაეფუძნა ს. ა–ის მიერ სასამართლოში მოწმის სახით მიცემულ ჩვენებას, რომელიც სასამართლომ შეაფასა კრიტიკულად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

20. გასათვალისწინებელია, რომ დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდების მხარესთან თანაბარ პირობებში, ჯვარედინად დაეკითხა ს. ა–ი და დაესვა მისთვის სასურველი შეკითხვები. იმავდროულად, ს. ა–ის მამხილებელი ჩვენება არ არის არც ერთადერთი და არც ძირითადი/გადამწყვეტი მტკიცებულება ო. გ–ის მსჯავრდებისათვის.

21. ს. ა–მა დეტალურად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერა შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები, როგორც გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, ისე – სასამართლოში, მოწმის სახით დაკითხვისას. ამასთან, მოწმის მიერ გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე მიცემულ ჩვენებებს შორის არ იკვეთება არსებითი წინააღმდეგობა. სამართალწარმოების ყველა ეტაპზე მოწმე ერთგვაროვნად აღწერდა მომხდარ მოვლენებს. ამასთან, მოწმის მიერ გამოკითხვისას მითითებული გარემოებები სრულად შეესაბამება საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში დადგენილ გარემოებებს (საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ჯ. ჩ–ის გვამი აღმოჩენილ იქნა სწორედ იმ ვითარებაში, როგორც ეს ჰქონდა აღწერილი ს. ა–ს გამოკითხვისას).

22. სასამართლო ასევე ითვალისწინებს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, რომელთა ერთობლიობა ქმნის შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენების აღდგენის შესაძლებლობას, მათ შორის:

23. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოკამერების ჩანაწერებითა და მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციებით დადგენილია, რომ “VOLKSWAGEN”-ის მარკის ვერცხლისფერი ავტომანქანა (სახ. ნომ ..), რომლითაც გადაადგილდებოდნენ ო. ტ–ი და ო. გ–ი, 2021 წლის 18 სექტემბერს, დღის საათებში ფიქსირდება ქ. მ-ში მდებარე ბაზრის ტერიტორიაზე, რის შემდეგაც მიემართება მ–ს მუნიციპალიტეტის, სოფელ ბ–ს მიმართულებით. ელექტრონული რუკების დათვალიერების ოქმით და თანდართული დოკუმენტებით დადგენილია, რომ გზიდან ო. გ–ის ფერმამდე არის 2,270 კმ., ფერმიდან გვამის აღმოჩენის ადგილამდე კი – 5,199 კმ., გრუნტიანი და ძნელად სასიარულო გზა (ტ. 4, ს.ფ. 172-193) .

24. ბიოლოგიური ექსპერტიზის N.......... დასკვნის თანახმად, პაკეტში, წარწერით: „1ც საბარგულის ხალიჩა“ – მოთავსებულ ხალიჩაზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები (ობ. N13-16) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ჯ. ჩ–ს. მონაცრისფრო ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ. N.., ..) გენეტიკური პროფილები შერეულია და იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია, ხოლო ხალიჩის მოშავო (ქვედა) ზედაპირზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი (ობ. N..) ეკუთვნის ო. გ–ს. პაკეტში მოთავსებულ შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N..-..) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილიც ეკუთვნის ჯ. ჩ–ს. ობ. N..-ის გენეტიკური პროფილი და ამავე შარვალზე არსებული ბიომასალის (ობ. N..-..) შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი ეკუთვნის ო. ტ–ს.

25. ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N.......... დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ს. ა–ის მაისურის, შარვლის, ო. გ–ის შარვლის, პაკეტში წარწერით: „საბარგულის ხალიჩა...ამოღებული ა/მ volkswagen …“ მოთავსებული ხალიჩის ფრაგმენტის ზედაპირზე, ასევე პაკეტში წარწერით: „მიკრონაწილაკები 8 ც წ/ფირზე ამოღებული ა/მ volkswagen სახ. ნომ … სავარძლებიდან“ მოთავსებულ სპეც. წებოვან ფირფიტაზე წარწერებით: „წინა მარჯვენა სავარძლის საზურგედან“, „წინა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომიდან“, წინა მარცხენა სავარძლის დასაჯდომიდან“, „უკანა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომიდან“ და „უკანა მარცხენა სავარძლის დასაჯდომიდან“ აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება როგორც ჯ. ჩ–ის მოლურჯო ჯინსის შარვლის, ასევე ო. ტ–ის ღია მოლურჯო ჯინსის შარვლის ქსოვილების შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

26. სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნის თანახმად, ჯ. ჩ–ის სიკვდილის მიზეზია მექანიკური ასფიქსია, განვითარებული კისრის მარყუჟით ჩაჭერის შედეგად. გვამის გამოკვლევის მომენტისთვის სიკვდილის დადგომიდან გასული უნდა იყოს 24 საათზე მეტი დრო. ჯ. ჩ–ის გვამზე აღინიშნება ერთმაგი, გახსნილი, ჰორიზონტალური სტრანგულაციური ღარი კისრის შუა მესამედში, რაც მიყენებულია რაიმე მარყუჟის ჩაჭერის შედეგად, სიცოცხლის დროინდელია და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი. ასევე გამოხატულია: მარცხენა ყურის ნიჟარის დეფექტი, დაჟეჟილი ჭრილობა ნიკაპის მიდამოში, ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სახისა და კიდურების მიდამოებში, სისხლჩაქცევები თავის ქალას რბილ საფარში, საფეთქლის კუნთების სისხლით იმბიბიცია, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით სიკვდილამდე უახლოეს პერიოდში და ატარებს მსუბუქი ხარისხის ნიშნებს, სიკვდილის დადგომასთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება. გვამზე აღინიშნება სტრანგულაციური ღარები ნაჭდევებით ზედა და ქვედა კიდურებზე, რაც განვითარებული უნდა იყოს რაიმე მარყუჟით ჩაჭერის შედეგად სიცოცხლის დროს, სიკვდილამდე უახლოეს პერიოდში და ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

27. საქმის მასალებში არსებული წერილობითი დოკუმენტაციის და ნივთიერი მტკიცებულებების სისწორე დადასტურებულია ამავე საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში მონაწილე პირთა ჩვენებებით.

28. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განაჩენს ო. გ–ის მიერ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მსჯავრდების ნაწილში, აგრეთვე – მსჯელობას მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების მაკვალიფიცირებელ გარემოებებთან მიმართებით, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია ო. გ–ისა და ო. ტ–ის ურთიერთშეთანხმებული მოქმედება: მსჯავრდებულებმა ერთად სცემეს ჯ. ჩ–ს, ავტომანქანის საბარგულში მოთავსებით ერთად აღუკვეთეს მას თავისუფლება, შეთანხმებული გეგმის შესაბამისად წაიყვანეს დანიშნულების ადგილზე და უმწეო მდგომარეობაში მყოფი (დაზარალებულს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული და იყო დაუძლურებული), განსაკუთრებული სისასტიკით, კისერში მარყუჟის მოჭერით და სხეულზე სამშენებლო ბლოკის მიბმის შემდეგ ჩააგდეს წყალში.

29. საგულისხმოა, რომ საწინააღმდეგო გარემოების არსებობა, რომელიც გააბათილებდა ან თუნდაც ეჭვქვეშ დააყენებდა ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებების, ასევე წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილ გარემოებებს, რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, დაცვის მხარის არგუმენტაციას და მსჯელობას მსჯავრდებულ ო. გ–ის უდანაშაულობის თაობაზე. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს ადვოკატ გ. ბ–ის პოზიცია, რომ ო. გ–ს ჯ. ჩ–ის მკვლელობასა და ფიზიკურ დაზიანებაში მონაწილეობა არ მიუღია და რომ ო. ტ–მა დანაშაულები მარტომ ჩაიდინა.

30. კასატორის მტკიცებით, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა უხეშად დაარღვიეს ო. გ–ის უფლება – სავალდებულო დაცვის წინაპირობის მიუხედავად (სისხლის სამართლის პროცესის ენის არცოდნა), საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა ო. გ–თან საგამოძიებო ექსპერიმენტი ადვოკატის მონაწილეობის გარეშე ჩაატარეს.

30.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 45-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესის ენის არცოდნის შემთხვევაში, სავალდებულო დაცვის უფლებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ ბრალდებულს/მსჯავრდებულს. საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ ო. გ–ს საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისას მართლაც არ ჰყოლია ადვოკატი, თუმცა, ამ შემთხვევაში, ო. გ–ს არ ჰქონდა ბრალდებულის სტატუსი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2021 წლის 20 სექტემბერს, 20:20 საათზე და დასრულდა 21:40 საათზე, რა დროსაც ო. გ–ი, როგორც მოწმე, რომელმაც არ იცოდა სისხლის სამართლის პროცესის ენა, საქართველოს სსსკ-ის მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყოფილი იყო თარჯიმნის მომსახურებით. ო. გ–ი საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ დააკავეს. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ო. გ–ი ბრალდებულად ითვლებოდა დაკავების და არა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მომენტიდან. საგულისხმოა, რომ მისთვის ბრალის წარდგენას, თარჯიმანთან ერთად ესწრებოდა ადვოკატიც. შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებების კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარების პირობებში, საკასაციო სასამართლო ო. გ–ის ადვოკატის არგუმენტს მყიფედ აფასებს.

31. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ: დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

32. მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 7). „მოსამართლე უნდა იყოს მზად, ყველა რელევანტური საფუძვლისა და წინაპირობის სკრუპულოზური გამოკვლევის გზით, შეუფარდოს პირს ისეთი იძულების ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების რეალიზაციას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 45).

33. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარეს საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც ო. გ–ის და ო. ტ–ისთვის დანიშნული სასჯელის საუარესოდ შებრუნების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, სასამართლოსათვის არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია რაიმე ახალი არგუმენტი ან მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულთათვის სასჯელის შემსუბუქება.

34. მართალია, ო. ტ–ის ადვოკატი მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შესამსუბუქებლად დანაშაულის აღიარებისა და მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევის ფაქტზე უთითებდა, თუმცა, საქმეში არ არის წარმოდგენილი ო. ტ–ის მიერ მისთვის მსჯავრდაშერაცხილი დანაშაულის აღიარება (საქმის არსებითი განხილვისას ო. ტ–მა ისარგებლა დუმილის უფლებით და ბრალთან მიმართებით პოზიცია არ დაუფიქსირებია. იმავდროულად, ადვოკატი საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ ო. ტ–ი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, თუმცა იმავე საჩივრის მიხედვით, ო. ტ–ი აღიარებს არა მისთვის მსჯავრადშერაცხილ დანაშაულებს, არამედ – მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, რასაც ბრალდების მხარე არ ედავება)). რაც შეეხება მტკიცებულებების ნაწილის უდავოდ ცნობას, აღნიშნული ფაქტი, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, გასაკიცხაობის ხარისხის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების და დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, ვერ მიიჩნევა იმგვარ შემამსუბუქებელ გარემოებად, რაც ო. ტ–ისთვის მსუბუქი სასჯელის დანიშვნის საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ ო. გ–სა და ო. ტ–ისთვის დანიშნული სასჯელები სამართლიანი, პროპორციული და რესოციალიზაციის მიზნებთან შესაბამისია.

35. აქვე, სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტისას არ იმსჯელა ავტომანქანა „ფოლცვაგენის“ (“VOLKSWAGEN”) დათვალიერებისას ამოღებულ ჩასაფენ ხალიჩაზე, თუმცა, აღნიშნული per se არ წარმოადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის თვითკმარ საფუძველს, რადგან არსებითი გავლენა ვერ ექნება საქმის განხილვის შედეგზე. იმავდროულად, არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე წინაპირობის არსებობა. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

37. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ქეთევან სონიძის, მსჯავრდებულ ო. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ბ–ის – და მსჯავრდებულ ო. ტ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. თ–ს – საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 ივნისის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე