Facebook Twitter

საქმე # 200100122006583113

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №980აპ-24 ქ. თბილისი

ა.ზ. 980აპ-24 28 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. გ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ა–ს, – პირადი ნომ.........., – ბრალად ედებოდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,117-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ა–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2022 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ს–ს რაიონის სოფელ ტ–ში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ზ. ა–ს ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა თავის ძმასთან – ი. წ–თან. ფიზიკურ დაპირისპირებაში ასევე ჩაერთო ზ. ა–ის და – მ. ა–ი. აღნიშნული ფაქტით განაწყენებულმა ზ. ა–მა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ. ა–ს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 ივლისის განაჩენით ზ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 9 თვით;

3.1. ზ. ა–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 27 ოქტომბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. გ–მა, რომელმაც მოითხოვა ზ. ა–ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება.

4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ბრალდების მხარემ და მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 ივნისის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ი. გ–მა. კასატორი ითხოვს ზ. ა–ის მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნაცვლად – მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-4 ნაწილისა. კასატორის პოზიციით ზ. ა–მა ჩადენილი ქმედებით დაარღვია წინდახედულობის ნორმა და დაუდევრობით ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, განხილვის საგანია ზ. ა–ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ზ. ა–ს არ ჩაუდენია მსჯავრადშერაცხილი დანაშაული და ითვალისწინებს:

10. მოწმე ი. წ–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (ძმის) – ზ. ა–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

11. სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ზ. ა–მა განმარტა, რომ გარდაცვლილი მ. ა–ი იყო მისი ნახევარდა, რომელთანაც ჰქონდა თითქმის ყოველდღიური, კარგი და-ძმური ურთიერთობდა (15:31:08; 15:36:30). 2022 წლის 26 ოქტომბერს, დილით ის და მისი ძმა – ი. წ–ი წავიდნენ სოფელ ჯ– ში, არყის გამოსახდელად. მ. ა–მა ასევე გამოთქვა მათთან ერთად ყოფნის სურვილი, ამიტომ შუადღეს, ისიც შეუერთდა ძმებს და ერთად დაიწყეს ალკოჰოლის დალევა (15:24:05). ის და მ.. სვამდნენ კენკრის არაყს. ვინაიდანა მისი და ბევრს სვამდა, ჯერ უთხრა, რომ არყის კენკრის არომატს შეცდომაში არ შეეყვანა და ბევრი არ დაელია, ვინაიდან კენკრის არაყს ჩვეულებრივ (არყისათვის დამახასიათებელი) გრადუსი ჰქონდა, ხოლო, მას შემდეგ, რაც მ.. კვლავ აგრძელებდა ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღებას, ზ. ა–მა ააცალა – აიღო და თავისკენ გადაიდო – ჭიქა. აღნიშნულზე მ.. გაბრაზდა და უყვირა, რომ თავს ბევრის უფლებას აძლევდა. ამ საკითხზე – დალევაზე – რამდენჯერმე წაკამათდნენ სუფრასთან ყოფნის დროს. მ..ძალიან, მათ შორის, მასზე (ზ. ა–ზე) მეტად იყო მთვრალი (15:24:30). საღამოს, შეთანხმების შესაბამისად, სახლში გამოხდილი არყის წაღების მიზნით, ავტომანქანით მიაკითხა კლასელმა – შ. ქ–მა. მ–მ იგივე საკითხზე, თუ რატომ ააცალა ჭიქა, რამდენჯერმე გააგრძელა კამათი (სიტყვები ზუსტად არ ახსოვს). თავად ზ. ა–ი არ შეჰყვა კამათში (,,გავანებე თავი”), თუმცა სუფრის ალაგების დროს უთხრა, რომ მათთან ერთად აღარ წავიდოდა (ფეხით/ტაქსით წავიდა სახლში) სახლში (15:25:47). ვინაიდან არ უნდოდა კონფლიქტის გაგრძელება გავიდა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე და ლამპიონის ქვეშ დაჯდა, ხოლო მ. ა–ი და ი. წ–ი ჯერ კიდევ ადგილზე იყვნენ და ავტომანქანაში ალაგებდნენ ჭურჭელს. აღნიშნულის შემდეგ, ზ. ა–ს მიუახლოვდა ავტომანქანა, გაჩერდა და უთხრეს, რომ წაყოლოდა მათ. მ-ც გადავიდა ავტომანქანიდან და უთხრა, რომ მას თავადაც შეეძლო თავისი თავის მიხედვა და აღარც ის ჯდებოდა ავტომანქანაში, შემდეგ მათთან მივიდა ი. წ–ი და შ. ქ–ი და სთხოვეს ავტომანქანაში ჩაჯდომა. თავად დასთანხმდა, თუმცა ახლა მ. ა–ი აღარ ჩაჯდა ავტომანქანაში და თქვა, რომ მასაც ჰქონდა თავისი პრინციპები და სოფლის მხარეს წავიდა ფეხით. ზ. ა–ი გაჰყვა და სთხოვდა, რომ ჩამჯარიყო, თუმცა რაც მეტს ეხვეწებოდა, მ.. მით მეტად ყვიროდა, რომ არ ჩაჯდებოდა. შესაბამისად, ზ. ა–ი იძულებული გახდა, მ. ა–ი ხელში აეყვანა და ძალით ჩაესვა ავტომანქანაში. მ..წინააღმდეგობას უწევდა და ყვიროდა, რომ ხელი გაეშვა, მაგრამ ვერ გაუშვებდა, ვინაიდან, ღამის საათებში, სხვა სოფელში მთვრალ გოგოს მარტო ვერ გაუშვებდა. ჩაჯდომისას რამეს მიარტყა თუ არა მ–მ სხეული არ იცის. თუმცა ავტომანქანის სალონში ჩასვა (შეიყვანა) თავის მხრიდან და შემდეგ ფეხები შეაწევინა, რადგან სხვანაირად არ ჯდებოდა და ყვიროდა – ,,მიშველეთ” (15:27:05; 15:51:16). ძალით ავტომანქანაში ჩაჯდომისას, მ.. წინააღმდეგობას უწევდა, ასევე მთელი გზა იმეორებდა – ,,გააჩერეთ, მე ფეხით უნდა წავიდე”. ზ. ა–ი ხმას არ იღებდა, მხოლოდ ამშვიდებდა, ასევე შესთავაზა, რომ თუ ხელს უშლიდა თავად ჩავიდოდა ავტომანქანიდან, რაზეც მ.. პასუხობდა, რომ თუ ზ. ა–ს შეეძლო მარტო წასვლა, მასაც (მ. ა–საც) შეეძლო დამოუკიდებლად წასვლა. აღნიშნული ვეღარ მოითმინა ი. წ–მა, მ–ს ვერაფერი უთხრა და ზ. ა–ს მიაყენა შეურაცხყოფა და დაუწყო ყვირილი – ,,რა ტვინი წაიღე”. ამაზე თვითონაც გაბრაზდა და მძღოლს ავტომანქანა გააჩერებინა. გადავიდნენ ის და ი. წ–ი და ერთმანეთში დაიწყეს ძიძგილაობა, ჯერ მან წაავლო ხელი საყელოში, შემდეგ მისმა ძმამ, ერთმანეთს ექაჩებოდნენ წინ და უკან და აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. ზ. ა–მა ი. წ–ი ავტომანქანის კიდესაც მიაჯახა (15:28:50).

11.1. მ. ა–ი რა დროს გადმოვიდა ავტომანქანიდან არ იცის, თუმცა მას ეჩხუბებოდა სიტყვებით – ,,ამისგან რა გინდა; იოსებს დაანებე თავი; ჩვენ რაღაცაზე ვიჩხუბეთ, ეს რა შუაშია” (15:46:35), სახეზეც დაკაწრა. თავად, იმ მიზნით, რომ მ–ს მისთვის თავი დაენებებინა (,,დამანებეთქო თავი და”) – ხელი მოუქნია (15:30:15). ,,ეტყობა ვერ მოვზომე და ძალიან მივარტყი რა, უცბად ხმა გავიგე რაღაცის, რომ მივიხედე ასფალტზე ეგდო გულაღმა”. ამის შემდეგ მ.. ფეხზე აღარ წამომდგარა, ეს მოხდა წამიერად, ამასთან, დაცემის, რაღაც ხმაც (თავის გატეხვის, გახეთქვის ხმა, დღემდე ახსოვს ეს ხმა, თუმცა სიტყვებით ვერ გადმოსცემს) გაიგო და მ–ს ხმაც აღარ ამოუღია, მაშინ როცა მანამდე ხმამაღლა ყვიროდა (15:30:27; 15:55:01; 16:02:55). ზ. ა–მა ი. წ–ს გაუშვა ხელი, დასთან მივიდა ახლოს და ნახა, რომ მას თავის ქვედა ნაწილიდან სისხლი გამოსდიოდა, მუხლებზე დაიდო მისი თავი და დახმარებისათვის დაიწყო ყვირილი. ტელეფონი ხელში ეჭირა, მაგრამ დარეკვას ვერ ახერხებდა. შემდეგ ხალხი გაჩერდა (15:30:38). აღნიშნულის შემდეგ დეტალები არ ახსოვს, თუმცა ახსოვს, რომ ტანსაცმელი შემოიხია, ვერ იხსენებს სასწრაფო დახმარება უფრო ადრე მივიდა თუ პოლიციის თანამშრომლები, მუხლებზე დადიოდა, ასფალტს ფხოჭნიდა, ექიმს დის გადარჩენას სთხოვდა.

11.2. მსჯავრდებულმა განმარტა, რომ მ. ა–მა რა ვითარებაში მიიღო ექსპერტის მიერ დასახელებული დაზიანებები არ იცის. იმავდროულად, განმარტა, რომ არ ახსოვს/არ იცის სხეულის რა ნაწილზე ჰკრა ხელი მ–ს, რადგან არცკი მიუხედია უკან, ისე მოიშორა. გაშველების მიზნით მ.. ჯერ ძმებს შორის შუაში ჩადგომას ცდილობდა (თუმცა შუაში ჩადგომას ვერ მოახერხებდა, ვინაიდან ძმები ერთმანეთთან მჭიდროდ იდგნენ), შემდეგ, (მ–ი) უკნიდან მაისურზე ეჭიდებოდა მას. გაშველებისას, მ–ს წინ არ ედგა, სავარაუდოდ მის გვერდზე იყო. ზურგსუკან ჰკრა ხელი (15:45:05; 15:56:39). მ–ს მოშორება უნდოდა, რადგან ჩხუბის დროს არავის უყვარს, რომ აშველებენ, შესაბამისად, არ უნდოდა, რომ ჩხუბში მ–ს გაეშველებინა (15:58:13). იგი ვერც წარმოიდგენდა თუ ასეთი შედეგი მოჰყვებოდა მის ხელის კვრას და მის ,,გაუკონტროლებელ” ქმედებას. მ–ს გადავარდნისას, თავდაპირველად იფიქრა, რომ ნასვამს გული წაუვიდა. მიუახლოვდა, მუხლებზე დადგა, მ–ს თავი წამოუწია, რა დროსაც ხელებზე სისველე იგრძნო და დაიწყო ყვირილი ,,მიშველეთ, ეს რა გავაკეთე” (15:44:32). მ–ი გულაღმა იწვა და მისი თავი ჩაიდო მუხლებში, შეეცადა დახმარებოდა, შეამოწმა ენა ხომ არ ჰქონდა ჩაყლაპული, თმაზე აქაჩა, ბაკი აუწია და მსგავსი ქმედებები გააკეთა (16:00:09). ხელის კვრისას დაახლეობით 1,5-2 მეტრში დაეცა მ..(15:46:06).

11.3. ი. წ–მა შენიშვნა (,,რა გჭირს, გაჩერდი) არყის გამოხდისასაც უთხრა, თუმცა ყვირილის გარეშე და არა ისე მძაფრად, როგორც ავტომანქანაში (15:36:55). შ. ქ–ის ჩვენებასთან დაკავშირებით, სადაც მოწმემ განაცხადა, ზ. ა–ის მიმართ ი. წ–ის ნათქვამი: ,,- რასაც გინდოდა, ხომ მიაღწიე”, მსჯავრდებულმა განმარტა, რომ მას არ ახსოვს ი. წ–ის მსგავსი ნათქვამი და ვერც ახსნის (15:47:30). მას ასევე არ გაუგია შ. ქ–ისათვის ი. წ–ის ნათქვამი (ვითომ მოსაშარდად იყვნენ გაჩერებულები), რადგან ისინი შორს იდგნენ, თავად კი გვამს არ მოშორებია (15:48:34). მას მ–სთან ფიზიკური დაპირისპირება, გარდა ავტომანქანაში ძალით ჩასმისა, არასდროს ჰქონია (15:47:45). მ. ა–ის წაქცევა იმ დღეს სხვა პერიოდშიც არ დაუნახავს (15:50:25). დავარდა თუ რა მოუვიდა მისი ხელის კვრის გამო არ იცოდა, თუმცა უცნაური ხმისა და იმავდროულად, სიჩუმის გამო მიიხედა მ–სკეს (16:02:55).

12. დაზარალებულის უფლებამონაცვლის (დაზარალებულის ძმა) – ი. ა–ის – გამოკითხვის ოქმებით (მხარეთა მიერ უდავოდ იქნა ცნობილი) დგინდება, რომ ზ. ა–ი ფხიზელი საკმაოდ გაწონასწორებული ადამიანია, მაგრამ თუ რამეზეა განერვიულებული ან/და ნასვამია, ხდება უკონტროლო და ვერ საზღვრავს საქციელს. მოწმე ზ. ა–ის (მსჯავრდებულის მამა. მისი შვილია ასევე ი. ა–ი და მისი შვილი იყო დაზარალებულიც) ჩვენებითაც დგინდება, რომ მსჯავრდებულს სიმთვრალეში ჰქონდა ძალიან ცუდი ხასიათი, კერძოდ, რამდენჯერაც დალევდა ალკოჰოლურ სასმელს, იმდენჯერ ჩხუბში გამოხატავდა აგრესიას, ამტვრევდა ავტომანქანებს, ჩხუბობდა მეგობრებთან. კონფლიქტის წამომწყები ყოველთვის იყო ზ. ა–ი. ამასთან, მსჯავრდებულმა ადვოკატის კითხვაზე, ადასტურებდა თუ არა მამამისის – მოწმე ზ. ა–ის – ჩვენების იმ ნაწილს, რომ მსჯავრდებულს სიმთვრალეში აქვს ძალიან ცუდი ხასიათი, მსჯავრდებულმა ზ. ა–მა განმარტა, რომ ნაწილობრივ ეთანხმება, ვინაიდან, მართალია უმიზეზოდ არ ჩხუბობდა (ვერ იხსენებს, თუმცა გინების ან ვინმეს გამოსარჩლების მიზნით უჩხუბია არაერთხელ), მაგრამ როდესაც გადამეტებულად იღებს ალკოჰოლურ სასმელს, უფრო ადვილად გამოდის წყობიდან, ვიდრე მაშინ, როდესაც ფხიზელია ან ზომიერად ნასვამი (15:38:58).

13. სასამართლო სხდომაზე მოწმემ – შ. ქ–მა განმარტა, მათ შორის, რომ მსჯავრდებული ზ. ა–ი არის მისი კლასელი. 2022 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათისთვის (ათის წუთებზე) დაურეკა ზ. ა–მა, რის შემდეგაც მან კვლავ ჩააკითხა სოფელ ტ, სადაც კვლავაც იგივე პირები – არყის სახდელის მფლობელი, ასევე მ. ა–ი, ზ. ა–ი და მისი ძმა ს. ა–ი (მოწმე გულისხმობს ზ. ა–ის ძმას – ი. წ–ს) – დახვდნენ. ამ დროისთვის ისინი უზომოდ ნასვამები იყვნენ. ზ–ი და არყის გამომხდელი პირი კამათობდნენ არაყთან დაკავშირებით. მსჯავრდებულის და-ძმა ჩასხდნენ მის ავტომანქანაში, კერძოდ, მძღოლის გვერდზე დაჯდა ი. წ–ი, ხოლო მ. ა–ი – უკან. ზ. ა–ი არ ჩაჯდა ავტომანქანაში და ამბობდა, რომ ფეხით უნდა წასულიყო სახლში. დაახლოებით 150 მეტრის გავლის შემდეგ, მ-მ უთხრა, რომ ავტომანქანა გაეჩერებინა, რადგან მისი ძმა უნდა მოეძებნა. იგი ჩავიდა ავტომანქანიდან. ზ. ა–ი იჯდა გზის გვერდულზე, სადაც მივიდა მ. ა–ი და ძმას სთხოვდა ავტომანქანაში ჩამჯდარიყო (16:01:02). ზ. ა–ი და მ. ა–ი წაკამათდნენ, თავად ყურადღება არ მიუქცევია, რაზე ჩხუბობდნენ, თუმცა მ..ზ. ა–ს ეუბნებოდა – „წამოდი, დაჯექი მანქანაში“, ზ. ა–ი არ ჯდებოდა (16:02:04). ამის შემდეგ, ორივე ჩასხდნენ ავტომანქანაში, თუმცა ახლა მ-მ უთხრა ზ. ა–ს – „შენ მე არ გამითვალისწინე, ამიტომ მე უნდა წავიდე ფეხით“, გადავიდა ავტომანქანიდან და წავიდა. ზ. ა–ი გადავიდა და დაედევნა, რომ ავტომანქანაში ჩაესვა. ეხვეწებოდა (შენი ჭირიმე-შენ გენაცვალე), რომ ჩამჯდარიყო. საბოლოოდ ჩასხდნენ ავტომანქანაში და გააგრძელეს გზა (16:03:00). მოწმემ განმარტა, რომ მაშინ, როცა ზ. ა–ი გადავიდა, რათა მ. ა–ი ჩაესვა ავტომანქანაში, აღნიშნული და-ძმა ხმამაღლა კამათობდნენ, თუმცა კამათის მიზეზი არ იცის, ვინაიდან მათი ქმედებით ძალიან შეწუხებული იყო და არ აქცევდა ყურადღებას, იმავდროულად, თავად არ იმყოფებოდა არყის გამოხდისას, შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო, რა ხდებოდა ადგილზე (16:03:55).

13.1. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ თავდაპირველად ზ–ი რატომ არ ჯდებოდა ავტომანქანაში და არყის სახდელ საამქროში რა მოხდა არ იცის. თუმცა, მაშინ, როცა ზ–ი არ ჯდებოდა ავტომანქანაში და ამბობდა, რომ სახლში ფეხით/ტაქსით უნდა წასულიყო და მ.. გადავიდა ძმის ავტომანქანაში ჩასასმელად, რა დროსაც წაკამათდნენ, ასევე მაშინ, როცა მ..არ ჯდებოდა ავტომანქანაში და ზ–ი გადავიდა ავტომანქანიდან დის დასაბრუნებლად, ისინი კამათობდნენ ავტომანქანაში ჩაჯდომასთან დაკავშირებით (16:07:05). და-ძმა სხვა რამეზე არ საუბრობდა, სანამ ზ–ი ჩაჯდებოდა ავტომანქანაში (16:08:21). მაშინ, როცა ზ–ი სთხოვდა დას ავტომანქანაში ჩამჯდარიყო და კამათობდნენ, თავად მიჰყვებოდა ავტომანქანით ნელ-ნელა. ისინი ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა (16:08:37). კამათსა და წაკინკლავებაში გულისხმობს ხმამაღალ ლაპარაკს, რაც დაახლოებით 15-20 წუთი გაგრძელდა და ეხვეწებოდა ჩამსხდარიყვნენ ავტომანქანაში (16:11:47). და-ძმის კონფლიქტი არ გადაზრდილა ფიზიკურ დაპირისპირებაში (16:13:38). დაახლოებით 150 მეტრის გავლის შედეგ, 15-20 წუთში, ზ–მა ხელში აიყვანა მ–ი და ისე ჩასვა ავტომანქანაში. მ–ი წინააღმდეგობას უწევდა და ამბობდა, რომ ფეხით უნდა წამოსულიყო (16:13:52).

13.2. აღნიშნულის შემდეგ გააგრძელეს გზა, თუმცა ი. წ–მა ზ–ს უთხრა/ჰკითხა – არყის სახდელში კარგად ქეიფობდნენ – ,,მშვენივრად პურს ვჭამდით, რა გინდოდა – რა ტვინს ჭამდი”. აღნიშნულზე ზ–მა თქვა – ,,ესე იგი მე ვტყუი”, იმავდროულად, ავტომანქანის სავარძელი დააჯაჯგურა და შ. ქ–ს უთხრა ავტომანქანა გაეჩერებინა. ზ. ა–მა ავტომანქანიდან გადაათრია თავისი ძმა და დაიწყეს ხელით ჩხუბი, მისი ავტომანქანის (მარჯვენასაჭიანი) გვერდზე, მარცხენა მხარეს (16:14:22). შ. ქ–მა ძმებს სთხოვა ჩამსხდარიყვნენ ავტომანქანაში, თუმცა უპასუხეს, რომ მას არავინ ეკითხებოდა, შესაბამისად, დაბრუნდა და მ. ა–ს სთხოვა დაეტოვებინა ძმები და წასულიყვნენ სახლებში, თუმცა მ-მ უთხრა, რომ ისინი უნდა გაეშველებინა (16:16:06).

13.3. მ. ა–ი გადავიდა ავტომანქანიდან. ამ დროს ძმები ავტომანქანის წინ, დაახლოებით 10-15 მეტრში ჩხუბობდნენ, თუმცა არ იცის ისინი ხედავდნენ თუ არა მ–ს (16:16:37). რას აკეთებდა ან საით და როგორ წავიდა მ. ა–ი არ იცის, მხოლოდ ავტომანქანიდან გადასვლის შემდეგ დაინახა, რომ შუა გზაზე, ავტომანქანის გვერდზე, წინა კარებთან, გულაღმა მდგომარეობაში ეგდო სისხლიანი (16:17:15; 16:19:55). მ..მივიდა თუ არა ძმებთან არ იცის, სავარაუდოდ მივიდა – ,,ვერ გეტყვით ზუსტად რა, მივიდოდა ალბათ, რა იქნებოდა, არ ვიცი” (16:18:35; 16:20:22). არ აკვირდებოდა, რადგან უძილო იყო და დაიღალა. ძმები აჯანჯღარებდნენ და ურტყამდნენ ერთმანეთს. დედმამიშვილები იყვნენ და თავად მოგვარდებოდნენ (16:19:09). კითხვაზე ჰქონდათ თუ არა მ–სთან შეხება ძმებს, მოწმემ უპასუხა, რომ ძმები ერთმანეთში ჩხუბობდნენ, სავარაუდოდ მ-ც მივიდოდა მათთან. იმავდროულად, დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია, რომ – ,,მ–ც გადავიდა მანქანიდან და შეეცადა მოჩხუბარი ძმების გაშველებას ალბათ, ეს ჩემი ვარაუდია, ისინი, რომ არ შველდებოდნენ, მეც გადავედი მანქანიდან და დავინახე მანქანის გვერდით, მ., შუა ასფალტზე გულაღმა მდგომარეობაში იწვა და მას თავის არედან სისხლი სდიოდა”. მოწმემ დააზუსტა, რომ ძმები ხან ავტომანქანის გვერდზე, ხან – წინ ჩხუბობდნენ (16:24:41; 16:37:02). იმ დროს, როდესაც მ.. მივიდა გასაშველებლად ძმები ავტომანქანის ცოტა წინ – ძრავის მხარეს – იდგნენ (16:25:14). მ–ს გადასვლიდან 3-4 წუთში გარეთ მყოფი პირები გაჩუმდნენ, იმავდროულად, ვერ ხედავდა მათ (16:31:09). ვინაიდან აღარ ესმოდა ხმები, იმის სანახავად თუ რა ხდებოდა (16:30:50) გადავიდა ავტომანქანიდან, რა დროსაც დაინახა ძირს დაგდებული მ. ვინაიდან ძმებს ვერ ხედავდა (დაინახა) დაიწყო ყვირილი – ,,ვაიმე, მიშველეთ”. ამასობაში ძმებიც გამოჩნდნენ. ი. წ–მა მას უთხრა, რომ არ ეთქვა ძმების ჩხუბის შესახებ და ეთქვა, რომ მოსაშარდად იყვნენ გაჩერებულები. იმავდროულად, მ–ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით რაიმე ვერსია არ შეუთავაზებია (16:25:21; (16:34:28). ზ. ა–ს მისთვის არაფერი უთქვამს, ტიროდა და ყვიროდა: – ,,ვაიმე, ეს რა დამემართა”, ,,ეს რა გავაკეთე” (16:31:37). ი. წ–ი ზ. ა–ს ეუბნებოდა: ,,ეს რა ჰქენი ეს გინდოდა; რაც გინდოდა მიაღწიე” (16:32:11). პროკურორის კითხვაზე რა ვითარებაში მიაყენეს დაზიანება მ–ს, მოწმემ უპასუხა, რომ არ დაუნახავს (16:26:47). ასევე არ დაუნახავს რატომ ან როგორ დაეცა მ. მისი ყვირილის ხმა არ გაუგია (16:27:21). მ–ს ავტომანქანიდან გადასვლისას, ძმები ავტომანქანის მარცხენა გვერდზე ჩხუბობდნენ (16:28:55). მოწმემ განმარტა, რომ არ იცის, დავარდნის შემდეგ მ. ა–ს მსჯავრდებული თუ შეეხო, რადგან ის ყვიროდა საშველად, ამ დროს გამვლელი ავტომანქანა გაჩერდა მათ სიახლოვეს და ვიღაც ქალბატონმა მას უთხრა, რომ სასწრაფოში უკვე დარეკილი ჰქონდა. მ. ა–ს იცნობდა ზ. ა–ისგან და მის სახლშიც რამდენჯერმე ყოფილა, მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ან კამათს არასდროს შესწრებია (16:41:35).

14. ექსპერტმა ა. კ-მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის 2022 წლის 15 ნოემბრის N............. დასკვნა, რომლს თანახმად, მ. ა–ის სიკვდილის მიზეზია სხეულის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული დიფუზური სისხლჩაქცევა თავის ქალას ღრუში. სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია დროის შუალედი, არანაკლებ 7 საათისა. მ. ა–ის გვამს აღენიშნება სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: ქალასარქველის ღია და ქალას ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი დამსხვრეული მოტეხილობა. დიფუზური სისხლჩაქცევა ქალას ღრუში. თავის ტვინის დაჟეჟილობა. ქვედა ყბის ძვლის მოტეხილობა. მარცხენა ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა. დაჟეჟილი ჭრილობები მარცხენა ზედა ქუთუთოსა და კეფის არეში. ნაჭდევები ორივე მტევნის, მარცხენა მტევნის მე-2, 3, 4, 5 თითების, მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის, მარცხენა წინამხრის, სახის, კისრისა და მუცლის მარცხენა გვერდითა კედლის არეში. სისხლნაჟღენთები ორივე მტევნის, მარჯვენა მუხლის სახსრის, მარცხენა წვივის, მარცხენა მტევნის მე-2,3 თითების, მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის, მარცხენა მხარის სახსრის, სახის, მარჯვენა ყურის ნიჟარისა და მარჯვენა ბეჭის არეში; აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო, ხანდაზმულობით სიკვდილის დადგომამდე უახლოესი პერიოდისა და არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს – 27.10.2022 წელს. მ. ა–ის გვამს ბასრი საგნითა და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებები არ აღენიშნება. მ. ა–ის გვამიდან აღებული იქნა სისხლი ალკოჰოლზე და ნარკოტიკზე. გამოკვლევისთვის გადაგზავნილია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ დეპარტამენტში. მ. ა–ის გვამიდან აღებული იქნა სისხლის, თმებისა და ფრჩხილების ნიმუშები, დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს. ტანსაცმელი დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილ, მ. ა–ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 4,14%0 ეთილის სპირტი.

14.1. ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ 2 ჭრილობა იყო კეფის არეში, ორივე იყო ქალასარქველის ღია მოტეხილობა. ეს ორივე ჭრილობა შესაძლებელია ბლაგვ საგანთან ერთი შეხებით განვითარებულიყო, თუმცა კატეგორიულად ვერ დაადასტურებს. ქალასარქველის მოტეხილობის ხაზები ყველა ძვალზე ვრცელდებოდა (14:55:50). ქვედა ყბის ძვლის და მარცხენა ყვრიმალის ძვლის მოტეხილობები შესაძლებელია ერთჯერადი შეხების შედეგიც იყოს და მრავალჯერადიც. მაგალითად: ავარიის დროს, სადაც შეხება ერთჯერადია, ფეხზეც ვითარდება და ხელზეც, თუმცა ფაქტობრივად ერთი მოქმედებით ხდება. ამ შემთხვევაში თუ ერთჯერადი იქნებოდა დაახლოებით მსგავსი მოქმედება უნდა მომხდარიყო (14:57:28), ვინაიდან, სახეზეა ქვედა ყბის ძვლის და მარცხენა ყვრიმალის ძვლის მოტეხილობები (რაც ერთმანეთთან ახლო-ახლოსა). თუმცა იმავდროულად, სახეზეა – კეფის, თითების ჭრილობები, რაც სხვადასხვა ლოკაციაა, ყველა აღნიშნული დაზიანება ვერ იქნება მუშტის დარტყმით განვითარებული. ვარდნა ავარიის მსგავს სიტუაციას ქმნის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ არც ვარდნაა სახეზე და არც ავარია, და ვამბობთ, რომ მუშტით განვითარდა, მაშინ ეს უნდა ყოფილიყო მუშტის მრავალჯერადი დარტყმის შედეგი, რადგან შეუძლებელია მუშტით სხვადასხვა ლოკაციაზე ერთჯერადად მიაყენო (15:00:03). ვარდნის შედეგად, როგორც ავარიის შედეგად, შესაძლებელია ადამიანმა მიიღოს კეფის, ქალა ფუძის, ქვედა ყბის ძვლის და მარცხენა ყვრიმალის ძვლის მოტეხილობებიც. მოცემულ შემთხვევაში მ., რომ გადავარდნილიყო უკან, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ შესაძლებელია, ვინაიდან შესაძლებელია, ვარდნის დროს ჯერ ერთი ადგილი დაარტყა, ხოლო მეორადი ვარდნით სხვა ადგილი (15:01:41). ასფალტზე ასევე შესაძლებელია მეორადი ვარდნა და მსგავსი დაზიანებების მიღება, კერძოდ, დაარტყა (დაეცა) და მეორედ გადააგდო ან მეორე მოქმედება – ბრუნი გააკეთა (15:03:49). ასეთ დროს ერთი ტრავმა ვითარდება სხვადასხვა ადგილას, მრავლობითად (15:04:27). ასფალტზე ერთი დაცემით ქალასარქველისა და ქალა ფუძის, იმავდროულად, ქვედა ყბის ძვლის და მარცხენა ყვრიმალის ძვლის მოტეხილობების მიღება შეუძლებელია და ვერ მიიღებდა. ქალასარქველისა და ქალა ფუძის – შესაძლებელია ერთჯერადი შეხებით, ვინაიდან ქალასარქველის ბზარი შეიძლება გადავიდეს ქალა ფუძეზე, მაგრამ, იმავდროულად, ვერ იქნება წინა დაზიანებები (ქვედა ყბის ძვლის და მარცხენა ყვრიმალის ძვლის მოტეხილობები, რომლებიც ასევე შესაძლებელია ერთჯერადი დარტყმით განვითარებულიყო, რადგან ერთმანეთთან ახლოსაა), სწორედ ამიტომ გააკეთა დაშვება, რომ შესაძლებელია მეორედაც წაიქცა (15:05:50; 15:07:04).

14.2. ერთი მოქმედებით შეიძლება ქალასარქველისა და ქალა ფუძის მოტეხილობა, ასევე ერთი მოქმედებით – ქვედა ყბის ძვლის და მარცხენა ყვრიმალის ძვლის მოტეხილობები. მაგრამ ოთხივე დასახელებული დაზიანება ერთი მოქმედებით ვერ განვითარდება, რადგან ანატომიურად სხვადასხვა ადგილზეა (15:30:00). მოცემულ შემთხვევაში ორ საგანთან, ორჯერადი შეხება უნდა ყოფილიყო, რომ ეს – უკანა და წინა მხარის დაზიანებები მიეღო (15:16:34). ამასთან, ყველა დაზიანება იყო სიცოცხლისდროინდელი (16:02:37). თეორიულად ნაჭდევები (კანის დაზიანება როცა სისხლი რომ გამოჟონავს არის ნაჭდევი, ნაკაწრი იგივე ნაჭდევია, ოღონდ ხაზოვანი ფორმის (16:04:56)) შესაძლებელია ხელის ძლიერი მოხვევის ან/და ხელში აყვანის შედეგად განვითარებულიყო (ადვოკატმა აუხსნა, რომ მოწმეები უთითებენ ავტომანქანაში ძალით ჩასმის თაობაზე). ხელის მჭიდრო მოხვევამ შეიძლება მოგვცეს სისხლნაჟღენთი და არა ნაჭდევი, თუ ფრჩხილი მოხვდა შესაძლებელია ნაჭდევიც (16:08:20). ფხიზელი ადამიანიც შეიძლება წაიქცეს, ისევე როგორც თრობით კოოორდინაციადარღვეული.

15. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც ობიექტური მხრივ გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში, დამდგარ შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ბრალის ფორმის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული განზრახია და იგი შეიძლება ჩადენილ იქნეს როგორც პირდაპირი, ისე – არაპირდაპირი განზრახვით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახ ჩადენას, რაც იწვევს თანამდევ შედეგს – გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას.

15.1. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

16. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მ. ა–ს მიღებული ჰქონდა ნორმაზე მეტი ალკოჰოლური სასმელი და იმყოფებოდა მძიმე თრობის მდგომარეობაში (კერძოდ, სამედიცინო ექსპერტიზის 2022 წლის 15 ნოემბრის N........ დასკვნის თანახმად, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილ, მ. ა–ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 4,14%0 ეთილის სპირტი, რაც დასკვნის გამცემი ექსპერტის – ა. კ–ს – ჩვენების თანახმად, არის თრობის მძიმე ხარისხზე ზედა ზომა, როცა კოორდინაცია დარღვეულია. ასეთ დროს ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა და შესაძლებელია დადგეს სიკვდილიც (15:14:55. იქვე დაადასტურა, რომ განსახილველ შემთხვევაში ალკოჰოლი არ იყო მ. ა–ის სიკვდილის მიზეზი); მ. ა–ის ,,გადამთვრალ“ მდგომარეობაში ყოფნა ცნობილი იყო თავად ზ. ა–ისათვის (ზ. ა–მა ჩვენებაში განმარტა, რომ მ. ა–ი ძალიან, მათ შორის, მასზე (ზ. ა–ზე) მეტად მთვრალი იყო) და სწორედ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება იყო და-ძმას შორის კონფლიქტის მიზეზი; დაზარალებულიც და მსჯავრდებულიც შემთხვევის დროს იმყოფებოდნენ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და მსჯავრდებული იყო განერვიულებული. სასამართლო ითვალისწინებს მოწმეთა (მათ შორის, ი. ა–ის, ზ. ა–ის, მსჯავრდებულის) ჩვენებებს (მათ შორის, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების/ხასიათის ნაწილში), დაზარალებულის სხეულზე არსებული სიცოცხლისდროინდელი დაზიანებების ხასიათს, რაოდენობას, განლაგებას (ქალასარქველის ღია და ქალას ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი დამსხვრეული მოტეხილობა. დიფუზური სისხლჩაქცევა ქალას ღრუში. თავის ტვინის დაჟეჟილობა. ქვედა ყბის ძვლის მოტეხილობა. მარცხენა ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა. დაჟეჟილი ჭრილობები მარცხენა ზედა ქუთუთოსა და კეფის არეში. ნაჭდევები ორივე მტევნის, მარცხენა მტევნის მე-2, 3, 4, 5 თითების, მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის, მარცხენა წინამხრის, სახის, კისრისა და მუცლის მარცხენა გვერდითა კედლის არეში. სისხლნაჟღენთები ორივე მტევნის, მარჯვენა მუხლის სახსრის, მარცხენა წვივის, მარცხენა მტევნის მე-2,3 თითების, მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის, მარცხენა მხარის სახსრის, სახის, მარჯვენა ყურის ნიჟარისა და მარჯვენა ბეჭის არეში), ექსპერტის განმარტებას დაზიანებების ხასიათის და მათი წარმოშობის მექანიზმების შესახებ, დანაშაულის ჩადენის ვითარებას, მიზეზს, მოვლენათა განვითარების დინამიკას, დაზარალებულის და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, რომ ზ. ა–ი იყო ერთადერთი პირი, ვისთანაც შემთხვევის დღეს მ. ა–ს ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირება/კონფლიქტი, მსჯავრდებულის ჩვენებას და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ. ა–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხული დანაშაულის ჩადენას.

17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ჩვენებას (როდესაც მ. ა–ი ავტომანქანაში არ ჯდებოდა, ზ. ა–ი იძულებული გახდა, მ. ა–ი ხელში აეყვანა და ძალით ჩაესვა ავტომანქანაში. მ–ს წინააღმდეგობის მიუხედავად ავტომანქანის სალონში ჩასვა (შეიყვანა) თავის მხრიდან, შემდეგ ფეხები შეაწევინა, რადგან იგი სხვანაირად არ ჯდებოდა); სამედიცინო ექსპერტიზის 2022 წლის 15 ნოემბრის N.......... დასკვნით დადგენილ, მ. ა–ის გვამზე ნანახ სიცოცხლისდროინდელი დაზიანებების რაოდენობასა და ლოკალიზაციას; იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება ცენტრალურ საავტომობილო გზის მოასფალტებულ ზედაპირზე ისეთი საფარის/ობიექტის არსებობა, რასაც შეეძლო გამოეწვია ექსპერტის მიერ მითითებული მეორეული დაზიანება; ასევე არ დგინდება შემთხვევის დროს მ. ა–თან სხვა პირის, გარდა მსჯავრდებულისა, ფიზიკურ კონტაქტში ყოფნა (აღნიშნულზე არ უთითებს არც მსჯავრდებული); ასევე იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულ ზ. ა–ისათვის ცნობილი იყო მ. ა–ის მძიმე თრობის შესახებ, რის მიუხედავადაც, მისივე განმარტებით ძლიერად მიარტყა ხელი (,,ეტყობა ვერ მოვზომე და ძალიან მივარტყი რა, უცბად ხმა გავიგე რაღაცის, რომ მივიხედე ასფალტზე ეგდო გულაღმა”) და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ უცნობია რა ვითარებაში მიიღო ექსპერტის მიერ დასახელებული დაზიანებების ნაწილი მ. ა–მა, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მსჯავრდებულის განმარტებით, არ იცის ავტომანქანაში ძალით ჩასმისას მ-მ მიარტყა თუ არა რაიმეს სხეული.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

19. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

20. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

21. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. გ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 ივნისის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე