Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1103აპ-24 25 თებერვალი, 2025 წელი

ა. ჰ. ი. მ. ს., №1103აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 ივლისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით, ი. მ. ს. ა. ჰ-ს ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით, ი. მ. ს. ა. ჰ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 10 ნოემბერს, დღის საათებში, ქ. ბ-ში, --- ბინა N---ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისათვის ნასამართლევმა (საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით) ი. მ. ს. ა. ჰ-მ სხეულის სხვადასხვა არეში ხელისა და ფეხის დარტყმით, ყელისა და წელის არეში ხელების მოჭერით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. ხ-ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რის გამოც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის განაჩენით ი. მ. ს. ა. ჰ- - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 აგვისტოს განაჩენით ი. მ. ს. ა. ჰ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. მ. ს. ა. ჰ-ს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ი. მ. ს. ა. ჰ-სთვის თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადით დანიშვნა და დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის განსაზღვრა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ი. მ. ს. ა. ჰ-სთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება, კერძოდ: თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადით დანიშვნა და დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის განსაზღვრა.

7. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ შესაგებელი წარმოადგინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული 5-დღიანი ვადის დარღვევით (ადვოკატ ხ. ხ-ას პროკურორის საკასაციო საჩივარი ჩაჰბარდა 2024 წლის 6 აგვისტოს (ტ. 3.; ს.ფ. 36), რაზეც შესაგებელი წარადგინა 2024 წლის 26 სექტემბერს (ტ. 3.; ს.ფ. 83)). სასამართლო აღნიშნავს, რომ პროკურორის საკასაციო საჩივრის ჩაბარების შემდეგ ადვოკატ ხ. ხ-ას მიერ 2024 წლის 7 აგვისტოს (5-დღიანი ვადის დაცვით) წარმოდგენილი შესაგებელი (ტ. 3.; ს.ფ. 39) არ მიემართება პროკურორის საკასაციო საჩივარს, რის გამოც, სასამართლო აღნიშნულ დოკუმენტს არ შეაფასებს.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ მხოლოდ სასჯელის დამძიმების მოთხოვნით. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ი. მ. ს. ა. ჰ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

9. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

10. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.“

11. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, რითაც მსჯავრი დაედო ი. მ. ს. ა. ჰ-ს, ითვალისწინებს ორ ალტერნატიულ სასჯელს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით – ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით – ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

12. სააპელაციო სასამართლომ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ოჯახური დანაშაულის ხასიათი და მისგან გამოწვეული შედეგი, ასევე – პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის, დანაშაულის აღიარება და მტკიცებულებათა უდავოდ მიჩნევით სწრაფი მართლმსაჯულებისთვის ხელშეწყობის ფაქტი, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ი. მ. ს. ა. ჰ-ს განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების – სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის – შესაბამისია, რის გამოც ი. მ. ს. ა. ჰ-სთვის დანიშნული კანონიერი და სამართლიანი სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Gorou v. Greece (№2) №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

15. აქვე, საკასაციო პალატა აღნიშნავს: მართალია, ი. მ. ს. ა. ჰ-მ დანაშაული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით განსაზღვრულ ვადამდე – 2024 წლის 1 ივლისამდე – ჩაიდინა და მის მიერ ჩადენილი ოჯახური დანაშაული ექცევა ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ფარგლებში, თუმცა მასზე არ ვრცელდება ხსენებული მუხლით გათვალისწინებული შეღავათი, თანახმად ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტისა.

16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე