Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ


№1081აპ-24 თბილისი
მ-ი დ., 1081აპ-24 28 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. მ-ს ბრალად დაედო: ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 14 მარტს მოქმედი რედაქცია)); ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, (2022 წლის 14 მარტს მოქმედი რედაქცია)); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (დანაშაული, გათვალისწინებული 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

• 2022 წლის 14 მარტს, დაახლოებით, 23:30 საათზე, თ-ოს რაიონის ს- №-კორპუსში, ე. შ-ის ბინის წინ მდებარე კიბის აივანზე, დ. მ-მა მის ხელთ არსებული სანადირო თოფით გაისროლა ე. შ-ის კუთვნილი „ჰასკის“ ჯიშის ძაღლის თავში, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია.

• 2022 წლის 14 მარტს, დაახლოებით, 23:30 საათზე, თ-ოს რაიონის ს- №-კორპუსში, ე. შ-ის ბინის წინ მდებარე კიბის აივანზე, დ. მ-მა მის ხელთ არსებული სანადირო თოფით ესროლა ე. შ-ის კუთვნილ „ჰასკის“ ჯიშის ძაღლს თავში, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია. დ. მ-ის ქმედებით ე. შ-ს მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

• 2022 წლის 14 მარტს, დაახლოებით, 23:30 საათზე, თ-ოს რაიონის ს- №-კორპუსში, ე. შ-ის ბინის წინ მდებარე კიბის აივანზე, დ. მ-მა მის ხელთ არსებული სანადირო თოფით ესროლა ე. შ-ის კუთვნილ „ჰასკის“ ჯიშის ძაღლს თავში. ხმაურზე ბინიდან გამოსულმა ე. შ-მა დაუყვირა დ. მ-ს, რომელიც ხელის ჟესტით და სანადირო თოფის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ე. შ-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 მაისის განაჩენით დ. მ-ი, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში; დ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 14 მარტს მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განაჩენით შეიცვალა: დ. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 14 მარტს მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2024 წლის 30 მაისიდან იმავე წლის 22 ივლისის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

• 2022 წლის 14 მარტს, დაახლოებით, 23:30 საათზე, თ-ოს რაიონის ს- №-კორპუსში, ე. შ-ის ბინის წინ მდებარე კიბის აივანზე, დ. მ-მა მის ხელთ არსებული სანადირო თოფით ესროლა ე. შ-ის კუთვნილ „ჰასკის“ ჯიშის ძაღლს თავში, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ზაზა ცქვიტარია ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას და დ. მ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 259-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ განაჩენი გამამართლებელ ეპიზოდებში არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა ბრალდების ამ ეპიზოდებში დ. მ-ის ბრალეულობა. კერძოდ:

9. საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით კრიმინალიზებულია სხვისი ნივთის განადგურება ან დაზიანება. ნივთი შეიძლება იყოს როგორც მოძრავი, ისე – უძრავი. განადგურება უკავშირდება ნივთის იმგვარ მდგომარეობას, როცა იგი სრულიად უსარგებლო ხდება გამოსაყენებლად ან აღარ არსებობს, ხოლო დაზიანების დროს ნივთი კვლავ სახეზეა, თუმცა არა პირვანდელი სახით და მისი აღდგენა შესაძლებელია. აღნიშნული დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა და საჭიროებს მნიშვნელოვანი ზიანის დადგომას. ხსენებული კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში (იგულისხმება 25-ე თავი, რომელშიც შედის სსკ-ის 187-ე მუხლიც) მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

10. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

11. დაზარალებულ ე. შ-ის ჩვენებით, დედასთან, მამასთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს 2-სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე, აქვს პატარა აივანი. საღამო ხანს, როცა ყველა სახლში იყო, ყეფა გაიგეს, ბნელოდა, დაახლოებით, 11 საათამდე იყო, ბავშვებს ჯერ ეღვიძათ; ბავშვი გარბოდა და თვითონაც გავიდა; აივანთან ბრალდებული იდგა იარაღით, „ჩუო“ და ვერ მიხვდა, შუქი აანთეს, ძაღლისკენ იყო მიშვერილი ლულა, თოფი ეჭირა, სანადირო თოფი იყო, გარეთ ნათურა აყენია და ანთებული იყო, თავად გადახტა, რომ თოფზე ხელი აერტყა, ბავშვი ძაღლისკენ გაიქცა და ამან გაისროლა, ჰასკი იყო, მეტლახზე ეძინა ძაღლს. არ განძრეულა, ტყვია რომ მოხვდა, თავი წამოსწია. კარის გაღების მომენტშიც არ განძრეულა. დედაც – მ. შ-იც – გამოვარდა, რომელსაც ეგონა, ტყვია მას მოხვდა; დათომ ძაღლი წაათრია და წავიდა, 1 მეტრში იდგა დ-, ძაღლსა და დ-ს შორის 2 მეტრამდე იყო მანძილი. 1 გასროლა იყო. როგორც კი დაემუქრა, რომ არ შეარჩენდა, ძაღლი წაათრია, ძაღლი 2-3 წლის იყო, 6-7 თვეა, რაც მათ ჰყავთ, ნაჩუქარი იყო, ეზოში ჰყავდათ, ეს ძაღლი არავის ერჩოდა; ეს (ბრალდებული) აბრალებდა, რომ ცხვარი დაუგლიჯა; 400-500 ლარი ღირს ლეკვები, 2 წლამდე იყო, დიდი ძაღლები არ იყიდება. თავად რომ ჰკითხა დ-ს, თუ რა გააკეთა, ტუჩებზე ხელი მიიდო, „გაჩუმდიო“, მთვრალ ადამიანს ვერ შეეპასუხები, ვერ ეტყვი ვერაფერს, მით უმეტეს, იარაღი უკავია ხელში, მთვრალი იყო, ყველაფერზე ემჩნეოდა. გასროლის მომენტს თავად და მისი შვილი, 12 წლის ს. შეესწრნენ. გასვლის დროს დედა და მამა გამოვარდნენ სახლიდან.

12. მოწმე ს. ხ-ის (დაზარალებულის შვილი) განმარტებით, გარეთ რომ გავიდა, დედა გაიქცა დამნაშავისკენ, იმ დროს თოფი ესროლა ძაღლს (უთითებს დ. მ-ზე), შემდეგ გამოვიდა ბებო, დაინახეს იმათაც, ჰასკი იყო, 1 გასროლა იყო, მეტი არა, იქვე მოკვდა, სად წაიღეს არ ახსოვს, წინა წელს, მარტში მოხდა.

13. მოწმე მ. შ-ის (დაზარალებულის დედა) ჩვენებით, საღამო იყო, ფეხის ხმა შემოესმა მის ქალიშვილს და გავიდა, თოფის ხმა იყო უკვე და თავადაც მივიდა, ეგონა, ვინმეს მოხვდა, დ. მ-ი მიათრევდა ძაღლს, არც ბავშვს სჭირდა რამე და არც გოგოს, უკან მოტრიალდა. ჰასკის ჯიშის ძაღლი იყო, იმ დღეს დაგლიჯა ორი ქათამი, გააგდო გარეთ, ამას ჰყოლია ბატკანი, ამ ძაღლს აბრალებდა, მას არ დაუგლეჯია, უბრალოდ, იქ წავიდა და ამ ძაღლს დაჰბრალდა. ძაღლი მოკვდა, მკვდარი იყო, გარეთ ეთერი და საბა იყვნენ.

14. მოწმე ვ. გ-ის (დაზარალებულის მამა) ჩვენებით, იმ დღეს სახლში იყო, რკინის ხმა იყო და გამოვიდა, აღარ ჩანდა [ბრალდებული].

15. გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, დ. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია ასევე - შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ნიმუშის აღებისა და ამოღების ოქმებით, ბიოლოგიური, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით.

16. რაც შეეხება ამ ქმედებით ე. შ-ისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას, ამ ნაწილში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებები. დაზარალებულმა განმარტა, რომ ეს ძაღლი მას აჩუქეს უკვე გაზრდილ მდგომარეობაში; ლეკვები ღირს 400-500 ლარი, გაზრდილს კი ფასი არ აქვს, რის გამოც, შეუძლებელია კონკრეტული ზიანის თანხობრივად განსაზღვრა. პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის არგუმენტაციას, რომ, თუ ჰასკის ლეკვები ღირს 400-500 ლარი, გაზრდილი უფრო მეტი ეღირებოდა და ვერ მიიჩნევს მას დ. მ-ის მიმართ ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძვლად, ვინაიდან გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება ვარაუდი და იგი უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით მხოლოდ დაზარალებულის განმარტება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ქმედების დამამძიმებელი გარემოებით კვალიფიკაციას, დაზარალებულს შეუძლია, დაასახელოს ნებისმიერი ოდენობის თანხა, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა იძლეოდეს აღნიშნულის გადამოწმების შესაძლებლობას. ბრალდების მხარემ მხოლოდ ივარაუდა, რომ ზრდასრული ძაღლის ღირებულება 150 ლარზე მეტია, რაც მსჯავრდების საფუძველი ვერ გახდება. ამდენად, ზიანის დადგენის ნაწილში სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებები.

17. ასევე ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა ბრალდებამ მუქარის ნაწილშიც. აღსანიშნავია, რომ შეტყობინებაში დაზარალებული უთითებდა, რომ „თუ ზომებს არ მიიღებს პოლიცია, მეზობლის სახლის დაწვით და მოკვლით იმუქრება“. დ. მ-ს ბრალდება არავერბალური მუქარისთვის წარედგინა, რაც შეუსაბამოა, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულს მუქარის შესახებ არაფერი უთქვამს. როგორც კასატორი განმარტავს, დაზარალებულმა დ. მ-ს დაუყვირა: „– ეს რა გააკეთე!“ – რის შემდგომაც დ. მ-მა ტუჩზე თითი მიიდო და უთხრა, გაჩუმდიო, ამ დროს კი მას ხელში თოფი ეჭირა, რომლის დემონსტრირებასაც ღიად ახდენდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქმედების ამგვარი სახით წარმოჩენა არ იძლევა მისი მუქარის კვალიფიკაციით მსჯავრდების საფუძველს. მუქარის დროს პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმით უნდა იყოს გამოხატული, რომ ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უნდა გაუჩნდეს. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ გარემოებებს ადგილი არ ჰქონია; დ. მ-მა მხოლოდ არავერბალურად იმოქმედა – ტუჩზე თითის მიდებით ანიშნა, გაჩუმდიო. დაზარალებულმა კი განმარტა, რომ მას ვერაფერი უთხრა, რადგან, როგორც მან განმარტა, ,,მთვრალ კაცს ვერ ეტყვი ვერაფერს, ვერ შეეპასუხები, მით უმეტეს, თოფი უჭირავს ხელში“. შესაბამისად, დაზარალებულის განმარტებიდან გამომდინარე, პალატა ასკვნის, რომ სახეზე არ არის დ. მ-ის მიერ ე. შ-ის მიმართ მკვეთრად გამოხატული ქმედება – მუქარა.

18. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავი პასუხები გაეცა პროკურორის საკასაციო საჩივარში (იგივე საფუძვლები იყო მითითებული სააპელაციო საჩივარშიც) მითითებულ მოტივებზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება – არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ რომელიმე წინაპირობას.

21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.




თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი



მოსამართლეები: ლ. თევზაძე



ნ. სანდოძე