Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1012აპ-24 თბილისი

ა-ი ე., 1012აპ-24 6 მარტი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ა-ის ადვოკატ ლ---ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 აპრილის განაჩენით ე. ა-ი,-- ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (2023 წლის 10 ივლისის ეპიზოდი) – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (2023 წლის 11 ივლისის ეპიზოდი) – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (2023 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (2023 წლის 18 ივლისის ეპიზოდი) – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; ხოლო 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ერთმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ე. ა-ს განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ე. ა-ისათვის განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელი – მოუხდელი ჯარიმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ა-ს განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 16 აგვისტოდან. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. განაჩენის მიხედვით, ე. ა-ს მსჯავრად დაედო:

· ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და უკანონო გასაღება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილი – ოთხი ეპიზოდი);

· ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი).

3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

o თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის ნასამართლევმა – ე. ა-მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდვე ინახავდა 0.0704 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომელიც 2023 წლის 10 ივლისს თ-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე 150 ლარად უკანონოდ გაასაღა მ. ი-ზე;

o თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის ნასამართლევმა – ე. ა-მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდვე ინახავდა 0.06472 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომელიც 2023 წლის 11 ივლისს თ-------ზე 150 ლარად უკანონოდ გაასაღა მ. ი-ზე;

o თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის ნასამართლევმა – ე. ა-მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდვე ინახავდა 0.076 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომელიც 2023 წლის 14 ივლისს თ---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე 150 ლარად უკანონოდ გაასაღა მ. ი-ზე;

o თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის ნასამართლევმა – ე. ა-მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდვე ინახავდა 0.05248 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომელიც 2023 წლის 18 ივლისს თ--ზე 150 ლარად უკანონოდ გაასაღა მ. ი-ზე;

o თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის ნასამართლევმა – ე. ა-მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდვე ინახავდა 0.071089 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომელიც 2023 წლის 16 აგვისტოს თ----ში მდებარე ე. ა-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. ა-ის ადვოკატმა – ლ--–მა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ე. ა-ისათვის სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადით განსაზღვრა და სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შეფარდებული სასჯელის ¼-ის პირობითად ჩათვლა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. ა-ის ადვოკატმა – ლ----მა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; ე. ა-ისათვის სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადით განსაზღვრასა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შეფარდებული სასჯელის ¼-ის პირობითად ჩათვლას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ე. ა-ის ადვოკატ ლ--–ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაინიშნა 2025 წლის 6 მარტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით, ვიდეოჩანაწერებითა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელთა უმეტესობა დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდიათ და თავად ე. ა-იც დაეთანხმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ე. ა-ის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, რაზეც დეტალურ მსჯელობას პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ვინაიდან წარმოდგენილია მხოლოდ მსჯავრდებულის ადვოკატის საჩივარი, რომლითაც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; ე. ა-ისათვის სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადით განსაზღვრასა და სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შეფარდებული სასჯელის ¼-ის პირობითად ჩათვლას; ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში, წარმოდგენილი საჩივრიდან გამომდინარე, პალატა იმსჯელებს მსჯავრდებულ ე. ა-ისათვის შეფარდებული სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით.

3. საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, ხოლო ამავე კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ე. ა-ისათვის სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადით განსაზღვრის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ე. ა-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა ე. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, ჩადენილ დანაშაულთა სიმრავლე (ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის და უკანონო გასაღება – ოთხი ეპიზოდი), ასევე, ის გარემოება, რომ პირობით მსჯავრდებულმა ე. ა-მა ახალი დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში. ამასთან, მას სასჯელი დაენიშნა დანაშაულთა ერთობლიობით შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ე. ა-ისათვის თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადით განსაზღვრის საფუძველი.

5. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ე. ა-ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შეფარდებული სასჯელის ¼-ის პირობითად ჩათვლის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის – პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს შეფარდებული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი. აღნიშნული ნორმის გამოყენებასთან მიმართებით სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ სავალდებულოა ამავე ნორმის დისპოზიციაში მითითებული სამივე გარემოების კუმულაციურად არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომ, მართალია, ე. ა-მა სასამართლოში აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი (გარდა მოწმეების – მ. ი-ის, ხ-ის, ზ-ს, ი-ის ჩვენებები და 2023 წლის 10 ივლისის ეპიზოდის ვიდეოჩანაწერი), რითაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობით ითანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოვლინდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების კონტროლით, რაც წარმოადგენს დანაშაულის ჩადენაზე წასწრებას; კერძოდ, გამოძიებას ჰქონდა ინფორმაცია ე. ა-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტის შესახებ, რაც დადასტურდა პოლიციის თანამშრომლების მიერ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ე. ა-ისათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილის სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პირობითად ჩათვლის საფუძველი.

6. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს სასჯელს შეუფარდებს ამ კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით. გამონაკლის შემთხვევაში, პირობითი მსჯავრი სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან. აღნიშნულ ნორმასთან მიმართებით სასამართლომ ასევე არაერთხელ განმარტა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენს იმპერატიულ ნორმას, რომელიც ადგენს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენისას სასჯელის დანიშვნის წესს. ამ დანაწესიდან არსებობს ერთადერთი გამონაკლისი, რა დროსაც პირობითი მსჯავრის კვლავ გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ამ განაჩენით დადგენილი დანაშაულები ე. ა-მა ჩაიდინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენით შეფარდებული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციის გაზიარებით, აღნიშნავს, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ე. ა-ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, კვლავ გამოიყენოს პირობითი მსჯავრი, თუნდაც მის მიმართ არსებობდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წინაპირობა.

7. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და მიაჩნია, რომ არ არსებობს ე. ა-ისათვის სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადით განსაზღვრისა და შეფარდებული სასჯელის ¼-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პირობითად ჩათვლის საფუძველი.

8. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ე. ა-ის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია, კერძოდ:

8.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში (მათ შორის – განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არქონა), სასჯელი უნდა გაუნახევრდეს პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ან „გ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისა); ხოლო „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ან „გ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, მასზე „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის, ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე „კანაფის“ ან „მარიხუანის“ უკანონო გასაღებისა) ჩადენისათვის.

8.2. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ე. ა-ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენით, ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით – ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენისა და შენახვისათვის და „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისად, ითვლება ნასამართლობის არმქონედ; ამასთან, მოცემული დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის პირველ ივლისამდე („ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა), „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს; ამავე დროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (4 ეპიზოდი) შეფარდებულ სასჯელებზე „ამნისტიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ უნდა გავრცელდეს, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე ხოლო – ე. ა-ს ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა, შენახვისა და უკანონო გასაღებისათვის (4 ეპიზოდი) შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელები.

8.3. გარდა ამისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით 2023 წლის 14 ივლისის ეპიზოდისათვის შეფარდებულმა სასჯელმა (რომელზეც ამნისტია არ გავრცელდა) უნდა შთანთქას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით დანარჩენი სამი ეპიზოდისათვის შეფარდებული თანაბარი სასჯელები, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით შეფარდებული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ე. ა-ს უნდა განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

8.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ე. ა-ისათვის შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, პირობითი მსჯავრი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებული ე. ა-ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული ძირითადი სასჯელის – 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, ხოლო დამატებითი სასჯელი – მოუხდელი ჯარიმა – სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, შთანთქას ამ განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით, შეფარდებულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ა-ს უნდა განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ე. ა-ის ადვოკატ ლ--ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ე. ა-ის ადვოკატ ლ--ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განაჩენი შეიცვალოს:

2.1. ე. ა-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდეს და განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.2. ე. ა-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (2023 წლის 10 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელზეც არ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია;

2.3. ე. ა-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (2023 წლის 11 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელზეც არ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია;

2.4. ე. ა-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (2023 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელზეც არ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია;

2.5. ე. ა-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (2023 წლის 18 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელზეც არ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია;

2.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით 2023 წლის 14 ივლისის ეპიზოდისათვის შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით დანარჩენი სამი – 2023 წლის 10, 11 და 18 ივლისის – ეპიზოდისათვის შეფარდებული თანაბარი სასჯელები, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით შეფარდებული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ე. ა-ს განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ე. ა-ისათვის შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, პირობითი მსჯავრი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.8. მსჯავრდებული ე. ა-ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული ძირითადი სასჯელის – 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, ხოლო დამატებითი სასჯელი – მოუხდელი ჯარიმა – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, შთანთქას ამ განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით, შეფარდებულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.9. მსჯავრდებულ ე. ა-ს სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავებიდან – 2023 წლის 16 აგვისტოდან. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმებულია;

2.10. მსჯავრდებულ ე. ა-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;

2.11. ნივთიერი მტკიცებულებები:

· მ. ი-ისაგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და შესაფუთი მასალები, ე. ა-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და ე. ა-ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

· 6 ლაზერული დისკი ვიდეოჩანაწერებით შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე