Facebook Twitter

საქმე # 190100123008240598

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1043აპ-24 ქ. თბილისი

მ. ხ. 1043აპ-24 11 მარტი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილისა და მსჯავრდებულ ხ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. ც–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 ივლისის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ხ. მ–ს – პ/ნ ............., – ბრალად ედებოდა:

1.1. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ და ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი).

მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2023 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ ს–ში, საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სასმლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ხ. მ–მა, მეუღლეს - მ. ი–ს – და თავის არასრულწლოვან შვილს, .... დაბადებულ თ. ი–, რაიმე კონკრეტული მიზეზის გარეშე განუცხადა, რომ დანით დახოცავდა. სიცოცხლის მოსპობის მუქარა მ. და თ. ი–ებმა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

- 2023 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ ს–ში, საცხოვრებელ სახლში, ხ. მ–მა, სახლში დაგვიანებით მისვლის გამო, მეუღლეს - მ. ი–ს – დაარტყა ხელი მკერდის არეში, მათი არასრულწლოვანი შვილის (......... დაბადებული თ. ი–ის) თანდასწრებით, ასევე, ოთახში არსებული საშაქრე ესროლა არასრულწლოვან შვილს - თ. ი. ორივე მათგანს დანის დემონსტრირებით განუცხადა, რომ დახოცავდა. ზემოაღნიშნული ძალადობის შედეგად, თ. და მ. ი–ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი, ხოლო სიცოცხლის მოსპობის მუქარა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2023 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ ს–ში, საცხოვრებელ სახლში, ხ. მ–მა, სახლში დაგვიანებით მისვლის გამო, მეუღლეს - მ. ი–ს – დაარტყა ხელი მკერდის არეში, მათი არასრულწლოვანი შვილის (.......... დაბადებული თ. ი–ის) თანდასწრებით, ასევე, ოთახში არსებული საშაქრე ესროლა არასრულწლოვან შვილს - თ. ი. ორივე მათგანს დანის დემონსტრირებით განუცხადა, რომ დახოცავდა. ზემოაღნიშნული ძალადობის შედეგად, თ. და მ. ი–ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის განაჩენით:

2.1. ხ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.2. ხ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.3. ხ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ხ. მ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.5. ხ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან –2023 წლის 19 ოქტომბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

3.1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ხ. მ–ისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისათვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა;

3.2. მსჯავრდებულ ხ. მ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ც–მ მოითხოვა ხ. მ–ის გამართლება მისთვის ბრალადწარდგენილ ყველა ეპიზოდში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 ივლისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

4.1. ხ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

4.2. ხ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4.3. ხ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ხ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4.5. მსჯავრდებულ ხ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 19 ოქტომბრიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

5.1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი სალომე ქემაშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 ივლისის განაჩენში ცვლილებას, ხ. მ–ის დამნაშავედ ცნობას ყველა წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას;

5.2. მსჯავრდებულ ხ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ა. ც– ითხოვს ხ. მ–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის.

6. 2024 წლის 16 და 17 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა მსჯავრდებულ ხ. მ–ის განცხადება, რომლის თანახმად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მიზნებისთვის მას არ შეეძლო დაზარალებულთა თანხმობების წარმოდგენა და ითხოვდა მის მიმართ კანონით გათვალისწინებული სხვა შეღავათის გამოყენებას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარე ითხოვს ხ. მ–ის დამნაშავედ ცნობას მათ შორის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ყველა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას, დაცვის მხარე კი ხ. მ–ის სრულად უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.

3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ხ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. ც–ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ხ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა (2023 წლის 18 ოქტომბერს მეუღლისა და შვილის მიმართ ძალადობა) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 18 ოქტომბერს ორივე მათგანის მიმართ მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის მსჯავრდების შესახებ. ვინაიდან,

5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). „უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).

6. „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას დაზარალებულებმა: მ. ი–მა და თ. ი–მა ისარგებლეს მათთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მათი ოჯახის წევრის, ხ. მ–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებები (მათ შორის: გამომძიებელ თ. ხ–ს, სასწრაფო დახმარების ექიმების – ნ. დ–ს და შ. წ–ის ჩვენებები, N... სამედიცინო ბარათი, N... შეტყობინება, 2023 წლის 19 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, N... და N... შემაკავებელი ორდერები და მათ ოქმები), რომელთა საფუძველზეც ხ. მ–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა (2023 წლის 18 ოქტომბერს მეუღლისა და შვილის მიმართ ძალადობა) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 18 ოქტომბერს ორივე მათგანის მიმართ მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის მხარეთა მიერ არ არის ცნობილი უდავოდ.

9. მოწმეები: სასწრაფო დახმარების ექიმები: ნ. დ. და შ. წ–ი არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი, მათი ჩვენებები ირიბია დაზარალებულების მიმართ ჩადენილ ფიზიკურ ძალადობასა და მუქარის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფაქტებთან და ჩამდენ სუბიექტთან მიმართებით. ირიბი ჩვენებების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-37, II-52). გამომძიებელმა თ. ხ–მა სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას კი მიუთითა მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე და მის მიერ შედგენილ დოკუმენტებზე. შესაბამისად, მისი ჩვენება ხ. მ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების სამტკიცებლად ირელევანტურია.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ როდესაც დაზარალებული უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, ხოლო შეტყობინება/შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი/საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი სრულად ემყარება დაზარალებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებულ ინფორმაციას (ამასთან, N.... შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი არ არის ხელმოწერილი ხ. მ–ის მიერ), შეტყობინებაში/ორდერში/საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული გარემოებების არსებობა/სისწორე, უნდა გადამოწმდეს/დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით, დაცვის მხარეს უნდა მიეცეს მამხილებელი მტკიცებულების ერთადერთი პირველწყაროს დაკითხვის და მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის შედავების შესაძლებლობა. ამასთან, ბრალდების მხარეს, მოცემულ შემთხვევაში, სსიპ 112-ს სამსახურიდან არ გამოუთხოვია შეტყობინების ჩანაწერი და არ არის წარმოდგენილი არც ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა, რომ პირი, რომელმაც 112-ში დარეკა ნამდვილად დაზარალებული მ. ი–ი იყო. სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი არც არასრულწლოვანი დაზარალებულის – თ. ი–ის – სამედიცინო ბარათი (მიუხედავად იმისა, რომ ექიმ ნ. დ–ს განმარტებით შეადგინა სამედიცინო ბარათი) და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ამასთან, მ. ი–ის N.. სამედიცინო ბარათითა და სამედიცინო ექსპერტიზის N.. დასკვნით (რომლის სისწორეც დაადასტურა ექსპერტმა მ. ლ–ემ) ვერ დგინდება დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა.

11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

12. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ხ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი უნდა გადაწყდეს ხ. მ–ის სასარგებლოდ.

13. კასატორი ბრალდების მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარე ხ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) მსჯავრდების მოთხოვნის დასასაბუთებლად არ უთითებს არცერთ კონკრეტულ არგუმენტსა თუ მტკიცებულებაზე, რომელიც დაადასტურებდა მის პოზიციას. საკასაციო საჩივარში ზოგადად, ერთი წინადადებითაა მითითებული, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ხ. მ–ის მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას. იმავდროულად, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ კასატორმა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვეობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული რომელი საფუძვლით ასაჩივრებს და კონკრეტულად რითი ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. ამდენად, კასატორმა უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებენ კასატორის პოზიციას და შესაბამისად - გასაჩივრებული განაჩენის უკანონობას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის N933აპ-23 განჩინება), თუ დანიშნული სასჯელის უსამართლობას.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ ხ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. ც–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3.1. ხ. მ–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. ხ. მ–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

3.3. ხ. მ–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებაში;

3.4. ხ. მ–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;

3.5. გამართლებულ ხ. მ–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე