გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3-9-03 1 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
განცხადების ავტორის მოთხოვნა: საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს სადაზღვევო კომპანია “ნ-ს” დაეკისრა ა. კ-ის სასარგებლოდ 5037 ლარის გადახდა.
2003წ. 26 თებერვალს შპს “ნ-ის” წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა უზენაეს სასამართლოს და სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.
განცხადების ავტორი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებს, რომ 2003წ. 21 თებერვალს მიმართა ექსპერტიზას, რათა დაედგინა ავტომანქანა ბმვ-520 სახ. ნომრით “...” თუ იყო გატაცებული. კვლევის შედეგად ექსპერტი მივიდა დასკვნამდე, რომ გამოსაკვლევად წარმოდგენილი “ბმვ-520-ის” ძარაზე არსებული საიდენტიფიკაციო კოდი ჩაკერებულია კუსტარული წესით, ხოლო სხვა რაიმე მარკირება ძარაზე არ აღინიშნება, რის გამოც ავტომობილის ქარხნული საიდენტიფიკაციო ნორმის დადგენა შეუძლებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე განცხადების ავტორს მიაჩნია, რომ ავტოავარია მომხდარია გატაცებული ავტომანქანით და აღნიშნული გარემოება ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებიუს გამოტანას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე, რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საკასაციო პალატა არ იზიაებს განცხადების ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მის მიერ ახლად აღმოჩენილად მითითებული გარემოება გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. სსკ-ს 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განცხადების ავტორის მიერ წარმოდგენილი სპეციალისტის ცნობით არ დასტურდება, რომ ავტომანქანა “ბმვ-520” გატაცებულია. ამასთან, ექსპერტი არ არის უფლებამოსილი დაადასტუროს ავტომანქანის გატაცების ფაქტი. ამდენად, განცხადების ავტორის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ ავტოავარია მომხდარია გატაცებული ავტომანქანით არ არის დადგენილი.
სსკ-ს 423-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ამ მუხლის “ვ” ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძველი კიდევაც, რომ დადასტურდეს, გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შეიძლება მხოლოდ ერთი აუცილებელი პირობის არსებობისას, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე.
მოცემული საქმის განხილვის დროს სადაზღვევო კომპანიას არ მიუთითებია, რომ ავტომანქანა გატაცებული იყო, მას ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მიეთითებინა აღნიშნული გარემოებაზე, რაც არ გააკეთა, რადგან მოცემულ საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ ავტომანქანის მესაკუთრე იყო მ. შ-ი, რომელსაც ავტომანქანა სამართავად გადაცემული ჰქონდა რ. ფ-ისათვის, რომელიც მართავდა ავტომანქანას ავტოავარიის დროს.
აღნიშნულიდან გამომდინარე განცხადების ავტორის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას საქმის წარმოების განახლებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს სადაზღვევო კომპანია “ნ-ის” წარმომადგენელის ნ. ყ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.