Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3-15-03 22 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

რ. ნადირიანი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 20 ოქტომბრის, 2002წ. 1 მაისისა და 2002წ. 17 დეკემბრის განჩინებების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ფ-ს უარი ეთქვა სარჩელზე, მოპასუხე თბილისის სამგორის რაიონულ ბიუროსთან და მესამე პირებთან: ო. ფ-ის რწმუნებით ნ. ბ-ე, ვ. ბ-ესთან უპირატესი შესყიდვის უფლების დარღვევის გამო 1998წ. 1 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წ. 20 ოქტომბრის განჩინებით არ დააკმაყოფილდა ი. გ-ის საკასაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999წ. 10 ნოემბრის განჩინება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ი. გ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

ი. გ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა სასამართლო ინსტანციის მიერ და ბოლოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 მაისის განჩინებით ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 22 ნოემბრის განჩინება.

ი. გ-მა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილებისა და განჩინებათა ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით კვლავ მიმართა საოლქო სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 ივლისის განჩინებით ი. გ-ის განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული.

ი. გ-მა კერძო საჩივარი შეიტანა აღნიშნულ განჩინებაზე. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 აგვისტოს განჩინებით ი. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2002 წ. 17 დეკემბრის განჩინებით ე. ფ-ის უფლებამონაცვლის ი. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 16 ივლისისა და 2002წ. 8 აგვისტოს განჩინებები დატოვა უცვლელად.

ი. გ-მა კვლავ მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 20 ოქტომბრის, 2002წ. 1 მაისისა და 2002წ. 17 დეკემბრის განჩინებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა ე. ფ-ის წარმომადგენლის _ უფლებამონაცვლის ი. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 17 დეკემბრის, 2002წ. 1 მაისის და 2000წ. 20 ოქტომბრის განჩინებების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო:

განმცხადებელ ი. გ-ს მიაჩნია, რომ აღნიშნული განჩინებები დაუსაბუთებელი და უკანონოა, რის გამოც უნდა გაუქმდეს.

პალატა თვლის, რომ ი. გ-ის განცხადებაში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებებს და ისინი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს საქმის წარმოების განახლებას. განცხადება თავისი შინაარსით წარმოადგენს საჩივარს ზედამხედველობის წესით. აღნიშნული საჩივარი კი მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის და შესაბამისად არ განიხილება.

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამავე განცხადებით ი.გ-ი მოითხოვს, როგორც ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების, ისე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებების გაუქმებას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ს 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. აღნიშნული მუხლის შესაბამისად ი. გ-მა განსჯადობის წესის დაცვით სააპელაციო სასამართლოს განჩინებებისა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით ამ სასამართლოებს უნდა მიმართოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს ი. გ-ის განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 430-ე, 408-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.