Facebook Twitter

¹3-19-03 27 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ს-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის წინააღმდეგ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა იმ საფუძვლით, რომ იგი 1995წ. 26 ოქტომბერს უკანონოდ იქნა განთავისუფლებული.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ს-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე 2003წ. 7 აპრილს ლ. ს-მა შეიტანა განცხადება, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების შესწორება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლით:

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო დაეყრდნო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1996წ. 5 დეკემბრის ¹2/3-13 გადაწყვეტილებას შკკ-ს 213-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, არასწორად მიუთითა შკკ-ს 213-ე მუხლზე, არ მიუთითა აღნიშნული მუხლის მინაწერზე და გადაწყვეტილების მიღების თარიღად აჩვენა 1996წ. 5 იანვარი, რამაც გამოიწვია სასამართლოს მიერ უკანონო გადაწყვეტილების მიღება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო განცხადებას, საქმის მასალებს და თვლის, რომ იგი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო შემდეგი გარემოებების საფუძველზე:

ლ. ს-ი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილებაში არასწორადაა მითითებული საკონსტიტუციო სასამართლოს 1996წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილების თარიღი, ხოლო მას არ გაუშვია სასამართლოსათვის მიმართვის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.

სსკ-ს 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

საქმის მასალების მიხედვით ლ. ს-მა არაერთხელ მიმართა სასამართლოს უზენაესი სასამართლოს 1999წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, რითაც დასტურდება, რომ საფუძველი, რომელსაც იგი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს, მისთვის ცნობილი იყო ხანგრძლივო დროის მანძილზე.

ლ. ს-ი განცხადებაშიც მიუთითებს, რომ მის მიერ უკანონოდ მიჩნეული გადაწყვეტილების გაუქმებისა და მასში უზუსტობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს 1996წ. 5 დეკემბრის ¹2/3-13 გადაწყვეტილება მრავალჯერ წარადგინა მაგრამ უშედეგოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ განმცხადებლის მიერ გაშვებულია სსკ-ს 426-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა, რის გამოც განცხადება დაუშვებელია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 425-ე, 426-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ს-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.