Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3-20-02 14 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

განმცხადებლის თხოვნა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. ს-ისა და ა. გ-ის მიმართ, რომლებიც მდგმურის უფლებით ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ... მდებარე, საკუთრების უფლებით ლ. ბ-ისა და მის სახელზე რიცხული ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე, ეკავათ თითო საცხოვრებელი ოთხი თავისი დამხმარე სათავსოებით და წლების მანძილზე არ იხდიდნენ ბინის ქირას. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მათ მიერ დაკავებული ფართი სჭირდებოდა პირადი სარგებლობისათვის და ამ მოტივით მოითხოვა მოპასუხეთა ბინიდან გამოსახლება.

საქმე სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს დავის საგანი გახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-5 მუხლით და 1999წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ო. ს-ისა და ა. გ-ის დაკავებული ფართობიდან გამოსახლება ოჯახის წევრებთან ერთად, მ. კ-ს კი დაეკისრა ა. გ-ის სასარგებლოდ 2600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის და ო. ს-ის სასარგებლოდ _ 2200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

2000წ. 27 ივლისს ა. გ-მა განცხადებით მიმართა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, იმ საფუძვლით, რომ ვ. ზ-ესა და ა. კ-ეს შორის 1982წ. 16 დეკემბერს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ყალბია. უზენაესი სასამართლოს 2000წ. 13 ოქტომბრის განჩინებით განცხადება უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა.

2002წ. 4 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართა ა. გ-მა და მოითხოვა უზენაესი სასამართლოს 1999წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.

საქმის წარმოების განახლების საფუძვლად განცხადების ავტორი მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე, რომლებიც ადრე ცნობილი არ იყო და რომელთა ცოდნის შემთხვევაში გამოტანილი იქნებოდა მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება:

1941 წლიდან ა. გ-ის ოჯახი მუდმივი ჩაწერით ცხოვრობდა თბილისში, ... მდებარე, თ. ზ-ის სახელზე რიცხული ბინის პირველ სართულზე, ერთ ოთახში. 1980 წელს თ. ზ-ის მემკვდირე ვ. ზ-ემ მეორე სართულის გარკვეული ფართი მიჰყიდა ლ. ბ-ს.

1982წ. 16 დეკემბერს ა. კ-ესა და ვ. ზ-ეს შორის გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც მ. კ-ის საკუთრებაში გადავიდა ა. გ-ისა და ო. ს-ის ბინის ფართიც, რაზეც მათ თანხმობა არ განუცხადებიათ და არც არაფერი იცოდნენ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ გაირკვა, რომ ამ ხელშეკრულებაზე ვ. ზ-ის ხელმოწერა გაყალბებულია და ამდენად, ა. კ-ე არ არის კეთილსინდისიერი შემძენი. დოკუმენტის სიყალბე დადასტურებულია ამავე უწყების 2002წ. 14 მაისის დადგენილებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადების ავტორი ითხოვს სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების განახლებას.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ა. გ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ა. გ-მა განცხადებაში მითითებული საფუძვლით (სსკ-ს 423-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით) 2000წ. 27 ივნისს ერთხელ უკვე მიმართა სასამართლოს. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000წ. 13 ოქტომბერს განიხილა იგი და არ დააკმაყოფილა. სასამართლომ არ გაიზიარა განცხადების ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვ. ზ-ესა და ა. კ-ს შორის 1982წ. 16 დეკემბერს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაზე შესრულებული ხელმოწერის სიყალბე მოცემულ საქმეზე წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას. სასამართლომ აღნიშნული ფაქტი არ ჩათვალა ისეთ გარემოებად და მტკიცებულებად, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო სასამართლოში განხილვის საგანი, გამოიწვევდა ა. გ-ისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო სახლის მესაკუთრეა მ. კ-ი, ხოლო მოპასუხეები იყვნენ მდგმურები, რომელთა გამოსახლებას ითხოვდა მესაკუთრე, ე.ი. დავის საგანი იყო ბინიდან გამოსახლება და არა 1982წ. 16 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხი. სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ ამ გარიგების ნამდვილობა შეიძლება სადავო გახადონ ნების გამოვლენის სუბიექტებმა. იგი შეიძლება ცალკე დავის საგანი იყოს და არა მოცემული საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

მიუხედავად ამისა, ა. გ-მა დოკუმენტის სიყალბის (1982წ. ხელშეკრულება) გამო კვლავ მოითხოვა საქმის წარმოების განახლება. პალატა თვლის, რომ ა. გ-ის განცხადება დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა დარჩეს. პალატა, აგრეთვე, მიუთითებს, რომ სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა ამ საკითხზე და განცხადებას იმიტომ კი არ ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე, რომ დაცული არ იყო სსკ-ს 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, არამედ თვით ეს გარემოება არ იქნა მიჩნეული საქმის წარმოების განახლების საფუძვლად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 429-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. გ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველად დარჩეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.