Facebook Twitter
3-36-02

3-36-02 20 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1997წ. 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის სარჩელი _ თვითნებურად აშენებული სახლის კომუნალური ფონდში უსასყიდლოდ ჩარიცხვის შესახებ დაკმაყოფილდა.

ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი დარჩა კომუნალური ფონდში ჩარიცხული 1994წ. 24 მარტიდან. კანონიერად ჩაითვალა: ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1994წ. 24 მარტის ¹93 გადაწყვეტილება; ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 1995წ. 10 ივლისს ლ. ქ.-ზე გაცემული ბინის ორდერი; ასევე 1996წ. 11 ივლისს ლ. ქ.-ს სახელზე გაფორმებული ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის პრივატიზაციის ხელშეკრულება.

მოპასუხეების _ ლ. და ზ. ქ.-ების შეგებებული სარჩლი დაკმაყოფილდა. უკანონოდ იქნა ცნობილი და გაუქმდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995წ. 7 დეკემბრის ¹26.90.1984 დადგენილება ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონი, ... მოქ. ე. ე.-ის მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის დამაგრების შესახებ.

აქედან გამომდინარე, გაუქმდა 1996წ. 13 მარტს ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელ გ. ღ.-სა და რ. ე.-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ქ. თბილისში, ... არსებული 455 კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარით აღებაზე. დაევალა ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტს, დაუბრუნოს რ. ე.-ს საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებისას გადახდილი ერთჯერადი გადასახადი 162,66 ლარი.

უკანონოდ იქნა ცნობილი და გაუქმდა ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1996წ. 3 აპრილის ¹110 განკარგულება _ სადავო სახლის დაკანონების თაობაზე.

ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი აღირიცხა ლ. ქ.-ს და ზ. ქ.-ს სახელზე პირადი საკუთრების უფლებით.

იმავე მისამართზე არსებული 455 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი დაუმაგრდა ლ. და პ. ქ.-ებს.

2002წ. 19 სექტემბერს რ. ე.-მ განცხადებით მიმართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

განცხადების ავტორი მიუთითებს, რომ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1997წ. 26 სექტემბრის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და უკანონოა. განცხადების ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მასალებს, იმ დროს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად საქმის სწორად გადაწყვეტისათვის არ მოიძია მტკიცებულებები თავისი ინიციატივით. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ქ.-ები სადავო სახლში ჩაეწერნენ 1982 წელს, ამასთან არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ქ.-ებს არანაირი ნათესაური კავშირი არ ჰქონდა მის გარდაცვლილ პაპასთან მ. ე.-თან, სასამართლომ არ მოიძია მტკიცებულებები იმის გასარკვევად თუ რის საფუძელზე ჩაეწერნენ ქ.-ები სადავო სახლში.

განცხადების ავტორი მიუთითებს, რომ ლ. ქ.-ს ჩაწერის თარიღთან დაკავშირებით აშკარა სიყალბეა ჩადენილი, კერძოდ, ჩაწერაზე პასუხისმგებელი პირის (ლ.-ე) ხელმოწერა ყალბია, რადგან იმ პერიოდში 1982 წელს ნაძალადევის რაიონის საპასპორტო განყოფილების უფროსის პოსტზე მუშაობდა ვ. ს.-ი და არა ლ.-ე.

გარდა აღნიშნულისა, რ. ე.-ი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებს მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 25 სექტემბრის ქ. თბილისის ¹19181230 დადგენილებას, რომლის საფუძველზე სადავო სახლი ექვემდებარებოდა სამართლებრივ რეგისტრაციას.

ამდენად, განცხადების ავტორს სადავო გადაწყვეტილება მიაჩნია უკანონოდ და მოითხოვს საქმის წარმოების განახლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ რ. ე.-ის განცხადება საქმის წამროების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

სასამართლოში საქმის წარმოება მთავრდება გადაწყვეტილების გამოტანით, აგრეთვე განჩინებით საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და განჩინებით სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ (სსკ-ს 272-ე, 278-ე მუხლები).

სანამ აღნიშნული გადაწყვეტილებები და განჩინებები შევიდოდეს კანონიერ ძალაში, მათი გასაჩივრება დასაბუთებულობისა და კანონიერების შემოწმების მიზნით შეიძლება სააპელაციო და საკასაციო წესით, მაგრამ მას შემდეგ, როცა ისინი შევა კანონიერ ძალაში, მათი გასაჩივრება დასაბუთებულობისა და კანონიერების შემოწმების მიზნით აღარ დაიშვება.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1997წ. 26 სექტემბრის გადაწვეტილება კანონიერ ძალაშია და მის დასაბუთებულობისა და კანონიერების შემოწმებას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამასთან, საპროცესო კოდექსი, როგორც გამონაკლისი და განსაკუთრებული შემთხვევა, ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს 422-ე და 423-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

ს. ე.-ის განცხადებაში მითითებული არ არის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) რომელიმე საფუძველი, რის გამოც უსაფუძვლოა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა.

რაც შეეხება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას, რ. ე.-ი მიუთითებს 423-ე მუხლით გათვალისწინებულ მხოლოდ ერთ საფუძველზე _ მოწინააღმდეე მხარის სადავო სახლში ჩაწერის დოკუმენტის სიყალბეზე, ე.ი. მოითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა" პუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების განახლებას.

სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა" პუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ახლა აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ამ მუხლის პირველის ნაწილის “ა" ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი ან თუ სისხლის სამართლის პროცესის დაწყება და ჩატარება ვერ ხორციელდება არა მტკიცებულებათა უკმარისობის, არამედ სხვა მიზეზით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის წარმოების განახლება განმცხადებლის მიერ მითითებული საფუძვლით დასაშვები იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ იგი წარმოადგენდა კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს დოკუმენტის გაყალბების შესახებ.

ამდენად, არ არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახალების 423-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. ე.-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.