გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3-40-02 2 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 17 მაისის გადაწყვეტილებით თ. თ-ის სარჩელი ი. ბ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თ. თ-ემ განცხადებით მიმართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების განცხადება.
განცხადების ავტორი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებდა, რომ იგი გაეცნო სანოტარო წარმოებას და აღმოჩნდა, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემები დამახინჯებულია. კერძოდ ზუსტად არ არის ფართი დაფიქსირებული, ასევე მასსა და ი. ბ-ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს საჭირო იყო მისი მეუღლის თანხმობა, რაც არ არის სანოტარო წარმოებაში. ტექბიუროს მიერ გაცემული ცნობა – დახასიათება ვადაგასულია. საქმეში არ მოიპოვება ასევე ცნობა სახლმმართველობიდან.
განმცხადებლის მოსაზრებით აღნიშნული მტკიცებულებები მისთვის ადრე, რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადებაში მითითებული საფუძვლები და თვლის, რომ თ. თ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინდა ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
საკასაციო პალატა არ იზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები, ადრე საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას განმცხადებელი არ უარყოფდა და მოითხოვდა მის ბათილად ცნობას სულ სხვა საფუძვლით. ამასთან, განმცხადებელს შეეძლო აღნიშნული მტკიცებულებები ადრე საქმის განხილვის დროს მოეპოვებინა და წარმოედგინა ან მიეთითებინა ახალ გარემოებებზე, რაც თავისი ბრალით არ გააკეთა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის წარმოების განახლების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით 430-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. თ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.