¹ 3-103-ა-23-03 14 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. წიქვაძე
დავის საგანი: საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიის 1999წ. 15 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “ბ.-ბ.” სარჩელი მოპასუხე სს “თ.” მიმართ არ დააკმაყოფილა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს 1999წ. 19 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დატოვა უმოძრაოდ ბაჟის გადაუხდელობის გამო და ხარვეზის შესავსებად დაენიშნა ვადა 1999წ. 29 ივლისამდე.
1999წ. 30 ივლისს შპს “ბ.-ბ.” გადაიხადა 2000 ლარი, ნაცვლად 5000 ლარისა და იშუამდგომლა ბაჟის დარჩენილი ნაწილის 3000 ლარის განაწილვადების შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლომ 1999წ. 30 ივლისის განჩინებით დააკმაყოფილა შპს “ბ.-ბ.” შუამდგომლობა და სამოქალაქო საქმე საკასაციო საჩივართან ერთად გადაუგზავნა უზენაეს სასამართლოს. მოპასუხე სს “თ.” საოლქო სასამართლოს 1999წ. 30 ივლისის განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი, რომელიც საოლქო სასამართლომ განხილვის გარეშე გაუგზავნა უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999წ. 24 სექტემბრის განჩინებით შპს “ბ.-ბ.” საკასაციო საჩივარი და სს “თ.” კერძო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ კერძო საჩივრის განხილვამდე შეუძლებელი იყო საკასაციო საჩივრის განხილვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო კოლეგიამ განიხილა სს “თ.” კერძო საჩივარი და 1999წ. 29 ოქტომბრის განჩინებით გააუქმა 1999წ. 30 ივლისის განჩინება შპს “ბ.-ბ.” საკასაციო საჩივარი დასაშვებობის და სახელმწიფო ბაჟის განაწილვადების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 22 მარტის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო კოლეგიის 1999წ. 29 ოქტომბრის განჩინება.
შპს “ბ.-ბ.” წარმომადგენელმა 2000წ. 19 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება და უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 22 მარტის, ასევე, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოქრების საქმეთა პალატის 1999წ. 19 ივლისის განჩინებების გაუქმება.
ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებდა, რომ 1999წ. 19 ივლისის განჩინებას, საკასაციო საჩივრის უმოძრაოდ დატოვების შესახებ, ერთვის სხდომის ოქმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ თითქოს სხდომას ესწრებოდა შპს “ბ.-ბ.” წარმომადგენელი – ფ. ლ-ე, მაგრამ სინამდვილეში კი სხდომას არ დასწრებია, რადგან ამ პერიოდში მკურნალობდა ქ.თბილისის I კლინიკურ საავადმყოფოში. ფ.ლ-ე მიუთითებდა, რომ სასამართლო სხდომა არ შემდგარა და მისი მოსაზრებით არარსებული სხდომის ოქმის შედგენა საოლქო სასამართლოს მოსამართლეს ესაჭიროებოდა იმისათვის, რომ გადაწყვეტილების კანონიერება არ გადაემოწმებინა უზენაეს სასამართლოს.
უზენაესი სასამართლოს 2000წ. 30 ივნისის განჩინებით შპს “ბ.-ბ.” განცხადება საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სსკ-ს 423-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით არ იყო დადასტურებული მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება.
შპს “ბ.-ბ.” კვლავ შემოიტანა განცხადება საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. განმცხადებელი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითებს, რომ ქ.თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედების ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც იძიებს პროკურატურა. განმცხადებლის მოსაზრებით პროკურატურა დღემდე გაურბის საქმეში არსებული გარემოებების სრულყოფილად გამოძიებას და მათ სათანადო შეფასებას და მიაჩნია, რომ სახეზეა ის გარემოება, რომელზეც მიუთითებს სსკ-ს 423-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ სისხლის სამართლის პროცესის დაწყება და ჩატარება ვერ ხორციელდება არა მტკიცებულებათა უკმარისობის, არამედ რაიმე სხვა მიზეზით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლები და თვლის, რომ შპს “ბ.-ბ.” წარმომადგენლის ფ.ლ-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა ან მოსამართლეთა დანაშაულებრივი ქმედება.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ზემოაღნიშნული საფუძვლით, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, ან თუ სისხლის სამართლის პროცესის დაწყება და ჩატარება ვერ ხორციელდება არა მტკიცებულებათა უკმარისობის, არამედ რაიმე სხვა მიზეზით.
აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს იმ მტკიცებულებებზე, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს საქმის წარმოების განახლებას. ეს მტკიცებულებებია განაჩენი, რომლითაც დასტურდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც ემყარება გადაწყვეტილება ყალბია, დადგენილია მოწმის ცრუ ჩვენება, დადგენილია მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება და სხვა.
აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილი მტკიცებულებად გარდა განაჩენისა მიიჩნევს ასევე სასამართლო თუ საგამოძიებო ორგანოების დადგენილებებს სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გარდაცვალების, ამნისტიის ან სხვა ამგვარი მიზეზების გამო. ასეთ შემთხვევებში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ მტკიცებულებები შეკრებილია და რომ არ ყოფილიყო ზემოთ აღნიშნული გარემოებები, სისხლის სამართლის წარმოება არ შეწყდებოდა მტკიცებულებათა უკმარისობის გამო.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მითითება იმ გარემოებაზე, რომ პროკურატურა აჭიანურებს საქმის გამოძიებას ვერ ჩაითვლება რაიმე ისეთ მიზეზად, რაც საქმის წარმოების განახლების საფუძველი გახდება. განცხადებით ირკვევა, რომ გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს. გამოძიების გაჭიანურება არ ნიშნავს, რომ მტკიცებულებები შეკრებილია და გამოძიების ჩატარება არ ხორციელდება, არამედ პირიქით მიუთითებს სწორედ მტკიცებულებათა უკმარისობაზე.
ამდენად, ვინაიდან არ არსებობს განაჩენი ან სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება, ხოლო გამოძიების გაჭიანურება მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედების დამადასტურებელ მტკიცებულებას არ წარმოადგენს, საქმის წარმოების განახლების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ბ.-ბ.” წარმომადგენლის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.