გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3-420-03 1 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. და დ. ჰ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1992წ. 7 აგვისტოდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ...წ. 17 ნოემბერს _ მ.-პ. ჰ-ი და ...წ. 2 ივნისს _ ნ.-კ. ჰ-ი.
მ. ჰ-იმ 2002წ. 2 ოქტომბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა დ. ჰ-ისთან ქორწინების შეწყვეტა და მოპასუხე დ. ჰ-ისათვის ბავშვების სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის დაკისრება 1000 აშშ დოლარის ოდენობით.
დ. ჰ-იმ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შვილებთან ურთიერთობის ნებართვა, ბავშვების აღსაზრდელად დედასთან დატოვება, ხოლო დედის საზღვარგარეთ გამგზავრების და დედის გარეშე ბავშვების დარჩენის შემთხვევაში _ ბავშვების მისთვის აღსაზრდელად გადაცემა. დ. ჰ-იმ ასევე დააყენა მოთხოვნა უფროსი ქალიშვილის, მე. ჰ-ის, ხოლო უმცროსი შვილის, ნ. ჰ-ის, ხუთი წლის ასაკის შესრულების შემდეგ, ირლანდიაში ზამთრის და ზაფხულის არდადეგებზე ორი კვირით წაყვანის თაობაზე, იმ პირობით, რომ დედასთან ერთად გამგზავრების შემთხვევაში დედის მგზავრობის და ირლანდიაში ცხოვრების ხარჯების ანაზღაურება მოხდებოდა თვითონ მ. ჰ-ის მიერ. დ. ჰ-იმ ასევე მოითხოვა მ. ჰ-ის დავალდებულება, რომ უარი თქვას დ. ჰ-ის ირლანდიაში არსებულ ქონებაზე.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 მაისის გადაწყვეტილებით მ. და დ. ჰ-ის შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, კერძოდ: დ. ჰ-ის შვილებთან ურთიერთობის ნება დაერთო მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ბავშვები აღსაზრდელად დარჩნენ დედასთან, ხოლო დედის საზღვარგარეთ გამგზავრების და დედის გარეშე ბავშვების დარჩენის შემთხვევაში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ბავშვები აღსაზრდელად გადაეცემა მამას; არ დაკმაყოფილდა დ. ჰ-ის შეგებებული სარჩელი შვილების წელიწადში ორჯერ, ორ-ორი კვირით, ირლანდიაში წაყვანის თაობაზე და მ. ჰ-ის დავალდებულებაზე, უარი ეთქვა ირლანდიაში არსებულ ქონებაზე.
დ. ჰ-იმ სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შვილების ირლანდიაში წელიწადში ორჯერ, ორ-ორი კვირით, წაყვანაზე უარის თქმის ნაწილში და მოითხოვა ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 13 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა დ. ჰ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
დ. ჰ-იმ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება, ითხოვა ნებართვა მისი უფროსი ქალიშვილის ირლანდიაში წელიწადში ორჯერ, ორ-ორი კვირით, წაყვანის თაობაზე. საქმის საკასაციო წესით განხილვისას მხარეები მორიგდნენ და სასამართლოში წარმოადგინეს დ. ჰ-ის შვილების ირლანდიაში გამგზავრებასთან დაკავშირებით შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი (შეთანხმება):
ა) მ. ჰ-ი თანახმაა, დ. ჰ-იმ წელიწადში ორჯერ (ზამთარში და ზაფხულში), ორ-ორი კვირით წაიყვანოს შვილები _ მე. და ნ. ჰ-ები დედის, მ. ჰ-ის, თანხლებით ირლანდიაში. სამივეს მგზავრობისა და ირლანდიაში ყოფნის აუცილებელ ხარჯებს დააფინანსებს დ. ჰ-ი. მ. ჰ-ი ირლანდიაში ყოფნის დროს არ იცხოვრებს დ. ჰ-ის სახლში, მაგრამ ექნება ბავშვებთან შეუზღუდავად დაკავშირების საშუალება. ბავშვების სურვილისამებრ გადაწყდება, ვისთან გაათევენ ღამეს _ მამასთან თუ დედასთან.
ბ) “ა” პუნქტში მითითებული პირობები იმოქმედებს 2009წ. 17 ნოემბრამდე, ე.ი სანამ მე. ჰ-ის შეუსრულდება 12 წელი. ამის შემდეგ დ. ჰ-ის უფლება ექნება, მ. ჰ-ი წელიწადში ორჯერ, ორ-ორი კვირით, წაიყვანოს დედის გარეშე, ხოლო ნ. ჰ-ის დედის გარეშე წაყვანის საკითხი გადაწყდება მისი ჯანმრთელობის მიხედვით. თუ სამედიცინო შემოწმებით დადგინდება, რომ იგი შეძლებს მგზავრობას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების გარეშე, 2009წ. 17 ნოემბრიდან დ. ჰ-ის მიეცემა უფლება, ისიც წაიყვანოს დედის გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო მორიგების აქტს (შეთანხმებას) და თვლის, რომ მოცემული სამოქალაქო დავა დ. ჰ-ისათვის შვილების ირლანდიაში წაყვანაზე უარის თქმის ნაწილში უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს მე-3 მუხლის მეორე ნაწილით მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია შეთანხმების დამტკიცება და ზემოთ აღნიშნულ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 273-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:
ა) მ. ჰ-ი თანახმაა, დ. ჰ-იმ წელიწადში ორჯერ (ზამთარში და ზაფხულში), ორ-ორი კვირით წაიყვანოს შვილები _ მე. და ნ. ჰ-ები დედის, მ. ჰ-ის, თანხლებით ირლანდიაში. სამივეს მგზავრობისა და ირლანდიაში ყოფნის აუცილებელ ხარჯებს დააფინანსებს დ. ჰ-ი. მ. ჰ-ი ირლანდიაში ყოფნის დროს არ იცხოვრებს დ. ჰ-ის სახლში, მაგრამ ექნება ბავშვებთან შეუზღუდავად დაკავშირების საშუალება. ბავშვების სურვილისამებრ გადაწყდება, ვისთან გაათევენ ღამეს _ მამასთან თუ დედასთან.
ბ) “ა” პუნქტში მითითებული პირობები იმოქმედებს 2009წ. 17 ნოემბრამდე, ე.ი სანამ მე. ჰ-ის შეუსრულდება 12 წელი. ამის შემდეგ დ. ჰ-ის უფლება ექნება, მე. ჰ-ი წელიწადში ორჯერ, ორ-ორი კვირით, წაიყვანოს დედის თანხლების გარეშე, ხოლო ნ. ჰ-ის დედის გარეშე წაყვანის საკითხი გადაწყდება მისი ჯანმრთელობის მიხედვით. თუ სამედიცინო შემოწმებით დადგინდება, რომ იგი შეძლებს მგზავრობას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების გარეშე, 2009წ. 17 ნოემბრიდან დ. ჰ-ის მიეცემა უფლება, ისიც წაიყვანოს დედის გარეშე.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 13 ნოემბრის განჩინება და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლის 2002წ. 16 მაისის გადაწყვეტილება დ. ჰ-ისათვის შვილების ირლანდიაში წაყვანაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდეს მხარეთა მორიგების გამო.
3. მხარეებს განემარტათ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.