Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3-1090-02 25 ოქტომებრი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ჯ. მ-ემ სარჩელით მიმართა სასამრათლოს და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:

ჯ. მ-ე 1991წ. ივლისიდან მუშაობდა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მცხეთის რაიონულ განყოფილებაში ...ედ. მოსარჩელეს აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ადმინისტრაციისაგან საყვედური ან სხვა დისციპლინური სასჯელი არ მოუხდია. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის ი. კ-ის 2001წ. 10 აპრილის ¹02/164-კ ბრძანების საფუძველზე იგი გაათავისუფლეს სამუშაოდან თანამდებობრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების საბაბით. მოსარჩელის აზრით, მისი განთავისუფლებისას უგულვებელყოფილი იქნა შრომის კანონთა კოდექსის 135-ე და 136-ე მუხლების მოთხოვნები, აგრეთვე გვიან ჩაბარდა ბრძანება განთავისუფლების შესახებ და შრომის წიგნაკი.

მოპასუხე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა ი. კ-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ჯ. მ-ე სამუშაოდან განთავისუფლდა შრომის კანომნდებლობის დაცვით, მის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მცხეთის რაიონული განყოფილების შემოწმების აქტი, რომლითაც გამოვლინდა ჯ. მ-ის მხრიდან საფინანსო-საანგარიშსწორებო დისციპლინის დარღვევის ფაქტები. მას დათხოვნამდე ჩაბარდა ასხნა-განმარტებითი ბარათი, ხოლო დათხოვნის შემდეგ ბრძანება და შრომის წიგნაკი. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. მ-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და იგი აღდგენილ იქნა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მცხეთის რაიონული განყოფილების ...ის თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური სამუშაოდან დათხოვნის დღიდან სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რაიონული განყოფილება სარგებლობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებით, ამიტომ ჯ. მ-ის განთავისუფლებისას ადმინისტრაციას უნდა გამოეყენებინა კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”, რომლის მიხედვით მოხელე შეიძლება გაანთავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ფორმა, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ჯ. მ-ის მიმართ სამსახურიდან დათხოვნამდე არავითარი სხვა დისციპლინური სასჯელი არ ყოფილა გამოყენებული, ჯ. მ-ის მხრიდან შემოწმების აქტში მითითებული საფინანსო-საანგარიშსწორებო დისციპლინის დარღვევა ადმინისტრაციას არ მიუჩნევია სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა ი. კ-ემ, რომლითაც მოთხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 13 მარტის განჩინებით საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას. პალატამ მიიჩნია, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომლის თანახმად სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი შრომითი ურთიერთობების რეგულირებისათვის უნდა ხელმძღვანელობდეს შრომის კანონთა კოდექსით, რაც მითითებულია საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიუროს ...ის შ. კ-ის წერილში. სააპელაციო სასამართლომ სადავო შრომითი ურთიერთობის გადასაწყვეტად არ გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსი, არამედ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული და იგი კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 მაისის განჩინებით ჯ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით. დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. მ-ის თანამდებობიდან განთავისუფლებას საფუძვლად დაედო 2001წ. 15 მარტს შედგენილი შუალედური შემოწმების აქტი. აგრეთვე 2001წ. 12 აპრილის აქტი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 მაისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამრათლოს ადმინისტრაციული სამართილსა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარეომებათა გამო:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. მოცემულ დავაში მოპასუხე საქარვთელოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ამდენად იგი არის ადმინისტრაციული ორგანო.

ამავე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული გარიგება არის ადმინისტარციული ორგანოს მიერ ფიზიკურ პირთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება. Kკონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტარციულ ორგანოსთან საჯარო სამართლებრივი შრომითი ურთიერთობა, დავის საგანს კი წარმოადგენს ადმინისტარციული გარიგების დადება, შეწყვეტა, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულ დავად და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების თანახმად. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი გამოტანილია სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებზე დაყრდნობით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით განისაზღვრა საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატები, მათი შემადგენლობის წესი, მოსამართლის სხვა კოლეგიის ან პალატის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობა. ამ წესის დარღვევით სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის არა განსჯადი საქმის განხილვა შესაბამისად იწვევს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სკ-ს 394-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტ საფუძველს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 მაისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.