Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1172აპ.-24 თბილისი

უ-ი რ., 1172აპ.-24 17 მარტი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. უ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 ივნისის განაჩენით რ. უ-ი, დაბადებული -- წელს, გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა, რომ, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენით გაუქმდა: რ. უ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 საათით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ. უ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 საათით, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, 2022 წლის 1 მარტიდან იმავე წლის 4 მარტის ჩათვლით – პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა და, საბოლოოდ, განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით.

3. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ რ. უ-მა ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი); ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი).

4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2022 წლის 1 მარტს, დაახლოებით, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე დროის შუალედში, თ-ში, --ის ქუჩის N-, ბინა N--ში, რ. უ-მა, 25.12.2012 წელს დაბადებული ლ. უ-ს თანდასწრებით, სცემა მეუღლე – დ. მ-ა, კერძოდ, დ. მ-ს ძლიერად მოჰკიდა ხელი მარცხენა ხელზე, შემდეგ სწვდა თმებში და შეათრია საძინებელ ოთახში, რომლის კედელზე რამდენჯერმე ძლიერად დაარტყმევინა თავი, რის შედეგადაც დ. მ-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

· 2022 წლის 1 მარტს, დაახლოებით, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე დროის შუალედში, თ-ში, --ის ქუჩის N-, ბინა N--ში, რ. უ-ი თავის მეუღლეს – დ. მ-ს – დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, არაერთხელ გაუმეორა, რომ არ აცოცხლებდა. აღნიშნული მუქარა დ. მ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

5. მსჯავრდებულ რ. უ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო. ს-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენის გაუქმებას და რ. უ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად ქმნის იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ ვლინდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე წინაპირობა.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ამასთან, მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დადგინდა რ. უ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მისთვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომელიც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

8.1. სსიპ 112-ში 2022 წლის 1 მარტს შესული N-- შეტყობინების თანახმად, ინიციატორ დ. მ-ს განცხადებით, ყოფილი მეუღლე მივიდა სახლის კართან და ბავშვებს ეშინიათ.

8.2. 2022 წლის 1 მარტს მსხვერპლზე – დ. მ-ზე – ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე მოძალადე რ. უ-ის მიმართ გამოიცა N-- შემაკავებელი ორდერი. მსხვერპლის ინფორმაციით, 2022 წლის 1 მარტს მეუღლე რ. უ-ი მივიდა მათ საცხოვრებელ მისამართზე: თბილისი, --ის N-, ბინა N--ში, სადაც იმყოფებოდა მოწმე თავის ორ შვილსა და დედასთან ერთად. რ. უ-მა სცადა ბინაში შესვლა, ხმამაღლა ყვიროდა, მარცხენა ხელზე ძლიერად მოჰკიდა დ. მ-ს, ხელში ბასრი უცნობი საგნით, რომლისგანაც მიადგა რამდენიმე ნაკაწრი. ასევე რ. უ-ი უყვიროდა მეუღლეს, რომ სასწრაფოდ დაეტოვებინა ბინა და წასულიყო ბავშვებთან ერთად. ამის შემდეგ სწვდა თმებში და კედელზე რამდენჯერმე მიარტყმევინა თავი, რა დროსაც ემუქრებოდა სიტყვებით: „მოგკლავ, არ გაცოცხლებ, თუ სახლს არ დატოვებ, გადაგაგდებ მეთვრამეტე სართულიდან.“ გარდა ამისა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებდა დედას. მსხვერპლს შუბლის არეში, მარჯვენა თვალის ზედა ნაწილში აღენიშნება დაზიანება კოპის სახით, დაზიანება აქვს მარცხენა ხელზე – კიდურის არეში ნაკაწრები. მსხვერპლის განმარტებით, მეუღლის მხრიდან მუქარას და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი ჰქონდა 1 მარტამდე პერიოდშიც. თანაცხოვრებისას რ. უ-ი დ. მ-ს უკონტროლებდა ჩაცმულობას, არ აძლევდა მოკლე კაბისა და შორტის ჩაცმის უფლებას.

8.3. დაზარალებულმა დ. მ-მ სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ 2010 წლის 30 მაისს დაოჯახდა რ. უ-ზე და ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი. თანაცხოვრებისას შეექმნათ ოჯახური პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ვაჰაბიტებთან მის ურთიერთობასთან და არ სიამოვნებდა მეუღლეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეექმნა ფსიქოლოგიური პრობლემებიც და ვაჟიშვილთან ერთად გაემგზავრა სამკურნალოდ მშობლებთან, ყაზახეთში. რამდენიმე თვეში დაბრუნდა საქართველოში, იმ ბინაში, რომელშიც ცხოვრობდა ადრე მეუღლესა და შვილებთან ერთად, --ის ქუჩაზე. 2022 წლის 1 მარტს დ. მ-ა არასრულწლოვან შვილებსა და დედასთან ერთად შინ იმყოფებოდა. დაახლოებით, 11-12 საათზე, მათთან ბინაში მივიდა რ. უ-ი, მამასთან – მ. უ-თან ერთად. ბრალდებული გაღიზიანდა იმ ფაქტით, რომ ბინაში იმყოფებოდა დ. შვილებთან ერთად და დაიწყო ყვირილი, მოითხოვდა მისგან ბინის დატოვებას, შემდეგ კი ხელი ძლიერად მოუჭირა მარჯვენა ხელზე, ძალით შეიყვანა საძინებელში, თმებში ძლიერად მოკიდა ხელი და თავი რამდენჯერმე მიარტყმევინა კედელზე. ძალადობის შედეგად დ-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დ. მ-ს განმარტებით, მის მიმართ მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტი დაინახეს ოთახში შესულმა დედამისმა და ბრალდებულის მამამ. მოგვიანებით, არასრულწლოვანი შვილისაგან – ლ-საგან – შეიტყო, რომ მასაც უნახავს, თუ როგორ იძალადა რ. უ-მა მეუღლეზე. ძალადობის შედეგად სხეულზე – ხელსა და თავის უკანა მხარეს – ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები. იმავე დღეს რ. უ-ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითაც, კერძოდ, უთხრა, რომ მე-18 სართულის ფანჯრიდან გადააგდებდა. დ-ს მუქარისა ძალიან შეეშინდა, ვინაიდან თვლიდა, რომ რ. ამას რეალურად ჩაიდენდა. დახმარებისათვის დაუყოვნებლივ მიმართა 112-ს, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა კი გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. დაზარალებულის განმარტებით, წარსულში მის მიმართ ბრალდებულის მხრიდან არაერთხელ ჰქონია ადგილი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.

8.4. მოწმე ხ. მ-ს ჩვენებით, მისი შვილი – დ. მ-ა – და რ. უ-ი დაქორწინებულები იყვნენ, ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი. თანაცხოვრებისას მეუღლეებს შეექმნათ ოჯახური პრობლემები, დაკავშირებული ვაჰაბიტებთან დ-ს ურთიერთობასთან, რაც არ სიამოვნებდა მეუღლეს. ვაჰაბიტური დაჯგუფებასთან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დ-ს შეექმნა მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები და, დედასა და ვაჟიშვილთან ერთად, გარკვეული პერიოდით გაემგზავრა ყ-ში, სადაც ფსიქიატრთან მკურნალობდა. მოგვიანებით, თ-ში დაბრუნებულებს, შეცვლილი დახვდათ --ის ქუჩა N-, ბინა N--ის კარის საკეტი. ბინაში შესვლა შეძლეს მხოლოდ ხელოსნის დახმარებით. ს-ში დაბრუნებიდან, დაახლოებით, ათი დღის შემდეგ, 2022 წლის 1 მარტს, დილის საათებში, მათთან ბინაში მივიდა დ-ს მეუღლე – რ. უ-ი. კარი დაზარალებულმა გააღო, რასაც მოჰყვა ყვირილი, საძინებელში მყოფ მოწმეს ესმოდა, თუ როგორ მიმართავდა უწმაწური სიტყვებით რ. დ-ს. ხმაურზე ყვირილი დაიწყეს ბავშვებმაც. მოწმის განმარტებით, არ სურდა მეუღლეების კონფლიქტში ჩარევა და არ გადიოდა ოთახიდან, თუმცა, როდესაც გავიდა, დაინახა, რომ რ. უ-ს დ. თმით ჰყავდა დაჭერილი, თავს არტყმევინებდა კედელზე, ხოლო მეორე ხელით ხელს უჭერდა. სიდედრის დანახვისთანავე რ-მა ხელი გაუშვა დ-ს და განაგრძო მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამავე დროს, რ. უ-ი დ-ს დაემუქრა. უწმაწურ სიტყვებს ხმარობდა და უთხრა, შენ იცი, რას გიზამ, მეთვრამეტე სართულიდან გადაგაგდებო. დასახმარებლად პოლიციაში დარეკეს, ადგილზე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც, ვინაიდან დ-ას თავსა და ხელზე აღენიშნებოდა დაზიანებები და შეუძლოდ იყო. კონფლიქტისას ბინაში იმყოფებოდა რ-ის მამაც, რომელიც თავიდან არ ჩარეულა კონფლიქტში და მხოლოდ მას შემდეგ, რაც რ-მა დ-ს თავი მიარტყმევინა კედელზე, ბრალდებული სახლიდან გაიყვანა. ადვოკატის შეკითხვებზე მოწმემ დააზუსტა შემდეგი: ის შემთხვევის დროს იყო სახლში და შეესწრო ყველაფერს და, თუ რატომ ამბობს მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი, თითქოს ამ დროს სახლში არ იყო, არ იცის. უშუალოდ დარტყმის მომენტები არ დაუნახავს, რადგან იყო თავის ოთახში და ფიქრობდა, არ ჩარეულიყო მომხდარში, მაგრამ, ოთახიდან გამოსულმა, დაინახა, რომ მისი შვილი თმებით ეჭირა ბრალდებულს და ასევე ნახა დაზიანებები მის თავზე. ამ კონფლიქტის შედეგად მისმა შვილმა მიიღო დაზიანება, რის გამოც ექიმთანაც წაიყვანეს და სასწრაფოც მოვიდა. მას თავსა და ხელზე ეტყობოდა დაზიანება.

8.5. არასრულწლოვანმა მოწმე ლ. უ-მ სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ 2022 წლის 1 მარტს, დილის საათებში, თ-ში, ---ის ქუჩის N-, ბინა N--ში იმყოფებოდა დედასთან – დ. მ-სთან – და ძმასთან ერთად. მათთან მივიდა მამა – რ. უ- ი, პაპასთან ერთად. სახლში შესვლისთანავე რ-მა ყვირილი დაუწყო დედას, შემდეგ კი მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თმაში მოკიდა ხელი და კედელზე მიარტყმევინა თავი („დედას სამჯერ ან ორჯერ თავი მიირტყა“). მოწმის ჩვენებით, დედა ძალიან განერვიულდა, ბრალდებული კი კვლავ უყვიროდა და შეურაცხყოფას აყენებდა. დ. მ-მ რ. უ–ს უთხრა, რომ პოლიციას გამოიძახებდა. მისი მშობლების კონფლიქტში პაპა არ ჩარეულა და არც მამა შეუჩერებია. კონფლიქტის დაწყების შემდეგ შევიდა ოთახში, რომელშიც იმყოფებოდა მისი მცირეწლოვანი ძმა, რათა მისთვის მიეხედა. შემთხვევის დღეს სახლში არ იყო ბებია – დ. მ-ს დედა, ის გზაში იყო.

8.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ. ტ-მა დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: 01.03.22 წელს, დ. მ-ს პირადი შემოწმებისას, სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე, ასევე – ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. დასკვნის შინაარსის თანახმად კი, პირადი შემოწმების მომენტში დ. მ-ა უჩივის ტკივილს თავის მიდამოში. ობიექტურად: კეფის მიდამოში მარჯვნივ აღენიშნება მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, ზომით – 2,0X3,0 სმ; ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთი აღენიშნება მარცხენა წინამხრის შუა მესამედში, წინა ზედაპირზე, ზომით – 4,5X1,5 სმ, რომლის ფონზეც აღინიშნება კანის დონიდან დაბლა მდებარე მოწითალო ფერის, სველზედაპირიანი ნაჭდევი, ზომით – 2,0X1,3 სმ; იმ მოტივით, რომ სხვა მიდამოებში დაზიანებები არ აქვს, შესამოწმებელმა ტანსაცმლის გახდაზე უარი განაცხადა.

8.7. როგორც „სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ სამედიცინო ბარათი N---დან ირკვევა, დ. მ-ს სამედიცინო დახმარება გაეწია 2022 წლის 1 მარტს, 11:34 საათზე. პაციენტის გადმოცემით, მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი, რომელმაც მასზე იძალადა, თმებში მოჰკიდა ხელი, კედელს მიარტყმევინა თავი, მარცხენა, ზემო კიდურზე ძლიერი ძალით მოჰკიდა ხელი. დათვალიერებით შუბლის მიდამოში აღენიშნება ჰემატომა, მარცხენა, ზემო კიდურზე ექსკორიაცია (ჩანაწერი არ იკითხება). შესამოწმებლის გადმოცემით, 2022 წლის 1 მარტს, დილის საათებში, მეუღლემ ხელით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

8.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა მ. ყ-მა დაადასტურა რ. უ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

8.9. დაცვის მხარის მოწმეებმა: მ. უ-მა (ბრალდებულის მამა) და რ. უ-მა (ბრალდებული) – სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას აჩვენეს, რომ 2010 წელს რ. უ-ი და დ. მ-ა დაქორწინდნენ და ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი. ინციდენტამდე, დაახლოებით, 1 წლით ადრე, მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ვინაიდან რ-მა მობილურ ტელეფონში არსებული მიმოწერებითა და ფოტოებით აღმოაჩინა, რომ დ-ს კავშირი ჰქონდა ვაჰაბიტური დაჯგუფების წევრებთან, რამდენიმე დღე მათთან ერთად დაკარგულიც იყო და მეუღლისათვის უცნობი იყო დ-ს ადგილსამყოფელი, იყო ფულის მოთხოვნის შემთხვევებიც. გარდა იმისა, რომ რ-სათვის მიუღებელი იყო დ-ს კომუნიკაცია უცნობ მამაკაცებთან, შექმნილ ვითარებას მათი ოჯახისათვის საფრთხის შემცველადაც მიიჩნევდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მას საუბრები ჰქონდა როგორც დ-სთან, ისე – მის მშობლებთანაც, თუმცა, დაპირების მიუხედავად, დ-მ ვაჰაბიტების დაჯგუფებასთან კავშირი არ გაწყვიტა, რაც, საბოლოოდ, გახდა მეუღლეების დაშორების საფუძველი. დ-ს ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები, იყო ძალიან ნერვიული და ყველაფერზე ფეთქდებოდა, იღებდა დამამშვიდებელ მედიკამენტებს. განქორწინებისას რ-ის ოჯახმა დ-ს, მასთან შეთანხმებით, გადასცა კუთვნილი ბინა ყაზახეთში, სადაც დაზარალებული ვაჟიშვილსა და დედასთან ერთად რამდენიმე თვით სამკურნალოდ გაემგზავრა. ქალიშვილი დარჩა რ-ის მშობლების ოჯახში, თ-ში, ---ის ქუჩის N-, ბინა N- (რ. უ-ის საკუთრება) კი დაკეტა და ბრალდებული პერიოდულად მიდიოდა მის შესამოწმებლად. ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, ბრალდებულის ინფორმაციით, დ. ოჯახის წევრებთან ერთად დაბრუნდა თ-ში, თუმცა რ-ს მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია. 2022 წლის 1 მარტს რ. უ-ი და მამამისი მ. უ-ი, დილის საათებში, მიდიოდნენ კლინიკაში, რომელშიც დაგეგმილი იყო მ-ის ძმის ოპერაცია. გზად შეიარეს თ-ში, --ის ქუჩის N-, ბინა N--ში შესამოწმებლად, რა დროსაც კარი დაკეტილი დახვდათ. აღმოაჩინეს, რომ ბინაში იმყოფებოდა დ. მ-ა, რომელსაც დაუკითხავად გაუტეხავს და შემდეგ შეუცვლია საკეტი. აღნიშნულის გამო, რ-მა უსაყვედურა ყოფილ მეუღლეს, რამაც დ. გააღიზიანა და დაიწყო ყვირილი. ვინაიდან რ-ისა და მ-ისათვის ცნობილი იყო დ-ს ფსიქოლოგიური პრობლემების, აღელვების ნიადაგზე მოსალოდნელი კანკალისა და არაადეკვატური ქცევების თაობაზე, მამა-შვილმა ისე, რომ არც შესულან ბინაში (იდგნენ შესასვლელ კართან), დაუყოვნებლივ დატოვეს ტერიტორია სიტუაციის გართულების თავიდან ასაცილებლად, წასვლამდე კი ნახეს ოთახიდან გამოსული ლ. უ-აც, რომელიც შეესწრო საუბარს. რ. და მ. უ-ები, გეგმისამებრ, გაემართნენ კლინიკაში. იქ კი მოგვიანებით მათთვის მოულოდნელად მისულმა პოლიციამ რ. დააკავა. მოწმეთა განმარტებით, რ. უ-ს იდეალური ურთიერთობა აქვს შვილებთან და ფინანსურადაც უზრუნველყოფს მათ, განქორწინებისას დაზარალებულს მისცა ერთი ბინა ყაზახეთში და კუთვნილ კერძო საკუთრებაში (თ-ში, --ის ქუჩა N-, ბინა N-) ცხოვრების ნება დართო. მოწმეთა განმარტებით, დ. მ-ს ჰქონდა ქონებრივი ინტერესი, კერძოდ, სურდა თ-ში, --ის ქუჩის N-, ბინა N--ის დაუფლება (აიყვანა ადვოკატი, რომელიც ინციდენტის წინა დღეებში, ოფიციალური განცხადების საფუძველზე, არკვევდა საჯარო რეესტრში ბრალდებულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თაობაზე ინფორმაციას) და არასრულწლოვანი ლ-ც იმყოფება დედის ზეგავლენის ქვეშ.

8.10. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2022 წლის 1 მარტს გამომძიებელ მ. ყ-ის, თარჯიმნისა და მოწმე დ. მ-ს მონაწილეობით დათვალიერდა თ-ში, --ის ქუჩის N4-ში, ბინა N59, რომლის საძინებლის ერთ კარს აღენიშნება დაზიანება, რასთან დაკავშირებითაც მოწმემ განმარტა, რომ კარი დააზიანა რ. უ-მა, როდესაც ცდილობდა შესვლას. ბრალდებულმა იმავე დღეს დააზიანა საძინებელში არსებული ტუმბოც. მოწმემ ასევე მიუთითა იმ კედელზე, რომელზეც რ. უ-მა თავი არტყმევინა.

9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობის საქმეები მტკიცებულებათა სიმწირით გამოირჩევა, რამდენადაც, როგორც წესი, ეს დანაშაული ხდება დახურულ სივრცეში, ამიტომ, ხშირად, მოწმეთა სიმრავლე ამ საქმეებს არ ახასიათებს და, თუ აღმოჩნდება მოწმე, უმრავლეს შემთხვევაში, ისიც ოჯახის წევრია. შესაბამისად, ოჯახის წევრი მოწმის ჩვენების შეფასება, თავის მხრივ, სპეციფიკურ მიდგომასა და შეფასებას საჭიროებს.

10. განსახილველ საქმეში დაზარალებულის ჩვენებას შეესაბამება შემაკავებელი ორდერი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც შედგენილია შემთხვევიდან უმოკლეს დროში და რომლებშიც მითითებულია, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა ის დაზიანებები, რომლებიც, მისი განმარტების თანახმად, ბრალდებულმა მიაყენა.

11. როგორც სააპელაციო სასამართლომ მიუთითა და საკასაციო პალატაც ეთანხმება, დაზარალებულის ჩვენება სპონტანურია. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსისა და მათი შედგენის დროის გათვალისწინებით, ნათელია, რომ დ. მ-ს არ ჰქონია დრო და საშუალება მის მიერ გადმოცემული ვერსიის გამოსაგონებლად და, მით უმეტეს, ამ ვერსიის შვილსა და დედასთან შესათანხმებლად. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა დაუყოვნებლივ. წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტების თანახმად კი, დ. მ-მ მომხდარის შესახებ მათ მოუყვა იგივე, რაც განაცხადა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის დროს. ამრიგად, დ. მ-ს ჩვენება შეესაბამება არა მხოლოდ ლა. უ-სა და ხ. მ-ას ჩვენებებს, არამედ ყველა წერილობით მტკიცებულებასა და შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მისული პირების მხრიდან გადმოცემულ ინფორმაციას. თავის მხრივ, ამ წერილობითი მტკიცებულებების მოპოვების კანონიერება და მათი შინაარსის უტყუარობა დადასტურებულია შესაბამისი წესით. ამდენად, არ არსებობს დაზარალებულ დ. მ-ას ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი.

12. სასამართლო უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის ვერსია, რომ, თითქოს ბრალდებული და მისი მამა საერთოდ არ შესულან ბინაში. მოწმე მ. უ-ი ბრალდებულის მამაა და, შესაბამისად, დაინტერესებული პირი. ამიტომ მის ჩვენებას, რომელიც არაფრით დასტურდება და ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეულ არაერთ მტკიცებულებას, პალატა ვერ გაიზიარებს.

13. შინაარსობრივად ერთმანეთს შეესაბამება არასრულწლოვან ლ. უ-ასა და მოწმე ხ. მ-ას ჩვენებები იმ ნაწილში, რომ ისინი მომხდარს ერთობლივად არ შესწრებიან. როგორც ლ. უ-ამ აჩვენა, კონფლიქტის დაწყების შემდეგ წავიდა მცირეწლოვანი ძმის მისახედად, ხოლო ხ. მ-ას ჩვენების თანახმად, თავიდან არ სურდა კონფლიქტში ჩარევა და იმყოფებოდა თავის ოთახში, საიდანაც მხოლოდ მოგვიანებით გამოვიდა. ამრიგად, ლოგიკურია, რომ ლ. უ-ას არ ახსოვს ბებიის ადგილზე ყოფნა. ამ საკითხის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები არასრულწლოვანი მოწმის ემოციური მდგომარეობა დაკითხვისას, ასევე ის ფაქტი, რომ შემთხვევის დროს იყო მხოლოდ, დაახლოებით, ათი წლის, ხოლო სასამართლოში დაიკითხა შემთხვევიდან ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩვენებები შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ისე – ბრალდების მხრის მიერ წარმოდგენილ ყველა სხვა მტკიცებულებას, ხოლო ლ. უ-ას ჩვენების ის ნაწილი, რომელშიც იგი უარყოფს შემთხვევის დროს ბებიის სახლში ყოფნას, არ წარმოადგენს მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველს.

14. რაც შეეხება მუქარას, ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე – მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობა. შიშის ფაქტორის შეფასებისას კი გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც სუბიექტური, ისე – ობიექტური კრიტერიუმები და დადგინდეს, მიიჩნევდა თუ არა ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი ასეთ მუქარას ამ ვითარებაში რეალურად. ამასთან, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს დამნაშავის მიზანს, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული მუქარის რეალიზაცია, რადგან პირს შეიძლება, არც ჰქონდეს მიზნად, თუნდაც სამომავლოდ, მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს მხოლოდ მუქარის ადრესატის დაშინება. მთავარია, რომ დაზარალებულმა მუქარა აღიქვას რეალურად.

15. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს (მაგ.: სუსგ №140აპ-21, №65აპ-20).

16. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზიდან აშკარაა, რომ 2022 წლის 1 მარტს, დაახლოებით, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე დროის შუალედში, თ-ში, --ის ქუჩის N-, ბინა N--ში, რ. უ-ი მეუღლეს – დ. მ-ას – დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და არაერთხელ გაუმეორა, რომ არ აცოცხლებდა. დადგენილია დანაშაულის მოტივი – ბრალდებულის უკმაყოფილება იმით, რომ დაზარალებული, მის დაუკითხავად, შევიდა საცხოვრებლად იმ ბინაში, რომელიც ბრალდებულს თავისად მიაჩნდა. ამ ვითარებაში ბრალდებული დაზარალებულს დაემუქრა მეთვრამეტე სართულიდან გადაგდებით, რაც სრულიად სარწმუნოს ხდის დაზარალებულის განმარტებას, რომ ხსენებული ფორმით მასზე დამუქრების გამო, გაჩნდა მისი რეალურად განხორციელების შიში. ამდენად, სახეზეა ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის საჭირო ყველა ნიშანი.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე – სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ გარემოებას, რომელიც სააპელაციო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასა. საკასაციო სასამართლო ასევე ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი არის დასაბუთებული და კანონიერი. ამასთან, განსახილველი საკითხის ირგვლივ უკვე არსებობს ჩამოყალიბებული, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე: Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. უ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე